შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის
მედია ცენტრი
ვინ შეიძლება აიცრას პაპილომა ვირუსის ვაქცინით?
13/02/2024
ადამიანის პაპილომა ვირუსმა, შესაძლოა, კიბო გამოიწვიოს როგორც ქალებში, ასევე მამაკაცებში. ექიმ-რეპროდუქტოლოგი ეკა კვირკველია, სოციალური ქსელების გამოყენებით საზოგადოებას აცნობს საკითხებს სექსუალურ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე.
ადამიანის პაპილომა ვირუსი სქესობრივი გზით გადამდები დაავადებაა, რომელიც გავლენას ახდენს კანზე, რეპროდუქციულ ორგანოებსა და პირის ღრუზე. ვირუსის ასობით სახეობა არსებობს. არის სახეობები, რომლებიც მაღალი რისკის შემცველია და შესაძლოა, გამოიწვიოს კიბო, როგორც ქალებში, ასევე კაცებში.
https://www.youtube.com/watch?v=7n9u-Brkfvk
საშვილოსნოს ყელის კიბოს 99%-ს სწორედ პაპილომა ვირუსი იწვევს. საშვილოსნოს ყელის კიბო ქალების რეპროდუქციული სისტემის ყველაზე გავრცელებულ დაავადებათა რიცხვში შედის, რომელიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ყოველწლიურად 264 000 ქალის სიკვდილის მიზეზი ხდება. მიუხედავად მისი საშიშროებისა და გავრცელების ფართო არეალისა, ის განეკუთვნება ისეთ ონკოლოგიურ დაავადებათა რიცხვს, რომლის გამომწვევი მიზეზიც ექიმებისთვის ცნობილია.
მიუხედავად დიდი რისკებისა, სქესობრივი კავშირი არ არის ერთადერთი გზა, რითაც პაპილომა ვირუსით ინფიცირებაა შესაძლებელი.
24 წლის თათა გაჩეჩილაძემ 2 თვის წინ აღმოაჩინა, რომ პაპილომა ვირუსი აქვს. მას ჰქონდა ინფორმაცია, რომ ვირუსი მხოლოდ სქესობრივი გზით გადადიოდა და როდესაც გაიგო ამის შესახებ, გაკვირვებული დარჩა.“ორი თვის წინ კონდილომის მოსაყინად მივედი დერმატოლოგთან, რომელმაც გამიკეთა გენოტიპირება შარდით. თურმე პაპილომა ვირუსი მაქვს, რომელიც დედაჩემისგან, გენეტიკურად გამომყვა. მაღალი ონკოგენური შტამი არ მაქვს და არც ამის მკურნალობის მეთოდი არსებობს, თუმცა იმუნიტეტის მოსაძლიერებლად ბადებს ვიყენებ. სამჯერაც ავიცერი საწინააღმდეგო ვაქცინით”- ამბობს თათა.
პაპილომა ვირუსის გადასვლა შესაძლებელია კანიდან კანზე მჭიდრო კონტაქტითაც.“პაპილომა ვირუსის სახეობები აღინიშნება ციფრებით და რიცხვებით, ხოლო 6 და 11 არის ის სახეობები, რომლებიც იშვიათად, მაგრამ შესაძლებელია მშობიარობის დროს დედიდან შვილზე გადავიდეს. ეს არ არის კიბოს გამომწვევი სახეობები, მაგრამ იწვევს კონდილომებს (მეჭეჭებს), რომლებიც არ წარმოადგენენ კიბოს და შესაძლოა, უბრალოდ მოყინვით ან სხვა გზებით მოვიშოროთ”- აღნიშნავს ეკა კვირკველია.
2023 წლის სექტემბრიდან პაპილომა ვირუსის ვაქცინა უფასოა 10-დან 45 წლის ჩათვლით ქალებისა და 10-დან 26 წლამდე მამაკაცებისთვის.
22 წლის ანანო ბლიაძემ პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთების შესახებ გადაწყვეტილება რამდენიმე თვის წინ მიიღო, სწორედ მაშინ, როდესაც იგი უფასო, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გახდა.
“ამ თემასთან დაკავშირებით დიდი ხანია ვიცი, დაახლოებით თინეიჯერობის პერიოდიდან, იმიტომ რომ დავდიოდი სხვადასხვა ტრენინგებზე. სკოლაშიც მოდიოდნენ და ატარებდნენ ქალთა გაძლიერების ტრენინგებს და ხშირად ლაპარაკობდნენ ამ თემაზე. სულ მინდოდა აცრა, მაგრამ საქართველოში ჯერჯერობით ხელმისაწვდომი არ იყო და შესაბამისად, ვერ ვიკეთებდი. როდესაც უკვე შემოვიდა და ხელმისაწვდომი გახდა, თავდაპირველად ეს იყო მხოლოდ 12-14 წლამდე თინეიჯერებისთვის და მერე უკვე 40 წელს ზევით, ჩემი ასაკობრივი კატეგორია არ შედიოდა. წინასწარ ვაქცინაზე ბევრი არაფერი მომიკვლევია, ვინაიდან დიდი ხნის მანძილზე ვიცოდი ვაქცინაზე, უკვე გაცნობიერებული მქონდა მისი საჭიროება” – ამბობს ანანო ბლიაძე.
რაც შეეეხება ვაქცინის დოზირებას, როგორც ექიმ-რეპროდუქტოლოგი ეკა კვირკველია აღნიშნავს, 9-დან 15 წლამდე ასაკის მოზარდები ორი დოზით იცრებიან, ხოლო 15 წელს ზემოთ 3 დოზით, რადგან კვლევების მიხედვით ბავშვებს ისედაც ძლიერი იმუნიტეტი აქვთ და 15 წლამდე 2 დოზით აცრის შედეგად, კიბოს რისკის შემცირების ისეთივე შედეგს ვიღებთ, რა შედეგსაც 3 დოზით უფრო დიდებში აცრით.
ეკა კვირკველია: “2010 წლამდე აქტიურად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ვაქცინა უშვილობას იწვევს. ბოლო პერიოდში კი მეტი ადამიანი იცრება, რაც გარკვეულწილად განაპირობა იმ ფაქტმაც, რომ მე და სხვა ექიმები დაავადებაზე ხშირად ვსაუბრობთ. ვერავის დავავალდებულებთ, რომ სამედიცინო პროცედურა ჩაიტარონ – ეს არის ადამიანის არჩევანი. მაგრამ არის ამაში სოციალური პასუხისმგებლობა, რადგან მე თუ ვარ გადაცემის და დაინფიცირების ნაკლები რისკის ქვეშ, შესაბამისად, სხვა ადამიანებსაც ნაკლებად ვაინფიცირებ”.
ეკა კვირკველიას რეკომენდაციით, გოგონები და ქალები რეპროდუქტოლოგთან აუცილებლეად უნდა მივიდნენ ყოველწლიურ ვიზიტზე და ვაქცინაციის გარდა, პრევენციის მიზნით, პაპ-ტესტი ჩაიტარონ.
“პაპ-ტესტის გაკეთება რეკომენდირებულია 21 წლიდან, ხოლო 25 წლიდან, ჩვენი სკრინინგის პროგრამით, უფასოა. ტესტი აღმოაჩენს პაპილომა ვირუსის მიერ გამოწვეულ უჯრედულ დაზიანებებს, რომელიც, შესაძლოა, იყოს კიბომდელი და კიბოდ გადაგვარდეს. ამიტომ პაპ-ტესტის მიერ აღმოჩენილი კიბო, მარტივად იკურნება”.
გარდა პაპ-ტესტისა, ტარდება კოლპოსკოპია და ბიოფსია. არსებობს მკურნალობის სხვადასხვა მეთოდები – დამოკიდებულია დაზინების სიმძიმესა და მასშტაბურობაზე.
“თუ დაზიანება დაბალია, 25 წლამდე ხდება მოცდითი კონტროლი, რადგან, შესაძლოა, თავისით დაუბრუნდეს ჯანსაღ მდგომარეობას. ამას 25 წლის ზემოთაც აკეთებენ, თუმცა უფრო მძიმე დაზიანებებზე შესაბამისი მკურნალობა ტარდება. არსებობს ამოკვეთის, მოყინვის, ლაზერული მოკვეთის საშუალებები, რომლებსაც აქვთ თავიანთი სარგებლები და რისკები, ამიტომ ინდივიდუალურად ხდება ამ გადაწყვეტილების მიღება”.
მსოფლიოში პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო 3 ვაქცინა არსებობს, აქედან 2 ყველაზე ხშირად გამოყენებადია – “GARDASIL 9” და “GARDASIL 4”, ციფრი კი ვალენტობაზე მიუთითებს. რეპროდუქტოლოგის თქმით, ვაქცინაცია გვიცავს მომავალში პაპილომა ვირუსთან შეხებისგან, თუმცა არ კურნავს ორგანიზმში უკვე არსებულ დაავადებას.
მიუხედავად იმისა, რომ 9 ვალენტიანი ვაქცინა საქართველოში ფასიანია და 900 ლარი ღირს, 4 ვალენტიანი კი უფასოა, რეპროდუქტოლოგი ეკა კვირკველია გვირჩევს, რომ პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგოდ აცრა მეტი უსაფრთხოებისთვის გაიკეთოთ.
“4 ვალენტიანი ვაქცინა დაახლოებით 98% კიბოს გამომწვევი პაპილომა ვირუსის სახეობებისგან გვიცავს, ამიტომ არ უნდა ვიფიქროთ, რომ რახან 4 ვალენტიანია – ცუდია. რა თქმა უნდა, 9 ვალენტიანი უფრო ოპტიმალურია, მაგრამ საკმაოდ ძვირადღირებულია. ამიტომ სანამ გვაქვს უფასოდ და სანამ ვაკეთებთ ამას ჩვენი ჯანდაცვით, სასურველია, რომ ვისარგებლოთ მისი გამოყენებით” – აღნიშნავს ექიმი-რეპროდუტოლოგი.
მასალის ავტორი: მარიამ ქობალია
IBSU-ს ჟურალისტიკის სანაკალავრო პროგრამის სტუდენტი.
მასალა მომზადდა საგან “ახალი მედიის” ფარგლებში.