შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის
მედია ცენტრი

1,2- მილიარდიანი პროექტის ირგვლივ ვნებათაღელვა არ ცხრება – სვანები იფიცებიან, რომ ჰესებს დაბლოკავენ

03/04/2019

 

 

ხუდონჰესის მიმართულებით კონფლიქტი არ წყდება ადგილობრივ მოსახლეობას, მშენებლ კომპანიასა და სახელმწიფოს შორის. ზურაბ ნიჟარაძემ, ხაიშის თემის წარმომადგენელმა, 17 მარტს გაავრცელა ვიდეო მიმართვა ხაიშის თემის სახელით, სადაც სვანეთში მომხდარ ბოლო მოვლენებზე საუბრობს.

„დაახლოებით ათი დღის წინ შემოვიდა მუშა ჯგუფი. დაგვარწმუნეს, თითქოს ეს კეთდებოდა ალტერნატიული ვარიანტების მოძიების გამო, ასევე უნდა დაკონსერვებულიყო ხუდონჰესზე უკვე შესრულებული სამუშაოები. მაგრამ ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ ეს აღმოჩნდა მორიგი ფარსი და ტყუილი,  რადგან ამ ჯგუფმა განახორციელა არა ალტერნატიული გზების შესწავლა და ძიება,  არამედ ბეტონის კაშხლის მდგრადობა შეამოწმეს“.

ვიდეომიმართვაში ყურადღება ასევე გამახვილებულია სპეციალისტების მიერ ჩატარებულ კვლევაზე, რომლის მიხედვითაც  მტკიცდება, რომ ხუდონჰესი ქმნის ეკოლოგიურ პრობლემებს მთლიანად ზემო სვანეთში, საფრთხის შემცველია როგორც სტრატეგიული, ასევე სეისმური მიმართულებით. კაშხლის დარღვევის შემთხვევაში პირდაპირი დარტყმის ქვეშ ხვდება ამ ტერიტორიების 70%.

„ნუთუ თითოეული ანთებული ნათურა ღირს იმად, რომ სვანეთი გაქრეს როგორც ისტორიულად თვითმყოფადი კუთხე… სვანეთში ჩვენ ვცხოვრობთ, თქვენი ძმები, მაგრამ ის თქვენც გეკუთვნით. დაფიქრდით და გაითავისეთ ჩვენი პრობლემები”, – ამბობს ვიდეომიმართვაში ზურაბ ნიჟარაძე. მან ასევე საქართველოს მოსახლეობას, ხელისუფლებას, საპატრიარქოს, დიპლომატიურ კორპუსს, პრეზიდენტს, სახალხო დამცველს, საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებს და არასამთავრობო სექტორს ხაიშის თემის მოთხოვნები გააცნო:

– ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს ხუდონჰესის პროექტი და ეს მოხდეს კანონის ძალით

– კიდევ ერთხელ შესწავლილ იქნას როგორც სვანეთში, ასევე საქართველოს სხვადასხვა კუთხეში დაგეგმილი მეგა, საშუალო და მცირე ჰესების ავკარგიანობა და თითოეულ მათგანზე გაკეთდეს დანახარჯებისა და სარგებლის ანალიზი

– დაუბრუნდეს ხაიშის თემს სახელმწიფოს მეირ  2011 წელს კანონის გვერდის ავლით გაცემული კერძო და სათემო მიწები, რომელიც გადასცა „ტრანსელექტრიკა ჯორჯიას”

– მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში ადგილობრივი მოსახლეობა პერმამენტულ აქციებს გეგმავს.

ჰესების მშენებლობა თავდაპირველად მესტიაჭალაში 2017 წელს დაიწყო.  პროექტის მიხედვით  2018 წლის დეკემბერში უნდა დასრულებულიყო, თუმცა მოსახლეობასა და მშენებელ კომპანია Trans Electrica LTD-ის შორის კონფლიქტმა თანდათან იმატა. მშენებლობა სულ მცირე სამჯერ შეჩერდა. ორჯერ სამშენებლო მოედანი წყალდიდობამ დააზიანა, წყალმა მშენებელი კომპანიის ტექნიკა წაიღო და მოწყობილი ინფრასტრუქტურა დაანგრია, დეკემბერში კი მშენებლებს გზა უკვე ადგილობრივებმა გადაუკეტეს იმ მოტივით, რომ ზემო სვანეთის უნიკალურ ბუნებას გამოუსწორებელი ზიანი ადგება. თემასთან დაკავშირებით ასევე შეკრებილი იყო საერთო სასვანეთო კრება ლალხოხი, სადაც გადაწყდა, რომ ადგილობრივები აღარ დაუშვებენ სვანეთში ჰესები აშენდეს. მათ შორისა ხუდონ ჰესი, ნენსკრა ჰესი, მესტიაჭალა ჰესი და ზემო სვანეთში დაგეგმილი სხვა 50-ზე მეტ ჰესი.

თავის მხრივ Trans Electrica-ს ოფიციალურ საიტზე ვკითხულობთ, რომ მათი მთავარი მიზანია ეკოლოგიის დაცვა და კლიმატის შენარჩუნება.

„ჩვენ დიდად ვაფასებთ მდინარე ენგურის ჰიდროპოტენციალს, როგორც ფასდაუდებელ ბუნებრივ რესურსს. სწორედ ამიტომ ჩვენი უმთვრესი მიზანია მაქსიმალურად დავიცვათ და გავაძლიეროთ ხუდონის ჰიდროელექტროსადგურის პროექტის მიმდებარე გარემო და შევუნარჩუნოთ ადგილობრივი კლიმატი. ხუდონჰესის პროექტი ყველაზე პრესტიჟული პროექტია კავკასიის რეგიონში, რომელიც უზარმაზარ ინვესტიციებს საჭიროებს და დღემდე საქართველოს ენერგეტიკულ სექტორში უდიდეს დაგეგმილ კერძო კაპიტალდაბანდებას წარმოადგენს, ჯამური ინვესტიციის ოდენობით 1,2 მილიარდ აშშ დოლარი,“ – ნათქვამია განცხადებაში.

თავისი მმართველობის ბოლო წლებში, პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს მდინაარებზე ასამდე ჰესის აშენების შესახებ, მათ შორის იყო ხუდონჰესიც. არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვების შემდეგ წესით პროექტი უნდა შეჩერებულიყო, თუმცა ასე არ მოხდა. ირაკლი ღარიბაშვილმა საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ხუდონი ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი პროექტია.

„ხუდონი არის საკითხი, რომელმაც გარკვეული ვნებათაღელვა გამოიწვია, მაგრამ ეს არის უმნიშვნელოვანესი პროექტი ჩვენი ქვეყნის ენერგო დამოუკიდებლობის მისაღწევად. ვფიქრობ რომ საჭიროა მეტი კომუნიკაცია ადგილობრივებთან. ჩვენ უნდა დავუმტკიცოთ იმ ადამინებს, რომლებსაც აქვთ გარკვეული განცდა იმისა, რომ იქ რაღაც დაზიანდება, რომ ეს არის უმნიშვნელოვანესი რამ ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი შვილებისთვის, ჩვენი მომავლისთვის.  ხუდონი არის ჩვენი მომავლისთვის. თუ რაიმე კითხვები არსებობს, ჩვენ უნდა ავუხსნათ მოსახლეობას, მთავრობამ, ექსპერტებმა, სპეციალისტებმა ვისაც შესწავლილი აქვს ეს საკითხი. შეიძლება მართლაც მოუტანოს ამან  ზიანი ბუნებას, მაგრამ ყველაფერი ხომ საპირწონე და შედარებითია. რაღაცის გაფუჭებით ძალიან ბევრი კარგი რამ შეიქმნება. ჩვენ სახელმწიფო ინტერესებიდან უნდა გამოვიდეთ და არა პირადი ინტერესებიდან“.

დავა ამ საკითხთან დაკავშირებით არ წყდება და თავის პოზიციებს არც ერთი მხარე არ თმობს. ამ დროისთვის ხუდონჰესის მშენებლობა დროებით შეჩერებულია, თუმცა არავინ იცის როდემდე გასტანს ეს.

თინათინ სიხარულიძე


რადიო IBSU

რადიო IBSU

Current track
TITLE
ARTIST