შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის
მედია ცენტრი

ბუნებასთან ჭიდილი

01/04/2019

ბუმბერაზი მთებით გარშემორტყმული დარიალის ხეობა და მრისხანე თერგის ხმამაღალი დინება ულამაზეს სანახაობას ქმნის. სწორედ ამ ხეობაში, 2011 წელს კომპანია „დარიალი ენერჯიმ“ სახელმწიფოსგან მოპოვებული ნებართვით, მდინარე თერგზე მცირე დერივაციული ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა დაიწყო. ჰესის მშენებლობა, ადგილობრივი გეოგრაფიული ლანდშაფტის გათვალისწინებით და პროექტის დიზაინიდან გამომდინარე, მისი მშენებლობა დამანგრეველი აღმოჩნდა ხეობისთვის. პროექტის განსახორციელებლად მდინარე თერგის მნიშვნელოვან ნაწილზე, კალაპოტში წყლის მხოლოდ და მხოლოდ 10% დატოვეს, დანარჩენი ნაწილი კი დერივაციული მილების, არხებისა და გვირაბების მეშვეობით ჰესისკენ კილომეტრობით მანძილზე გადაისროლეს. ხეობამ რადიკალურად შეიცვალა ლანდშაფტი და დაკარგა ისტორიულად ჩამოყალიბებული კულტურულ-ეთნოგრაფიული ფასეულობა და ტურისტული მნიშვნელობა.

ერთია ჰესები, რომლებიც მოითხოვენ დიდი ტერიტორიების დატბორვას და მეორეა მცირე ჰესები, რომლებსაც აშენებენ თითქმის ყველა მდინარეზე ერთი და იმავე პრინციპით. ეს პრინციპი სწორედ დერივაციაა – მდინარის 90%-ის კალაპოტიდან გადაგდება და მისი მაქსიმალური გამოყენება.

მცირე ჰესების მშენებლობის შესახებ გვესაუბრა რეზო გეთიაშვილი, “კავკასიის გარემოსდაცვითი ორგანიზაციების ქსელის” (CENN) გარემოსდაცვითი პროგრამების ორგანიზატორი, რომელიც თვლის, რომ მათი არსებობა არ არის მართებული, თუკი გავითვალისიწინებთ იმ რისკებს, რაც მოსალოდნელია ამ ჰესების მშენებლობის შემდეგ.

“ჩვენს შემთხვევაში გარემოზე ზემოქმედების შეფასების სისტემა არის ძალიან სუსტი და პასუხი კითხვაზე ერთი დიდი ჰესი თუ ათი მცირე ჰესი არის შემდეგი – შეიძლება ერთმა მცირე ჰესმა უფრო დიდი ზიანი მიაყენოს გარემოს, თუკი არ იქნება გათვალისწინებული ყველა შესაბამისი რისკი და არ იქნება გამოყენებული ის ინსტრუმენტი, რაც ყველგან გამოიყენება. მით უმეტეს, როცა ასეთი მოშლილი სისტემაა, რა თქმა უნდა, ასი ჰესი გაცილებით საშიშია, ვიდრე ერთი დიდი ჰესი,” – ამბობს რეზო გეთიაშვილი.

„დარიალი ენერჯის“ გეგმის მიხედვით, სულ 11კმ. სიგრძის თერგის 8კმ. მონაკვეთი, ფაქტობრივად, წყლის გარეშე დარჩა და შეიცვალა მდინარის ბუნებრივი კალაპოტი. საყურადღებოა ის ფაქტიც, რომ დარიალის ჰესის პროექტი დაიგეგმა და განხორციელდა ისე, რომ შეუსწავლელი იყო მდინარე თერგისა და მისი შენაკადების ჰიდროგეოლოგიური რეჟიმი. აქედან გამომდინარე, ჰესის მშენებლობის წინააღმდეგ არაერთი არასამთავრობო ორგანიზაცია იბრძოდა. ერთ-ერთი ყველაზე აქტიური იყო „მწვანე ალტერნატივა“, რომელმაც თავის დროზე კანონდარღვევის აღკვეთისა და საკითხების გამოძიების მოთხოვნით მიმართა, როგორც გარემოს დაცვის სამინისტროს, ასევე ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსაც. თუმცა, „მწვანე ალტერნატივის“ თქმით, უწყებებს კანონდარღვევებზე რეაგირება არ მოუხდენია.

ადგილობრივი მოსახლეობისთვის, მნიშვნელოვანი იყო ბუნების ხელუხებლად დატოვება და ამიტომ ჰესის მშენებლობის კატეგორიული წინააღმდეგი იყვნენ. თუმცა, მათი მოთხოვნა უყურადღებოდ დარჩა და ბრძოლის გაგრძელება აზრს კარგავდა. შედეგიც დადგა.

2014 წლის 17 მაისი მძიმე აღმოჩნდა დარიალის ხეობისთვის. ამ დღეს, გლაციალური ღვარცოფის შედეგად მყინვარი დევდორაკი ჩამოიშალა. ბუნებაზე გაბატონების მცდელობა ძალიან ცუდად გვიბრუნდება ადამიანებს. როდესაც ჩვენი გარემო თავისივე შვილებისგან საშიშროებას გრძნობს, ის დაუნდობელი ხდება მათ მიმართ და იძულებულს გვხდის პასუხი ვაგოთ მის მიმართ ჩადენილი დანაშაულების გამოსასყიდად. სამწუხაროდ, 17 მაისს მსხვერპლიც მოჰყვა და ეს მსხვერპლი, სწორედ, დარიალ ჰესზე მომუშავე ათობით ადამიანი იყო.

მიუხედავად ამ კატასტროფისა, მშენებლობითი სამუშაოები კვლავ გაგრძელდა და 2017 წლის 8 აპრილს საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საზეიმოდ გახსნა ახალი ჰიდროელექტროსადგური. 2017 წლის 18 მაისს კი გავრცელდა შემდეგი ინფორმაცია: ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) დირექტორთა საბჭომ დაამტკიცა ბანკის დამოუკიდებელი გასაჩივრების მექანიზმის (PCM) მიერ მომზადებული ანგარიში. სწორედ EBRD-მ გამოყო კრედიტი დარიალ ჰესის მშენებლობის დასაწყებად. ზემოთ ხსენებული ანგარიშის თანახმად, EBRD-მ საკუთარი გარემოსდაცვითი და სოციალური პოლიტიკით განსაზღვრული მოთხოვნები დაარღვია, როცა დარიალი ჰესის დაფინანსების თაობაზე გადაწყვეტილება მიიღო და პროექტთან დაკავშირებული გოედინამიკური რისკები სათანადოდ არ შეაფასა.

ალბათ არავისთვისაა სიახლე, რომ საქართველოს რთული რელიეფის გამო, ხშირად უნდა მოველოდეთ სხვადასხვა სტიქიურ მოვლენას. ამის ფონზე, გარემოზე ზემოქმედების შეფასების გარეშე დაგეგმილი ასი ჰესის მშენებლობა ბუნებრივ კატასტროფამდე მიგვიყვანს. მეწყერი, ღვარცოფი, წყალდიდობა, ტყის მასივებისა და ლანდშაფტების განადგურება – ეს ჩვენი მომავალია, თუკი დავიწყებთ ბუნებასთან ჭიდილს და მისი რესურსის არაკეთილსინდისიერად გამოყენებას.

P.S. საქართველოში უკანასკნელი მოვლენები: გუშინ, გაუქმდა ოთხი სამინისტრო, მათ შორის გარემოს დაცვის სამინისტრო და მისი ნაწილი შეუერთდა ენერგეტიკის სამინისტროს. რამდენად განახორციელებს ენერგეტიკის სამინისტრო იმ მოვალეობებს, რომელიც ევროკავშირის წინაშე აქვს აღებული ქვეყანას, და რამდენად დაიცავს ის, საქართევლოს და მის მომავალ თაობების ინტერესს, ამას დრო გვაჩვენებს.

სალომე მელაია


რადიო IBSU

Free Shoutcast HostingRadio Stream Hosting