შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის
მედია ცენტრი

ქავთარაძის ქუჩის მოსახლობა რეკრეაციული ზონის დასაცავად იბრძვის – “გორა ჩვენია! არა m2-ს!”  

03/04/2019

 

 

ქავთარაძის მოსახლეობის ნაწილი და გარემოსდამცველები რეკრეაციულ ზონაში დევლოპერული კომპანია მ2-ის მშენებლობას აპროტესტებენ. რეკრეაციული ზონის დაცვის გარდა, პროტესტის  კიდევ ერთი მიზეზი იქ არსებული გერმანელი ტყვეების საფლავებია.

 

საქმე ეხება ოთხ 12-სართულიან შენობას, რომელთა აშენებასაც კომპანია მიხეილ შავიშვილის ქუჩაზე გეგმავს. 2 ჰექტარი მიწის ნაკვეთი, რომელიც კომპანიამ 2008 წელს შეიძინა, დღეს სარეკრეაციო ზონის სტატუსს ატარებს.

 

შავიშვილისა და ქავთარაძის ქუჩის მაცხოვრებლები აქციებს მართავენ და მშენებლობას ეწინააღმდეგებიან: “ქალაქი, რომელშიც ჰაერში ტყვიის შემცველობა ზღვარს სცდება, რომელშიც ამდენი მანქანის გამონაბოლქვია, არ უნდა ზარალდებოდეს. ეს ზონა არის ადგილი, საიდანაც ქალაქს ჰაერი მიეწოდება. ჩვენ ვითხოვთ რეკრეაციული ზონის ხელშეუხებლობას!“ – ამბობს აქციის მონაწილე ნინო ედიშერაშვილი.

 

მოსახლეობას უერთდება და მის აზრს იზიარებს ათამდე სამოქალაქო გარემოს დამცველი არასამთავრობო ორგანიზაცია. სწორედ მათი ხელშეწყობით შედგა აქცია სარეკრეაციო ზონაში დაგეგმილი მშენებლობის წინააღმდეგ – „გორა ჩვენია! არა m2-ს!“

 

კიდევ ერთი მიზეზი მოსახლეობის პროტესტისა არის ის, რომ ფერდობზე,  სადაც კორპუსების მშენებლობა იგეგმება, გერმანელი ტყვეების საფლავია. გარდაცვლილ ტყვეებს ერთ ადგილას კრძალავდნენ, ხის ჯვრებს უდგამდნენ და გერმანულად აწერდნენ მათ სახელსა და გვარს. დროთა განმავლობაში ხეები დალპა და იქაურობაც სულაც არ ჰგავს სასაფლაოს, თუმცა, მცხოვრებლების თქმით, ხშირად პოულობდნენ ამ მიდამოებში ადამიანის ძვლებს. მათივე თქმით, რუკაც არსებობს, რომელზეც ეს ზონა სასაფლაოდ არის აღნიშნული.

 

 

მკვლევარების აზრით, ზუსტად არავინ იცის, რა ეროვნების იყვნენ სასაფლაოზე დაკრძალული ადამიანები. ისინი მეორე მსოფლიო ომის დროს გერმანიის მხარეს იბრძოდნენ და თბილისშიც ასე მოხვდნენ. მათი აზრით, მშენებლობა  სამუდამოდ მიივიწყებს და დაფარავს მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ტყვეების საფლავებს.

 

თუმცა, დეველოპერულ კომპანიაში ამ საკითხთან დაკავშირებით სხვა მოსაზრება აქვთ.

 

როგორც m2-ის წარმომადგენლები „რადიო თავისუფლებასთან“საუბარში აცხადებენ კომპანიამ მიწის ეს ნაკვეთი 2008 წელს შეიძინა, ანუ მაშინ, როდესაც მას მაღალი ინტენსივობის საცხოვრებელი ზონის სტატუსი ჰქონდა.ხოლო 2009 წელს დედაქალაქის საკრებულომ დაამტკიცა დედაქალაქის პერსპექტიული განვითარების გენერალური გეგმა და ამ ტერიტორიას სარეკრეაციო ზონის სტატუსი მიანიჭა. კომპანიის გენერალური დირექტორის მოადგილე შორენა დარჩიაშვილის თქმით, 2015 წელს დედაქალაქის საკრებულომ შეცვალა 2008 წელს მიღებული განაშენიანების რეგულარული გეგმა და ტერიტორიას საცხოვრებელი ზონის სტატუსი მიანიჭა, თუმცა ცვლილება თბილისის გენერალური გეგმის ინტერაქციულ რუკაზე არ ასახულა: „სწორედ ამ ტექნიკური ხარვეზის გამოა, რომ კომპანიის კუთვნილ მიწის ნაკვეთს კვლავ სარეკრეაციო ზონის სტატუსი აქვს მინიჭებული“, – ამბობს შორენა დარჩიაშვილი.

 

მისივე თქმით, პროექტი მაქსიმალურად იქნება მორგებული მაცხოვრებლების ინტერესებს. მისი განხორციელების შემთხვევაში განაშენიანება შეეხება ტერიტორიის მხოლოდ 20%-ს, 50% კი გამწვანებულ ზონად დარჩება, სადაც მოეწყობა სკვერები და რომლის ნაწილიც გადაეცემა მუნიციპალიტეტს. შესაბამისად, სკვერები განკუთვნილი იქნება არა მხოლოდ კომპლექსის ბინადრებისთვის, არამედ მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობისთვისაც.

 

ამ საკითხთან დაკავშირებით მერიაში აცხადებენ, რომ ტერიტორიისათვის ზონის სტატუსის შეცვლის თაობაზე გადაწყვეტილება ჯერ არაა მიღებული.

„თბილისის მერმა არაერთხელ განაცხადა, რომ ყველა ასეთი გადაწყვეტილება მიღებული იქნება ქალაქის სასიკეთოდ, თუმცა, რა თქმა უნდა, არ უნდა დაზარალდეს მესაკუთრეც“, – ნათქვამია მერიის განცხადებაში.

 

აქედან ჩანს, რომ ამ საკითხის გადაწყვეტა გაჭიანურდება, რადგან მხარეები კონსენსუსდე ჯერ ვერ მივიდნენ.

 

თავდაპირველად დავა  ქავთარაძის მოსახლეობასა და m2-ს შორის  2017 წელს წამოიჭრა. სხვაობა იმაშია, რომ მაშინ m2 ოთხი 20-სართულიანი ბინის აშენებას აპირებდა, აქციის მონაწილეებმა რეკრეაციული ზონის ტერიტორიაზე წითელ წიგნში შეტანილი სხვადასხვა სახეობის ხეები დარგეს, მათ შორის თუთის და კაკლის ნეგრები, რომელთა მოჭრაც კანონით ისჯება.

 

 

ალექსანდრა ვიგნანსკაია

სოფი კეკელია

 

 


რადიო IBSU

Free Shoutcast HostingRadio Stream Hosting