შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის
მედია ცენტრი

ენგურის ხიდით გაყოფილი სამგლოვიარო პროცესია

15/04/2019

რუსი მესაზღვრეების მიერ საქართველოს ტერიტორიაზე არაადამიანური მოპყრობის ისტორიები მრავლად გვხვდება. ერთ-ერთი ასეთი ფაქტი რამდენიმე კვირის წინ სამეგრელო-აფხაზეთის საზღვარზე მოხდა.
21 თებერვალს გალის მუნიციპალიტეტის სოფელ ოტობაიას მცხოვრები 53 წლის გოჩა ტუფურია მოულოდნელად გარდაიცვალა. მისი მეუღლე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ორსანტიიდანაა. მეუღლის ოჯახის წევრები და გარდაცვლილის ნათესავები სწორედ ორსანტიაში ცხოვრობენ.
ამ ორ სოფელს ენგურზე გადებული ხიდი ყოფს, რომელიც აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლებამ 2017 წლის 5 მარტს დახურა და ტერიტორია მავთულხლართებით შემოსაზღვრა. მას შემდეგ ორსანტიასა და ოტობაიას შორის კომუნიკაცია შეწყდა. თუ აქამდე მოქალაქეები მეზობელ სოფელში ყავის დასალევად დღეში რამდენჯერმე გადადიოდნენ, ახლა მესაზღვრეები მათ მიცვალებულის დასატირებლადაც აღარ უშვებენ.
21 თებერვლას, ხიდზე გადასვლა 200 ლარის სანაცვლოდ მხოლოდ გარდაცვლილის დამ მოახერხა. დანარჩენი ნათესავებისთვის კი გოჩას ოჯახის წევრებმა მიცვალებული აფხაზეთის მხრიდან ენგურის ხიდთან მიასვენეს, რათა ორსანტიაში მცხოვრებ ახლობლებს მისი დატირება შესძლებოდათ.
გარდაცვლილის ახლობელი ფერიდე ქვარაია, რადიო “ათინათთან” საუბარში ყვება, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის: „ძალიან დიდი პრობლემაა, იქ ვერ ვტირით ვერავის. გვეკუთვნის, რომ ახლა იქ ვიყოთ, ნათესავია ჩემი, იმის გარდა დეიდაშვილიც მომიკვდა, ვერ დავიტირე. იქ ვარ გაზრდილი, ნაპირს მიღმა სკოლა მაქვს დამთავრებული. მოვიყარეთ აქ თავი ახლობელმა ნათესავებმა, რომ შორიდან მაინც გავუწიოთ თანაგრძნობა ჭირისუფალს. ადრეც ყოფილა ასეთი შემთხვევა. აქ მოტანილი “ვენოკები” მერე ხალხმა წყალში გადაყარა“.
მავთულხლართების აქეთ მყოფმა მგლოვიარე კაცებმა სუფრა გაშალეს და რამდენიმე ჭიქაც ასწიეს, ქალები კი ერთმანეთის გამხნევებას ხმამაღლა ცდილობდნენ, რათა ჩატეხილი ხიდის იქით ხმა მიეწვდინათ.

გარდაცვლილის სიდედრი ნანა კორკელია იხსენებს: „ ჩემს შვილს აქედან ვამხნევებდი, რადგან საბუთისა და სამკარისი თანხის არქონის გამო მესაზღვრეებმა გადასვლის უფლება არ მომცეს. მძიმე ტრაგედია ყოფილა, კაცს რომ ვერ დაიტირებ, ძალიან მძიმე…‘’

ანა მშვილდაძე
თეკლა ტაბატაძე


რადიო IBSU

Free Shoutcast HostingRadio Stream Hosting