შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის
მედია ცენტრი

სიახლეები

Page: 3

“შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის” სტუდენტმა ლუკა ამბალიამ ინტერვიუ ჩაწერა საერთაშორისო პროექტის IDEA-ს და IBSU-ს ორმაგი დიპლომის პროგრამის ხელმძღვანელთან მარინა რაზმაძესთან.  – რას გვთავაზობს IBSU-ს ორმაგი დიპლომის ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამა “მენეჯმენტი და კომპიუტერული მეცნიერება” (Management with Computer Science)? – პროგრამა სასწავლო კურიკულუმის სახით გვთავაზობს სრულიად ახალ, საერთაშორისო გამოცდილებაზე აგებულ სასწავლო გეგმას, რომელიც ოთხ პარტნიორ უნივერსიტეტთან არის შეთანხმებული და დამტკიცებული. მენეჯმენტი და კომპიუტერული მენციერების პროგრამა სტუდენტებს საშუალებას აძლევს სწავლების მეორე სემესტრიდან შეარჩიონ შემოთავაზებული 5 კვალიფიკაციიდან მათთვის ყველაზე მეტად სასურველი კვალიფიკაცია და გაიარონ შესაბამისი სავალდებულო და არჩევითი საგნები. – რა აქვს პროგრამას გამორჩეული და განსაკუთრებული? – ორმაგი დიპლომის სამაგისტრო პროგრამა წარმოადგენს სრულიად ახალ პროდუქტს საქართველოს საგანმანათლებლო სივრცეში, ვინაიდან იგი აერთიანებს ორ უმსხვილეს წამყვან მიმართულებას თანამედროვე სამყაროში, ბაზარსა და მარკეტზე – მენეჯმენტს და კომპიუტერულ მეცნიერებას. აღნიშნული ორმაგი დიპლომის პროგრამა შემუშავდა საერთშორისო პროექტის IDEA-ს ფარგლებში, რომელიც ბოლო სამი წლის განმავლობაში განხორციელდა. 2022 წლის დეკემბერის თვეში, პროგრამამ გაიარა აკრედიტაცია ASIIN გერმანული საერთაშორისო აკრედიტაციის სააგენტოს მიერ და მიენიჭა 7 წლიანი სრული აკრედიტაცია, ხოლო ამა წლის ივლისის თვეში, პროგრამამ მიიღო აღიარება საქართველოში ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისგან. პროგრამა განსაკუთრებულია იმით, რომ მონაწილე ქვეყნები წარმოდგენილია კონსორციუმის სახით და პარტნირი ქვეყნები წარმოადგენენ უნივერსიტეტებს ევროპის, სამხრეთ კაკასიის და აზიის ქვეყნებიდან. აღნიშნული ალიანსი, ცვიკაუს გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტს (გერმანია) და 3 პარტნიორ უნივერსიტეტს შორის აზიისა და სამხრეთ კავკასიის ქვეყნებიდან საკმაოდ საინტერესო და მომხიბვლელია როგორც ცოდნის გაზიარების, ასევე ახალი იდეების გენერირების და განხორციელების კუთხით. აღსანიშნავია ისიც, რომ სწავლის წარმატებით დამთავრების შემდგომ სტუდენტი ერთდროულად იღებს IBSU-ს და ცვიკაუს გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტის მიერ გაცემულ საერთშორისოდ აღიარებულ ორ დიპლომს, შესაბამისი კვალიფიკაციებით. – პროგრამის მიხედვით, სტუდენტი რამდენ სემესტრს ისწავლის საზღვარგარეთ? – პროგრამაზე ყველა ჩარიცხული სტუდენტი პირველი სემესტრის განმავლობაში ცვიკაუს გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში ისწავლის, ხოლო მეორე და მესამე სემესტრებს თვითონ ირჩევს პარტნიორი უნივერსიტეტებიდან ერთ-ერთს აზიისა და სამხრეთ კავკასიის რეგიონიდან. მეოთხე სემესტრში მშობლიურ უნივერსიტეტში, სამაგისტრო ნაშრომის დასაცავად ბრუნდება. აქვე აღსანიშნავია, რომ სამაგისტრო ნაშრომის ხელმძღვანელი, შესაძლებელია, ჰყავდეს ორი, ერთი მშობლიური უნივერსიტეტიდან და ასევე, რომელიმე პარტნიორი უნივერსიტეტის აფილირებული პროფესორი. – არის თუ არა განსაზღვრული სტუდენტების კვოტა? – აღნიშნულ პროგრამაზე, პირველ წელს საქართველოში (2023 წლის აგვისტოში) გამოვაცხადეთ 10 ვაკანტური ადგილი.სამომავლოდ ვგეგმავთ ამ რიცხვის საგრძნობლად გაზრდას. – როგორც ვიცით, თქვენ IBSU-ს რექტორთან და სტუდენტებთან ერთად იმყოფებოდით გერმანიის ქალაქ ცვიკაუში ორმაგი დიპლომის სამაგისტრო პროგრამის „მენეჯმენტი და კომპიუტერული მეცნიერება“ ოფიციალურ გახსნის საზეიმო ცერემონიალზე რა იყო ვიზიტის მიზანი? – ვიზიტის მიზანი იყო, ოფიციალურ გახსნის საზეიმო ცერემონიალზე დასწრება, ასევე დამსწრე სტუმრების წინაშე მისასალმებელი სიტყვით გამოსვლა და როგორც ქართველი, ასევე უცხოური სტუდენტებისთვის “შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის” შესახებ პრეზენტაციის წარდგენა. გარდა ამისა, ვიზიტი მიზნად ისახავდა მრგვალი მაგიდის ფორმატში მონაწილეობას და პარტნიორი ქვეყნების უნივერისიტეტების, პროექტის ხელმძღვანელების შეკრებას, მიმდინარე საკითხების განხილვას და სამომავლო გეგმების დასახვას. – რა მთავარი აქცენტები დაისვა გერმანიაში შეხვედრისას? – მრგავლი მაგიდის დისკუსიის ფორმატში აღინიშნა, რომ პროგრამა საკმაოდ მომხიბლველი და მოთხოვნადია. მხოლოდ წელს ყველა პარტნიორი ქვეყნების გათვალისწინებით პროგრამაზე ჩაირიცხა 99 სტუდენტი, რაც საკმაოდ შთამბეჭდავი რიცხვია. შეხვედრის დროს ხაზგასმით აღინიშნა დაფინანსების წყაროების/ფონდების მოძიების საკითხები, როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო გამოცდილებიდან გამომდინარე. – მიმდინარე სემესტრში სულ რამდენმმა სტუდენმა ისარგებლმა აღნიშნული პროგრამით? – მიმდინარე წელს, IBSU-ში, აღნიშნულ პროგრამაზე ჩაირიცხა 6 ქართველი სტუდენტი, ხოლო ყველა პარტნიორი ქვეყნის მონაცემებით, პროგრამაზე ჯამში ჩაირიცხა 99 სტუდენტი. – რამდენად კმაყოფილნი არიან ის სტუდენტები, რომლებიც უკვე სწავლობენ აღნიშნულ პროგრამაზე? – ცვიკაუში ვიზიტის ფარგლებში, ჩვენ შევხვდით ქართველ სტუდენტებს. აღსანიშნავია, რომ ექვსივე სტუდენტი საკმაოდ მაღალი კვალიფიკაციისა და უნარების მქონე ახალგაზრდები არიან. გასაუბრებისას, სტუდენტების მიერ აღინიშნა, რომ ეს სემესტრი მათთვის საკმაოდ საინტერესო და ნაყოფიერია, ვინაიდან მრავალკულტურულ გარემოში ახალი ცოდნის შეძენა და საკუთარი გამოცდილების გაზიარება საკმაოდ საინტერესო პროცესი და დიდი ცხოვრებისეული გამოცდილებაა. – იგეგმება თუ არა სხვა პარტნიორი ქვეყნების დამატება გაცვლითი პროგრამის მხრივ? – ერთ წელიწადში იგეგმება ჩინეთის, კერძოდ ტონჯის უნივერისტეტის შემოერთება არსებულ კონსორციუმში.   ავტორი: ლუკა ამბალია  IBSU-ს ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი მასალა მომზადდა საგნის “საუნივერსიტეტო მედიაპლატფორმის პრაქტიკუმი II”-ის ფარგლებში.

IBSU-ს ციფრული მედიისა და კომუნიკაციის სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელმა დალი ოსეფაშვილმა გაიმარჯვა ნომინაციაში 2023 წელს „სამეცნიერო აქტივობებში წლის ყველაზე პროდუქტიული აფილირებული პროფესორი“. მისი ხელმძღვანელობით, მიმდინარე წელს, ზემოთაღნიშნული სამაგისტრო პროგრამა Thomson Reuters-ისა და BBC-ის ერთობლივ პროგრამაში ჩაერთო, რომლის მიზანი მაგისტრანტებისთვის ხარისხიან ინტერნეტმედიაში ანაზღაურებადი სტაჟირების, ხოლო პროფესორებისთვის – ტრენინგების შეთავაზება იქნება. IBSU-ს ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტმა ანა მაზიაშვილმა ინტერვიუ ჩაწერა სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელთან. – როგორია იყოთ წარმატებული ლექტორი? – უპირველესად გამოვეხმაურები იმას, რომ სასწავლო წლის დასაწყისში დამაჯილდოვეს ტიტულით ,,იბსუს ყველაზე პროდუქტიული აფილირებული პროფესორი“. ჩემთვის უდიდესი პატივი იყო ის მომენტი, როდესაც მშობლიური უნივერსიტეტისგან მერგო ეს ჯილდო. ამავდროულად  მოულოდნელი და ამაღელვებელიც, რომ ხუთეულში მოვხვდი. ეს ჯილდო მერგო გასული წლის სამეცნიერო აქტივობების გამო. ვფიქრობ, ეს ცერემონიალი ერთ-ერთი ღირსშესანიშნავი ამბავი იყო, რაც განმიცდია ცხოვრებაში… – თქვენს სამეცნიერო აქტივობებზე, კონკრეტულად კი,  კვლევებსა და პროექტებზე რომ მოგვიყვეთ დაწვრილებით. -2010 წლიდან აქტიურად ვმონაწილეობ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებში და არაერთი კვლევითი სტიპენდია თუ კვლევითი ჯილდო მაქვს მიღებული. ყველაფერს ცხადია, ვერ ჩამოვთვლი… რაც შეეხება გასული წლის აქტივობებს, მოკლედ რომ გავიხსენო ისინი, განვახორციელე რამდენიმე კვლევა: ერთი, რომელიც წარვადგინე ევროპის კომუნიკაციის და კვლევის ასოციაციის აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის მედიამკვლევარების სექციის კონფერენციაზე. ჩემი ეს კვლევა ეხებოდა – ახალგაზრდებში სოციალური მედიის გამოყენების რისკებსა და განვითარების შესაძლებლობებს. აღნიშნული კვლევა გამოქვეყნების პროცესშია. გარდა ამ კონფერენციისა, მონაწილეობა მივიღე კიდევ ერთ კონფერენციაში, რომელიც ბერლინში გაიმართა და ერქვა სოციალურ მეცნიერებათა საერთაშორისო კონფერენცია. ამ კონფერენციაზე წარვადგინე მოხსენება, რომელიც ასევე სოციალურ მედიას ეხებოდა, ჩემი მოხსენების თემა იყო – ,,სოციალური მედია, როგორც ინფორმაციის წყარო ახალგაზრდებისთვის”. ეს კვლევაც გამოქვეყნების პროცესშია. გარდა ამისა, 2023 წლის ზაფხულში კიდევ ერთ საერთაშორისო კონფერენციაში მივიღე მონაწილეობა. ოღონდ ონლაინ, რადგან ფიზიკურად ვერ შევძელი ჩასვლა. ,,ჟურნალების მომავალი” – ასე ერქვა ამ სამეცნიერო კონფერენციას, რომელიც პირველად გაიმართა ლისაბონში. ამ საერთაშორისო კონფერენციაზე იწვევდენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მკვლევარებს, რომლებიც საჟურნალო ჟურნალისტიკის თემაზე მუშაობენ. ჩემი კვლევის თემა იყო – ქართული ჟურნალების გამოწვევები ბეჭდურიდან ციფრულზე გადასვლის პერიოდში. მიუხედავად იმისა, რომ წასვლას ვერ ვახერხებდი, ორგანიზატორებმა ონლაინ ჩართვა შემომთავაზეს. ამ კონფერენციის შემდეგ, სპეციალური სამეცნიერო ჟურნალი დაფუძნდა. იქ უნდა გამოვაქვეყნო ჩემი პუბლიკაცია და გარდა ამისა, ამ ჟურნალის რეცენზენტობა და სამეცნიერო საბჭოს წევრობაც შემომთავაზეს. მონაწილეობა მივიღე ასევე იბსუ-ში გამართულ ტრადიციად ქცეულ ამერიკათმცოდნეობის საერთაშორისო კონფერენციაზე. ამერიკაში 3 საერთაშორისო კონფერენციაზე ონლაინ მივიღე მონაწილოება ბოლო 2 წლის მანძილზე და წარვადგინე ჩემი კვლევის შედეგები ჩიკაგოში, ტეხასისა და ოკლახომას უნივერსიტეტებში, განსაკუთრებით ამ უკანასკნელს გამოვყოფდი, რომელიც იუნესკოს მსოფლიო ჟურნალისტური განათლების ასოციაციის კონფერენცია იყო, რომელიც ყოველ 2 წელიწადში ერთხელ ტარდება. იქ წარვადგინე კვლევა, რომელშიც საქართველოს ათი მედიასკოლის პროფესორების 18 ნახევრად-სტრუქტურული ინტერვიუ გავაანალიზე. ეს კვლევა პოლონეთში გამოვაქვეყნე 2022 წელს. ასევე პოლონეთში გამოვაქვეყნე ორი კვლევა 2023 წელს. ერთი ეხებოდა დეზინფორმაციის გავრცელებას როგორც კოვიდის, ისე პოსტკოვიდურ პერიოდში. ეს კვლევა უკვე გამოქვეყნდა. გარდა ამისა, 2 წლის წინ მივიღე ტიტუს ფილიპოვიჩის კვლევითი ჯილდო და მის ფარგლებში მოვამზადე კიდევ ერთი კვლევა, რომელიც პოლონეთში გამოვაქვეყნე და იბსუ-ს საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე (SilkroadConference2023 ) წარვუდგინე ქართველ კოლეგებს – პოლონეთში საქართველოს საპატიო საკონსულოს როლი ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესში სოციალური მედიის ანალიზის მიხედვით. გარდა ამისა, კიდევ ერთი თემა მოვამზადე ფილიპოვიჩის სტიპენდიის ფარგლებში, რომელიც ეხება საქართველოს ევროინტეგრაციის თემას პოლონურ მედიაში. – თქვენი აღნიშნული წარმატებები პროფესიისთვის და უშუალოდ სტუდენტებისთვის  რა მნიშვნელობისაა და განთლების სისტემაზე როგორ მოქმედებს? – გავიხსენებ ყველაზე მნიშვნელოვან პროექტს, რაც ბოლო წლებში განვახორციელე სწორედ სტუდენტებისთვის. აშშ-ს საელჩოს ქართული მედიაგანათლების პროგრამის ფარგლებში იბსუსთვის მოვამზადე „ციფრული მედიისა და კომუნიკაციის“ სამაგისტრო პროგრამა ჩიკაგოს ლოიოლას უნივერსიტეტის ციფრული მედიის პროგრამის ანალოგიით, მისი დირექტორის პროფ. რიშელ როჯერსის ჩართულობითა და კონსულტაციებით. პროგრამის შექმნას ჩვენი, ქართველი პროფესორების ვიზიტი უძღვოდა ჩიკაგოს სხვადასხვა უნივერსიტეტებში. სამაგისტრო პროგრამამ 2021 წელს მიიღო წარმატებული აკრედიტაცია და წელს უკვე მესამედ გამოვაცხადეთ მიღება. რაც შეეხება კვლევით საქმიანობას, კვლევები განყენებულად არ დგას და ხშირ შემთხვევაში პრაქტიკული დანიშნულებაც აქვს. ვგულისხმობ, რეკომენდაციების ნაწილს. მგონია, რომ ძალიან საინტერესოა პრაქტიკული თვალსაზრისით ის კვლევის შედეგები, რაც წარმოვადგინე. მაგალითად, კოვიდის დროს, კვლევა ჩავატარე როგორც ლექტორებში, ისე სტუდენტებში იმის შესახებ, თუ რა გამოწვევები ხვდებოდათ სტუდენტებსა თუ პროფესორებს ონლაინ სწავლების დროს და როგორ წარმოედგინათ, კოვიდის შემდგომ პერიოდში ელექტრონული სწავლების დანერგვა, იქნებოდა თუ არა მათი აზრით დასაშვები. რეკომენდაციებით, რაც ამ კვლევების შედეგად დავდე, გამოიკვეთა, რომ სტუდენტების დიდი ნაწილი თეორიული კურსების ონლაინ გავლას ანიჭებდნენ უპირატესობას. იგივე გამოიკვეთა  პროფესორების გამოკითხვის ნაწილშიც, რომ ძალიან კარგი იქნებოდა ამ პრაქტიკის გაგრძელება თეორიულ კურსებში, განსაკუთრებით, სამაგისტრო საფეხურზე. უბრალოდ ჩვენი ქვეყნის კანონმდებლობის მიხედვით,  დაშვებული არ არის დისტანციური სწავლება, თუმცა იმედს ვიტოვებთ, რომ დადებითად გადაწყდება. ჩემი კვლევის პრაქტიკული შედეგი ისიც იყო, თუ რომელი კურსის დამატებას ისურვებდნენ როგორც ლექტორები, ისე სტუდენტები, მაგალითად საუბარი იყო იმაზე, რომ უნივერსიტეტების კურიკულუმს დაემატოს  მედიაწიგნიერება, რაც ჩვენს უნივერსიტეტს აქვს. ასევე გამოიკვეთა, რომ მნიშვნელოვანია ჯანდაცვის საკითხების გაშუქების სწავლება. კვლევის შედეგებით დგინდება, რომ ქართველ ჟურნალისტებს აკლიათ ამ მხრივ ცოდნა, მაშინ როცა ბევრ დასავლურ უნივერსიტეტში ერთ-ერთი საინტერესო კურსია – ჩვენ ვამბობთ, რომ წარმატებული ხართ, რაც თითქოს მარტივად ჟღერს და მარტივადაც მოდის, თუმცა, რა სირთულეებთან და გამოწვევებთან არის დაკავშირებული ეს ყველაფერი? – მთავარი გამოწვევები დაკავშირებულია კვლევების დაფინანსებასთან. წინა ადმინისტრაცია ზრუნავდა კვლევების ხელშეწყობაზე, კვლევების განვითარებაზე. მუშაობდა აკადემიური წახალისების პროგრამა, რისი მიხედვითაც აფილირებული პროფესორი, რომელიც უცხოეთში გამოაქვეყნებდა ნაშრომს, ჰონორარს იღებდა. რაც მატერიალური წახალისება იყო. რამდენ სტატიასა თუ კვლევას გამოაქვეყნებდა, იმდენ თანხას იღებდა. ასევე ხდებოდა საერთაშორისო კონფერენციების დაფინანსებაც, რაც სტიმული იყო აფილირებული პროფესორებისთვის. უნივერსიტეტს წელიწადში ერთხელ შეეძლო დაფინანსება, დანარჩენს კი, პროფესორი თავისი ხარჯით ფარავდა. იმედი მაქვს, აკადემიური მიზნით პროფესორების მატერიალური წახალისების პრაქტიკა, იგივე ან კიდევ უფრო გაუმჯობესებული ფორმით გაგრძელდება ჩვენი უნივერსიტეტის ახალი მენეჯმენტის პირობებშიც. – დასავლური უნივერსიტეტები ახსენეთ, ვიცით, რომ გიწევთ უშუალოდ ამ უნივერსიტეტებთან თანამშრომლობა, კონფერენციებში მათთან ერთად მონაწილეობის მიღება  და საინტერესოა, როგორ შეადარებთ იქაურ სისტემას საქართველოს უნივერსიტეტებში არსებულ სისტემასთან? – როგორც ევროპის კომუნუკაციისა და მედიის კვლევების ასოციაციისა და კომუნიკაციის საერთაშორისო ასოციაციების წევრს, მიწევს-ხოლმე დასავლელ კოლეგებთან ურთიერთობა, როცა ამ ასოციაციების ორგანიზებულ კონფერენციებში ვმონაწილეობ. როგორც მათან ვიცი, დასავლურ უნივერსიტეტებში ჩვენგან განსხვავებით, ცოტა სხვაგვარი სისტემაა კვლევების დაფინანსების, არაერთი საერთაშორისო ფონდი თუ პროგრამაა ამისთვის და გარდა ამისა, თავად უნივერსიტეტებიც სთავაზობენ თავის პროფესურას მცირე თუ მასშტაბურ საგრანტო პროექტებს – ახლა რა ეტაპზე ხართ? – ახლა  ვმუშაობ 3 სტატიის დასრულებაზე და გარდა ამისა წარდგენილი მაქვს სამი დაგეგმილი საერთაშორისო პროექტი ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში. ძალიან მინდა, რომ სამივეში გავიმარჯვო. თუმცა, კონკურენციაც დიდია სხვა ქვეყნების მონაწილეებს შორის. თავს იმედით ვიიმედებ, რომ მინიმუმ ერთი პროექტი ხომ მაინც გაიმარჯვებს? ვგეგმავ ასევე საერთაშორისო კონფერენციებში მონაწილეობასაც, როგორც იბსუ-ში, ასევე უცხოეთშიც, რადგან ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია უცხოურ კონფერენციებში მონაწილეობა, კოლეგების გაცნობისა და კონტაქტების გაღრმავების თვალსაზრისითაც – რას ურჩევდით სხვა ლექტორებს და სტუდენტებს, რომლებიც ცდილობენ წარმატებულები გახდნენ? – კოლეგებს რა უნდა ვურჩიო, უხერხული იქნება ჩემგან, მაგრამ სტუდენტებს კი ვურჩევდი, ბევრი იშრომონ და ბეჯითად ისწავლონ, რათა მიზანს მიაღწიონ და წარმატებულნი იყვნენ პროფესიაში.

IBSU-ს ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტის ლუკა ამბალიას ინტერვიუს გმირია ნინო თათარაშვილი. ამ ვიდეოში თქვენ გაიცნობთ ხელოვანს, ვისთვისაც თავისუფლება შემოქმედებაში ყოფნაა, შექმნა მასისგან გამორჩეული პერსონაჟები – “ტიპჩიკები” და აქვს დიდი ოცნება. ნინო თათარაშვილის პორტრეტი 

IBSU-ს ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები მობილური ტელეფონებით ახალი ამბების გაშუქებას პრაქტიკული დავალებების შესრულებისას სწავლობენ. ამჯერად, ისინი, IBSU-ს ამერიკათმცოდნეობის ყოველწლიურ საერთაშორისო კვლევით კონფერენციას ესწრებიან, რომელიც აშშ-ს ელჩმა საქართველოში რობინ დანიგანმა გახსნა. კონფერენცია სოციალურ, ჰუმანიტარულ და განათლების მეცნიერებათა სკოლის ორგანიზებითა და საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან თანამშრომლობით წელს მეთოთხმეტედ გაიმართა.

ქეთი ფანქველაშვილი IBSU-ს ეკონომიკის (ინგლისურენოვანი) პროგრამის მესამე კურსის სტუდენტი და სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტია. იგი ფიქრობს, რომ 2023 წელი, უნივერსიტეტისთვის წარმატებული იყო და იმ ღონისძიებებზე საუბრობს რაც დეკემბრის ბოლომდეა დაგეგმილი. მასთან ინტერვიუ ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტმა ეთა სულუხიამ ჩაწერა.  – მეც ისეთივე სტუდენტი ვარ როგორც ყველა, მაგრამ, ალბათ, უფრო მეტი მოვალეობები მაკისრია ვიდრე ჩვეულებრივ სტუდენტს. ჩემი ერთი დღე იწყება IBSU-ში მოსვლით, სტუდენტებთან უშუალო კონტაქტით, მათ პრობლემებზე საუბრით და შემდეგ ამ პრობლემების მოგვარებით. სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტობაც მაგას ნიშნავს, რომ ყველანაირად სტუდენტზე მიმართულები ვარ და ჩემი სამუშაო დღის ძირითადი გეგმაც სწორედ ეს არის. – ყველაზე ხშირად, რა სახის პრობლემების გამო მოგმართავენ სტუდენტები? – ყველაზე ხშირად პრობლემები უკავშირდება გრაფიკს, ლექტორებს… ამ ბოლო დროის კი ყველაზე აქტუალური პრობლემა ინგლისური ენის წიგნებს უკავშირდება. წიგნი საკმაოდ ძვირი ღირს სტუდენტებისთვის და ყიდვის შემდეგ ვლინდება ტექნიკური ხარვეზებიც. – შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში დიდი ცვლილებები განხორციელდა 2023 წლის მეორე ნახევარში, შეიცვალა უნივერსიტეტის მენეჯმენტი და რექტორი. როდის და რა გარემოში გაიცანით ისინი სტუდენტური თვითმმართველობის წევრებმა? – IBSU-ში მომხდარმა ცვლილებებმა დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია სტუდენტებში. პირველად, ახალი რექტორი, ბატონი კახა შენგელია, სტუდენტებისთვის გამართულ შეხვედრაზე გავიცანი, შემდეგ კი მასთან უშუალო კონტაქტიც მქონდა. – რამდენად ჩართულია ახალი მენეჯმენტი სტუდენტური თვითმმართველობის საქმიანობაში? – ჯერ მაინც ახალი პერიოდია, დიდი ხანი არც გასულა რაც IBSU-ს მენეჯმენტი შეიცვალა. ჯერ-ჯერობით ადაპტაციის პერიოდი გვაქვს. – სემესტრის დასრულებამდე ცოტა დრო რჩება. რა აქტივობები გაქვთ დაგეგმილი ამ პერიოდში? – ჩანიშნულია შეხვედრა, რომელსაც განათლების დეპარტამენტი ჩაატარებს. შემდეგ კვირაში კი გაიმართება “რა? სად? როდის?” – გართობის დეპარტამენტის ხელმძღვანელობით. შემდეგ ღონისძიებებზე კი ინფორმაციას ეტაპობრივად გავავრცელებთ. – გარდა აღნიშნული აქტივობებისა, რაც უნივერსიტეტის კამპუსში ტარდება, გარე აქტივობებიც გაქვთ?  – დიახ, ბოლოს ვიყავით 2 დღიან ექსკურსიაზე ვარძიაში, 50 სტუდენტი. – მსგავს აქტივობებს ადრე IBSU აფინანსებდა და რას გვეტყვით ახალ მენეჯმენტზე? – ჯერ-ჯერობით დაფინანსების თემა ანალოგიურია წინა მენეჯმენტისა. ნაწილს აფინანსებს უნივერსიტეტი, ნაწილს კი სტუდენტები იხდიან, რადგან ეს არის ექსკურსია და არა უნივერსიტეტთან დაკავშირებული აქტივობა. – საახალწლოდ რას გეგმავთ? – 23 დეკემბრისთვის იგეგმება სტუდენტური თვითმმართველობის მხრიდან საახალწლო ღონისძიება არაოფიციალურ გარემოში. – მინდა შევეხო IBSU-ს აკრედიტაციას 2024 წლისთვის. რა ინფორმაცია გაქვთ ამ საკითხზე?  –  ამ საკითხზე ინფორმაცია კარგა ხანია მაქვს და ადმინისტრაციის დიდი სურვილი ჰქონდა ამ პროცესში სტუდენტური თვითმმართველობა ჩართულიყო. ალბათ, დამეთანხმებით, რომ სტუდენტური თვითმმართველობა არის სტუდენტების ხმა ადმინისტრაციაში და სტრატეგიულ გეგმაზე მუშაობისას ჩვენ აქტიურად დავეხმარეთ ადმინისტრაციას იმ კითხვებზე პასუხების მოპოვებაში რას სტრატეგიულ გეგმას უკავშირდებოდა. – როგორ შეაფასებ 2023 წელს და რას გეგმავთ 2024 წლისთვის? – 2023 წელი ნაყოფიერი, იღბლიანი და ბევრი წარმატების მომტანი აღმოჩნდა, დატვირთული ბევრი ღონისძიებითა და ივენთით. დამეთანხმებით, რომ სტუდენტებისთვის აქტიური და მრავალფეროვანი სტუდენტური ცხოვრება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია. დარწმუნებული ვარ, მომავალ 2024 წელსაც, ასე გავაგრძელებთ ფუნქციონირებას და IBSU ყოველთვის იქნება გამორჩეული ყველაზე აქტიური სტუდენტური თვითმმართველობით.   მასალის ავტორი: ეთა სულუხია IBSU-ს ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი 

საქართველომ დამოუკიდებლობის მოპოვებისთანავე გააკეთა სტრატეგიული არჩევანი და ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია ქვეყნის განვითარების უპირობო მიმართულებად დაისახა. ევროკავშირსა და საქართველოს შორის თანამშრომლობა მეოთხედ საუკუნეზე მეტს ითვლის და დღეს, ჩვენ უფრო ახლოს ვართ ერთმანეთთან, ვიდრე ოდესმე. ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი გახსნილი გზაა, რომ “შინ ევროპაში” გაწევრიანებისთვის აქტიურად ვიმუშაოთ.  ისეთ დროში გვიწევს ცხოვრება, როცა ცალკეულ ქვეყნებს არ შესწევთ ძალა ბაზრებზე ან უსაფრთხოების თვალსაზრისით კონკურენცია გაუწიონ ბლოკებს. მარტო ყოფნა არ არის უსაფრთხო და ხელსაყრელი, მით უმეტეს ისეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა. ნინი შაორშაძე: ევროკავშირში უნდა ვეძებოთ დემოკრატია, ხალხთა უფლებები, დაფინანსების წყაროები განვითარებისთვის; დაფინანსება, რომლის გაცემაც ღირებულებებზეა გადაჯაჭვული და მოსახლეობის კეთილდღეობა. ევროკავშირში ინტეგრაცია ჩვენს ეროვნულ ინტერესებს პასუხობს – პატარა ქვეყანა ვართ და დიდ ბაზარზე გასვლა გვჭირდება, რომ ჩვენი პროდუქციის წარმოება დავიწყოთ. გვჭირდება ახალი ტექნოლოგიების შემოსვლა და ჩვენი ადგილის დამკვიდრება. რაც მთავარია, ეს საქართველოს მხოლოდ ელიტებმა და მთავრობამ კი არა, ჩვეულებრივმა მოქალაქემ უნდა იგრძნოს. ევროკავშირს საერთოდაც არ უნდა, რომ მორიგი ღარიბი ქვეყანა მიიღოს, რომელიც მხოლოდ სარჩენი იქნება. პირიქით, ამ პატარა ქვეყნებმა საკუთარი ნიშა უნდა იპოვონ და კონკურენციას სათანადოდ უპასუხონ. სწორედ იმავეს ამბობს 1993 წელს ევროპული საბჭოს მიერ კოპენჰაგენის (დანია) სამიტზე აღიარებული სამი კრიტერიუმი იმ ქვეყნებისთვის, რომელთაც ევროპის კავშირში შეერთება სურთ: პოლიტიკური – აქვს სტაბილური ინსტიტუტები, რომლებიც დემოკრატიაზე, კანონის უზენაესობასა და ადამიანის უფლებებზე აგებენ პასუხს; ეკონომიკური –  აქვს მოქმედი ეკონომიკური ბაზარი და ძალუძს, თავი გაართვას კონკურენტულ წნეხსა და საბაზრო ფასებს ევროკავშირის შიგნით. სამართლებრივი –  იღებს ევროკავშირში დაწესებულ კანონებსა და პრაქტიკას, კონკრეტულად კი, პოლიტიკური, ეკონომიკური და სავალუტო კავშირის ძირითად მიზნებს. კანდიდატის სტატუსის მონიჭების შემდეგ, ევროკავშირი გვთავაზობს პროგრამებს, ტრანზიტულ პერიოდში გამოყოფს თანხებს. მას ის დაბრკოლებები ესმის, რომლებიც რეფორმების გზაზე წარმოიშობა და ცდილობს, რომ ქვეყნები, რომლებიც გარდამავალ პერიოდში არიან, თავისი ბაზრისთვის და წევრობისთვის მოამზადოს. ფინანსური მხარდაჭერა სხვადასხვა ფორმით ხდება და იგი მოიცავს გრანტებს, ტენდერებს, შერეულ ფორმებს, სესხებს, გარანტიებსა და ასე შემდეგ.  დღესვე რომ ევროკავშირში მიგვიღონ, ამისთვის ჩვენი ეკონომიკა მზად არ არის. ქართული ეკონომიკა და პროდუქცია ისეთ ხარისხზე უნდა გავიდეს, რომ კონკურენტუნარიანი გახდეს. ევროკავშირის აღმოსავლეთით გაფართოება (ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების გაწევრიანება) კიდევ ერთი მიზეზის გამოა განსაკუთრებული. ყველა ის ევროპული ქვეყანა, რომელიც 2004 წელს გაწევრიანდა, გამოვიდა კომუნისტური და ტოტალიტარული მმართველობიდან და გაიარა ტრანსფორმაციების რთული გზა. ევროკავშირი საქართველოს ყველაზე მსხვილი დონორია, რომელიც ყოველწლიურად 120 მილიონ ევროს გასცემს გრანტების სახით. ქვეყანას შესაძლებლობა ეძლევა მონაწილეობა მიიღოს ისეთ პროგრამებში, როგორებიცაა  „ერაზმუს+“, “ჰორიზონტი 2020“ და „შემოქმედებითი ევროპა“. ვისურვებდი ჩვენს ქვეყანაშიც ფუნქციონირებდეს სახელმწიფო ინსტიტუტები ისეთი სტანდარტებითა და ეფექტურობით, როგორც ეს ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ხდება.   ნინი შაორშაძე 10 თვეზე მეტია ლიეტუვაში ცხოვრობს და აგრძელებს განათლების მიღებას.   ბლოგის ავტორი: ნინი შაორშაძე IBSU-ს ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი  

8 ნოემბერს ვცდილობდი ახალი ამბებისგან მაქსიმალურად შორს ვყოფილიყავი. არ ვამოწმებდი სოციალურ ქსელებს, ტელევიზორს ხომ რასაკვირველია, არაფრის დიდებით ჩავრთავდი. საკუთარ თავს მიმდინარე მოვლენებისგან დამცავი ველი შევუქმენი, რომ დაზღვეული ვყოფილიყავი უარყოფითი პასუხის სწრაფად გაგებისგან. ასე იშვიათად თუ მაშინებს რამე. მხოლოდ მაშინ, თუ ძალიან დიდი და გარდამტეხია ჩემთვის, ჩემი ოჯახისთვის, ჩემი მეგობრებისთვის. ეს კი სწორედ ასეთი იშვიათი მომენტი იყო – ამდენი ბრძოლის, პროტესტის, წყლის ჭავლთან ცეკვის შემდეგ, პასუხი რომ ისეთი არ იყოს, როგორიც გსურს, გული დაგწყდება. მეტიც – გაბრაზდები. გაბრაზდები იმაზე, რომ შენი და შენთვის ძვირფასი ადამიანების ღირებულებები არ იქნა გათვალისწინებული და ისევ ჩაებმები ქაოტურ ყოველდღიურობაში, საიდანაც ამოსვლისთვის უკვე ხავსს თუ მოეჭიდები. დიდი იმედი ხომ გაცამტვერებულია. აზრები თავისით, დაუკითხავად დაქროდნენ გონებაში, როდესაც მწარე ფიქრის პროცესი ტელეფონის ზარმა გაწყვიტა. ახლობელმა დამირეკა, ეს რა ხდება, კანდიდატის სტატუსი მოგვცეს და ვერაფრით ვიჯერებ, ტყუილი მგონიაო. არც კი მახსოვს, მგონი, ვერც ვუპასუხე, ვუთხარი ერთი წამით მეთქი, გავუთიშე და მაშინვე გავარღვიე ის დამცავი ველი, რომლითაც თავი შემოვისაზღვრე დანარჩენი სამყაროსგან. ვკითხულობდი ახალ ამბებს და თავი სიზმარში მეგონა, ეს რეალურად ხდებოდა – ყველამ აღიარა, აღიარეს საქართველოს ევროპული მომავალი. ნათესავს დავურეკე და ჩემთვის უჩვეულო სიმშვიდით ვუთხარი, ეს კანდიდატის სტატუსი კი არა, კანდიდატის კანდიდატის სტატუსია მეთქი. წარმოვიდგინე, “კანდიდატის კანდიდატის სტატუსმა” რომ ასე გაგვახარა, ნამდვილ კანდიდატის სტატუსზე რა რეაქციები იქნება, უკვე გაწევრიანებაზე აღარაფერს ვამბობ. ყველას რომ განსაკუთრებულად გვიხაროდა, ამაში მთელი დღის მანძილზე დავრწმუნდი – ჯერ Facebook პოსტებზე ყველაზე მეტი რეაქცია, შემდეგ კი ევროკავშირის დროშით გაფერადებული ქუჩები და ეკრანები. ვზეიმობთ დიდ გზას – საბჭოთა კავშირიდან აქამდე, ვადარებთ და ვხვდებით, მაშინ, როდესაც უკეთესი რამის არსებობაზე არ ვიცოდით, რამდენი დაგვიკარგავს. მარიამ ქობალია: საერთოდ, ასე ხდება ხოლმე – როდესაც რაღაც უკეთესს იგემებ, უკან დაბრუნება აღარ გსურს. ეს არის რეალობა, რომელმაც დაგვანახა, სად და როგორ შეგვიძლია უკეთ, უსაფრთხოდ და მშვიდად ცხოვრება. ბოლოს უკვე ამის დათმობა გაგვიჭირდა, შეძლებისდაგვარად ყველას ვაჩვენეთ, მსოფლიოს ვაჩვენეთ, რომ შანსს ხელიდან აღარ ვუშვებდით. მაშინ, როდესაც ვერ წარმომედგინა სხვა სამყაროს არსებობა, ვსწავლობდი რუსული სახელმძღვანელოებით და ეს აბსოლუტურად ნორმალური მეგონა, თურმე ამ ბადის მიღმა რამდენი რამ ხდებოდა. არც კი ვფიქრობდი განსხვავებულის, უკეთესის არსებობაზე, სანამ გავიზრდებოდი, სანამ დავინახე – ჯერ შორიდან, შემდეგ უკვე ევროპის შუაგულიდან. გააზრებასთან ერთად მოვიდა ბრაზი, რომ ამდენი წლის მანძილზე რუსეთი არა მხოლოდ ოკუპირებულ ტერიტორიებს, არამედ კონტროლირებად ნაწილსაც უზღუდავდა არსებობის საშუალებას. არსებობის, თან ელემენტარულ დონეზე. ვფიქრობდი, როგორ ვსწავლობდი რუსულ ყაიდაზე დაწერილ ისტორიას, როგორ გვაყრიდნენ თვალებში ნაცარს და ცოტას თუ გვერგო იმის ბედნიერება, ტყუილი მართალისგან გაგვერჩია. მე და კიდევ ბევრმა ახალგაზრდამ ოკუპირებული ტერიტორიებიდან ასე ცხოვრება ვისწავლეთ. ნებით თუ უნებლიედ, საღი აზრის კორიანტელმა თავზარი დაგვცა, მაგრამ რეალობა დაგვანახა. გავაცნობიერეთ სად ვიყავით, რისი გაკეთება შეგვეძლო და როგორ. ამდენი წლის მანძილზე, ბევრჯერ სვამენ კითხვას – რას ცვლის ეს ყველაფერი? იმდენ რამეს, რომლის გააზრებაც ამდენ წლიანი ბრძოლის შემდეგაც კი ჭირს. პირველ რიგში, რაც არ უნდა ბანალურად ჟღერდეს, თავისუფლებას. გადაადგილების თავისუფლებას. სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებას. ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობას – აქ და სხვა ქვეყნებში. საზღვარგარეთ სწავლაზე ოცნებები მიზნებად იქცევა. ახლა რომ ისიც სადარდებელია თბილისის უმაღლეს სასწავლებლებში თანხა როგორ გადავიხადოთ ეკონომიკური კრიზისის დროს, მერე ევროკავშირის წევრი ნებისმიერი ქვეყნის სტიპენდიებზე ვიფიქრებთ და ნამდვილად გვეცოდინება, რომ თუ საკმარისად მონდომებულები ვიქნებით, ვიბრძოლეთ ისე, როგორც აქამდე ვიბრძოდით და არ დავნებდებით, ჩვენი შრომა დაფასდება. სწორედ ეს არის ევროპა ჩემთვის – თავდადება, ბრძოლა, შრომა, თანასწორობა ყველგან და ყოველთვის. IBSU-ს ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი მარიამ ქობალია გაცვლითი პროგრამით ესტონეთში, ტარტუს უნივერსიტეტში იმყოფებოდა. ბლოგია ავტორი: მარიამ ქობალია IBSU-ს ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი 

სახლი, რომელიც თბილისის ერთ-ერთ პრესტიჟულ უბანში – სოლოლაკში მდებარეობს, “გალერეა 27”-ის სახელით არის ცნობილი. ეს არის ხელნაკეთი ნივთების მაღაზია, რომელიც მხარს უჭერს ქართველ ხელოვანებს და მათი ნამუშევრების პოპულარიზაციას. გალერეა, 2013 წელს მხატვარმა ნინო ყვავილაშვილმა დააფუძნა და სავსეა როგორც მის მიერ, ასევე სხვა ადგილობრივი ხელოვანების მიერ შექმნილი ხელნაკეთი ნივთებით. სივრცის მენეჯერი, ნუცა ერისთავი, გვიყვება, რომ გალერეის დამფუძნებელი ბევრს მოგზაურობს და ძალიან უყვარს სხვადასხვა ქვეყნების სუვენირების მაღაზიები. სწორედ აქედან წამოვიდა იდეა, შექმნილიყო ისეთი სივრცე, სადაც გაიყიდებოდა ქართული წარმომავლობის ქართული ნივთები. “აქ ძალიან ცოტა იყო ასეთი მაღაზია. ახლაც არის სუვენირების მაღაზიები, სადაც არ არის ქართული წარმოების ნივთები – არის ჩინეთში დამზადებული და დაბეჭდილი; არსებობს ბარბის ტანზე მორგებული ქართული სამოსი, არის უცნაური ფორმის ხინკლები,რომლებსაც აქაურობსთან კავშირი არ აქვთ” – ამბობს ნუცა ერისთავი. “ნინო ტექსტილზე მუშაობს მრავალი წელია, ასევე ყოველთვის მჭიდრო და ახლო კომუნიკაცია ჰქონდა სხვა ავტორებთან. გაუჩნდა იდეა ისეთი ადგილის სადაც, თავდაპირველად, თავისი ნამუშევრებს და შემდეგ უკვე სხვა ავტორების ნამუშევრებს გამოფენდა. მერე უკვე შემოიკრიბა ბევრი სხვა ქართველი ავტორი, თავდაპირველად იყვნენ 20-მდე, მერე გაიზარდნენ, ახლა კი ლამის თითო ნივთი, არის სხვადასხვა ავტორის და სხვადასხვა სახელოსნოსი”. ამჟამად “გალერეა 27” 200-ზე მეტი ქართველი ხელოსნისა თუ ხელოვანის ნამუშევრებს უყრის თავს. სივრცის სახელის ისტორია დაარსების წლიდან მოდის, როდესაც ის თავდაპირველად 27 კვადრატულ მეტრს მოიცავდა. გალერეა გაფართოვდა, გამრავალფეროვნდა, მაგრამ სახელი სიმბოლურად დარჩა. გალერეის მომხმარებლების 90% ჩამოსული სტუმრები ან აქ მცხოვრები უცხოელები არიან, რომლებიც ქართული ეთნო ხასიათის ნივთებს ეძებენ.ძირითადი მასალები, რომლებითაც პროდუქციას ამზადებენ არის ნაჭრები, ტყავი, ხე, კერამიკა და მინანქარი. ბეჭდური სახით წარმოდგენილია ღია ბარათები, პოსტერები, ბარათები ქართული ანბანით და მაგნიტები. “მაგნიტები არის ყველაზე იაფი, იწყება 4 ლარიდან. გვაქვს 3 ლარიანი ბარათები და ქაღალდის სანიშნეები. ფასები იწყება 3 ლარიდან და ადის დაახლოებით 3000 ლარამდეც, გააჩნია პროდუქციას”. გალერეის მენეჯერი აღნიშნავს, რომ თითოეულ ნამუშევარი დიდი შრომის ფასად მზადდება, შესაბამისად, პროდუქციის ფასები აბსოლუტურად გამართლებულია ხარისხთან მიმართებაში: “ჩვენ ვარჩევთ საუკეთესო ხარისხის ქართულ ხელნაკეთ ნამუშევრებს, რომლებსაც არანაირი წუნი არ აქვს, არის ძალიან მაღალი ხარისხით დამზადებულ. ჩვენთან, გარდა ბეჭდური ღია ბარათებისა და რამდენიმე სახის სუფრისა, არაფერი მეორდება. კერამიკის ნამუშევრები, სამკაულები, რადგან ხელნაკეთია, არის უნიკალური. რაც არ უნდა მოინდომოს ავტორმა, მსგავსს ვერ გაიმეორებს. როდესაც ვინმე იტყვის, რომელიმე ნივთი ძვირიაო, აუცილებლად უნდა ავუხსნათ, რომ ეს არის უნიკალური და ავტორის ფანტაზიის, ენერგიის და უდიდესი შრომის შედეგი”. ერთნო ხასიათის სუვენირებიდან მაღაზიის ყველაზე გაყიდვადი ნივთი არის ლურჯი სუფრა, რომელიც არამატერიალურ მემკვიდრეობად მიიჩნევა და ასოცირებულია ინდიგოსთან. გალერეაში ნატურალურ მასალაზე დამზადებული ლურჯი სუფრები 60, ხოლო პოლიესტერზე დამზადებული 30 ლარიდან ზევით იყიდება. გალერეის ვიზუალური ასპექტებიდან მნიშვნელოვანია გამოიყოს ლურჯი ფერის დომინაცია. მენეჯერის თქმით, ეს იდეა მათ იმიტომ დაებადათ, რომ ლურჯი ბევრი ავტორისთვის კომფორტული ფერია თავისი მანებით და ქართული სიმბოლიკით. “ადრე სადაც ვიყავით, ვიტრაჟებიან სახლში, რადგან პატარა სივრცე იყო, არ იყო ამხელა საშუალება, რომ ასე თემატურად დაგველაგებინა ნივთები. ახლა გადავწყვიტეთ, რომ ერთი დიდი ლურჯი მაგიდა მოგვეწყო, სადაც მხოლოდ ლურჯი ნივთები გვექნებოდა. ტექსტილის განათებები და ლამპები რაც არის, ასევე ნინოს შექმნილი, საკმაოდ ბუნებრივად გამოვიდა ამ ფერებში”. გალერეის მენეჯერი ამბობს, რომ ყველა ქართველ ხელოვანს აქვს თვითრეალიზების საშუალება, თუმცა არსებობს გარკვეული სტანდარტები: “პირველ სტანდარტი არის ის, რომ ნივთი უნდა იყოს მაღალი ხარისხით შესრულებული და უნდა მოგვეწონოს ჩვენ, იყოს გამძლე, არ აქვს მნიშვნელობა რა ტიპის ნივთია. თითოეულ ნივთს ვარჩევთ, რომ არ იყოს დაზიანებული, ვინაიდან ჩვენ დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობთ იმ სტუმრებთან, რომლებიც აქ ცოტა ხნით არიან, ყიდულობენ რაღაცას და მიდიან”. “ჩვენ გვინდა ხოლმე, რომ უცხოელებმა საქართველოს პატარა ნაწილი წაიღონ, რაც ასოცირდება ქვეყანასთან” – ამბობს ნუცა ერისთავი.   მასალის ავტორები: ანა მაზიაშვილი, მარიამ ქობალია IBSU-ს ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები

 IBSU-ს მედია ცენტრში, სტუდენტებს შეხვდა ტელეკომპანია “ფორმულას” ჟურნალისტი და წამყვანი მერაბ ყუფარაძე, რომელიც მეშვიდე წელია აუდიტორიას სპორტულ ამბებს აცნობს. საინტერესო დისკუსიის შემდეგ, მერაბ ყუფარაძემ მონაწილეობა მიიღო IBSU რადიოს გადაცემაში “საუბრები ჟურნალისტიკაზე”. სადაც მომავალ კოლეგებს მარიამ ქობალიასა და ელენე სავანელს, კარიერული წინსვლის შესახებ თავისი გამოცდილება გაუზიარა. მერაბ ყუფარაძემ სტუდენტებს ურჩია ჟურნალისტური საქმიანობის დაწყებისას ბევრი იშრომონ და არ დანებდნენ, მიუხედავად წინააღმდეგობისა.

როგორ დაგეგმონ დრო და არ დააგვიანონ ლექციებზე – ამ საკითხზე მსჯელობდნენ სტუდენტები, დღეს, IBSU რადიოს პირდაპირ ეთერში. ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტის ანა მაზიაშვილის სტუმრები იყვნენ საჯარო ადმინისტრირებისა და სახელმწიფო მმართველობის მეორეკურსელები მარიამ შეყრილაძე და ნინო ბოლქვაძე. რადიო გადაცემა დროის დაგეგმვაზე გადაცემის წამყვანი: ანა მაზიაშვილი გადაცემის სტუმარი:მარიამ შეყრილაძე გადაცემის სტუმარი: ნინო ბოლქვაძე


რადიო IBSU

Free Shoutcast HostingRadio Stream Hosting