შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის
მედია ცენტრი
8 დღიანი მოგზაურობა მომაკვდავ მთაში
08/02/2019
ძირში ტანსაცმელს ვალაგებ, მერე კარავს, საჭმელი და პირველადი მოხმარების ნივთები სულ ზემოთ უნდა იყოს, ქვესაგებს, საძილე ტომარას და გამოსაცვლელ ფეხსაცმელს ჩანთაზე ვამაგრებ. ივლისის მიწურულია, მოგზაურობა იწყება. მანქანაში უხერხული სიჩუმეა, თანამგზავრებიდან თეოს და ვანოს ვიცნობ, წელს თამთა შემოგვემატა, ასევე ადელკა და ევა, ჩეხეთიდან.
პირველი გაჩერება ტბათანაა, სადამდეც მანქანით მივდივართ. მომდევნო დღეებში არც სამანქანე გზა იქნება და არც ტელეფონებს ექნება მიღება.
გაგვიმართლა – არ წვიმს, წინააღმდეგ შემთხვევაში პირველ დასაბანაკებელ ადგილამდე ამოსვლას ვერ შევძლებდით. წვიმიან ამინდში გზა ფაქტობრივად იკეტება და ტბათანამდე მისვლა შეუძლებელია, კარგი ამინდის შემთხვევაშიც რთულია ამ გზის გავლა, რომელიც ციცაბო აღმართებისგან და დიდი ნაპრალებისგან შედგება.
ტბათანა ადრე დასახლებული ადგილი იყო, აქაურობა ხის ქოხების ნარჩენებით არის მოფენილი, მხოლოდ ერთი ქოხი დგას დაუზიანებლად, რომელსაც რამდენიმე წელში ერთხელ თუ აკითხავენ მფლობელები რამდენიმე კვირით.
ვრცელი საძოვრები, სოფელი და გარემო მიტოვებულია, ირგვლივ მწვანე მთები და საოცარი ჰაერია, სიჩუმეს არაფერი არღვევს.
ღამეს ერთ-ერთი მიტოვებული ქოხის ნანგრევებში ვათენებთ და დილის 5 საათზე გზას ვაგრძელებთ. ჩემს ბარგს საღებავებით სავსე ჩანთასაც ვუმატებთ, ჩვენი მგზავრობის ერთ-ერთი მთავარი ნაწილი ბილიკების მონიშვნაა, რათა ლაშქრობის მოყვარულებმა გზის გაგნება შეძლონ, ჩვენ რამდენიმე მოხალისე ვართ, რომელიც ამ საქმეს მნიშვნელოვნად მიიჩნევს, თუმცა ეს ენთუზიაზმი და დროის გამონახვა დიდხანს შეიძლება არ გაგრძელდეს და ამ შემთხვევაში, არ იარსებებს ადამიანი, ვინც იზრუნებს იმაზე, რომ ამ მთებში მიმავალი გზა არ დაიკარგოს.
პირველი სირთულე საქისტოს მთის ავლაა, ციცაბო აღმართზე გაჭრილი ბილიკი, კლდეებით არის შემოსაზღვრული, 2000 მეტრზე მაღლა ვართ და მზე გვწვავს. პერიოდულად ვჩერდებით და ნიშნებს ვაკეთებთ, მზისგან დამცავ კრემს ბლომად ვისვამთ, მაგრამ ყურები, ცხვირი, მკლავები დღის ბოლოს ყველას დამწვარი გვაქვს.
პირველ ღამეს რკინის მთასთან ვათევთ, საიდანაც მთის შემოვლა და ქვემოთ დაშვება უნდა დავიწყოთ. მომდევნო დილას გზა გრძელდება, ნახევარი დღის განმავლობაში ქედებზე მივდივართ, ორივე მხარეს უფსკრულია და ცაში გამოკიდებული ცდილობ დაიცვა წონასწორობა ვიწრო ბილიკზე, ყველა მხრიდან უბერავს ქარი და სიცივე ძვლებში ატანს, შენი ძალების მობილიზებას ცდილობ და სხვა ფიქრისთვის დრო აღარ გრჩება, შენი ძალისხმევა ბილიკსა და უფსკრულს შორის არის გამოკიდებული. წიფლოვნის ჭალამდე, რომელიც შემდეგი დასაბანაკებელი ადგილია, საღამოს მივდივართ, თავში ხალხური დატირების ფრაზა მიტრიალებს „შვილებ გავწირენივ წიფლოვნის ჭალასა“ ვღიღინებ და მდინარესთან დაბანაკებული, ნათლად ვგრძნობ, რომ ეს ადგილი ცხადად ინახავს მოგონებებს, რომლებიც დატირების საფუძველი გახდა.
წარმოიდგენ დედას, რომელიც შვილებს მისტირის, ამ მდინარემ რომ გაიტაცა.
ცეცხლს ვანთებთ, კონიაკს ვსვამთ და ვსაუბრობთ, თეო ჩეხურად თარგმნის ჩემს საუბარს ბოჰუმილ ჰრაბალზე და ვცდილობ ევას საუბრიდან ნაცნობი ფრაზები დავიჭირო, ბოლოს „ჰიტრი ჩელოვეკს“ მიწოდებს და აღტაცებული ვიმეორებ რომ გავიგე.
დილას საყორნის მთის ავლა იწყება, წელამდე დიყში ვცდილობთ გზა გავიკვლიოთ და შუაწელამდე მივაღწიოთ, სადაც უნდა დავისვენოთ.
შუაწელი გულ-ღვიძლის სასაფლაოა, ამ მთებში დაღუპული ადამიანების შიგნეულობის სამარხები, მიცვალებულს კვეთდნენ ასუფთავებდნენ ორგანოებისგან და ამ ადგილას მარხავდნენ, რათა რამდენიმე დღიანი ტრანსპორტირებისას გვამი მარტივად შენახულიყო. საყორნის მთაზე მალე ავდივართ და იმ წერტილისკენ მივდივართ, საიდანაც ალაზნისთავში უნდა დავიწყოთ ჩასვლა, მოცვით მოფენილ მთას ჩავივლით და ბანაკს ვშლით.
მეექვსე დღე იწყება, ძალაგამოცლილებმა ბორბალოს მთა უნდა ავიაროთ, ნელ-ნელა მზე ამოდის და იქაურობა გველებით დანაღმულ ადგილს ემსგავსება, ყოველი ფეხის ნაბიჯზე კავკასიური გველგესლა გვხვდება, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე შხამიანი გველია საქართველოში. რომელიმე ჩვენგანს რომ უკბინოს, ვერც ტელეფონით დარეკვას შევძლებთ და უახლოეს ადგილამდე მისვლას, სადაც სამედიცინო პუნქტი იქნება 4-5 საათზე ბევრად მეტს მოვანდომებთ, ამ დროში კი ნაკბენით ადამიანი იღუპება, მაქსიმალურად ვფრთხილობთ და როგორც იქნა ბორბალოს წვერს ვაღწევთ.
ამ წერტილიდან რამდენიმე ხეობა იშლება თვალწინ, ხევსურეთის პირქუში და მისტიური მთები, ალაზნისთავის მხარეს მთების მოხაზულობა რბილია, ფშავის მხარეს ჯერ მაღალი კლდეების კედელია, რომელიც ყვავილებით დაფარული მთების კალთებით გრძელდება.
სუნთქვაშეკრული დგახარ საოცარი სილამაზის შემყურე, ბოლომდე ხაპავ გაიშვიათებულ ჟანგბადს და ფიქრობ, რომ გაწეული რისკი ამად ღირდა. ჩეხი თანამგზავრების წამოღებულ „სლივოვიცას“ ვსვამთ და ფშავის ხეობაში გადასასვლელად ვემზადებით, ღამეს ფშავის ხეობაში გავათევთ და მეშვიდე დღეს მდინარის კალაპოტის გავლით, სოფლებამდე მივაღწევთ. ყოველ შემთხვევაში, რუკაზე ასეთი ინფორმაციაა დატანილი.
თუმცა ყველაფერი გეგმის მიხედვით არ მიდის, მომდევნო დილას მდინარის კალაპოტით სიარულს ვიწყებთ, ადგილ-ადგილ ბილიკის კვალს ვარჩევთ, თუმცა უმეტესად კლდეებზე გადაცოცება და მდინარის გადაკვეთა გვიწევს, საბოლოოდ მივდივართ წერტილამდე, სადაც დიდი კლდიანი ნაშალია და ფაქტობრივად, შეუძლებელია გზის გაგრძელება, ნახევარი დღე უკვე დაკარგულია.
წინა ღამის საბანაკე ადგილამდე დაბრუნების გარდა გამოსავალი არ გვრჩება და საღამოს ვბრუნდებით.
მეორე დღისთვის რამდენიმე მიმართულებას ვამოწმებთ, მე, ადელკა და ევა მდინარის პარალელურად, ბორცვისკენ მივდივართ და ვცდილობთ, შემოვლითი გზა ვიპოვოთ, რათა ჩამოშლილი ადგილის გვერდის ავლით ჩავიდეთ უკანა ფშავისკენ. რამდეინმე ვარიანტს უშედეგოდ ვცდით, ჩიხს ვაწყდებით, უკან ვბრუნდებით და ისევ ვცდილობთ, ერთ-ერთი მცდელობისას კოცონის კვალს ვპოულობთ და ვფიქრობთ რომ სწორი მიმართულება ვიპოვეთ, ბრმად მივაბიჯებთ მუხლამდე ბალახში და ხრამის კიდეს ვადგებით, სადაც ნივთებია უწესრიგოდ მიმოყრილი საძილე ტომარა, კარავი, პირველადი დახმარების ნივთები, კონსერვის ქილები, ნაგავი, ტურისტის მთელი აღჭურვილობა. ნივთებს ვჩხრეკთ, პროდუქტები პოლონურია, უცნაური ის არის, რომ არავინ დატოვებს ლაშქრობისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელ ნივთებს შუა გზაში და ბანაკისკენ მივდივართ, გზაზე არაერთ ვერსიას ვალაგებთ რა შეიძლებოდა მომხდარიყო: დათვმა დაგლიჯა, მიხვდა რომ რთული გზა იყო და ბარგის გარეშე გადაწყვიტა წასვლა, ხრამში გადავარდა.
ამასობაში ვანომ, თეომ და თამთამ ბილიკი იპოვეს, რომელიც მთისკენ მიდის, თუმცა ბოლომდე მომდევნო დღეს გავიგებთ ეს ბილიკია თუ არა უკანაფშავისკენ მიმავალი.
დილას, 5 საათზე მგზავრობის უკანასკნელ დღეს ვიწყებთ, მთაზე ავდივართ და ქვემოთ ხეობაში ვეშვებით, ბილიკით, რომელიც რუკაზე დატანილი არ არის, შუადღეს სამანქანე გზამდე მივდივართ, საიდანაც ფშავის სოფლები იწყება, ხალხი ბევრი არ არის, თუმცა სიცოცხლის ნიშნები უკვე იგრძნობა, ერთ-ერთი ადგილობრივი გვეუბნება, რომ საოჯახო სასტუმროს აკეთებს, უკეთესი სიტუაციაა შუაფხოში, ჭალა სოფელში, ელექტროენერგია, ზამთარ-ზაფხულს უწყვეტი გზა, სატელეფონო კავშირის არსებობა, ამ ხეობას სასიცოცხლო ძალას მატებს.
ადგილობრივებისგან მანქანის მძღოლს ვპოულობ, რომელიც ერთ საათში მოგვაკითხავს და ჟინვალში წაგვიყვანს.
გზის ნაპირას ვზივართ, შემორჩენილ საკვებს ვჭამთ და ხმას არ ვიღებთ, მხოლოდ ერთი ფიქრი მიტრიალებს – პოლონელი ტურისტი, მოგზაურობა დასრულდა.
გიორგი ბასხაჯაური