შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის
მედია ცენტრი
სელექციური აბორტის სტატისტიკა საქართველოში
11/02/2019
არ დაბადებული გოგონების ხსოვნას
„ძალიან ბედნიერები ვიყავით, ჩემი მეუღლე ასეთი ბედნიერი არასდროს მინახავს. ვერც კი ვიფიქრებდი, რომ ყველაფერი ასე შეიცვლებოდა. ჩვენი გოგონა რომ წამოიზარდა ისე ექცეოდა, ისე ზრდიდა როგორც ბიჭს, ბარბების მაგივრად მანქანებს ყიდულობდა, სახლში სულ ან ჭიდაობას ასწავლიდა ან ბურთით ათამაშებდა. მისი ოცნება იყო ბიჭი ჰყოლოდა და ამას უკვე ვეღარც მალავდა, თუმცა ვერასდროს ვიფიქრებდი რომ საკუთარი შვილების „მკვლელობაზე“ იყო წამსვლელი,“ – ამბობს 22 წლის ელენე, რომელიც ორი შვილის დედაა და მეუღლესთან ერთად კახეთში, სიღნაღის რაიონის ერთ-ერთ სოფელში ცხოვრობს. ოჯახი სამი წლის წინ შექმნეს და პირველი გოგონაც მალევე შეეძინათ. პირველი შვილის გაჩენის შემდეგ, ელენე მალევე დაორსულდა, თუმცა როცა მისმა მეუღლემ სქესი გაიგო და გაარკვიეს რომ ისევ გოგონა უნდა ჰყოლოდათ ელენეს აბორტის გაკეთება მოსთხოვა. სამწუხაროდ, ეს უკანასკნელი შემთხვევა არ ყოფილა, – „არ ვიცი ეს რატომ გავაკეთე, არ ვიცი რატომ დავთანხმდი, სამჯერ, სამჯერ მოვკალი საკუთარი შვილი.
მხოლოდ იმიტომ რომ გოგონა იყო და ჩემს მეუღლეს არ უნდოდა კიდევ ერთი გოგო ჰყოლოდა. ძალიან შეიცვალა, სულ ვჩხუბობდით, ყველაფერს მე მაბრალებდა, მეუბნებოდა რომ არ შემეძლო მისთვის ბიჭი გამეჩინა. დღემდე არვიცი რამ დამასუსტა ასე, ან პირიქით, რამ მომცა იმის ძალა რომ ჩემი პატარა გოგონებისთვის სიცოცხლე მომესწრაფებინა“. დღეს, ელენე 5 თვის ორსულია. ამჯერად, ოჯახი ბიჭს ელოდება – „როცა გავიგე, რომ ორსულად ვიყავი თქმისაც კი მეშინოდა. მეგონა, კიდევ ერთხელ, მომიწევდა იმავეს გაკეთება, ამას ვეღარ გადავიტანდი. ჩემს შვილთან ერთად მოვკვდებოდი. ბიჭი აღმოჩნდა და ჩემს მეუღლეს ძალიან გაუხარდა. არ ვიცი რას ვგრძნობ, ვეღარაფერს ვგრძნობ დანაშაულის გრძნობისა და სინანულის გარდა. არ ვიცი, საერთოდ, როგორ ვაგრძელებ ცხოვრებას. ჩემს თავს მიზეზს ვეკითხები და პასუხი არ მაქვს. უბრალოდ, არ შემეძლო იმ ზეწოლისთვის გამეძლო, რომელიც ჩემი მეუღლის მხრიდან მოდიოდა.“ – ელენემ მიიღო გადაწყვეტილება, რომელსაც დღესდღეობით საქართველოში ძალიან ბევრი ოჯახი იღებს. სელექციური აბორტი წლების განმავლობაში იყო და დღემდე რჩება უდიდეს პრობლემად ქართულ საზოგადოებაში.
„როცა ბავშვს სქესის საპირისპიროდ ექცევიან ეს, რა თქმა უნდა, მოქმედებს მის ფსიქიკაზე და მომავალ განვითარებაზე. შესაძლოა ამან მის თვითშეფასებაზეც იმოქმედოს და თავი არასასურველად მიიჩნიოს.“ – ამბობს აღნიშნულ შემთხვევასთან დაკავშირებით ფსიქოლოგი თეკლა კვინიკაძე – „საზოგადოება და ჩვენი კულტურა ქმნის თითოეული სქესისთვის განსაზღვეულ ნიშნებს ნორმებსა და წესებს. ბავშვი ამ ნორმებს ითვისებს და შემდეგ, როცა მას სქესის საპირისპიროდ ექცევიან უამრავი კითხვა უჩნდება, მან არ იცის როგორ მოიქცეს, დიდი შანსია საკუთარ თავში ჩაიკეტოს.“ ფსიქოლოგი ქვეყანაში შექმნილ სიტუაციასაც უსვამს ხაზს და ამბობს რომ საქართველოში მრავალი წელია მსგავსი სატატისტიკაა – „ჩვენს ქვეყანაში ძველი დროიდან მოყოლებული ოჯახების გენდერული შემადგენლობა რეპროდუქციული სტრატეეგიის განმსაზღვრელია. მინიმუმ ერთი ვაჟის ყოლა ყველა ოჯახისთვის აუცილებელი იყო, ამიტომ ისინი იქამდე აჩენდნენ ბავშვებს, სანამ ვაჟი არ ეყოლებოდათ. თანამედროვე ტექნელოგიების განვითარებამ საშუალება მისცა საზოგადოებას არასასურველი სქესის ბავშვი მოიშორონ აბორტის საშუალებით. ვთვლი რომ სწორედ თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებამ გაზარდა სელექციური აბორტების ზრდა.“
სამეცნიერო პორტალი „დოქტრინას“ კვლევების მიხედვით, ბოლო 25 წელში 31 446 გოგონას სიცოცხლე შეეწირა სელექციურ აბორტს. დაბადებამდე სქესის განსაზღვრა და სქესის მიხედვით ოჯახის დაგეგმვა კულტურული ფენომენია და მიანიშნებს, რომ ქვეყანაში გენდერული დისბალანსია. „ექიმები ხშირად ამბობენ, რომ პაციენტები სქესის გაგების შემდეგ, ბავშვის გაჩენაზე ყოყმანობენ, მათ კი პაციენტის გადაწყვეტილებაში ჩარევის უფლება არ აქვთ, მხოლოდ რჩევის მიცემა შეუძლიათ.“ – ნათქვამია სამეცნიერო პორტალ „დოქტრინას“ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ სტატიაში.
ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე წერია, რომ 2014 წლის ოქტომბერში აბორტის მიმართ რეგულაციები გამკაცრდა. 12 კვირის შემდეგ აბორტის გაკეთება მხოლოდ გაუპატიურების, ან სამედიცინო ჩვენების შემთხვევაშია დასაშვები, მაგრამ ეს საკმარისი არ არის, რადგან სტატისტიკა არ იკლებს. გაეროს მოსახლეობის ფონდმა და მსოფილიო ბანკმა საქართველოში ჩაატარა გამოკვლევა. მათი ინფორმაციით, საქართველოში სელექციური აბორტის შედეგად 1990-2010 წლებში, დაახლოებით, 25,000 გოგონა „გაქრა.“ მათივე ინფორმაციით, თუკი ეს ტენდენცია გაგრძელდება, რიცხვი 2020 წლისთვის – 40,000-მდე, ხოლო 2050 წლისთვის 80,000-მდე გაიზრდება.
თინათინ სიხარულიძე