შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის
მედია ცენტრი

ტურისტებით სავსე ყაზბეგი ყოფითი და ეკოლოგიური პრობლემების პირისპირ

16/12/2019

ტურისტებით სავსე ყაზბეგი ყოფითი და ეკოლოგიური პრობლემების პირისპირ

გიორგი მაკარაშვილი

ჩრდილო-აღმოსავლეთ საქართველოში მდებარე სტეფანწმინდის (ყოფილი ყაზბეგის) მუნიციპალიტეტი ერთ-ერთი პირველი ადგილია, რომელიც საქართველოში მოგზაურობის დაგეგმვისას გვახსენდება. გერგეტის სამება, დარიალის სამონასტრო კომპლექსი, გველეთის ჩანჩქერი, ყელიწადის ტბა ეს ის ტურისტული ადგილებია, რომლებიც ჩვენში ინტერესს იწვევენ. სწორედ, ასე მოხდა ჩვენ შემთხვევაშიც, როდესაც დავგეგმეთ მოგზაურობა. 2-3 საათიანი მგზავრობის შემდეგ მივადექით ტურისტულ ადგილებს, სადაც მთავარ ღირსშესანიშნაობებთან ერთად დაგვხვდა უამრავი პრობლემა, რომლებიც ადგილობრივთა ყოველდღიური ყოფის ნაწილია.

მძიმე საცხოვრებელი პირობები, გაუმართავი ინფრასტუქტურა, მოსალოდნელი ბუნებრივი კატასტროფების რისკი,  პრობლემების სია დიდია, გადაჭრის ნაცვლად კი სიას ახალი ხელოვნურად შექმნილი პრობლემები ემატება, რომლებსაც თავად სახელმწიფო ქმნის თავისი წინდაუხედავი პოლიტიკითა და პრიორიტეტების არასწორად განსაზღვრით.

ადგილობრივებთან გასაუბრების შემდეგ გამოიკვეთა რამდენიმე ძირითადი პრობლემა, რომლებიც სოფლების დაცარიელების ძირითად მიზეზს წარმოადგენს. მიზეზთა შორის უპირველესი საქართველოს სხვა რეგიონების მსგავსად აქაც უმუშევრობაა, რის გამოც ადგილობრივთა უმეტესობა დედაქალაქში საცხოვრებლად გადავიდა. არ არსებობს ელემენტარული საცხოვრებელი პირობები, მოსახლეობის ნახევარზე მეტი სოციალურად დაუცველია.

რატომ არ მიმართავენ ადგილობრივები მთავრობის წარმომადგენლებს პრობლემების აღმოსაფხვრელად? რამდენიმე ადგილობრივთნ გასაუბრების შემდეგ, ნათელი გახდა რომ ამის მიზეზი შიშია, სოციალური შემწეობის დაკარგვის შიში.  სოციალურ დახმარებას კი მოსახლეობის დიდი ნაწილი იღებს. (სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაცით, სტეფანწმინდის რეგიონში 3700 ადამიანი ცხოვრობს. აქედან 991 პენსიონერია, 124 ადამიანი იღებს სოციალურ პაკეტს, 556 ადამიანი კი საარსებო შემწეობას) საზოგადოებას აქვს მთავრობის შიში, ისინი ფიქრობენ, რომ თუ ღიად ისაუბრენებ პრობლემებზე, ამის გამო დაისჯებიან და დაკარგავენ დახმარებას. ერთადერთი რამ, რასაც დადებითად აფასებენ სახელმწიფო პროგრამაა, რომლის ფარგლებშიც მაღალმთიანი სოფლის სტატუსის მქონდე დასახლებებში მცხოვრები ადამიანები იღებენ დახმარებას. დახმარება შემოიფარგლება უფასო ბუნებრივი აირით, (300-დან 350 კბ/მ-მდე) რისი საშუალებითაც ახერხებენ ზამთარში გათბობას. სამომავლოდ იგეგმება 100 კვ. ელ. ენერგიის უფასო მიწოდება. “ეს დახმარებაც რომ არ იყოს, აქ გამჩერებელი არავინაა,” – გვეუბნებიან ადგილობრივები. ადამიანები, რომლებიც ფაქტობრივად ქვეყნის საზღვარს ამაგრებენ ცივ ზამთარს არ ეპუებიან და ადგულ-მამულს არ ტოვებენ.

ერთ-ერთი გაჩერება დარიალის ხეობა იყო, სადაც გვირაბში მოქცეული თერგი და დარიალის ჰესი ვიხილეთ. ჰესი რომელიც უარყოფით გავლენას ახდენს ხეობის ფლორასა და ფაუნაზე.რამდენჯერმე დევდორაკის ჩამოშლამ ხეობაში არა მარტო ჰესი გაანადგურა, არამდე ამას ადამიანების მსხვერპლიც მოჰყვა.

დარიალის ხეობაში მივუყვებოდით უზარმაზარი მთებითა და ნაგვით გარსშემორტყმულ გზას. საქართველო-რუსეთის საზღვრამდე სამანქანო გზის მთლიანი მონაკვეთი სავსეა სხვადასხვა პროდუქტის ნარჩენით, რაც კიდევ ერთი დამატებითი პრობლემაა, რომელიც აუცილებლად უნდა მოგვარდეს. რუსეთ-საქართველოს საზღვრამდე რამდენიმე კილომეტრზე გადაჭიმული მანქანების საცობებში მოყოლილი ადამიანები, დარიალის უმშვენიერეს გარემოს აბინძურებენ რაც არც თუ ისე სახარბიელო პერსპექტივას უქადის.

ავტორის ფოტოები

სტატია გამოქვეყნებულია “ეკოფაქტის” ბლოგზე.


რადიო IBSU

Free Shoutcast HostingRadio Stream Hosting