შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის
მედია ცენტრი
გერგეტის სამებამდე მისასვლელი გზა ტურისტების რაოდენობას გაზრდის
01/04/2019
გერგეტი, სტეფანწმინდის მუნციპალიტეტი, უზარმაზარ მთებს შორის მოქცეული პატარა დასახლებაა, რომელსაც, ადგილობრივების თქმით, სოფლის სტატუსიც არ აქვს მინიჭებული. ვიდრე, გერგეტის სამების გზას დაადგები, სწორედ გერგეტის უბანი შეგხვდებათ. იგი შემაღლებულ ადგილზეა, მცირე ტერიტორიაზე ერთმანეთთან ახლოს მდებარე სახლები მიყოლებით არის განლაგებული და ქვისგან აშენებული კედლებით შემოფარგლული.
როცა ამ ადგილს ესტუმრები თავი სამოთხეში გგონია, ყველაფერი უჩვეულოდ ლამაზია. ბუმბერაზ მთებში ჩაკარგული დაბის მაცხოვრებლები მუდამ ახლოს არიან ღრუბლებთან. „უსაზღვრო კმაყოფილებით ივსები და მიუხედავად იმისა , რომ მშრალი და ძლიერი სიცივეა სურვილი გაქვს კიდევ დიდხანს დარჩე,“ – გვეუბნება ერთ-ერთი ქართველი ტურისტი. თუმცა, რთული სათქმელია როგორ ცხოვრობენ მუდმივი მაცხოვრებლები “სამოთხეში”. დაექცევათ თუ არა ეს სამოთხე ჯოჯოხეთად ზამთარში, როცა ტემპერატურა ძალიან დაბალია? როგორია დაბის სოციალური მდგომარეობა? რა საარსებო პირობები აქვთ?
გერგეტის უბნის დახრილი, მოხვეული შესახვევიდან შავებში ჩაცმული ქალბატონი გამოდის, ერთ ხელში პარკი უჭირავს, მეორეთი კი თავზე მოკრულ შავ თავსაფარს ისწორებს. მომღიმარი სახით შეგვხვდა, თუმცა, მაშინვე შეეცვალა სახე, როცა სოციალურ გარემოზე ვკითხეთ, დაიძაბა. საუბრისას გვითხრა, რომ ახლახანს დაუბრუნდა დიდი ხნით მიტოვებულ სახლს. უკვე 62 წლისაა, მეუღლე 19 წლის წინ გარდაეცვალა და მას შემდეგ, რაც მარტო დარჩენილმა ორი შვილი გაზარდა და ცხოვრების გზაზე დააყენა, კვლავ ძველ კერას დაუბრუნდა.
“ახალგაზრდა რომ ვიყავი აქ ყოფნა მიჭირდა. ადრე უფრო მძიმე ცხოვრება იყო, ხალხი ძირითადად მესაქონლეობას მისდევდა. ამჟამად, კლინიკაში ექთნად ვმუშაობ. რომ არ ვმუშაობდე მექნებოდა მოსავალი, ქათამი და ძროხა მეყოლებოდა. მოსავლის მოყვანაც ჭირს ზამთარში ძლიერი ყინვების გამო,“ – გვყვება ხანშიშესული ქალბატონი, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა ჩვენთან საუბრისას.
მისივე თქმით, სტეფანწმინდასა და გერგეტში მოსახლეობა ძირითადად ტურიზმითაა დაკავებული. მაგრამ უფრო მაღალმთიან სოფლებში ხალხს ძალიან უჭირს, დროებით სკოლაც არ ფუნქციონირებს საძირკველში სოკოს გაჩენის გამო.
„დილით უჭირთ ბავშვებს სიცივეში, თოვლში სიარული, ტრანსპორტი არ არის. რადგან გერგეტის უბანს არ აქვს სოფლის სტატუსი. ასევე, პრობლემები სასმელ წყალზეც გვექმნება. მილი გამსკდარია, წყალი აკლდება და საკმარისი წნევით აღარ მოდის, ხელოსანსაც ვერ გამოიძახებ ისე, როგორცთბილისში. ზაფხულიდან პირდაპირ ზამთრის სეზონზე გადავერთეთ, ზამთარში წყალი იყინება ამიტომ ონკანები სულ მოშვებულია. მოსახლეობა თვითონ ხლაფორთობს და აკეთებს რაღაცეებს,“ – გვიყვება იგი.
გერგეტის უბანში ავლის შემდეგ შევნიშნეთ, რომ რომ თითქმის ყველა ოჯახში შეყვანილია ბუნებრივი აირის მილები. აქა-იქ პატარ-პატარა მშენემბლობებიც აქვთ წამოწყებული და სამეზობლოს მამაკაცები ერთანეთს ეხმარებიან…
“პრობლემები არის მაგრამ არა ისეთი, რომ აქ ცხოვრება გაუსაძლისი იყოს. შრომისმოყვარე ხალხია, შრომობენ და ნორმალურად ცხოვრობენ. შემოსავალი წყარო კარტოფილი და ერთი-ორი ძროხა არის. მე პენსიონერი ვარ. შინ ვზივარ. შვილები და რძლები მიწყობენ ხელს,“ – გვიყვება 72 წლკის ლეილა ხუციშვილი, დაბის ერთ-ერთი მაცხოვრებელი, – „ზამთრისგან მავლობაში, 15 მაისამდე, ბუნებრივი აირი უფასოა. მაღალმთიანობის სტატუსის გამო ბევრს პენსია 36 ლარით გაეზარდა და ელექტროენერგიის საფაურიც გაუნახევრდათ, რის გამოც მაცხოვრებლები დაბრუნდნენ და ტურისტების რაოდენობაც გაიზარდა. სოფლიდან წასულები უკან დაბრუნდნენ. რამდენიმე წელია ტურისტების რაოდენობა გაიზარდა. ამიტომ ბევრი ახალგაზრდა საცხოვრებლად ჩამოვიდა სოფელში ცოლ-შვილთან ერთად,“ – აღნიშნა ლეილა ხუციშვილმა.
ამჟამად, გერგეტის დასახლებაში, გერგეტის სამებამდე მისასვლელი ახალი, კაპიტალური გზის მშენებლობა მიმდინარეობს, რაც თავისთავად ტურისტებისთვის ადვილად მისასვლელს გახდის გერგეთამდე გზას. ადგილობრივები იმედოვნებენ, რომ ტურისტების რაოდენობა მომავალი წლიდან, გზის დამთავრებისთანავე გაიზრდება და ადგილობრივების ეკონომიკური მდგომარეობაც გაუმჯობესდება.
მეგი ინწკირველი