შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის
მედია ცენტრი
ახალგაზრდა ინჟინერი ექსტრაორდინალური ნამუშევრებით
27/05/2021
ჩემი რესპონდენტი საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის, ელექტრო და კომპიუტერული ინჟინერიის ფაკულტეტის, პირველი კურსის სტუდენტი ვაჟა ფურცელაძეა. იგი სკოლის ასაკიდან მეორადი ნივთებისგან სკულპტურების შექმნითაა გატაცებული. წარმოშობით გურჯაანელი სტუდენტის ნამუშევრებმა საზოგადოებისგან სიმპათია დაიმსახურა და მასზე რამდენიმე სატელევიზიო რეპორტაჟი და საგაზეთო სტატიაც დაიბეჭდა.
პრიველად როდის მოგივიდათ სკულპტურების შექმნის იდეა და რა იყო ინსპირაციის წყარო?
ასე, რადიკალურად გამოხატული იდეა არ ყოფილა. სპონტანურად დავიწყე. თავდაპირველად ვაგროვებდი მონეტების კოლექციებს, ერთ დღესაც კი გადავწყვიტე, დამატებით მორჩენილი მონეტებით, რაიმე ახალი გამეკეთრბინა. შემდეგ დაწებებითა და წსორი კონფიგურაციებით, ცხოველის ფიგურა ავაწყე, საიდანაც დაიწყო ყველაფერი.
რა არის თვენი შემოქმედების მთავარი სათქმელი?
მუშაობისას ჩემი მთავარი მოტივაცია ის არის, რომ ნებისმიერი რამ, რისი აწყობაც მომინდება, შევძლო ყველა ხელმისაწვდომი დეტალისგან.
რომელია თქვენი საყვარელი ფიგურა?
ცოტა რთული შეკითხვაა. ყველა ფიგურა ცხოვრების რაღაც ეტაპზე მაქვს შექმნილი, შესაბამისად, ყველას თავისი შინაარსი აქვს და განსაკუთრებული ადგილი უკავია. ყველაში ძალიან დიდი შრომა ჩავდე. დასაწყისში გამოცდილება არ მქონია, მაგრამ დროთა განმავლობაში დავხვეწე, რთულ სკულპტურებზე გადავედი. თუმცა, ყველაში თითქმის ერთი და იგივე მონდომებასა და შრომას ვდებდი, ამიტომ ასე გამოხატულად, გამორჩეული ფიგურა არ გამაჩნია.
რა იყო ინსპირაციის წყარო, სოციალურ ქსელში ნახეთ მსგავსი ნამუშევრები?
მიუხედავად იმისა, რომ YouTube – ზე შესაძლოა მოიძებნოს მსგავსი ტიპის ვიდეოები, ამით მე არასდროს მისარგებლია. როდესაც სკულპტურების შექმნას ვიწყებ მთავარია, რომ იდეა ვიცოდე. დანარჩენი წვრილმანები როგორიცაა, რა ფორმა უნდა ჰქონდეს ფიგურას, როგორ უნდა მივიდე დასახულ მიზნამდე – წინასწარი გათვლების გარეშე მუშაობის პროცესში სპონტანურად და ეტაპობრივად გამოვლინდება. წარმოსახვაში ზოგად სილუეტს ვქმნი, შემდეგ ვიწყებ აწყობას. ამ მეთოდის ყველაზე სასიამოვნო ასპექტი ის არის, რომ საბოლოო ვიზუალი ყოველთვის იმაზე ბევრად სრულყოფილია, ვიდრე თავდაპირველად წარმოგედგინა.
დასაწყისში რას ფიქრობდნენ თქვენი გარშემომყოფები, მოსწონდათ თუ უფრო სკეპტიკურად იყვნენ განწყობილნი?
ჩემი პირველი მოტივი, რა თქმა უნდა, გართობა იყო. შესაბამისად, გარშემომყოფებიც ნაკლებ სერიოზულად აღიქვამდნენ და პირველ რამდენიმე ნიმუშზე სკეპტიკური დამოკიდებულება ჰქონდათ, ვინაიდან გამოყენებული მასალისგან სკულპტურის შექმნა ერთი შეხედვით მიუღწეველი ჩანდა. თუმცა, შედეგის მიღებისთანავე მოეწონათ და მათი მხარდაჭერაც დავიმსახურე.
ვინ არის თქვენი ყველაზე დიდი გულშემატკივარი?
ოჯახის წევრებისგან თანაბრად დადებით დამოკიდებულებას ვიღებ, თუმცა ყველაზე გათვითცნობიერებული დედაჩემი იყო. მიუხედავად ამისა, ყველაზე დიდ გულშემატკივრად საკუთარ თავს ვთვლი. ჩემთვის ყველაზე მთავარი თვითრწმენაა. ხშირად გამოსაყენებელი მასალით საბოლოო მიზნის მიღწევა შეუძლებლად გამოიყურება და მუშაობის პროცესში წარმატება ბუნდოვანია, სწორედ, ამ დროს არის მნიშვნელოვანი საკუთარი თავისა და საქმის რწმენა, რათა მიაღწიო დასახულ მიზანს.
ალბათ, სკულპტურების შექმნა დიდ დროს მოითხოვს, როგორ ახერხებ გართობაზე, სწავლაზე და საყვარელ საქმიანობაზე დროის გადანაწილებას?
სიმართლე რომ გითხრათ, ეს საქმიანობა სტუდენტობასთან არც ისე შეთავსებადია. მანამდე უფრო აქტიურად ვქმნიდი ნამუშევრებს. ახლა, უნივერსიტეტში ჩაბარებისა და თბილისში წამოსვლის გამო, იძულებული გავხდი ერთ-ერთ დიდ პროექტზე შემეწყვიტა მუშაობა.
რამდენად გავრცელებულია მსგავსი საქმიანობა საქართველოში?
მიუხედავად დიდი სურვილისა, რომ მსგავსი გატაცების მქონე ადამიანები გამეცნო, საქართველოში არ მსმენია კონკრეტული პიროვნებების შესახებ, ვინც იდენტურ საქმიანობას ეწევა. უფრო მეტად გრაფიკულ და სახვით ხელოვნებაში მოღვაწე არტისტებთან მაქვს კომუნიკაცია.
თუ მიგიღიათ გამოფენაში ან შეჯიბრში მონაწილეობა?
ინდივიდუალური გამოფენები არ მქონია, მითუმეტეს არც შეჯიბრში მიმიღია მონაწილეობა. იყო რამდენიმე ფესტივალი, სადაც გავიტანე ჩემი ნამუშევრები, თუმცა, ცნობადობის ამაღლების მხრივ, დიდი შედეგიანობით არ გამოირჩეოდა.
რას აპირებთ სამომავლოდ, თქვენი პროფესია მეტნაკლებად დაკავშირებულია თქვენს ჰობისთან, ეცდებით ამ ორი საქმის სინთეზს?
მიუხედავად იმისა რომ, მომავალი შეიძლება არ იყოს სრულყოფილად ისეთი, როგორიც წარმომიდგენია, მაქსიმალურად ვეცდები ჩემი გატაცება პროფესიას დავუკავშირო. ნელ-ნელა, ჩემი სკულპტურები მიმყავს იმ დონემდე, რომ სტატიკური ქანდაკებებიდან მოძრავ ფიგურებად გადაიქცნენ. სწორედ, ამგვარ პროექტზე ვმუშაობ ამჟამად. ეს მიზანი ინჟინერიასაც მოიცავს და დიზაინსაც. ინჟინერიის შესწავლის შემდეგ კი ვეცდები, რომ მივიღო შესაბამისი განათლება, რათა ამ ორი სფეროს თანაკვეთა გამოვიყენო ჩემს მომავალ საქმიანობაში.