შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის
მედია ცენტრი

“ხელოვნება დარჩება მარტო, სხვა არაფერი. ყველაფერი წაიშლება“ – ყარამან ქუთათელაძე

19/05/2021

ჩემი რესპონდენტი მხატვარი, ფერმწერი, არტ-ვილა გარიყულას ხელმძღვანელი ყარამან ქუთათელაძეა. უკვე 20 წელზე მეტია, რაც მხატვარი მის მიერვე დაარსებულ „თანამედროვე ხელოვნების ცენტრს“ ხელმძღვანელობს. ყოველ წელს იმართება ფესტივალები და სხვადასხვა საინტერესო ღონისძიება, რომლებშიც ახალგაზრდები და უცხოელი სტუმრებიც იღებენ მონაწილეობას. ამ სივრცის ისტორიასა და მიზნებზე, თუ სხვა საინტერესო თემებზე ბატონი ყარამანი თავად გვესაუბრა.

– ბატონო ყარამან მოკლედ მოგვიყევით არტ-ვილას შესახებ. როგორ შეიქმნა ეს სივრცე, რომელიც უბრალოდ სივრცეზე მეტია?

– ცოტა რთული და გრძელი თემაა. ჩვენ ქვეყანას სჭირდება კულტურული კონტექსტი, რადგან  განვითარება ხდება არამარტო პოლიტიკურ დონეზე.  რითი ვიგებთ ჩვენ ამა თუ იმ სახელმწიფოს და ცივილიზაციის შესახებ, რომელიც წაშლილია, კულტურით ხომ? არქეოლოგიით, არტეფაქტებით, რასაც პოულობენ. ამიტომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია. როდესაც საბჭოთა კავშირი დაინგრა, ყველა ფიქრობდა გადარჩენაზე და ჩვენ ვფიქრობდით კულტურის გადარჩენაზე. იმ პერიოდისთვის ძალიან რთული იყო თბილისში რამის მიღწევა. ხელოვნება აღმოჩნდა ქუჩაში, მიწის ქვეშ. ისტორიულად ახალქალაქი კი იყო კულტურის ფუნქციის მატარებელი მე-19 საუკუნიდან. ეს იყო საფუძველი იმის, რომ დაგვეარსებინა ხელოვნების ცენტრი, სადაც აზრთა გაცვლა-გამოცვლა იქნებოდა შესაძლებელი.

-ჩემთვის რამდენადაც ცნობილია თებერვალში 21 წლიანი პაუზის შემდეგ თქვენი პერსონალური გამოფენა – „უხილავი უტოპიები“ გაიმართა. 21 წელი ცოტა არ არის. რატომ ამდენი ხანი?

-ჩემი პერსონალური გამოფენა ადრეც ყოფილა სხვა სივრცეებში, მაგრამ კონკრეტულად გარიყულაში მონაწილეობა თითქმის არასდროს მიმიღია. ერთი-ორჯერ,  ისიც ჩემი მეგობრების თხოვნით მხოლოდ იმ ფესტივალებსა და ღონისძიებებში, რომელსაც მე ვხელმძღვანელობ. მე ვთვლი, რომ ხელმძღვანელმა არ უნდა ვისარგებლო ამ ყველაფრით, არც ფინანსებით, არც მდგომარეობით და ა.შ. ამიტომ ყოველთვის მე ჩემს პერსონალურ „ამბებს“ ვერიდები, მაგრამ წელს ისეთი სიტუაციაა, რომ ეს უფრო გამამხნევებელი იყო საზოგადოებისთვის. ჩვენ დავინახეთ როგორი დეპრესია მოიტანა პანდემიამ. ეს იყო ჩემი ერთ-ერთი აქცია, მანიფესტი, რომ ადამიანებმა არ დავკარგოთ სიმხნევე და ენერგია. მინდოდა მეჩვენებინა მათთვის, რომ სიცოცხლე გრძელდება და ჩვენ ადამიანებად უნდა დავრჩეთ.

-რა არის თქვენთვის ეს „უხილავი უტოპიები“?

ჩვენ საერთოდ უტოპიაში ვცხოვრობთ. ჩვენ ვცხოვრობდით „საბჭოთა უტოპიაში“. ჩემი თაობა დეკლარირებული იყო კომუნისტური წყობით. მე-19 ს. ბოლოს და მე-20 ს. დასაწყისში იყო უამრავი უტოპია, რომელიც ხელოვნებამ აიტაცა. არამარტო პოლიტიკური უტოპიები, არამედ ხელოვნების სფეროში არსებულიც. ჩვენ 30 წელია უტოპიაში ვცხოვრობთ, რეალურ უტოპიაში. დეკლარირება ჩვენი ქვეყნისა და არა მარტო, არის ერთი და რეალობა არის მეორე. ყველას უნდა სამოთხეში ცხოვრება, მაგრამ გამოდის სხვანაირად. ჩემი, როგორც მხატვრის, გადმოსახედიდან მაქვს ბევრი სახალისო ფანტაზია, რასაც ჰქვია უტოპია. ეს იქნება ლექსები თუ ხელოვნების წიგნები. ამ სიტუაციაში ეს იყო ფერწერული ნამუშევრების სერია და გამოფენა.

-თქვენს ბოლო ნამუშევრებში იისფერი ჭარბობს. რატომ ეს ფერი?

-იისფერი არის სულიერების ფერი. ცოტა საფრთხილოა. შეიძლება იყოს ტექნიკური და სულაც არ იყოს სასიამოვნო. ამ შემთხვევაში მე ვეცადე, რომ იისფერი აურა გამეკეთებინა მაყურებლისთვის. შესულიყვნენ ამ სულიერებაში და ეს განწყობა ყოფილიყო მათში.

-როგორ ფიქრობთ, ბატონო ყარამან, რისთვის ღირს ცხოვრება?

-იმიტომ, რომ შენ ტყუილად არ ხარ მოვლენილი ამ ქვეყანაზე. ეს მთავარი შეკითხვაა – საიდან მოვედით? რა ფუნქცია გვაქვს? რას წარმოვადგენთ ადამიანები?. ეს შეკითხვები სულ გვაქვს და თუნდაც ოდნავ მიუახლოვდე მათ, ამად ღირს ცხოვრება. ეს დიდი საჩუქარია, რომელიც მოგცეს და უნდა გამოიყენო იმაში, რომ გაერკვე საკუთარ თავში. მე ვამბობ, რომ მოაზროვნე ადამიანები მუდმივად ფიქრობენ იმაზე, თუ რა არის ჩვენი და ამ სამყაროს შორის კონტაქტი.

-რთულ მომენტებს როგორ უმკლავდებით ხოლმე?

-რთული დრო სულ არის. კარგი პერიოდი არის, თუ ბედმა გაგიღიმა, ბავშვობა, როდესაც ხარ თავისუფალი. მერე უკვე იწყება შეკითხვები. მთელი ცხოვრება რთულია. ლაღად არავინ ცხოვრობს. შეიძლება მომენტი იყოს, როცა ადამიანები რაღაცით თავს ირთობენ, მაგრამ ეს დროებითია.

-თქვენ მხატვრობა და თქვენი საქმიანობა გეხმარებათ, რომ ლაღად გაატაროთ ეს ცხოვრება?

-ეს უბრალოდ არის ჩემი ენა. მე ამით ვცდილობ, რომ თქვენ დაგელაპარაკოთ. ჩემი ემოციები და ჩემი აზრები გამოვხატო. მე არ ვარ მწერალი, რომ დავწერო. მე შემიძლია ამ გამოსახულებებით და ფერებით თქვენთან დიალოგში შემოვიდე ან ვერ შემოვიდე. ეს უკვე თქვენზე და ჩემზეა დამოკიდებული.

-როგორია თქვენთვის თავისუფალი ადამიანი?

-თავისუფლება არის პირველ რიგში პასუხისმგებლობა. პასუხისმგებლობა იმ შეკითხვაზე, რომელიც წეღან დამისვით, თუ რისთვის ღირს ცხოვრება. გააზრება საკუთარი ცხოვრების. შენი შინაგანი ღერძის, მორალის და სწავლების გააზრება.

-როგორ ფიქრობთ, ყველას შეუძლია იყოს შემოქმედი?

-ჩვენ შემოქმედებიდან მოვედით. შემოქმედმა შექმნა ეს. ჩვენ ჯერ კიდევ ბევრი რამე არ ვიცით იმაზე, თუ როგორ მოვევლინეთ. აქედან გამომდინარე ჩვენ თვითონ ვართ შემოქმედების შვილები. ყველა ადამიანი, განურჩევლად პროფესიისა, არის შემოქმედი. დანარჩენი, რასაც ადამიანი ემსახურება დეტალებია, თუ როგორ მიუდგება თავის საქმეს და პროფესიას. შემოქმედებითად, რომ მივუდგეთ ჩვენს საქმეს, ეგეც იქნება ის თავისუფლება, რაზეც თქვენ წეღან მკითხეთ.

-მითხარით ერთი რამ, რაც ძალიან გიყვართ ამ სამყაროში

-ამ სამყაროში გამორჩეულად ვერ ვიტყვი რა შეიძლება მიყვარდეს. „მაროჟნი“ მიყვარს მაგალითად.  გააჩნია როგორ მდგომარეობაში ხარ. მაგალითად, როდესაც ადამიანი რაღაც ადგილზე ხვდება და ეგზისტენციალური გრძნობები აქვს, ამ დროს შეიძლება თავი იგრძნოს სრულიად ბედნიერად. ადამიანმა უნდა ისწავლოს საკუთარი ემოციების კარგად ხედვა. რა გიყვარს, რას მოაქვს შენთვის ბედნიერება. ეს შეიძლება იყოს ჩიტი ხეზე ან სხვა რამ. ყველასთან ინდივიდუალურია.

-რომ არა არტ-ვილა და ეს სივრცე  სად იქნებოდით?

-მე ბევრი შესაძლებლობა მქონდა, რომ სხვაგან მეცხოვრა, მაგრამ ასე მოხდა. ასე გაანაწილა ბედმა, რომ მე ვცხოვრობ აქ. ვფიქრობ, ჩვენი ქვეყანა საქართველო არის სამოთხე. ჩვენ უნდა

დავინახოთ ეს. რა თქმა უნდა დიდ ქალაქებში ცხოვრება და კარიერის აწყობა საინტერესოა. ასევე საინტერესო ხალხთან კონტაქტიც, მაგრამ ეს ცოტა სხვა გზაა. მე მირჩევნია ვცხოვრობდე საქართველოში, რასაც ჰქვია სამოთხე. უბრალოდ ამას სჭირდება დანახვა და დაფიქრება. აქედან გამომდინარე, ეს რომ არ ყოფილიყო ეგეთივე იქნებოდა, ოღონდ სადმე სხვაგან. აი „ეს“, არის ყველგან. გაიარეთ ცოტა და ესეთივე ადგილს ნახავთ. უფრო ლამაზსაც და მაგარსაც. უბრალოდ ამას სჭირდება დანახვა, რომ აი აქ, ამაში ცხოვრობთ.

-თქვენ რა დაინახეთ ამ ადგილში ისეთი, რომ აქ დარჩით და არ წახვედით იმ რამდენიმე კილომეტრის იქით?

-აქ ბავშვობა მაკავშირებს. მამაჩემმა, აპოლონ ქუთათელაძემ, აქ გააკეთა სამხატვრო აკადემიის ბაზა. მერე ჩემი ძმა იყო გურამ ქუთათელაძე პედაგოგი, რომელიც მასწავლიდა და აქ ჩამომიყვანა. პატარა რომ ვიყავი, ოქროყანაში ვისვენებდი ხოლმე და ეს ჰგავს. ასეთივე სახლი იყო კოშკურით და რაღაც ემოციური კავშირები მაქვს. ხალხიც მიყვარს, აქაური ხალხი. ძალიან გულითადად მიყვარს ის ადამიანები, ვინც აქ ცხოვრობს. მე მათში ვხედავ ძალიან დიდ ფილოსოფიას და ისტორიულ გამოცდილებას, რომელიც ჩვენ გვავიწყდება, როდესაც ვცხოვრობთ ურბანულ, თანამედროვე ქალაქებში. ასევე აქ ძალიან ბევრი მეგობარი მყავს. სამწუხაროდ ბევრიც გარდაიცვალა, მაგრამ ახალიც ალბათ მოდის.

-ბატონო ყარამან, ფიქრობთ, რა ხდება სიკვდილის შემდეგ?

-სიკვდილი არ არსებობს. სიკვდილის შემდეგ ახალი კარი იღება, მთავარი კარი.

-რომელი კარი?

-სიცოცხლის. ჩვენი ტვინის აგებულება ძალიან რთულია. ჩვენ არ ვიცით რა ხდება ჩვენს თავში. აქედან გამომდინარე ჩვენთვის ძნელი აღსაქმელია, რომ სიკვდილი, როგორც ეგეთი, არ არსებობს. მეცნიერებიც მიდიან ამ დასკვნამდე, ბევრი წიგნიც ლაპარაკობს ამაზე.

-მაგალითად რომელი წიგნები?

-მაგალითად: სახარება, ბიბლია. ბევრი მინიშნება გვაქვს, ფილოსოფიური ტრაქტატებიც და ჩვენი თავიც. აი ისევ დავუბრუნდეთ იმ შეკითხვას რისთვის ვცხოვრობთ, რა ფუნქცია გვაქვს. უბრალოდ ხოარ მოვედით. რადგან მოვედით,  ესეიგი რაღაცისთვის  მოვედით და სადაც წავალთ იქ გრძელდება. ის, რაც გრძელდება, რა თქმა უნდა, სხვანაირია. არავინ არ იცის როგორია. ათეისტი ამბობს, რომ დამთავრდება, მაგრამ არ დამთავრდება. იქ გაგრძელდება, მაგრამ რა გაგრძელდება არ ვიცი. არც არავინ იცის. რაც ვიცი ეს არის ის, რომ ჩვენ აქ უნდა ვიცხოვროთ სიყვარულით.

-და რა არის თქვენთვის სიყვარული?

-სიყვარული სულ სხვა პასუხისმგებლობაა. მთელი ცხოვრება შეცდომებში ვართ და გვგონია, რომ გვიყვარს, მაგრამ ეგრე არ არის. პასუხისმგებლობაა არა მარტო შენ თავთან და ეგოსთან, არამედ იმ ადამიანის მიმართაც, რომელიც თვლი, რომ გიყვარს და სიყვარული არის ყველაფერი.

– ბატონო ყარამან აქ, კედელის ბანერზე, წერია „ხშირად დასმული კითხვები“. თქვენ ყველაზე ხშირად რას გეკითებათ ხალხი?

– ხალხი, აქ მომსვლელი, თქვენი პირველი კითხვა რაც იყო სივრცეზე იმას მეკიხება ხოლმე. ძალიან სასაცილო მომენტებიც ყოფილა. რაღაც პერიოდი ტურისტები მოდიოდნენ და მეკითხებოდნენ: „აქ რა თემაა?“. ეგეთი შეკითხვებიც არის, სულელური შეკითხვები. ეგეთი უფრო მეტია, ვიდრე სხვანაირი, მაგრამ მე მინდა კარგად გაიგონ, რომ ეს ადგილი არ არის ტურისტულ-გასართობი. ჩვენი კულტურული წერტილია. ჟანგბადივითა. ადამიანებისთვის ჟანგბადია.

-ახლა რას გრძნობთ? რას განიცდით?                                                                                

-ბევრი გრძნობები მაქვს. ახლა მოლოდინში ვარ თუ რა იქნება. მე ოპტიმისტი ვარ და აქედან გამომდინარე, ემოციურად ვგრძნობ და ველოდები ყველაფერს კარგს. მაგრამ კარგი მუდამ საბრძოლველია, ისე არავინ არაფერს გაჩუქებს. უნდა იბრძოლო.

– და ბოლოსკენ რა გეგმები გაქვთ? არის რაიმე სიახლე, რასაც თქვენს დამთვალიერებლებს და ხელოვნების მოყვარულებს შესთავაზებთ?

-გეგმები იგივე მაქვს. ფესტივალები გაგრძელდება. ჯგუფი აყვანილია, ძალიან კარგი ახალგაზრდები არიან. ველოდებით დაფინანსებას. ძალიან საინტერესო იდეები გვაქვს. ჩვენი უცხოელი კოლეგები როგორ მოახერხებენ ჩამოსვლას არ ვიცი. შეიძლება ონლაინ ჩაგვერთონ. მეც ვგეგმავ კიდევ გამოფენას. სერია მაქვს ნამუშევრების. ინდივიდუალურადაც ვმუშაობ და სხვებთან ერთადაც.

-ჯგუფების და ამ ახალგაზრდების  შეკრება როგორ ხდება? თავად სურთ რაიმეს შექმნა თუ თქვენ არჩევთ მათ?

-ყოველ წელს ვნიშნავდი კურატორს, რომელსაც ჰქონდა თავისი კონცეფცია. თითქმის ყველა კურატორმა პრაქტიკა გაიარა აქ, გარიყულაში. ახლაც ახალი ჯგუფია. უკვე ერთი წლისაა. მერე ის კურატორები ამ მთელიდან ირჩევენ მხატვრებს, ხელოვანებს. შეიძლება რამე ვორქშოპი იყოს ან სემინარი. ეს დამოკიდებულია ფინანსებზე, რადგან აქ საკმაოდ რთულია ტრანსპორტი, კვება და ასე შემდეგ. ადვილი არ არის. ეს ასე ჩანს. ისე შიგნიდან ძალიან რთულია ამის მართვა.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ფიროსმანი, შავი ლომი – Charles Serruya

     


რადიო IBSU

რადიო IBSU

Current track
TITLE
ARTIST