შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის
მედია ცენტრი
სიახლეები
Page: 17
მარიამ გარაყანიძე, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის, საერთაშორისო ურთიერთობების ინგლისურენოვანი პროგრამის მეოთხე კურსის სტუდენტია. მარიამის გაცნობისთანავე მიხვდებით, რომ მას უამრავი ადამიანისთვის მოტივაციის მიცემა შეუძლია. მარიამ გარაყანიძე: “არ არის მარტივი იყო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი და სტუდენტი, იცხოვრო დამოუკიდებლად, იმუშავო და გაუმკლავდე უამრავ პრობლემას. თუმცა, რა თქმა უნდა, ყველაფერი შესაძლებელია და ეს არის ჩემი მთავარი მოტივაციაც და გამოწვევაც, რომ ეს სხვებს დავანახო” მარიამი, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტთან ახლოს ცხოვრობს და სულ 4 წუთი სჭირდება უნივერსიტეტში მისასვლელად. მას აინტერესებს როგორც თავისი პროფესია, რომელსაც IBSU-ში ეუფლება, ასევე IT მიმართულება და ახლა პროგრამულ ენა “პითონს” სწავლობს. მარიამმა, მისი მეგობარი ანა ქარელი, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში გაიცნო. ანა, ასევე საერთაშორისო ურთიერთობების ინგლისურენოვანი პროგრამის მეოთხე კურსის სტუდენტია. გოგონები, ერთად დიდ დროს ატარებენ, IBSU-ში თუ მის ფარგლებს გარეთ. მარიამი და ანა, პირველად ესტუმრნენ IBSU-ს მედია ცენტრს. პირველი სიტყვები, რაც მათ რადიოს სტუდიაში შესვლისას წამოიძახეს იყო WOW. მარიამმა ეს ასე ახსნა: “რა მაგარია, გამოცდილების მიღების ამხელა შესაძლებლობა რომ აქვთ ჩვენს სტუდენტებს. ყველაზე მეტად მომეწონა IBSU-ს სურვილი და მზაობა სტუდენტებს მისცეს ამხელა შესაძლებლობები”. მარიამმა ჩვენთან საუბრისას ეს ისტორიაც გაიხსენა: “უნივერსიტეტში რომ ჩავაბარე B კორპუსს სხვანაირი პანდუსი ჰქონდა და მასზე დამოუკიდებლად ასვლა მიჭირდა. ეს რომ IBSU-ს ადმინისტრაციამ შეამჩნია, დაახლოებით ერთ კვირში ახალი პანდუსი დამახვედრეს და ახლა უფრო იოლად გადავაადგილდები”. მარიამმა და ანამ IBSU-ს მედია ცენტრიდან შეთავაზება მიიღეს, მოამზადონ რადიო გადაცემა საინტერესო თემაზე. შესაძლოა, ეს იყოს საერთაშორისო ურთიერთობები, შესაძლოა – გამოწვევები ახალგაზრდებისთვის თუ სხვა თემა. სტუდენტები ფიქრობენ და თან დარწმუნებულნი არიან, რომ რაც გინდა მოამზადონ, ეს იქნება მაგალითი და მოტივაცია სხვებისთვის. ფოტორეპორტაჟის ავტორი: ლუკა ამბალია IBSU ჟურნალისტიკის პროგრამის მეორე კურსის სტუდენტი
მარიამ ქობალია გაცვლითი პროგრამით ესტონეთში წელს, პირველად იმყოფებოდა. შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი, უკვე მესამე თვეა ტარტუს უნივერსიტეტის ნარვას კოლეჯის ფილიალში, ინგლისური ენის მიმართულებით სწავლობს. მარიამი ესტონეთში სპეციალური პროგრამით იმყოფება, რომელიც ოკუპირებული აფხაზეთიდან სტუდენტებისთვის შეიქმნა. იმ ახალგაზრდებისთვის, რომლებიც მანამდე გალის რაიონის სკოლებში სწავლობდნენ. კონკურსში მონაწილეობისთვის მარიამმა ონლაინ აპლიკაცია შეავსო, ინგლისურ ენაში ტესტირება და ბოლოს გასაუბრება გაიარა. იგი, სამივე ეტაპის შემდეგ ესტონეთში გაემგზავრა ორ თანატოლთან ერთად, რომლებიც ასევე სტუდენტები არიან გალის რაიონიდან. პროგრამა სრულად დააფინანსა „საქართველოს რეფორმების ასოციაციამ“. ახლა, მარიამი სასტუმროში ცხოვრობს, არ იხდის სწავლის გადასახადს, დანარჩენისთვის კი სტიპენდია ჰყოფნის. ტალინში პირველად ჩასული მარიამი გაოცდა როცა აღმოაჩინა, რომ საღამოს 8 საათის შემდეგ ყველაფერი იკეტებოდა, სურსათის მაღაზიების და აფთიაქების ჩათვლით. მხოლოდ ღამის კლუბები და ბარები დახვდა ღია. არასოდეს დამავიწყდება ესტონეთში ჩასვლის პირველი დღე. ვიყავი დაბნეული და აღელვებული, რადგან არ ვიცოდი წინ რა მელოდა და როგორ გავუმკლავდებოდი სირთულეებს მათი წარმოქმნის შემთხვევაში. ეს ჩემი პირველი გაცვლითი პროგრამაა უცხოეთში და ახალი გამოწვევების გამო, შიშებიც მქონდა. თუმცა ყველაფერი პირიქით მოხდა და ესტონეთმა ძალიან თბილად მიმიღო. შევეჩვიე მარტო ცხოვრებას და ყოველდღიურ გამოწვევებთან გამკლავებაც ვისწავლე. მარიამ ქობალია: „მე, სტანდარტული თვალსაზრისით გართობით დიდად არ გამოვირჩევი. აქ, ბევრს ვსეირნობ, თავიდან ძალიან ბევრ ადგილას დავიკარგე, მაგრამ შემდეგ მარტივად შევეგუე გარემოს. მიყვარს ფილმების ყურება და ხშირად დავდივარ კინოში. მაინტერესებს ერთი მუზეუმი – Vabamu Museum of Occupations და საქართველოში გამომგზავრებამდე აუცილებლად მოვინახულებ ჩვენი პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობების დროს. 3 თვეა რაც აქ ვიმყოფები და სტიპენდიიდან თანხის ნაწილით უკვე ვიმოგზაურე სტოკჰოლმში, სადაც ფრენა ორივე მიმართულებით 60 ევრო დამიჯდა, ხოლო მილანში – 80 ევრო. ჩემი რუმმეითი მალე პარიზში გაფრინდება და სამგზავრო ბილეთებში სულ 50 ევრო გადაიხადა. მე კი ნოემბრის ბოლოს ჰელსინკში გამგზავრებას ვგეგმავ, ასევე ძალიან იაფად. ადრე, მოგზაურობის ასეთი შესაძლებლობა არასდროს მქონია და ახლა ბედნიერი ვარ, რომ ამ ყველაფრის ნაწილი გავხდი“. მარიამმა უცხოეთში ყოფნის დროს აღმოაჩინა, რომ მისი ახალი ნაცნობების ნაწილი თბილისსა და ბათუმში იყვნენ ნამყოფი, საქართველოზე ბევრი რამ იცოდნენ და აინტერესებდათ. მარიამ ქობალია: „ მე, რაკი გალის რაიონში ვცხოვრობდი, მათ აინტერესებდათ ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე მოვლენები, რიგითი ადამიანების ცხოვრების წესი და პოლიტიკური ვითარება. სხვათაშორის, ერთმა ესტონელმა ახსენა, რომ საქართველოში საგზაო მოძრაობა ძალიან მოუწესრიგებელიაო. სხვა მხრივ კი მოეწონათ ძველი თბილისი, ბათუმის სანაპირო, აღფრთოვანებული იყვნენ ქართული სამზარეულოთი და აინტერესებდათ ისტორია“. ხმაურიან თბილისში ცხოვრებას მიჩვეული მარიამისთვის, ყველაზე უჩვეულო ესტონეთის სიმშვიდე აღმოჩნდა. მარიამ ქობალია: „ალბათ, ერთადერთი, რაც აქ არ მომწონს, ზედმეტი სიმშვიდე და რუტინაა. ყოველდღიურობა ესტონეთში საკმაოდ მშვიდია. ადამიანები ერთი შეხედვით ცივები, მაგრამ მეგობრულები არიან. ქუჩაში დღის ნებისმიერ მონაკვეთში უსაფრთხოა. სწავლის პირველივე დღეს, პოლიციის თანამშრომლებმა სესია ჩაგვიტარეს, სადაც ამ ყველაფერზე გვესაუბრნენ. პოლიციელები ზრუნავენ ქალაქის სიმშვიდეზე და მზად არიან ნებისიერ დროს დაგვეხმარონ. აქაურობა საკმაოდ უსაფრთხოა. საგზაო მოძრაობაც დალაგებულია. მეტწილად მშვიდი მძღოლები არიან. თავდაპირველად შოკი მქონდა, როდესაც გადასასვლელებზე გზას უპრობლემოდ და ნებისმიერ სიტუაციაში გვითმობდნენ, საქალაქთაშორისო ავტობუსშიც კი ღვედის შეკვრა გვიწევს, მიუხედავად იმისა წინ ზიხარ თუ უკან. ფოტო: ესტონეთი, ქალაქი სილამიაე, რომლის სანაპიროზე მარიამს განმარტოება, კითხვა და წერა მოსწონს. მარიამ ქობალია: „ესტონეთში სასაუბროდ ორივე ენას – ინგლისურსა და რუსულს თითქმის თანაბრად იყენებენ. ზოგ რეგიონში, საშუალო ასაკის ადამიანები ინგლისურს ნაკლებად ფლობენ, ამიტომ მათთან კომუნიკაცია რუსულად მიწევს“. მარიამს ესტონეთში სწავლა არ უჭირს. ინგლისური ენის ცოდნა საგრძნობლად გაიუმჯობესა და აპირებს გამოიყენოს ჟურნალისტიკაში. პროფესიის ცვლილებაზე ჯერ არ ფიქრობს, თუმცა აინტერესებს კინემატოგრაფია და დოკუმენტალისტიკა. მარიამ ქობალია: „სწავლა არ მიჭირს, რადგან დროები კარგადაა გადანაწილებული და მეც ვინდომებ, რომ კონკრეტული საგნების დედლაინებში სწორად ჩავეტიო. დამოუკიდებელი სამუშაო ბევრად მეტია, ვიდრე აუდიტორიაში. ბევრი ტესტი და სემინარია. რაც ესტონეთში ვარ, პირველ რიგში საკუთარ თავში აღმოვაჩინე, რომ ამდენი რამის გაკეთება მარტოს შემძლებია. წლების წინ ამას ვერანაირად გავბედავდი, დიდ შიშთან იყო ამხელა ნაბიჯი ასოცირებული და რადგან გადავლახე ეს შიში, გამოდის, რომ გაბედულებაც აღმომაჩნდა, თავდაჯერებულობაც მომემატა და ბევრ საკითხსაც სხვანაირად ვუყურებ“. მშვიდ ესტონეთში ყოფნისას, მარიამს, ცოტა მოენატრა საქართველოს ქაოტურ გარემოში ყოფნა, მისი ოჯახი და მეგობრები, რომელთა გარეშე ყველაზე მეტად გაუჭირდა უცხო ქვეყანაში გამგზავრება. მარიამი, დეკემბერში ასრულებს გაცვლითი პროგრამით სწავლას და საქართველოში დაბრუნების შემდეგ ახალი გეგმების განხორციელებას უკვე სხვა შემართებით, უფრო გაბედული და თავდაჯერებული აპირებს. ავტორი: თამთა მჭედლიშვილი შავი ზღვის საერთშორისო უნივერსიტეტის, საბაკალავრო პროგრამის მეოთხე კურსის სტუდენტი

2022 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ათეულის წევრი კახა გალდავა, 15 წელია პედაგოგია. იგი, ამჟამად, ისტორიას ასწავლის სამტრედიის N1 საჯარო სკოლაში, როგორც სამშვიდობო განათლების ტრენერი აფხაზ და ოს კოლეგებთან ერთად ნდობის აღდგენაზე მუშაობს და არაერთი კვლევის ავტორია. კახა გალდავამ, ცოტა ხნის წინ საქველმოქმედო ფონდი „სიკეთის რევოლუცია“ თავის მოსწავლეებთან ერთად დააარსა. ერთ დღეს სკოლიდან ვბრუნდებოდი და ქუჩაში ბავშვი შემხვდა, ნახევრად შიშველი და ხელგაწვდილი. იმდენად ცუდად იმოქმედა იმ ფაქტმა, რომ ეს გახშირებული ყოველდღიურობა იყო, რომ ჩემ მოსწავლეებთან ვთქვი და იქვე ისიც ვიკითხე, ასეთ ბავშვებს როგორ შეიძლება დავეხმაროთ-თქო?! რაღაცნაირად ერთდროულად გაჩნდა იდეა, 1 ლარის „ჩელენჯის“ გაკეთების… იქნებ ასე დავეხმაროთ ადამიანებს-თქო. მერე იმ დღესვე ფონდის იდეა გაჩნდა და დავიწყეთ ფიქრი წესდების შედგენაზე. სახელზეც ძალიან ბევრი ვიფიქრეთ და ბოლოს შევთანხმდით, რომ მოსწავლეებისთვის ეს რევოლუციური მუხტი იქნებოდა, რომელსაც მათ გულში ანთებული სიკეთე იწვევდა. ამიტომ დავიწყეთ “სიკეთის რევოლუცია” – როდის დაიწყო თქვენი პედაგოგიური კარიერა და იყო თუ არა თქვენი მიზანი მასწავლებელი ყოფილიყავით? – მასწავლებლის პროფესიის დაუფლებას 15 წლის წინ შევუდექი. თითქოს ეს არც მისწავლია, თავიდანვე იყო ჩემში. სესილია თაყაიშვილი ამბობდა, მასწავლებლად უნდა დაიბადოო, ჰოდა ალბათ ჩემში თავიდანვე იყო რაღაც მარცვალი, რომლის აღმოცენებას და მოვლას 15 წლის მანძილზე ყოველდღიური ზრუნვის ხარჯზე ვახდენ. როდესაც სკოლას ვამთავრებდი უკვე ვიცოდი, რომ რამდენიმე წელში სკოლაში დავბრუნდებოდი და ზუსტად 5 წელში იქ სადაც სკოლა დავასრულე დავბრუნდი მასწავლებლად. – 15 წლიანი გამოცდილების, სწავლის და განვითარების ფონზე, როგორ ფიქრობთ რა შეიცვალა თქვენში, როგორ განვითარდით პროფესიულად? – სკოლაში მუშაობის 15 წელი შეიძლება არც ბევრია და მაგრამ არც ცოტაა. ყოველ წელს ვხვდები, რომ ცვლილებები აუცილებელია. შეიძლება წელს რასაც აკეთებ იმ მეთოდებიდან არცერთი არ იყოს შემდეგი წლისთვის სასარგებლო და მისაღები. მოსწავლეთა განვითარების დონე და ინდივიდუალური საჭიროებები მუდმივად იცვლება. რაც არ უნდა მრავალფეროვანი გეჩვენებოდეს მასწავლებელს განხორციელებული აქტივობები, შეიძლება საერთოდ არ იმუშაოს თუ მოსწავლეთა კონკრეტულ საჭიროებებს არ იცნობ და არ ითვალისწინებ. დღეს, მასწავლებლობა გაცილებით რთულია ვიდრე ჩემი ბავშვობის პერიოდში, ოთხმოცდაათიანებში იყო. დღეს მწვავედ დგას ემიგრაციაში მყოფი მშობლების შვილების საკითხი. მასწავლებელს დღეს უწევს შეითავსოს მასწავლებლის, ფსიქოლოგის, მშობლის, მეგობრის და ამავე დროს ჯანსაღი კრიტიკოსის ფუნქცია. ვფიქრობ, რომ ოცდამეერთე საუკუნის მასწავლებლის მთავარი გამოწვევა მარტო საგნის კარგად ცოდნა კი არა, არამედ სოციალური უნარების განვითარებისთვის ზრუნვაა. ამიტომ ყოველი წლის ბოლოს ვაჯამებ ჩემ ჩატარებულ სამუშაოებს და განვლილი წლის შეფასების საფუძველზე ვგეგმავ ახალ სასწავლო წელს – რა მეთოდებს იყენებთ საგაკვეთილო პროცესში, რაც გამოგარჩევთ სხვა პედაგოგებისგან? – საგაკვეთილო პროცესი მთლიანად აგებული მაქვს ჰუმანურ პედაგოგიკაზე. შეიძლება ვინმემ თქვას, რომ დღეს ვიღას უკვირს მასწავლებელი რომ არ ყვირის, არ ჩხუბობს, შეურაცხყოფას არ აყენებს ბავშვებს და დისკრიმინაციას არ უწევს სხვადასხვა სახითო, მაგრამ დამიჯერეთ დღეს ამის არაერთი მაგალითი და გამოვლინებაა ჩვენ ქვეყანაში. ჩემი გაკვეთილი არასოდეს არის ერთნაირი. ვცდილობ სხვადასხვა მაღალ სააზროვნო უნარებზე გათვლილი აქტივობებით, ფილმებით, დისკუსიით, მოვლენათა ანალიზით, არგუმენტირებული მსჯელობით, კონსტრუქტივისტული მიდგომებით და სწავლა – სწავლების სხვადასხვა სტრატეგიების დაუფლებით გავიდეთ ფონს. თქვენ წარმოიდგინეთ მოსწავლეს მადლობას ვუხდი, როცა შეცდომას უშვებს გაკვეთილზე, რადგან ეს არის საუკეთესო საშუალება მისცე მოსწავლეს ეფექტური უკუკავშირი და იქვე ვეუბნები, რომ მან საშუალება მისცა საკუთარ თავსაც და დანარჩენ მოსწავლეებსაც, რომ აქ, საკუთარ მოედანზე მოახდინონ, ის ცვლილებები, რომელიც მომავალში მათ დაეხმარება გახდნენ სრულფასოვანი მოქალაქეები. – თქვენს მიერ მასწავლებელთა ეროვნულ კონფერენციებში მიღებულ მონაწილეობასა და გამოცდილებაზე რომ გვიამბოთ. – მასწავლებელთა ეროვნულ კონფერენციაზე ორჯერ მივიღე მონაწილეობა მომხსენებლის ამპლუაში. ასევე, სამჯერ ქვეყნის გარეთ დაგეგმილ საერთაშორისო კონფერენციებზე, ერთხელ ერევანში 2019 წელს და ორჯერ სტამბულში 2020 და 2021 წლებში. ვფიქრობ, მსგავს ღონისძიებებში ჩართულობა მნიშვნელოვანია მასწავლებლებისათვის, რადგან ისე არაფერი ზრდის მასწავლებელს პროფესიულად, როგორც თანამშრომლობა და გამოცდილების გაზიარება. – თქვენ მიერ შედგენილ სასკოლო კურიკულუმზეც რომ გვიამბოთ. – ორი წელია ვმუშაობ მესამე თაობის ეროვნული სასწავლო დანერგვის ექსპერტად, ისტორიის მიმართულებით. შესაბამისად აქტიურად ვარ ჩართული ქოუჩინგის პროცესში. ვითანამშრომლე 32 სკოლის 52 ისტორიის მასწავლებელთან და შევადგინეთ ინდივიდუალურად სასკოლო კურიკულუმები. რა თქმა უნდა აქტიურად მივიღე მონაწილეობა მათი დანერგვის ეტაპზე და მათი საგაკვეთილო პროცესში ჩართულობით ერთად ვაფასებდით მიღწეულ შედეგს. ასევე მონაწილეობა მივიღე სასკოლო კურიკულუმის შედგენაშიც. მე და ჩემმა კოლეგა ბექა კვაჭაძემ შევადგინეთ თემატური მატრიცა “გვიანი შუა საუკუნეები და ადრეული ახალი დრო” რომელიც საქართველოს ყველა სკოლაში სასკოლო კურიკულუმის ნაწილი გახდა. გარდა ჩართული სკოლებისა, არაჩართული სკოლებისთვის განვახორციელე პროექტი “იყავი ჩემი მასწავლებელი ერთი დღით” სხვადასხვა სკოლებში. საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ჩავდიოდი და ვატარებდი გაკვეთილს ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის გათვალისწინებით და ასე ვეხმარებოდი მასწავლებლებს დაეგეგმათ და დაენერგათ სასკოლო კურიკულუმი თავიანთ სკოლებში. – როგორ მოხდა თქვენი წარდგენა “მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე”? – მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე პირველმა გამარჯვებულმა ლადო აფხაზავამ წარმადგინა. თავიდან არ მინდოდა აპლიკაციის შევსება, მაგრამ ჩემმა დირექტორმა ქალბატონმა ხათუნა ფაილაძემ და დირექტორის მოადგილე ქალბატონმა ციური ხურცილავამ არ მომცეს გასაქანი და ალპიკაციაც შევავსე. ვფიქრობდი და დღესაც ვფიქრობ, რომ ქვეყანაში ძალიან ბევრი კარგი მასწავლებელია, რომელიც უნდა გამოჩნდეს. – მიზეზი რა იყო რის გამოც არ გინდოდათ აპლიკაციის შევსება? – ვფიქრობ, რომ მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე ღვაწლმოსილი მასწავლებლები უნდა წარადგინონ. მასწავლებლები, რომლებმაც მთელი სიცოცხლე მოსწავლეთა პიროვნულ და ინტელექტუალურ განვითარებას შეალიეს. მასწავლებლები, რომლებიც სამეცნიერო საქმიანობას ემსახურებიან და უკვე თქვეს თავიანთი სიტყვა ერის და თაობების წინაშე. რა თქმა უნდა მივესალმები ახალგაზრდების წახალისებას, მაგრამ მაინც ვფიქრობ, რომ მასწავლებელს მაღალი სტანდარტები სჭირდება. მიუხედავად იმისა 15 წელია სკოლაში ვარ და ჩემ საქმეს კარგად ვემსახურები, მაინც მქონდა გულწრფელი თავმდაბლობის მომენტი და არა მოჩვენებითი თავის დაფასების. – რას უკავშირებთ თქვენს წარმატებას? – ამაზე მოკლედ და მარტივად გიპასუხებთ – მოსწავლეების სიყვარულს, საქმისადმი თავდადებას და მიღწეულ შედეგებს, რომელსაც ყოველ წელს ჩემი მოსწავლეები აჩვენებენ. ავტორი: დავით მათიაშვილი IBSU-ს ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის მესამე კურსის სტუდენტი
“ჩემი და ხატვის ისტორია, ადრეული ასაკიდან დაიწყო. ბავშვობიდან ვხატავ და ეს უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს. ჩემს საქმიანობაში ყველაზე მეტად ხატვის პროცესი მიყვარს,“ – ამბობს თვითნასწავლი მხატვარი მარიამ ცისკარიშვილი. მისი ნამუშევრები განსახვავებული სტილით და ხასიათით გამოირჩევა. მისთვის მნიშვნელოვანია ხატვის პროცესი და სამომავლო გეგმებსაც მას უკავშირებს. მარიამ რამ გადაგაწყვეტინა რომ საკუთარი თავი ხელოვნებასთან დაგეკავშირებინა? სულ მინდოდა რომ მხატვარი ვყოფილიყავი.ძირითადად პორტრეტების ხატვა მიზიდავს, ეს ის არის რაშიც საკუთარ თავს ვპოულობ. თუმცა, ვცდილობ მხოლოდ პორტრეტების ხატვით არ შემოვიფარგლო და ექსპერიმენტებს ვატარებ. რა გიყვარს ყველაზე მეტად შენს საქმიანობაში? თვითონ ხატვის პროცესი არის ყველაზე დიდი ბედნიერება. ჩემს ემოციებს და ფიქრებს ხატვით გამოვხატავ. როდის გადაწყვიტე რომ მხატვრობა შენი პროფესია უნდა გამხდარიყო? პატარაობიდანვე ვიცოდი, რომ ეს ის იყო რაც მჭირდებოდა. ვხატავდი ყველგან სადაც შემეძლო ფურცელზე, კედელზე, მერხზე, დაფაზე. ახლა სამხატვრო აკადემიაში ვეუფლები მომავალ პროფესიას. როგორც უკვე ახსენე კედელზე ხატვაც გეხერხება,მოგვიყევი ამ გამოცდილების შესახებ. მეთერთმეტე კლასში ვიყავი როდესაც გადავწყვიტე რომ ჩემი სოფლის ნაცრისფერი კედლები გამელამაზებინა. ჩემი სოფელი პატარა დასახლებაა და მეც ამოვირჩიე რამდენიმე ასეთი უსახური კედელი და დავიწყე მოხატვა. ადვილი ნამდვილად არ იყო რადგან ამ ყველაფერს დრო სჭირდება ,მაგრამ დრო არაფერია როცა იმას აკეთებ რაც გიყვარს. ვინ არის შენი საყვარელი მხატვარი? ჩემი საყვარელი მხატვარია ფრიდა კალო, ადამიანი რომელსაც ძალიან უყვარდა სიცოცხლე. სიცოცხლე ხომ ღმერთისგან ნაბოძები უდიდესი საჩუქარია რასაც თითოეული ჩვენგანი უნდა გავუფრთხილდეთ. პანდემიამ როგორი გავლენა მოახდინა შენზე? საკმაოდ კარგი, რადგან დრო მქონდა საკუთარ თავთან მარტო დარჩენის და ფიქრის. ვფიქრობდი ყველაფერზე მომავალზე, წარსულზე, ახლანდელზე. ასევე, ვქმნიდი სხვადასხვა ნახატებს და ვცდილობდი მომავალ პროფესიას უკეთესად დავუფლებოდი. რას ურჩევ ახალგაზრდებს? ეს ის წლებია რომელიც ნაყოფიერად უნდა გამოვიყენოთ. ახალგაზრდებს ვურჩევ რომ არასდროს შეეშინდეთ და ყოველთვის წინ იარონ. ბევრი წინააღმდეგობის გადალახვა გვიწევს, მაგრამ, საბოლოოდ, ყველაფერი კარგად დასრულდება და ისე იქნება როგორც ჩვენ გვსურს. ავტორი: ქეთი მიქელაძე ჟურნალისტიკის პროგრამის მეორე კურსის სტუდენტი
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში გაზაფხულის სემესტრი ჰიბრიდულ რეჟიმში სრულდება, რაც გულისხმობს იმას, რომ ლექციები და გამოცდები ტარდება როგორც ონლაინ, ასევე აუდიტორიაში. სექტემბრიდან კი უნივერსიტეტი მზად არის სწავლა სრულად აუდიტორიებში განაახლოს. ამასთან დაკავშირებით საკუთარ აზრს, სტუდენტები და ლექტორები აფიქსირებენ. ინფორმატიკის მიმართულების სტუდენტის, გიორგი ახალკაცის აზრით, უნივერსიტეტმა გადაწყვეტილება სტუდენტთა საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით მიიღო, რადგან საკითხთან დაკავშირებით სტუდენტების აზრი იყოფა. „რა თქმა უნდა სწორი გადაწყვეტილება იყო. იქიდან გამომდინარე, რომ სტუდენტთა ნახევარზე მეტი რაიონიდან ერთვებოდა ლექციებს. უნივერსიტეტის ეს მოულოდნელი გადაწყვეტილება სტუდენტების უნეტესობას დისკომფორტს შეუქმნიდა, რადგან თბილისში ბინის ქირაობა მარტივი ნამდვილად არ არის. გარდა ამისა, მე პირადად არასამართლიანად მინაჩნია სწავლის აუდიტორიაში გაგრძელება მეორე სემესტრის თითქმის ნახევრიდან, რადგან ვფიქრობ, რომ როგორც დავიწყეთ სწავლა ისე უნდა დამთავრდეს,“– ამბობს გიორგი. გიორგის მსგავსად, მომავალ სასწავლო წლამდე ჰიბრიდულ რეჟიმში სწავლის გაგრძელებას სხვა სტუდენტებიც ემხრობიან. ეკონომიკის პროგრამის სტუდენტი, მარიამ გოლობიანი უნივერსიტეტის გადაწყვეტილებას სამართლიანად აფასებს. „არიან ისეთი სტუდენტები, რომლებსაც არ შეუძლიათ კამპუსში სიარული დაიწყონ შუა სემესტრიდან. პირადად მე აუდიტორიაში სწავლას ვამჯობინებ, მაგრამ ამ კონკრეტულ სიტუაციაში უნივერსიტეტის გადაწყვეტილებას ვუჭერ მხარს.“ ანა ჩალაშვილი, ჟურნალისტიკის მიმართულების სტუდენტი, აღნიშნავს აუდიტორებში გამოსვლასთან დაკავშრებულ პრობლემებს, როგორიცაა ოჯახების ფინანსური მზაობა და რეგიონებიდან დედაქალაქში ჩამოსვლა. „მე პირადად მოხარული ვიქნები თუ მომავალი სასწავლო წლიდან მთლიანად აღდგება სააუდიტორიო სწავლება, რადგან ეს უკეთესად აისახება ჩვენს სტუდენტურ ცხოვრებასა და აკადემიურ მოსწრებაზეც. თუმცა, ამჟამად ჰიბრიდული რეჟიმი და სტუდენტებისთვის თავისუფალი არჩევანის დატოვება, სწავლის უპრობლემოდ წარმართვის მიზნით, ძალიან კარგი გადაწყვეტილება იყო, რადგან ყველას არ აქვს მოუმზადებლად დედაქალაქში გადმოსვლის საშუალება.“ არიან ისეთებიც, რომლებიც ამ გადაწყვეტილებას არ ეთანხმებიან. ჟურნალისტიკის მიმართულების მეორეკურსელი დავით მათიაშვილი ფიქრობს, რომ სწავლა აუდიტორიებში უნდა გაგრძელებულიყო, რადგან ასე უფრო სრულფასოვან ცოდნას მიიღებდა. „პანდემიის პირობებში სასწავლო პროცესის თავდაყირა დაყენება და ონლაინ ფორმატში არასრულფასოვანი განათლების მიღება ჩვენი განათლების დეგრადირების საწინდარი გახდა, ამიტომ სწავლის ოფლაინ ფორმატში გადატანას და აუდიტორიებში დასწრებას მივესალმები, რადგან თუ გვინდა ჩვენს პროფისიას სიღრმისეულად დავეუფლოთ და მივიღოთ საკმარისი ცოდნა, როგორც თეორიული ასევე პრაქტიკული, კომფორტის ზონიდან უნდა გამოვიდეთ და აუდიტორიებს დავუბრუნდეთ“-ამბობს დავითი. ჰიბრიდული რეჟიმის სწავლის პერიოდი რამდენიმე სტუდენტმა საზღვარგარეთ გამგზავრების შესაძლებლობად გამოიყენა, პარალელურად ლექციებსაც ესწრებიან. ანანო ბლიაძე ჟურნალისტიკის მიმართულების მეორეკურსელია, ამავდროულად იგი პოლონეთში ცხოვრობს, სადაც გაცვლითი მოხალისეობრივი პროგრამის მონაწილეა. მისი აზრით, ჰიბრიდული სწავლება მეტად მოსახერხებელი და კომფორტულია, პანდემიამ დაგვანახა, რომ სამყარო ახალ ონლაინ რეჟიმზე გადაწყობის წინაშე დგას, სწორედ ამიტომაცაა მნიშვნელოვანი, უნივერსიტეტმა, სულ მცირე არჩევანის საშუალება დაუტოვოს სტუდენტს თუ რა ფორმატში სურს სწავლება. „საბედნიეროდ მოვახერხე და პოლონეთში ცხოვრებასთან და მოხალისედ მუშაობასთან ერთად შევძელი სალექციო მეცადინეობებსაც დავსწრებოდი, მიმეღო საინტერესო პრაქტიკული გამოცდილება და არ გამეცდინა აკადემიური წელი. ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე ონლაინ სწავლება საუკეთესო შესაძლებლობა იყო მეცხოვრა უცხოეთში და მიმეღო უმაღლესი განათლება საქართველოში, ეს სავსებით შესაძლებელი და მოსახერხებელია.“ ლექტორების აზრით, უნივერსიტეტმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო. „როგორც ითქვა, გამოცდებიც ჰიბრიდულ ფორმატში წარიმართება, სტუდენტის სურვილის გათვალისწინებით, რაც, ვფიქრობ, სტუდენტისთვის ძალზე ხელსაყრელია. მთავარია მათი ინტერესები, მათ როგორც აწყობთ, ისე უნდა წარიმართოს სასწავლო პროცესი. დამეთანხმებით ალბათ, რომ უნივერსიტეტს სტუდენტების ნება აუცილებლად უნდა გაეთვალისწინებინა და ასეც მოიქცა,“ – ამბობს ქეთევან გოდერძიშვილი. „ეს გადაწვეტილება სწორედ სტუდენტთა ინტერესებიდან გამომდინარეობდა, რადგან ძალიან ბევრი მოუმზადებელი იყო სწავლების ცოცხალ რეჟიმში ჩართვისთვის. ეს ნაწილობრივ ფინანსურ მოუმზადებლობას გულისხმობს, ნაწილობრივ კი ფსიქოლოგიურს,“ – აღნიშნავს ოლიკო ცისკარიშვილი. უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი, თეა კბილცეცხლაშვილის შეფასებით, ეს გადაწყვეტილება განათლების სისტემის ერთ-ერთი დიდი გამოწვევა აღმოჩნდა. თუმცა, მმართველმა საბჭომ ყველა შესაძლო დაბრკოლება და პრობლემა გაითვალისწინა და სწავლის ჰიბრიდულ რეჟიმში დატოვება გადაწყვიტა. მისივე თქმით, უნივერსიტეტში არსებობს ყველანაირი წინაპირობა იმისა, რომ სექტემბრიდან სწავლა სრულად განახლდეს აუდიტორიებში და სტუდენტები დაუბრუნდნენ ჩვეულ სასწავლო რეჟიმს. „აკადემიურ და მოწვეულ პერსონალთან და ასევე სტუდენტებთან აქტიური კონსულტაციების შედეგად, მოხდა სწავლის ჰიბრიდულ რეჟიმზე გადასვლა, რის შედეგადაც სასწავლო პროცესი უნივერსიტეტში საკმაოდ ეფექტურად მიმდინარეობს. ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე (გაზრდილი ბინის ქირის საფასური, მკვეთრად მომატებული ფასები პროდუქტზე, შემოსავლის გარეშე დარჩენილი ოჯახები, ა.შ.) მმართველმა საბჭომ გაითვალისწინა არსებული პრობლემები, სტუდენტების თხოვნა დააკმაყოფილა, რის შედეგადაც სტუდენტებს მიეცათ არჩევანის საშუალება – სწავლა და ასევე, დასკვნითი გამოცდები განაგრძონ დისტანციურად ან აუდიტორიებში მათივე სურვილის შესაბამისად,“ – ამბობს ვიცე-რექტორი. ავტორი: მარიამ ეგაძე ვიდეოზე იმუშავეს: ნინი შაორშაძე, გვანცა გოგიაშვილი ჟურნალისტიკის პროგრამის მეორე კურსის სტუდენტები
ანა მიქიაშვილი განათლების ფსიქოლოგია. როდესაც ჯერ კიდევ დაწყებითი კლასების მოსწავლე იყო, მის თანაკლასელებს მშობლები ფულს აძლევდნენ ხოლმე, თუ ისინი „ხუთიანს“ მიიღებდნენ. ანასთვის მშობლებს არასდროს არაფერი მიუციათ „ხუთიანის“ გამო. შოკოლადსაც კი არ შეჰპირებიან კარგი სწავლისთვის. იმ დროს გული სწყდებოდა, ახლა კი მშვიდადაა, რადგან ზუსტად იცის, სწორედ ამგვარმა მიდგომამ განაპირობა, რომ მისთვის სწავლის პროცესი უფრო მნიშვნელოვანი ყოფილიყო, ვიდრე ქულებში ასახული შედეგი. ანასგან გავიგებთ თუ როგორ უნდა მოვექცეთ ზრდასრულები მოზარდებს, რომ მოტივაცია არ დაკარგონ, თვითშეფასების ნაკლებობა არ განუვითარდეთ, საკუთარი თავის სიყვარული ისწავლონ და უფრო კეთილგანწყობილნი გახდნენ. ფსიქოლოგის თქმით, მოტივაცია მოძრაობას ნიშნავს. ეს არის ძალა, რომელიც გვიბიძგებს მოქმედებისკენ. ის არ გვავალდებულებს, მაგრამ ხელსაყრელ პირობებს გვიქმნის წინსვლისთვის, ცვლილებებისთვის. ანა აღნიშნავს, რომ ზრდასრულები უნდა დაფიქრდნენ, შედის თუ არა ბავშვის ინტერესებში ის, რის გაკეთებასაც მას სთხოვენ და რაც ყველაზე მთავარია, შესაბამისობაშია თუ არა მოზარდის უნარებთან და შესაძლებლობებთან მათი ეს სურვილი. „მშობლები ხშირად ამბობენ, რომ ბავშვს არ აქვს მოტივაცია, თუმცა აღმოჩნდება, რომ ინდივიდს მოტივაცია აქვს, მაგრამ სხვა ინტერესებთან მიმართებით და არა იმ კონკრეტულის მიმართ, რასაც მასწავლებლები ან მშობლები ავალდებულებენ.“ ბავშვის მიმართ კმაყოფილების სიტყვიერი გამოხატვის მნიშვნელობაზე საუბრისას, ანა მიქიაშვილი აღნიშნავს, რომ შექება აუცილებლად უნდა იყოს რეალისტური და დამსახურებული. წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოდის, რომ ვაწესებთ მაღალ მოლოდინებს და მოზარდს შეცდომის დაშვების უფლებას არ ვუტოვებთ. ამასთან, აუცილებლად უნდა აღინიშნოს ბავშვის ყველა წარმატება და უნარი. მისი ყველა მცდელობა უნდა იყოს დაფასებული და შემჩნეული. „ასე ხდება, როდესაც გვაქებენ, ვხვდებით, რომ რაღაც კარგად გამოგვდის და თვითშეფასებაც ადეკვატური გვაქვს. როცა ვიცით, რომ გამოგვივა, თამამად ვბედავთ“. ანა აღწერს ნაბიჯებს, რომლებიც უნდა გადაიდგას ბავშვის გარშემომყოფების მიერ, რათა ის უფრო მიზანდასახული გახდეს. „თუ ინდივიდს აქვს გამოცდილება, რომ რაღაც კარგად გამოუვიდა, მით უფრო მაღალია მისი თვითშეფასება. აუცილებელია გავითვალისწინოთ ის ფაქტორიც, რომ რა მიზნებსაც ჩვენ, ზრდასრული პიროვნებები ვუსახავთ მას, იყოს მისი შესაძლებლობების ადეკვატური. მას უნდა ჰქონდეს პროცესებთან გამკლავების უნარი. ბავშვს, რომლის მიმართაც მაღალი მოლოდინები აქვთ, საკუთარი თავის მიმართაც მაღალი მოთხოვნები უვითარდება. ამ დროს კი, უჭირს ისეთი მიზნის დასახვა, რომელიც მართლა მიღწევადია.“ ანას თქმით, დაბალ თვითშეფასებასთან ერთად, ზომაზე მაღალი თვითშეფასებაც უარყოფით გავლენას ახდენს მოტივაციის ხარისხზე. „ზოგჯერ, ბავშვი ფიქრობს, რომ მას უკვე საკმარისზე მეტი მიღწევა აქვს და შესაძლოა, სიახლის ძიება აღარც კი მოუნდეს. ამიტომ, საფრთხე ამ შემთხვევაშიც არსებობს. თუმცა, როდესაც საქმე გვაქვს დაბალი თვითშეფასების მქონე ინდივიდების დემოტივაციასთან, ბავშვებს უნდა მივცეთ შესაძლებლობა, რომ საკუთარი თავი გამოსცადონ, შეისწავლონ, საკუთარი ძალების ირწმუნონ. ჩვენ კი ისეთი რაღაცები უნდა შევთავაზოთ, რაც მათთვის სასიამოვნოა.“ შეკითხვაზე, თუ როგორ ვასწავლოთ ბავშვს საკუთარი თავის სიყვარული, ანა გვპასუხობს: „ბავშვი, საკუთარი თავის სიყვარულს, სწავლობს გარშემომყოფებისგან. ფიქრობს – თუ მშობლებს უპირობოდ ვუყვარვარ, მეც მიყვარს საკუთარი თავი, ხოლო თუ სიყვარულის სანაცვლოდ, პირობები მიწესდება, არ ვარ იდეალური. პირობითად, რამდენიმე საფეხური არსებობს: პირველი – როგორი დამოკიდებულება აქვთ და როგორ ავლენენ სიყვარულს მშობლები ბავშვის მიმართ; მეორე – როგორ უყვარს მშობელს საკუთარი თავი და როგორ ავლენს ამ სიყვარულს საკუთარი თავის მიმართ; მესამე – როგორ უყვართ მშობლებს ერთმანეთი და როგორ ავლენენ სიყვარულს ერთმანეთის მიმართ და მეოთხე – როგორ ექცევიან ისინი გარშემომყოფებს.“ მშობლების არასწორი ქცევითი გამოხატულებების უარყოფით შედეგებზე საუბრისას, ანა გვეუბნება, რომ ჰიპერმზრუნველი მშობლების შვილებს, ხშირად აქვთ მოტივაციის ნაკლებობა. ისინი მიჩვეულები არიან, რომ მათ ნაცვლად, დედა, მამა ან ნებისმიერი სხვა გააკეთებს ამა თუ იმ საქმეს. არ უჩნდებათ სურვილი გამოვიდნენ კომფორტის ზონიდან და თავად სცადონ, თუნდაც, შეცდომა დაუშვან. „ეს ბავშვების ბრალი არ არის. არ გვაქვს უფლება და ვერ დავადანაშაულებთ თუ ზრდასრულ ასაკშიც ვერ გამოვლენ ამ როლიდან და ყოველთვის დაელოდებიან, რომ მათ ნაცვლად საქმეს სხვა გააკეთებს. ჩვენ იმაზე უფრო მეტი უნდა ვიფიქროთ თუ რა ახშობს ინდივიდის ბუნებრივ მოტივაციას და რა უშლის ხელს საკუთარი რესურსების გამოვლენაში და არა გამუდმებით ვეძებდეთ პასუხს შეკითხვაზე თუ როგორ ავუმაღლოთ ბავშვებს მოტივაცია.“ ავტორი: ნინი შაორშაძე ჟურნალისტიკის პროგრამის მეორე კურსის სტუდენტი
17 წლის გეგი თაბაგარმა, მექსიკის ქალაქ ლეონში მიმდინარე ჭაბუკ ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე, სამი ოქროს მედალი მოიპოვა და მსოფლიო ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა. ის 96 კილოგრამ წონით კატეგორიაში ასპარეზობდა და ატაცში (ძელის ფიცარნაგიდან ზევით აწევით, ერთი, განუწყვეტელი მოძრაობით) 134/138/140 კგ დაძლია, აკვრაში კი (ძელის აკვრით ორ მომენტად, გულმკერდზე და გულმკერდიდან) 166/170/177 კგ დააფიქსირა, ორჭიდის ჯამში 317 კილოგრამი დაძლია. ძალოსანი გვესაუბრება მის ამჟამინდელ ემოციებზე, განცდებსა და სამომავლო გეგმებზე, გვიხსნის თუ რაში გამოიხატება ვარჯიშის განსაკუთრებული სირთულე, როგორი ურთიერთნდობა/ურთიერთდამოკიდებულება აქვს მწვრთნელთან და რისი დათმობა უწევს, წარმატებისთვის ბრძოლის სანაცვლოდ. გეგი, იშვიათ მდგომარეობაში ხარ, თუ გიხდება შენი თავისთვის თქმა, რომ „აი, ახლა თავში არ ამივარდეს!“ ? არა, ეს აზრი ჯერ არ გამჩენია. ისევ ისეთი ვარ, ჩვეულებრივი, როგორიც აქამდე. არ მგონია, ოდესმე რაიმემ იმდენად შემცვალოს, რომ „თავში ამივარდეს“. გეგი ამბობს, რომ ძალოსნობა ბავშვობიდან იტაცებდა. 10 წლის იყო, როდესაც საკუთარი ინიციატივით დაიწყო ვარჯიში. მშობლებიც მის სურვილს დაჰყვნენ და პირველივე დღიდან – დღემდე, მოტივაციას აძლევენ. „ჩემი არჩევანი იყო, თავად გადავწყვიტე, ინსპირირებული არავისგან ვყოფილვარ, მაგრამ თავიდან მომწონდა ეს სპორტი, ახლა კი – მიყვარს. მხარდაჭერა ყველასთვის და ყველა დროს მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით ოჯახის მხრიდან და მე ამას ყოველთვის ვგრძნობ.“ მისივე თქმით, ძალოსნობა რკინასთან ჭიდილია და ძელის მიმართ, სხვადასხვა მომენტში, განსხვავებული დამოკიდებულება აქვს, ხან – მტრული, ხანაც – მეგობრული. „ძელი ჩემი მეტოქეა მაშინ, როდესაც ფიცარნაგზე ვარ, როცა ძალით უნდა ვაჯობო, რა თქმა უნდა, ჩემი კონკურენტია, თუმცა გამარჯვებას იმდენი დადებითი ემოცია მოსდევს, რომ მაშინვე ერთმანეთის მოკავშირეები ვხდებით“. როგორც გეგი ამბობს, სიმძიმის აწევა გაცილებით რთულია, ვიდრე უკვე აწეულის ჰაერში დაფიქსირება. შეკითხვაზე თუ რას გრძნობდა იმ 2-3 წამის განმავლობაში, როცა თავს ზემოთ 177-კილოგრამიანი ძელი ეჭირა, გვპასუხობს: „ერთადერთი განცდა სიხარულის მქონდა, სხვა არაფერი მახსენდება. გონება ერთადერთ რამეზეა კონცენტრირებული, რომ უნდა ასწიო და გაიმარჯვო. როდესაც ჯერ სწევ, შემდეგ კი აცნობიერებ, რომ იმარჯვებ კიდეც, რა უნდა განიცადო, გარდა სიხარულისა“. იგი პირადი მწვრთნელის, გიორგი გაბრიჭიძის მიმართ დამოკიდებულებაზეც საუბრობს და ამბობს, რომ გიორგი უკვე 7 წელია ეხმარება განვითარებაში, დახვეწასა და წინ სვლაში. „უამრავ სასარგებლო რჩევას მაძლევს, ძელის აწევის ტექნიკას კი შესანიშნავად მასწავლის“. გეგის აზრით, თუ სპორტსმენს სურს, რომ წარმატებას მიაღწიოს, ბევრ რამეზე უნდა თქვას უარი. „მქონია შემთხვევა, როდესაც ვერ წავსულვარ გასართობად, მეგობრებთან ერთად. უარი მითქვამს ექსკურსიაზეც. ჩემთვის ღირებულია მეგობრების გარემოცვაში ყოფნაც, მაგრამ ცხოვრების ამ ეტაპზე, სპორტდარბაზის ეს სივრცე უფრო მნიშვნელოვანია“. ცნობილია, რომ ძალოსნობა 2028 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების წინასწარი პროგრამიდან ამოიღეს. საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა, თომას ბახმა განაცხადა, რომ გადაწყვეტილება საბოლოო არ არის და ოლიმპიადის პროგრამა კიდევ გადაიხედება. „ეს საკითხი ძალიან მტკივნეულია, მაგრამ ვერ დავიჯერებ. დიდი იმედი მაქვს არ ამოიღებენ. არ მგონია, ასე მოხდეს, რადგან ძალოსნობა ერთ-ერთი წამყვანი და უძველესი სპორტია“ – ამბობს გეგი. ბოლოს, გეგი წარმატებისკენ მიმავალ გზაზე გვესაუბრა და დამწყებ ძალოსნებს, რამდენიმე რჩევაც მისცა: „მონდომება, შრომა და საკუთარი თავის რწმენა, ეს სამი არის უმთავრესი, როცა წარმატებაზე ვიწყებთ საუბარს და შემდგომ უკვე – სვლას. დამწყებ ძალოსნებს ვეტყოდი, რომ ჯერ თავიანთი თავები აღმოაჩინონ ამ სპორტში და არა მხოლოდ მოსწონდეთ ის, არამედ – უყვარდეთ. შემდეგ კი, მოინდომონ, ივარჯიშონ, რაღაც-რაღაცებიც დათმონ, თუ რა თქმა უნდა, რაიმე ღირებულის მიღწევა სურთ“. ავტორი ნინი შაორშაძე, ჟურნალისტიკის პროგრამის მეორე კურსის სტუდენტი
“მომწონს ის, რომ ეს სფერო ითხოვს მუდმივ განვითარებას. თუ გაჩერდი, დაიკარგები” – ასე ახასიათებს სოციალურ მედია მენეჯმენტს ანნა ტარუაშვილი, რომელიც ამ მიმართულებას 2019 წლიდან შეისწავლის და როგორც სოციალური მედია მენეჯერი, დღემდე ამ სფეროშია დასაქმებული. სოციალური მედია მენეჯმენტი სოციალური ქსელების სრულყოფილ ცოდნასა და მათ მართვას გულისხმობს. ქართულ ბაზარზე მენეჯერის მოვალეობა ძირითადად იმით განისაზღვრება თუ რამდენად დიდ და რა სახის კომპანიაშია დასაქმებული. მაგალითად, მცირე კომპანიაში შესაძლოა მას სოციალური ქსელების მართვის გარდა, ევალებოდეს კონტენტის, რეკლამების და ქოფის შექმნა. როგორც ანნა ტარუაშვილი აღნიშნავს, დასაქმების კუთხით სოციალური მედია მენჯმენტის ცოდნა საკმაოდ მომგებიანია, განსაკუთრებით მაშინ თუ ციფრული მარკეტინგის სხვა მიმართულებებსაც შევისწავლით და ვფლობთ. “სოციალური მედია მენეჯმენტი საკმაოდ შემოსავლიანი და მზარდი შეიძლება იყოს. ეს, რა თქმა უნდა, დამოკიდებულია ცოდნასა და გამოცდილებაზე. თვითონ სფერო იძლევა იმის საშუალებას, რომ თუ ქართული ბაზარი არ გვაკმაყოფილებს, სხვადასხვა დასაქმების პლატფორმებით, შეგიძლია საერთაშორისო ბაზარზე გავიდეთ. ციფრული მარკეტინგის სხვა მიმართულებების შესწავლით კი, შემოსავლის გაზრდაც შეგვიძლია”.- აღნიშნავს ის. გარდა შემოსავლისა და დასაქმების მრავალი შესაძლებლობისა, სოციალური მედია მენჯმენტის შესწავლასა და შემდგომ ამ სფეროში დასაქმებას, ბევრი დადებითი მხარე ახლავს, მაგალითად კომფორტი – შესაძლებლობა იმუშაო ქვეყნის ნებისმიერი კუთხიდან. როგორც ანნა აღნიშნავს, დაბრკოლება, სირთულე, რომელიც ამ სფეროში შეიძლება შეგხვდეს, ეს არის შენი არასწორი დამოკიდებულება სოციალური მედია მენეჯმენტისადმი, რომელსაც ხშირად ისე აღიქვამენ, როგორც დამატებით სამუშაოს. “სოციალური მედია მენეჯმენტი სფეროა, სადაც თუ საკუთარი თავისა და შესაძლებლობების გაყიდვა არ შეგიძლია, საკმაოდ გაგიჭირდება. ყველაზე დიდი დაბრკოლება, რაც სხვებზე დაკვირვების შედეგად მივხვდი რომ არსებობს, არის ის, რომ ზოგი ამ სფეროს აღიქვამს არა როგორც სრულყოფილ პროფესიას, არამედ დამატებითი შემოსავლის წყაროს. სინამდვილეში, ეს არის პროფესია, რომელიც ორ დღეში არ ისწავლება, მას სჭირდება მუდმივი სწავლა, განვითარება და დაკვირვება”. თავად ანნა სოციალური მედია მენეჯერის პროფესიით მაშინ დაინტერესდა, როდესაც 2019 წელს საქველმოქმედო ჯგუფი შექმნა, რომელიც შემდგომში ჯგუფად და ორგანიზაციად იქცა. ამჟამად ანნა მუშაობს, როგორც ფრილანსერ ჟურნალისტი და ძირითადად მართავს ფეისბუქ და ინსტაგრამ გვერდებს, რადგან ქართულ ბაზარზე ეს სოციალური ქსელები ყველაზე მოთხოვნადია, იშვიათ შემთხვევაში ლინკდინიც. “საწყის ეტაპზე ვმუშაობდი სრულ განაკვეთზე, ამჟამად ვარ ფრილანსერი და ამასთანავე, მაქვს საავტორო კურსი, რომლის სილაბუსიც დროთა განმავლობაში დავხვეწე და სრულ კურსაც ვაქციე. ჩემი კურსი მოიცავს ცხრა შეხვედრას და ვასწავლი სრულიად ნულიდან, ამჟამად რიგით მეათე ნაკადს ვიღებ კურსზე”- ამბობს ანნა, სოციალური მედია მენეჯერი. სოციალური მედია მენეჯერების გარდა, ბოლო წლებში, საქართველოში საკმაოდ გაიზარდა მოთხოვნა ქოფირაითერებზე და ასევე, საკმაოდ ბევრი მსურველი გამოჩნდა შეესწავლათ ქოფირაითინგის მიმართულება. ქოფირაითინგის კლასიკური განმარტება მოიცავს წერას, რომელიც ასრულებს რეკლამირებისა და მარკეტინგის ფუნქციას. თავად ქოფირაითერი არის ადამიანი, რომელიც ქმნის ტექსტს (ქოფის), რომელიც მიზანმიმართულია ბრენდის ცნობადობის გაზრდისკენ, პროდუქტის ან სერვისის გაყიდვისკენ. “დასქმების კუთხით, ქოფირაითინგი არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროფესია. პროფესიის გარდა, ეს არის უნარი, რომელიც ციფრულ მარკეტინგში მომუშავე ბევრ ადამიანს გამოადგება. ქოფირაითინგი მოთხოვნადია გლობალურ ბაზარზე, მაგალითად Upwork-სა და სხვა მსგავს პლატფორმებზე ხშირად წააწყდებით კომპანიებს, რომელიც ეძებენ დამწყებ თუ გამოცდილ ქოფირაითერებს. “ დღეისათვის, კომპანიები აცნობიერებენ, რომ ქოფირაითინგი სჭირდებათ მარკეტინგის დეპარტამენტში და ნელ-ნელა იწყებენ ცალკეული კადრების აყვანას და პროფესიონალების ძიებას.” – აღნიშნავს მარიტა ფილაური, რომელიც უკვე ცხრა წელია ქოფირაითერად მუშაობს და უთანამშრომლია ისეთ კომპანიებთან, როგორიც არის Digital bus, Academy, Founder, CENN, და Kastman&Friends. მარიტა ფილაური 18 წლის იყო, როდესაც მეგობარმა ურჩია Upwork-ის პლატფორმაზე ქოფირაითინგის მიმართულებით პატარა დაკვეთები მიეღო და ასეც მოიქცა. როგორც თავად ამბობს, ამან შესაძლებლობა მისცა ბევრი საინტერესო კლიენტი გაეცნო და ამასთანავე, გაანალიზა ისიც, რომ წერის უნარი, როგორც შემოსავლის წყარო ისე გამოეყენებინა. მარიტა ასევე აღნიშნავს, რომ გარდა შემოსავლისა, ქოფირაითინგის ერთ-ერთი დადებითი მხარე მოქნილი გრაფიკია. “9 წელია ქოფირაითინგზე ვმუშაობ და ამ პროფესიაში დღემდე ვინარჩუნებ დროისა და ადგილის მხრივ მოქნილობას. ადამიანები განვსხვავდებით და შესაბამისად, სხვადასხვა სამუშაო გარემო გვანიჭებს სიამოვნებას. ზოგს ოფისში მუშაობა უყვარს ან კაფეში, ზოგს კი სოფელში ან სულაც სანაპიროსთან, ტალღების წინ. აქვე უნდა აღვნიშნო, რომ ამ პროფესიაში მუშაობას მუდმივი განვითარება და სიახლეების მიღება სდევს თან”. როგორც მარიტა ფიქრობს, ქოფირაითინგი არამარტო მომავლის პროფესია, არამედ შეიძლება ითქვას, რომ უკვე აწმყოს პროფესიაც არის. “ციფრული მარკეტინგის სფერო ძალიან სწრაფად ვითარდება და მას მიჰყვება ყველა ცალკეული ელემენტი, მათ შორის ქოფირაითინგიც, რომელიც ყოველთვის ადაპტირდება თანამედროვე აუდიტორიის მოთხოვნილებებთან. “ რეკლამას ტექსტი ყოველთვის სჭირდებოდა, იქნებოდა ეს რადიოში, ტელევიზიასა თუ Facebook feed-ზე. ნელ-ნელა ვაცნობიერებთ, თუ რამხელა ძალა აქვს სიტყვას და რამდენად ახდენს გავლენას აუდიტორიაზე მორგებული, მიმზიდველი ქოფი. ეს არის პროფესია, რომლის ათვისებაც ახლა უნდა დავიწყოთ აქტიურად, რათა დანარჩენ ბაზრებს ავუწყოთ ფეხი” – ამბობს მარიტა ფილაური. საქართველოში, ჯერჯერობით, ხშირად ხდება ისე, რომ სოციალურ მედია მენეჯერს უწევს ქოფირაითინგის შეთავსებაც, ან პირიქით. თუმცა, კომპანიები ნელ-ნელა აანალიზებენ, რომ ეს ორი ერთმანეთისგან დამოუკიდებელი და განსხვავებული პროფესიაა. ავტორი: მარიამ მერლანი, ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის მესამე კურსის სტუდენტი მასალა მომზადდა სასწავლო კურსის ფარგლებში “სოციალური საკითხების გაშუქება” ლექტორი: ოლიკო ცისკარიშვილი
უკრაინაში ომის 106-ე დღეა. ამ სტატიაში გაგაცნობთ 3 ქართულ ონლაინ-მედიასაშუალებაში ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში გაშუქებულ ახალ ამბებს მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. ნეტგაზეთი UK-ის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, გაერთიანებული სამეფო უკრაინას გადასცემს ზალპური ცეცხლის რეაქტიულ M270 სისტემებს, რომლებსაც შეუძლიათ 80 კილომეტრამდე სამიზნეებზე დარტყმა, რაც „მნიშვნელოვნად გააძლიერებს უკრაინის ძალებს“. ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მინისტრმა ბენ უოლესმა განაცხადა. „როგორც რუსეთის ტაქტიკა იცვლება, ასევე, უნდა შეიცვალოს ჩვენი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ. მრავალჯერადი სარაკეტო სისტემები საშუალებას მისცემს ჩვენს უკრაინელ მეგობრებს, უკეთესად დაიცვან თავი რუსეთის მიერ შორ მანძილზე მოქმედი არტილერიის სასტიკი გამოყენებისგან, რასაც პუტინის ძალები განურჩევლად იყენებდნენ ქალაქების მიწასთან გასასწორებლად“, — განაცხადა ბენ უოლესმა. გერმანიის ყოფილმა კანცლერმა ანგელმა მერკელმა დუმილი დაარღვია და უკრაინაში რუსეთის ომს “ბარბაროსული“ უწოდა. Reuters-ის ინფორმაციით, ამის შესახებ მერკელმა პირველ ივნისს ბერლინში გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა. Reuters-ის წყარო, რომელიც ღონისძიებას ესწრებოდა, ამბობს, რომ მერკელმა უკრაინას სოლიდარობა გამოუცხადა. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი აცხადებს, რომ მხარს უჭერს ევროკავშირის გაფართოებისკენ გადასადგამ მომდევნო ნაბიჯებს. როგორც Tagesschau წერს, მიუხედავად იმისა, რომ ბერბოკს ღიად არ განუცხადებია კიევისთვის ევროკავშირის წევრის სტატუსის მინიჭებაზე მხარდაჭერა, ამ მხრივ მკაფიო სიგნალი გაგზავნა. “საკმარისი არაა ვთქვათ, თქვენი ადგილი ევროპაშია, თქვენი ადგილი ევროკავშირშია”, – აღნიშნა ანალენა ბერბოკმა უკრაინასთან დაკავშირებით. რუსეთის პრეზიდენტი იმუქრება, რომ რუსეთი ახალ სამიზნეებს დაარტყამს იმ შემთხვევაში, თუ აშშ უკრაინას შორ რადიუსზე მოქმედ რაკეტებს გადასცემს. ინფორმაციას რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო TASS ავრცელებს. საერთაშორისო კვლევითი ორგანიზაცია “ომის შემსწავლელი ინსტიტუტის” (ISW) ცნობით, უკრაინული ძალები განაგრძობდნენ შეზღუდული და ლოკალიზებული, მაგრამ წარმატებული კონტრშეტევების განხორციელებას რუსეთის პოზიციების წინააღმდეგ მთელ უკრაინაში, მათ შორის, დაიბრუნეს დიდი ტერიტორია სევეროდონეცკში — ლუგანსკის ოლქის ქალაქში, რომლის აღებაზეც კონცენტრირებულია რუსეთის შეიარაღებული ძალების დიდი ნაწილი. ISW-ის ცნობით, უკრაინული ძალები, სავარაუდოდ, ცდილობენ გამოიყენონ სევეროდონეცკზე რუსეთის ფოკუსირება, რათა განახორციელონ კონტრშეტევები სხვა მიმართულებებზე, ხარკოვის ჩათვლით. უკრაინა “ჯალათების წიგნის” გამოცემას გეგმავს, რომელშიც თავმოყრილი იქნება მტკიცებულებები რუსეთის მიერ უკრაინაში ჩადენილი ომის დანაშაულებისა და დამნაშავეების შესახებ. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში გუშინ, 7 ივნისს განაცხადა. რადიო თავისუფლება აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა მიიღო უკრაინისთვის სარაკეტო სისტემების გადაცემის გადაწყვეტილება. პრეზიდენტს კონკრეტული სარაკეტო სისტემა არ დაუსახელებია, თუმცა, თეთრი სახლიდან გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინა მიიღებს ზალპური ცეცხლის რეაქტიულ სისტემებს HIMARS-ს. აშშ-ის მიერ უკრაინისთვის შეიარაღების ნებისმიერი მიწოდება, მიუხედავად ვაშინგტონის არგუმენტებისა, ზრდის რუსეთის და აშშ-ის პირდაპირი შეტაკების რისკებს – ამის შესახებ რუსეთის სახელმწიფო სააგენტო „რია ნოვოსტი“-ს განუცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგეი რიაბკოვმა. 3 ივნისს მეასე დღე გახდა, რაც რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე შეიჭრა. ამ დროის მონაცემებით, რუსეთის ჯარები უკრაინის ტერიტორიის დაახლოებით 20%-ს აკონტროლებენ. ამის შესახებ გუშინ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. ამჟამად რუსეთის არმიის ინტენსიური იერიშების სამიზნე ქალაქი სევეროდონეცკია. ქალაქში ქუჩის ბრძოლები მიმდინარეობს და მიუხედავად იმისა, რომ მის დიდ ნაწილს უკვე რუსეთი აკონტროლებს, უკრაინა წინააღმდეგობას განაგრძობს. პუტინის თქმით, ის უკრაინის შავი ზღვის პორტებიდან მარცვლეულით უკრაინული გემების გავლის გარანტიას იძლევა, თუ კიევი ნაღმებისგან გაასუფთავებს ფარვატერს. პუტინი პირობას დებს, რომ ამ ვითარებას მოსკოვი სამხედრო შეტევისთვის არ გამოიყენებს. პოლიტიკოსი უარყოფს, რომ სურსათის ბაზარზე სიტუაცია რუსეთის გამო გაუარესდა და აცხადებს, რომ ნეგატიური დინამიკა საერთაშორისო ბაზარზე ომამდე დაიწყო. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, რუსეთის სამხედრო ძალები განაგრძობენ ინტენსიურ შეტევას დონეცკის და ლუგანსკის ოლქების მიმართულებით. უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მსოფლიოს შეახსენებს ომის ერთ-ერთ მნიშვნელოვან თანმხლებ მოვლენას, უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის ბლოკირებას რუსეთის მიერ. ზელენსკის თქმით, თუ უკრაინა გემსაწინააღმდეგო შეიარაღებას ვერ მიიღებს, შემოდგომისთვის 75 მილიონი ტონა მარცვლეული ვეღარ გავა ექსპორტზე უკრაინის შავი ზღვის პორტებიდან. ფორმულა ნორვეგიის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ნორვეგიამ უკრაინას 22 თვითმავალი ჰაუბიცა გადასცა, რათა დაეხმაროს უკრაინას “გაუძლოს რუსეთის თავდასხმებს”. ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) ცნობით, უკრაინაში ომი ინფლაციას გაზრდის და გლობალურ ეკონომიკურ ზრდას მინიმუმ შედეგი წლის ბოლომდე შეანელებს. უკრაინაში ომის 105-ე დღეა. საოკუპაციო ძალები ინტენსიურად ბომბავენ ქვეყნის აღმოსავლეთ ოლქებს. ტყვედაყვანილ უკრაინელ მებრძოლებს კი სამხედრო ტრიბუნალზე გასამართლებით ემუქრებიან. 100 ჯარისკაცი მარიუპოლიდან რუსეთის ტერიტორიაზე გადაიყვანეს. უკრაინა კი ევროკავშირის გადაწყვეტილებას ელოდება. 438 მომხრე, 65 წინააღმდეგი – ევროპარლამენტი უკრაინისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას რეკომენდაციას უწევს. ინფორმაციას DW ავრცელებს. უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ აღმოსავლეთში მდებარე ქალაქი სევეროდონეცკი დონბასში დაპირისპირების ეპიცენტრად რჩება. “ეს არის ძალიან სასტიკი ბრძოლა, ძალიან რთული. ალბათ ერთ-ერთი ყველაზე რთული ამ ომის განმავლობაში. მადლობელი ვარ ყველასი, ვინც ამ მიმართულებას იცავს. მრავალი თვალსაზრისით, იქ წყდება ჩვენი დონბასის ბედი”, – ამბობს ზელენსკი. ლუჰანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერჰი ჰაიდაის განცხადებით, აღმოსავლეთის ქალაქ სევეროდონეცკის უმეტეს ნაწილს ახლა რუსები აკონტროლებენ. ეროვნული გვარდიის მეთაურის, პეტრო კუზიკის თქმით, უკრაინულ ძალებს, რომლებიც აღმოსავლეთ უკრაინის ქალაქ სევეროდონეცკისა და ლისიჩანსკის კონტროლისთვის იბრძვიან, კატასტროფულად აკლიათ საარტილერიო იარაღი. სევეროდონეცკის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლექსანდრ სტრიუკის თქმით, უკრაინული ძალები ქალაქის ნაწილს აკონტროლებენ. ოკუპირებული ხერსონის ე.წ ლიდერმა, ვლადიმერ სალდომ Telegram-ის საშუალებით განაცხადა, რომ უკრაინის ხერსონის ოლქის რუსეთში ინტეგრაცია მიმდინარეობს. ავტორი: მარიამ ეგაძე, ჟურნალისტიკის მიმართულების მეორე კურსის სტუდენტი

არაფორმალური განათლების გზით მიღწეულ წარმატებებსა და შესაძლო დაბრკოლებებზე 20 წლის იეკუბ ჩეპუი გვესაუბრება. იგი პოლონეთში, ქალაქ ზაბჟეში ცხოვრობს. იეკუბი დისტანციურად პოლონეთის ერთ-ერთ ყველაზე სწრაფ განვითარებად კომპანიაში ფრონტენდ დეველოპერის (კომპიუტერული კოდირების სპეციალისტი) პოზიციაზე მუშაობს, თუმცა, კლასიკური განათლება არასოდეს მიუღია. ბავშვობიდანვე გატაცებული იყო ინფორმაცია განსხვავებული, არაკლასიკური წყაროებიდან მიეღო და სწავლა ასე უფრო უმარტივდებოდა. „პროგრამირების შესწავლის დაწყებასთან ერთად, ვიგრძენი რომ ეს ის ადგილია, სადაც უნდა ვყოფილიყავი. ეს იყო რაც, მართლაც, კარგად გამომდიოდა და რისი კეთებაც მთელი ცხოვრების განმავლობაში მსურდა,“ – გვიყვება ახალგაზრდა დეველოპერი და გვიმხელს, რომ პროგრამირების შესწავლისთვის დრო სწორედ სასკოლო პროგრამის მარტივად დაძლევისა და უამრავი დროის გამოთავისუფლების ხარჯზე შეძლო. როგორც პოლონელი პროგრამისტი გვიამბობს, მისი მიზანი სულაც არ ყოფილა ბევრი ფულის გამომუშავება და ყველაფერი გასართობად დაიწყო. თუმცა, ეს ახალი საქმიანობა ფინანსურადაც საკმაოდ მომგებიანი აღმოჩნდა და ახლა ის წლიურად საკუთარ მშობლებზე ორჯერ მეტ თანხას გამოიმუშავებს. მიუხედავად იმისა, რომ პოლონური განათლების სისტემა იძლევა შესაძლებლობას, რომ სასკოლო ასაკში ახალგაზრდები დაეუფლონ პროგრამირების საბაზისო საფუძლვლებს, ამგვარი გამოცდილება ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე პროგრამისტისთვის საპირისპირო შედეგის მომტანი აღმოჩნდა და ლამის სულ დააკარგვინა სფეროსადმი ინტერესი: „სკოლაშიც მქონდა შესაძლებლობა გამევლო პროგრამირება, როგორც არჩევითი საგანი, მაგრამ ეს სასარგებლო გამოცდილება სულაც არ იყო. პირიქით, მაშინ გაკვეთილებს ვერაფერი გავუგე და რაღაც პერიოდში ინტერესიც კი დავკარგე, დამეზარა.“ რესპონდენტის თქმით, როგორც მოსალოდნელი იყო, ოჯახის წევრების დიდი ნაწილი მის არაკლასიკური განათლების გეგმას, სკეპტიკურად შეხვდა. თუმცა, ამას საკუთარი მიზნებისკენ სწრაფვაში ხელი არ შეუშლია. არც მისი „უდიპლომობა“ აღმოჩენილა არასდროს პრობლემა დამქირავებლებისთვის. იეკუბი იმასაც აღნიშნავს, რომ 21-ე საუკუნეში, მიუხედავად კომპანიების ახალ სტანდარტზე გადასვლის მცდელობისა, ბაზარზე კვლავ რჩებიან ინსტიტუციები, რომლებისთვისაც პრიორიტეტულია ტრადიციული, კლასიკური განათლება. მათთვის დიპლომიც და გამოცდილებაც ერთნაირად მნიშვნელოვანია. ახალგაზრდა პროგრამისტი კი ფიქრობს, რომ არაფორმალურ განათლებას უფრო მეტი სარგებლის მოტანა შეუძლია ვიდერე ფორმალურს. „უნივერსიტეტები და სხვა ფორმალური სასწავლებლები ცდილობენ შექმნან ადამიანები რომლებიც იფიქრებენ ერთი და იმავე მეთოდით, ერთსა და იმავე გზას გაივლიან გადაწყვეტილების მისაღებად. ისინი ასწავლიან როგორ უნდა გადაჭრას პრობლემა ყველამ ერთნაირად, ამით კი კრეატიული აზრის გამოთქმის საშუალება იკლებს, სიახლის შექმნის ალბათობა მცირდება. ყველა ჩარჩოებში ფიქრობს და ვიცი ეს სულაც არაა განზრახ გამიზნული, ურალოდ როცა გყავს მენტორი და გაძლევს მითითებებს, შენ აღარ ცდილობ გამოიგონო ბორბალი თავიდან, რადგან ამას მზად მორთმეულს იღებ, თუმცა ასეთ დროს ბორბლის ახალი ვარიაციების შექმნის ალბათობას კლავ. სწორედ, დღეს არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი რომ გახდე ყველაზე მიმზიდველი ბაზარზე, შენ გჭირდება უფრო მეტი დროის ინვესტირება საკუთარ თავში იმისთვის, რომ მიაღწიო მეტს.“ ახალგაზრდებს კი რომლებიც ახლა იღებენ გადაწყვეტილებას, და შესაძლოა გრძნობენ ზეწოლას სოციუმის, ოჯახისა თუ გამოცდების სტრესის გამო, იეკუბი ურჩევს მიჰყვნენ საკუთარ ინსტინქტს „იპოვე ის რისი კეთებაც გსურს, მაშინაც კი თუ ძებნა დიდ დროს წაიღებს.“ ავტორი: ანანო ბლიაძე ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის მეორე კურსის სტუდენტი მასალა მომზადდა სასწავლო კურსის ფარგლებში “საუნივერსიტეტო მედიაპლათფორმის პრაქტიკუმი I” ლექტორი – მარიამ ძაგოევი