შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის
მედია ცენტრი
ალტერნატიული წყაროების გამოყენებით ჩვენ ვქმნით უკეთეს სამყაროს
18/03/2022
18 მარტს გადამუშავების გლობალური დღე აღინიშნება. ამ მიმართულებით საქართველოში რამდენიმე სიახლეა. მოდით, ვნახოთ თუ რა გზით შეიძლება გავხადოთ სამყარო ოდნავ უკეთესი.
,, კარგ ლექსს რომ დასწერ, ხე დარგე!
თუ ვერ დასწერე, რა უშავს,
ნურც რას იდარდებ, მეტადრე,
ხის დარგვა ხომ შეგიძლია,
შენც ადექი და ხე დარგე“
– მორის ფოცხიშვილი
მეც ავდექი და ხე დავრგე აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ მარანში, სადაც CENN-ის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი. CENN რეგიონული განვითარების ორგანიზაციაა, რომელიც მუშაობს გარემოს დაცვაზე სამხრეთ კავკასიაში მდგრადი განვითარებისა და მწვანე ზრდის ხელშეწყობის გზით. Green, Green and Green (მწვანე, მწვანე და მწვანე) ომახიანი ხმით გვეუბნება თავის დევიზს ჯონ ნიკრემი, რომელიც საქართველოში წლების წინ ჩამოვიდა დანიიდან და ალვის ხეების ტყის გაშენებას მიჰყო ხელი. როგორც CENN-ის რეგიონული კოორდინატორი, სამეგრელო–ზემო სვანეთში, მაია კოდუა გვეუბნება იგეგმება ბრეკეტების ქარხნის დაარსება. ,,მნიშვნელოვანია გათბობის ალტერნატიული საშუალებები და ერთ–ერთი ალტერნატივა შეშის, რა თქმა უნდა, არის ნარჩენი ბიომასისგან ბრეკეტების დამზადება და ამ ბრეკეტების წარმოება, მოხმარება და პოპულარიზაცია. მნიშვნელოვანია, საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ამ კუთხით“.
,,ჩემს სიცოცხლეში ჩემი სახელობის პარკია“– ამბობს ჯოჰანის დამხმარე მაია, რომელმაც შ.პ.ს მარანში თავის ხელით გააშენა ალვის ხეების ექსპერიმენტალური ტყე. ამ საქმის კეთებით მეტ სიმწვანეს და ჟანგბადს უწინასწარმეტყველებს გარემოს. საშუალოდ 40 ადამიანია დასაქმებული, აქედან 7 ქალია.
ჯესპერ იონგანსონი ჯონ ნიკრემის კოლეგა და მეგობარია. სამ მიზეზს გვისახელებს, თუ რატომ მაინცდამაინც საქართველო: ერთი– ეს არის კარგი გეოლოგიური მდებარეობა, მეორე– წყლის რესურსების სიმდიდრე, ხოლო მესამე–ნაყოფიერი ნიადაგი და საზღვარი შავ ზღვასთან. კითხვას, თუ რა არის მისი მთავარი მიზანი ასე პასუხობს ,,main goal is to make a better world (მთავარი მიზანი უკეთესი სამყაროს შექმნაა).
შეიძლება ითქვას, რომ CENN-ის ორგანიზაცია ნამდვილად ანებივრებს აჭარის რეგიონს. ამის საუკეთესო მაგალითია პროექტები, რომლებიც რამდენიმე მიმართულებით განხორციელდა ქედის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში. ეს არის ენერგოეფექტური მასალების და მზის ენერგიის გამოყენება, როგორც ცხელი წყლის, ისე ელექტროენერგიის მისაღებად. ,,ქედის მუნიციპალიტეტში ჯამში არის 29 საჯარო სკოლა, რომელსაც აქვს 66 კორპუსი სხვადასხვა ტერიტორიაზე და ყველა შენობაში სხვადასხვა მიმართულებით გარკვეული პროექტი განხორციელდა.“– ამბობს აჭარის განათლების, სპორტის და კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე ჯემალ სურმანიძე.
ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა, მოგვენახულებინა რამდენიმე სკოლა აჭარის რეგიონში და გავსაუბრებოდით როგორც პედაგოგებს, ისე აღსაზრდელებს.
14 წლის სალომე გორაძეს სურს აღმოიფხვრას ეკოლოგიური პრობლემები და დაიმსხვრეს მითი, რომლის მიხედვითაც ადამიანები ფიქრობენ, რომ მხოლოდ მათი მოჭრილი ხე გარემოს ზიანს ვერ მიაყენებს. როგორც სალომე გვეუბნება, ეს ხალხი ვერ აცნობიერებს, თუ კიდევ რამდენი ადამიანი ფიქრობს მათ მსგავსად. სალომეს ეთანხმებიან მისი თანაკლასელები, რომელთა უმრავლესობა ეკო–კლუბის წევრია.
აჭარის განვითარების სამინისტროს პიარი თეა ვადაჭკორია მათ მომავალ ,,დესპანებს“ უწოდებს, რომლებიც გაუზიარებენ ოჯახის წევრებს და ახლობლებს რამდენად სასარგებლოა ალტერნატიული ენერგიის გამოყენება. ჟურნალისტი, სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი და გამომცემლობა ,,ჩემი გამომცემლობის“ დამფუძნებელი ოლიკო ცისკარიშვილი ამბობს, რომ მისი თაობისთვის მზის ენერგიები, მზის ბატარეები იყო ფანტასტიკის სფერო. ახალგაზრდა თაობამ კი წვლილი უნდა შეიტანოს ცნობიერების ამაღლებაში.
მედიატურთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა ,,CENN“-ის წარმომადგენელმა და გარემოსდამცველმა ირაკლი მიქელაძემ ,,მედიატური ხორციელდება ,,CENN“-ის მიერ პროექტი ,,ტყის მდგრადი მართვა საქართველოში“ ფარგლებში, რომელსაც აფინანსებს ავსტრიის თანამშრომლობის განვითარება.“ მან ისაუბრა იმ გზაზე, რომელიც დღემდე განვლეს. პროექტის ფარგლებში 66 სკოლა აღიჭურვა ენერგოეფექტიანი ტექნოლოგიებით, 17 სკოლაში დამონტაჟდა 41 კოლექტორი, 109 ცალი ენერგოეფექტური ღუმელი გადაეცათ სკოლებს, ამან შეამცირა შეშის მოხმარება. ასევე ბატონი ირაკლის ინფორმაციით, ბავშვების მოტივაციის ასამაღლებლად იგეგმება ,,ნიკო კეცხოველის“ სასკოლო კონკურსები.
CENN-ის გარემოს დაცვითი პროექტების ოფიცერი ლევან გაგოშვილი ამბობს ,,მსოფლიოში არსებობს ასეთი პრაქტიკა, რომ ის რესურსები და ის ენერგიის წყაროები რომელსაც ვიღებთ დროთა განმავლობაში ამოწურვადია და მსოფლიო დგას ამჟამად ისეთი გამოწვევის წინაშე, რომ ნელ–ნელა უნდა მოხდეს გადაწყობა ამ განახლებად ენერგიის მიმართულებით, ამაში კი გვეხმარება ენერგოეფექტური ტექნოლოგიები. ჩვენი ორგანიზაციისთვის მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო პრაქტიკა დავნერგოთ საქართველოში.“
ფაქტი ერთია, ალტერნატიული წყაროების გამოყენებით ჩვენ შევქმნით უკეთეს სამყაროს. ადამიანების ცნობიერების ამაღლება კი ამის წინაპირობაა. აღსანიშნავია, რომ დედამიწა 500-ჯერ მეტ ენერგიას იღებს მზისგან, ვიდრე მთელი მსოფლიოს ენერგოსისტემებში გამოიყენება. და ბოლოს, ,,GREEN, GREEN AND GREEN.”
ავტორი: ლანა ლობჯანიძე
ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის მეორე კურსის სტუდენტი