შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის
მედია ცენტრი

ევროკავშირში მიმოფანტული მიგრანტები

16/12/2019

ევროკავშირში მიმოფანტული მიგრანტები

გვანცა გახოკიძე

„ვიზა ლიბერალიზაციამდე, წლების წინ, ბელგიაში სამუშაოდ წავიდა. ოჯახის მძიმე სოციალური პირობების გამო, რომელსაც მისი შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ერთვოდა თან, იძულებული გახდა სამუშაოდ სხვა ქვეყანაში წასულიყო. სამუშაო ვიზა ექვსი თვის შემდეგ ამოეწურა და გადაწვიტა არალეგალად ცხოვრება და მუშაობა. რაც საკმაოდ დიდ რისკებთან არის დაკავშირებული, თუმცა ოჯახის გამო, ამ რისკებზე უარი ვერ თქვა, ახლა ოჯახი ფინანსურად მოძლიერდა და სამშობლოში დაბრუნებასაც აპირებს,“ – გვიყვება ერთ-ერთი 51 წლის მიგრანტის ოჯახის წევრი. ასეთ მდგომარეობაში კიდევ ბევრი მიგრანტია საქართველოდან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. ზოგს არც უმართლებს და ხშირად ტრეფიკინგის მსხვერპლიც კი ხდება.

რთულია ერთი ძირითადი ფაქტორის გამოყოფა, რომელიც ხელს უწყობს საქართველოდან ემიგრაციას ან იმიგრაციას საქართველოში. ეს ფაქტორები კომპლექსურია და დაკავშირებულია, როგორც ეკონომიკურ, სოციალურ, პოლიტიკურ, ისე ადამიანების ინდივიდუალურ გადაწყვეტილებებთან. საქართველოს უახლეს ისტორიაში იყო პერიოდი, როდესაც ემიგრაცია, ძირითადად, გამოწვეული იყო ქვეყანაში არსებული არასტაბილურობით და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული გარემოებებით (შიდა შეიარაღებული კონფლიქტები). თუმცა მოგვიანებით ემიგრაციული პროცესების გააქტიურებაში უფრო მნიშვნელოვანი გახდა ეკონომიკური და სოციალური ფაქტორები.

უკანასკნელ ათწლეულში ქვეყანაში გატარებულმა ეკონომიკურმა რეფორმებმა, პოლიტიკურ სტაბილურობასა და უსაფრთხოებასთან ერთად, ხელი შეუწყო იმიგრაციული ნაკადების ზრდასაც. თუმცა ემიგრაციის მასშტაბები ამით მაინც არ შემცირებულა, რადგან ქართველი მიგრანტების ძირითადი დანიშნულების ქვეყნებისგან განსხვავებით, საქართველოს ეკონომიკა შედარებით შეზღუდული და საქმების შესაძლებლობებს, შრომის ანაზღაურებას, სოციალურ დახმარებასა თუ ცხოვრების ხარისხსს თავაზობს საქართველოს მოქალაქეებს.

საქართველოს 2017 წლის მიგრაციის პროფილზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, (migration.commission.ge) საქართველოს ისტორიაში მიგრაციას განსაკუთრებული როლი აქვს. მნიშვნელოვანი სტრატეგიული და გეოპოლიტიკური მდებარეობის გამო, მომხდარი ომების შედეგად, მოსახლეობა, ნებით თუ უნებლიეთ, მუდმივად მიგრირებდა ქვეყნის შიგნით ან მის ფარგლებს გარეთ. საქართველოს უახლესი ისტორია ემიგრაციის რამდენიმე ტალღას გამოყოფს: 1. 1950-იან წლებამდე, რომელიც, ძირითადად, პოლიტიკური რეპრესიების შედეგად იძულებითი (საბჭოთ აკავშირის შიგნით) გადასახლებებით ხასიათდება; 2. 1950-1990 წლებში, რა დროსაც საქართველოს მოსახლეობის მიგრაცია ასევე უპირატესად საბჭოთა კავშირის ტერიტორიის ფარგლებში მიმდინარეობდა და 3. 1990-იანი წლების მასობრივი ემიგრაცია, რომელიც ქვეყანაში შექმნილ მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას და სამხედრო კონფლიქტებს მოჰყვა.

ეს უკანასკნელი მიგრაციული ტალღა, ძირითადად, რუსეთისკენ მიემართა. თუმცა 2000 წელს რუსეთის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის შემოღებამ ემიგრაციული ნაკადი რუსეთიდან სხვა ქვეყნებისკენ (განსაკუთრებით უკრაინა, აშშ და ევროპის ქვეყნები) მიმართა.

საქსტატის მონაცემებითაც იზრდება ემიგრანტთა ნაკადი საქართველოდან.  2014 წელს მათი რაოდენობა 88,704 შეადგენდა, რომელთა შორის 69,855 საქართველოს მოქალაქე იყო. 2015 წელს კი, უკვე 95,965 ემიგრანტი წავიდა საქართველოდან, რომელთა უმრავლესობა (67,452) საქართველოს მოქალაქე იყო, ხოლო 2016 წელს ემიგრანტთა რიცხვი ოდნავ გაიზარდა და 98,288-ს მიაღწია, თუმცა მათ შორის საქართველოს მოქალაქეთა რაოდენობა არ გაზრდილა, პირიქით შემცირდა (64,705). აქედან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ ადგილი აქვს ემიგრაციის მზარდ ტენდენციას, თუმცა ეს ხდება არა საქართველოს მოქალაქეების, არამედ სხვა ქვეყნის მოქალაქეების საქართველოდან გასვლის შედეგად.

მიგრაციის სწორი პოლიტიკის განსაზღვრა და მიგრაციული პოლიტიკის მართვა საქართველოში ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს. ლეგალური მიგრაციის ხელშეწყობა, მიგრაციის სფეროში საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლა საშუალებას მოგვცემს უზრუნველვყოთ მიგრაციული პროცესების მართვა და ამით კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადავდგათ ევროკავშირთან ინტეგრაციის მიმართულებით.

მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM) აქტიურაად მუშაობს საქართველოს ხელისუფლებასთან, რათა განვითარდეს მიგრაციის სფეროში ისეთი საკითხები, როგორიცაა მიგრანტთა რეინტეგრაცია, შეიქმნას უცხოეთში ლეგალური დასაქმების სქემები, მოხდეს საზოგადოების ცნობიერების ამაღლება უკანონო მიგრაციის საკითხებზე და ტრეფიკინგზე. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ქართველების მიერ ევროკავშირის ქვეყნებში თავშესაფრის მოთხოვნის საკითხებს, ვინაიდან თავშესაფრის მაძებელთა გაზრდილმა რაოდენობამ შესაძლოა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობა მთელ რიგ ქვეყნებთან.  უკანონო მიგრაციის საპასუხოდ არსებობს დროებითი შრომითი მიგრაცია, რომლის პირობებშიც მიგრანტებს აქვთ მეტი დაცულობა შრომითი უფლებების კუთხით და ასევე პროფესიული განვითარების მეტი შესაძლებლობა. IOM-მა განახორციელა პროგრამა პოლონეთთან, რომლის ფარგლებშიც უკვე საკმაო რაოდენობის საქართველოს მოქალაქე ლეგალურად დასაქმდა პოლონეთში სხვადასხვა სფეროში.

„ჩემს მეგობარს ოჯახი იმის გამო დაენგრა, რომ სამსახურს ვერ შოულობდა. საქართველოში დატოვა მცირეწლოვანი, 2 წლის შვილი და მეგობრებთან ერთად პოლონეთში წავიდა მშენებლობაზე სამუშაოდ. გამომუშავებული თანხით, თავის ოჯახს ბინის ყიდვაში დაეხმარა. ის ამჟამად საქართველოშია, თუმცა იგივე გზით ისევ აპირებს პოლონეთში დაბრუნებას,“ – გვიყვება 28 წლის გიორგის მეგობარი. თუმცა გიორგისავით, ბევრ არ უმართლებს და ხშირად, ე.წ. „ორგანიზაციები“, თაღლითურად ატყუებენ სამუშაოს მაძიებელ ადამიანებს და ისინი უცხო ქვეყანაში, ღია ცის ქვეშ რჩებიან. ამიტომ საზღვარგარეთ წასვლის მსურველებმა კარგად უნდა გადაამოწმონ ინფორმაცია, რომ თაღლითობის მსხვერპლნი არ აღმოჩნდნენ.

„ჩემი კლასელს, ერთი ქალი შეპირდა პოლონეთში სამუშაოს დაწყებას, გარკვეული თანხის შემთხვევაში, ის პირდებოდა, ბინით და სამსახურით უზრუნველყოფას. იქ ჩასულს არავინ არ დახვდა, სამსახურისა და ბინის გარეშე დარჩა. სამშობლოში დასაბრუნებული ფულიც სხვამ მისცა და ძლივს ჩამოაღწია სამშობლოში. იქ გადატანილი ფსიქოლოგიური ტრამვების გამო, საქართველოში, აფექტის მდგომარეობაში დანაშაული ჩაიდინა და ამჟამად სასჯელს იხდის,“ – გვიყვება კიდევ ერთი 21 წლის ემიგრანტის ისტორიას, მისი კლასელი.

„ყოველთვის ვცდილობთ დაბრუნებულ ემიგრანტებს მაქსიმალურად კომფორტული პირობები შევუქმნათ.  ჩვენს ორგანიზაციას ყველა ქვეყანაში აქვს ოფისი. გაჭირვებაში მყოფ ნებისმიერ მიგრანტს შეუძლია, რომ მოგვმართოს. ჩვენ ასევე ვცდილობთ დავეხმაროთ მცირე ბიზნესის წამოწყებაში და ხელი შევუწყოთ მიზნების განხორციელებაში. მაგალითისთვის, 25 წლის გოგონა საბერძნეთიდან თელავში დაბრუნდა, რომელსაც ძროხის ყიდვა უნდოდა, ამას ვერ შეძლებდა და ჩვენი კონსულტაციით, ამჟამად, სალონს ამუშავებს. დაბრუნებული მიგრანტი, უკან რომ არ გაიქცეს, ერთი წლის განმავლობაში მონიტორინგს ვაწარმოებთ,“  – გვაუბნება ანა კაკუშაძე, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელი.

რა შეიცვალა უვიზო მიმოსვლის შემოღების შემდეგ?

ბიომეტრიული პასპორტის მქონე საქართველოს მოქალაქეებს უკვე 2017 წლის 28 მარტიდან შეუძლიათ უვიზოდ, ყოველი 180 დღის განმავლობაში, არაუმეტეს 90 დღის ვადით გაემგზავრონ შენგენის ტერიტორიაზე, რომელიც მოიცავს ევროკავშირის 22 წევრ და 4 არაწევრ ქვეყანას. უვიზო მიმოსვლა ასევე შესაძლებელია შენგენის 4 კანდიდატ ქვეყანასთან. უვიზო რეჟიმი არ ვრცელდება დიდ ბრიტანეთსა და ირლანდიაზე.

უვიზოდ მიმოსვლა მოქალაქეს არ აძლევს  ევროკავშირის ტერიტორიაზე მუშაობის უფლებას. ასევე, ვიზალიბერალიზაცია არ იწვევს ტერიტორიაზე უნებართვოთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების სტატუსის შეცვლას. კვლავ ძალაშია საქართველოსა და ევროკავშირს შორის დადებული რეადმისიის შესახებ შეთანხმება, რომელიც ითვალისწინებს ევროკავშირის ტერიტორიაზე უნებართვოს მცხოვრებ პირთა იდენტიფიცირებასა და მათ საქართველოში დაბრუნებას.

მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში ლეგალურად ყოფნის ნებართვა (ვიზა/ბინადრობის ნებართვა და სხვ.) აუცილებელია, რადგან მიგრანტმა მოახერხოს ბინის ქირაობა, მოიპოვოს მუშაობის ნებართვა, ჰქონდეს ჯანმრთელობის დაზღვევა და იყოს დაცული, ისინი მაინც ახერხებენ არაკანონიერი გზებით ცხოვრებას. თუმცა,  ამ შემთხვევაში, იზრდება შრომითი ექსპლოატაციის მსხვერპლად  ქცევის საფრთხეც.  სტატუსიდან გამომდინარე, მათ საკმაოდ რთულ პირობებში უწევთ ცხოვრება. უსაბუთო მიგრანტების არასასურველ პირობებზე დათანხმება, დაშინება, დაშანტაჟება, იძულება ან თავისუფლების შეზღუდვა უფრო მარტივია. ასეთ შემთხვევაში, მოქალაქემ უნდა მიმართოს  ქვეყანაში არსებულ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან საკონსულო დაწესებულებას. ამ შემთხვევაში, არ აქვს მნიშვნელობა მოწესრიგებულია თუ არა დოკუმენტები. საკონსულო უზრუნველყოფს შესაბამისი სამგზავრო დოკუმენტის გაცემას საქართველოში დასაბრუნებლად.

ნებართვის გარეშე მყოფ მიგრანტს, როგორც წესი, ეძლევა გარკვეული დრო ტერიტორიის ნებაყოფლობით დასატოვებლად. თუ დაბრუნება არ მოხდა აღნიშნულ ვადაში, გამოიყენება ქვეყნიდან გაძევების ღონისძიებები. საქართველოში გამომგზავრებამდე, შესაძლოა, მოათავსონ მიგრანტთა დროებითი დაკავების ცენტრში. მიგრანტი შეიძლება საქართველოში დაბრუნდეს ნებაყოფლიბით, რეადმისიის ან დეპორტაციის გზით. დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების სახელმწიფო პროგრამა. ამ პროგრამით სარგებლობა შეუძლიათ საქართველოს მოქალაქებს ან მოქალაქეობის არ მქონე პირებს (საქართველოში მუდმივად ცხოვრების ნებართვით), რომლებიც საზღვარგარეთ არალეგალურად იმყოფებოდნენ ერთ წელზე მეტი ხნის ვადით, ან საზღვარგარეთ ჰქონდათ შეტანილი განაცხადი თავშესაფრის მიღებაზე, ან სარგებლობდნენ თავშესაფრით. ასევე, ისინი სამშობლოში დაბრუნებიდან ერთი წლის განმავლობაში უნდა დარეგისტრირდნენ ზემოთ ხსენებულ პროგრამაში.

აღნიშნული პროგრამით გათვალისწინებულია ბენეფიციარებისთვის შემდეგი სერვისების მიწოდება: სამედიცინო მომსახურების და მედიკამენტების დაფინანსება; სოციალური პროექტების დაფინანსება; სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადების კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამაში ბენეფიციართა ჩართვის ხელშეწყობა; საცხოვრისით დროებით უზრუნველყოფა.

და ისევ, გადავხედოთ განვლილ წლებს: 2015 წელს დაფიქსირდა უკანონოდ გადაკვეთილი საზღვრის 239 შემთხვევა, 2016 წელს – 119; 2017 წელს – 85 და 2018 წელს – 63.

2018 წლის მონაცემებით ვიზალიბერალიზაციით წასულმა 5860-მა ადამიანმა დაარღვია 90 დღიანი ვადა. აქედან: 2030 – გერმანა, 910 – საფრანგეთი, 800-საბერძნეთი.

2017 წლიდან ევროკავშირში თავშესაფრის მსურველთა რიცხვიც გაიზარდა და შეადგენს 11755-ს. გერმანია – 3460, საფრანგეთი – 2100, საბერძნეთი – 1105, ნიდერლანდები – 670.

2017 წელს რეადმისიით 4560 ადამიანი, ანუ 63% დააბრუნეს საქართველოში.

„წელს საბერძნეთიდან 800 ადამიანი დაბრუნდა. საქსტატის მიხედვით, 2002-2014 წლებში საქართველოდან საბერძნეთსა და რუსეთში წასული 88 541 ემიგრანტთა 75% 20-54 წლისაა, – 45% კაცი, და 55%ქალი.

2016 წელს ფულადი გზავნილების მოცულობამ შეადგინა 1 151 236 167 დოლარი, რომელთა დიდი ნაწილიც იხარჯება საოჯახო მეურნეობაში, ყოველდღიურ საჭიროებებზე, ჯანდაცვასა და განათლებაში.“ – გვეუბნება მარიამ ტოკმაზაშვილი, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელი.

ასე, რომ საქართველოში ოჯახების უმრავლესობა, სამწუხაროდ, ისევ მიგრანტთა მიერ ფულადი გზავნილების ხარჯზე ცხოვრობს.

სტატია გამოქვეყნებულია “ეკოფაქტის” ბლოგზე.


რადიო IBSU

Free Shoutcast HostingRadio Stream Hosting