შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის
მედია ცენტრი

ნინი შაორშაძე: მე და ევროპა – საქართველო ლიეტუვაში (გაგრძელება)

21/07/2023

გამარჯობა, მადლობა ყველას, ვინც ჩემს ბლოგს კითხულობთ!

Labas, Ačiū visiems, kurie skaito mano tinklaraštį!

უკვე მეექვსე თვეა, რაც ლიეტუვაში ვარ, ქალაქ შიაულიაიში. ამ ბლოგში მოგიყვებით, ქართველებთან ერთად გატარებულ მნიშვნელოვან მომენტებზე. სამ დღეზე უკვე გიამბეთ და ახლა გავაგრძელებ. 

დღე 4 – შიულიაის ახალგაზრდა ტექნიკოსთა ცენტრში. 

ეს ვიზიტი არანაკლებ საინტერესო აღმოჩნდა ჩემთვის, ადამიანისთვის, რომელმაც მანქანების შესახებ ბევრი არაფერი (თითქმის საერთოდ არაფერი) იცოდა.

ბევრ საინტერესო ამბავთან ერთად გავიგე, რომ ელექტრო მანქანამ, როგორც ეკოლოგიურად სუფთა ალტერნატივამ აიძულა გლობალური ლიდერები და ავტომწარმოებლები მიეღოთ ელექტრო მანქანები, როგორც ნახშირბადის გამონაბოლქვის შემცირების სტრატეგიის ნაწილი.

მოსწავლეებმა თავად დაამზადეს საჰაერო ბალიშები და გააკეთეს სახალისო იმიტაციები. მოგვიანებით დავამზადეთ ბრელოკები, მოგონებებისთვის.

ამავე დღეს ვესტუმრეთ ტურისტებისთვის ქალაქის ერთ-ერთ პოპულარულ ადგილს – ჯვრების ბორცვს (Hill Of Crosses). ადგილი დაფარულია ათასობით ჯვრით, არავინ იცის მათი ზუსტი რაოდენობა, რადგან ადამიანები დღემდე ტოვებენ ჯვრებს. ისტორია ასეთია: ლიტველებმა გორაზე ჯვრების დატოვება 1880-იანი წლებიდან დაიწყეს, რათა ეჩვენებინათ ერთგულება თავიანთი ქვეყნისადმი და სიამაყე თავიანთი რელიგიითა და მემკვიდრეობით. ეს ადგილი გახდა მშვიდობიანი წინააღმდეგობის სიმბოლო, მაგრამ საბჭოთა კავშირმა გორაკი დაინახა, როგორც მათი მმართველობის წინააღმდეგ რადიკალურად მტრობის სიმბოლო. ამ პერიოდში ჯვრები ხელისუფლებამ აიღო, მაგრამ ადგილობრივები მათ მუდმივად ანაცვლებდნენ.

დღის ბოლოს, გადავწყვიტეთ არ გვესარგებლა ტრანსპორტით, ადგილი ეკოლოგიურად სუფთად დავტოვეთ და 12 კმ ფეხით ვიარეთ ქალაქის ცენტრამდე.

დღე 5 – ვილნიუსის უნივერსიტეტის შიაულიაის აკადემიის STEAM ცენტრსა და ქალაქის მთავარ პარკში.

ცენტრის ლაბორატორიაში, ხელმძღვანელთან, ბიოლოგთან ერთად, მოსწავლეებმა გაასუფთავეს წყალი და სპეციალური მოწყობილობით გაზომეს მისი ვარგისიანობა. ჰქონდათ ლექცია თემაზე: როგორ დგინდება ვარგისია თუ არა წყალი სასმელად.

მომდევნო აქტივობა ქალაქის მთავარ პარკში იყო დაგეგმილი. მოსწავლეები დაიყვნენ ჯგუფებად და მიეცათ დავალება: თავიანთი სურვილითა და თავისუფალი არჩევანით უნდა შეეგროვებინათ ნივთები; ფოთლები, ყვავილები, გირჩები, ტოტები, არ ჰქონდა მნიშვნელობა, ყველაფერი, რაც მათთვის საინტერესო, უცნაური ან ესთეტიკური იქნებოდა და დანიშნულების ადგილზე მისვლისას უნდა მოემზადებინათ აქტივობა, რომელიც მოიცავს ნივთების ხელით დამზადების უნარს (Handmade Craft). მათ მიერ მომზადებულ ნივთს კი აუცილებლად უნდა ჰქონოდა ეკოლოგიური ახსნა. თითოეული ჯგუფის ნამუშევრის ფოტოებს შემოგთავაზებთ და თავად იხილავთ, მაგრამ მეც უნდა ვთქვა, რომ საკმაოდ ორიგინალური, სასიამოვნოდ აღსანიშნი ფანტაზიის უნარითა და საქმისადმი სერიოზული დამოკიდებულებით აღსავსე დღე გამოვიდა.

დღე 6 – ვილნიუსის უნივერსიტეტის შიაულიაის აკადემიის ბოტანიკური ბაღი, ულამაზესი ადგილი. 

თუ ამ ქალაქში მოხვდებით, ეს ერთ-ერთ იმ ადგილთაგანია, რომელიც სტუმრობას ნამდვილად იმსახურებს. კოლექცია შეიცავს დაახლ. 4400 მცენარეულ სახეობას. ბაღი ემსახურება როგორც სასწავლო და კვლევის ბაზას უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის, ასევე შესანიშნავი ადგილია ბავშვებისთვის სათამაშოდ და მედიტაციისთვის. 

ამ დღეს გავიგეთ თუ რას ნიშნავს მცენარეთა ტაქსონომია, მებაღეობა, ბიომრავალფეროვნების ინვენტარიზაცია, კონსერვაციის ბიოლოგია, აღდგენის ეკოლოგია და კიდევ რამდენიმე ძირითადი ტერმინი და  ელემენტი წარმატებული რესტავრაციის მისაღწევად, რომელთა სახელებიც ნამდვილად აღარ მახსოვს 🙂

თუმცა ერთი რამ ზუსტად დავიმახსოვრე, რომ ბოტანიკურ ბაღებს ნამდვილად შეუძლიათ აღადგინონ მრავალფეროვანი და ეკოლოგიურად მდგრადი ადგილები; თავიდან აიცილონ საფრთხეები და ხარვეზები, რომლებიც დაკავშირებულია არასათანადო მცენარეების არასწორ გარემოში მოყვანასთან.

დღე 7 – ლიეტუვის ეროვნული დღე – კულტურული გაცვლა

ჩემი აზრით, ყველაზე დასამახსოვრებელი პირველი მომენტებია, როდესაც აშკარად ხედავ უცხო ქვეყნის ტრადიციების განსხვავებას და ყველაფერს უკლებლივ ადარებ შენს ქვეყანასთან. სწორედ ამიტომ, მოვაწყვეთ ლიეტუვური საღამო: ეროვნული ცეკვით, სიმღერით, კერძებით. ერთად ვცადეთ გვესწავლა ცეკვის ილეთები და გვემღერა მათ ენაზე. ვერაფერს ვიტყვი, გარდა იმისა, რომ ეს გამოცდილება არავინ უნდა დაკარგოს ცხოვრებაში.

დღე 8 – და ჩვენი ქართული ეროვნული საღამო – კულტურული გაცვლა

ვფიქრობ, რომ განსაკუთრებული მოჭარბებით ვგრძნობ სიამაყეს მაშინ, როცა ჩემს ქვეყანას აფასებენ; როცა მეკითხებიან საიდან ვარ და პასუხის დაბრუნებიდან ერთ წამში ვკითხულობ სიამოვნების განცდას მათ სახეზე. არ დაგიმალავთ, ამ დღის განსაკუთრებული მოლოდინი მქონდა.

ვაჩვენეთ ჩვენი სუფრა, ქართული ტრადიციული ცეკვა, სიმღერა და ქართველი მოსწავლეების მიერ მომზადებული ვიდეოები ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა კუთხიდან.

ბოლოს, ყველამ ერთად შევავსეთ ქვიზი თუ რა ვიცით და რა არ ვიცით საქართველოს შესახებ. ახალგაზრდებმა მასპინძლებს საქართველოდან ჩამოტანილი სუვენირები აჩუქეს მასპინძლებს, ქართული დროშის, ქართველი მოცეკვავეების (…) გამოსახულებებით. 

დღის ბოლოს ჩავწერე რადიო გადაცემა როგორც ქართველ, ისე ლიეტუველ სტუდენტებთან პროგრამის ფარგლებში მიღებულ გამოცდილებასთან დაკავშირებით. გთავაზობთ ერთ-ერთ დასამახსოვრებელ პასუხს, რომელიც მოვისმინე: “ძალიან საინტერესოა, როცა ისმენ თუ როგორ და რას ფიქრობს სხვა ქვეყნის წარმომადგენელი, როგორია მისი აღქმები გლობალურ პრობლემებთან დაკავშირებით. სხვა ადგილია, სხვა ხალხი, სხვა დამოკიდებულებები, ბევრი შეგვიძლია ვისწავლოთ”. 

გაბრიელიუს ჟუკას – ლიეტუვიდან და ანდრია კელეხსაევი – საქართველოდან, საუბრობენ ერასმუს+ პროგრამის ფარგლებში მიღებულ ცოდნაზე, გამოცდილებასა და კულტურული თავისებურებების გაცვლის მნიშვნელობაზე ამ ორ ქვეყანას შორის.

გაბრიელიუს ჟუკას

 

ანდრია კელეხსაევი

 

დღე 9 

Viskas baigiasi, bet prisiminimai išlieka amžinai.

Things end but memories last forever.

რაღაცები მთავრდება, მაგრამ მოგონებები სამუდამოდ რჩება. 

 

ამავე თემაზე: 

ნინი შაორშაძე: მე და ევროპა – საქართველო ლიეტუვაში

 


რადიო IBSU

Free Shoutcast HostingRadio Stream Hosting