შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის
მედია ცენტრი

სოციალური მედია მენეჯმენტი და ქოფირაითინგი

13/06/2022

ანნა ტარუაშვილი

“მომწონს ის, რომ ეს სფერო ითხოვს მუდმივ განვითარებას. თუ გაჩერდი, დაიკარგები” – ასე ახასიათებს სოციალურ მედია მენეჯმენტს ანნა ტარუაშვილი, რომელიც ამ მიმართულებას 2019 წლიდან შეისწავლის და როგორც სოციალური მედია მენეჯერი, დღემდე ამ სფეროშია დასაქმებული.

სოციალური მედია მენეჯმენტი სოციალური ქსელების სრულყოფილ ცოდნასა და მათ მართვას გულისხმობს. ქართულ ბაზარზე მენეჯერის მოვალეობა ძირითადად იმით განისაზღვრება თუ რამდენად დიდ და რა სახის კომპანიაშია დასაქმებული. მაგალითად, მცირე კომპანიაში შესაძლოა მას სოციალური ქსელების მართვის გარდა, ევალებოდეს კონტენტის, რეკლამების და ქოფის შექმნა.

როგორც ანნა ტარუაშვილი აღნიშნავს, დასაქმების კუთხით სოციალური მედია მენჯმენტის ცოდნა საკმაოდ მომგებიანია, განსაკუთრებით მაშინ თუ ციფრული მარკეტინგის სხვა მიმართულებებსაც შევისწავლით და ვფლობთ.

“სოციალური მედია მენეჯმენტი საკმაოდ შემოსავლიანი და მზარდი შეიძლება იყოს. ეს, რა თქმა უნდა, დამოკიდებულია ცოდნასა და გამოცდილებაზე. თვითონ სფერო იძლევა იმის საშუალებას, რომ თუ ქართული ბაზარი არ გვაკმაყოფილებს, სხვადასხვა დასაქმების პლატფორმებით, შეგიძლია საერთაშორისო ბაზარზე გავიდეთ. ციფრული მარკეტინგის სხვა მიმართულებების შესწავლით კი, შემოსავლის გაზრდაც შეგვიძლია”.- აღნიშნავს ის.

გარდა შემოსავლისა და დასაქმების მრავალი შესაძლებლობისა, სოციალური მედია მენჯმენტის შესწავლასა და შემდგომ ამ სფეროში დასაქმებას, ბევრი დადებითი მხარე ახლავს, მაგალითად კომფორტი – შესაძლებლობა იმუშაო ქვეყნის ნებისმიერი კუთხიდან. როგორც ანნა აღნიშნავს, დაბრკოლება, სირთულე, რომელიც ამ სფეროში შეიძლება შეგხვდეს, ეს არის შენი არასწორი დამოკიდებულება სოციალური მედია მენეჯმენტისადმი, რომელსაც ხშირად ისე აღიქვამენ, როგორც დამატებით სამუშაოს.

“სოციალური მედია მენეჯმენტი სფეროა, სადაც თუ საკუთარი თავისა და შესაძლებლობების გაყიდვა არ შეგიძლია, საკმაოდ გაგიჭირდება. ყველაზე დიდი დაბრკოლება, რაც სხვებზე დაკვირვების შედეგად მივხვდი რომ არსებობს, არის ის, რომ ზოგი ამ სფეროს აღიქვამს არა როგორც სრულყოფილ პროფესიას, არამედ დამატებითი შემოსავლის წყაროს. სინამდვილეში, ეს არის პროფესია, რომელიც ორ დღეში არ ისწავლება, მას  სჭირდება მუდმივი სწავლა, განვითარება და დაკვირვება”.

თავად ანნა სოციალური მედია მენეჯერის პროფესიით მაშინ დაინტერესდა, როდესაც 2019 წელს საქველმოქმედო ჯგუფი შექმნა, რომელიც შემდგომში ჯგუფად და ორგანიზაციად იქცა. ამჟამად ანნა მუშაობს, როგორც ფრილანსერ ჟურნალისტი და ძირითადად მართავს ფეისბუქ და ინსტაგრამ გვერდებს, რადგან ქართულ ბაზარზე ეს სოციალური ქსელები ყველაზე მოთხოვნადია, იშვიათ შემთხვევაში ლინკდინიც.

“საწყის ეტაპზე ვმუშაობდი სრულ განაკვეთზე, ამჟამად ვარ ფრილანსერი და ამასთანავე, მაქვს საავტორო კურსი, რომლის სილაბუსიც დროთა განმავლობაში დავხვეწე და სრულ კურსაც ვაქციე. ჩემი კურსი მოიცავს ცხრა შეხვედრას და ვასწავლი სრულიად ნულიდან, ამჟამად რიგით მეათე ნაკადს ვიღებ კურსზე”- ამბობს ანნა, სოციალური მედია მენეჯერი.

მარიტა ფილაური

სოციალური მედია მენეჯერების გარდა, ბოლო წლებში, საქართველოში საკმაოდ გაიზარდა მოთხოვნა ქოფირაითერებზე და ასევე, საკმაოდ ბევრი მსურველი გამოჩნდა შეესწავლათ ქოფირაითინგის მიმართულება. ქოფირაითინგის კლასიკური განმარტება მოიცავს წერას, რომელიც ასრულებს რეკლამირებისა და მარკეტინგის ფუნქციას. თავად ქოფირაითერი არის ადამიანი, რომელიც ქმნის ტექსტს (ქოფის), რომელიც მიზანმიმართულია ბრენდის ცნობადობის გაზრდისკენ, პროდუქტის ან სერვისის გაყიდვისკენ.

“დასქმების კუთხით, ქოფირაითინგი არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროფესია. პროფესიის გარდა, ეს არის უნარი, რომელიც  ციფრულ მარკეტინგში მომუშავე ბევრ ადამიანს გამოადგება. ქოფირაითინგი მოთხოვნადია გლობალურ ბაზარზე, მაგალითად Upwork-სა და სხვა მსგავს პლატფორმებზე ხშირად წააწყდებით კომპანიებს, რომელიც ეძებენ დამწყებ თუ გამოცდილ ქოფირაითერებს.

“ დღეისათვის, კომპანიები აცნობიერებენ, რომ ქოფირაითინგი სჭირდებათ მარკეტინგის დეპარტამენტში და ნელ-ნელა იწყებენ ცალკეული კადრების აყვანას და პროფესიონალების ძიებას.” – აღნიშნავს მარიტა ფილაური, რომელიც უკვე ცხრა წელია ქოფირაითერად მუშაობს და უთანამშრომლია ისეთ კომპანიებთან, როგორიც არის Digital bus, Academy, Founder, CENN, და Kastman&Friends.

მარიტა ფილაური 18 წლის იყო, როდესაც მეგობარმა ურჩია Upwork-ის პლატფორმაზე ქოფირაითინგის მიმართულებით პატარა დაკვეთები მიეღო და ასეც მოიქცა. როგორც თავად ამბობს, ამან შესაძლებლობა მისცა ბევრი საინტერესო კლიენტი გაეცნო და ამასთანავე, გაანალიზა ისიც, რომ წერის უნარი, როგორც შემოსავლის წყარო ისე გამოეყენებინა. მარიტა ასევე აღნიშნავს, რომ გარდა შემოსავლისა, ქოფირაითინგის ერთ-ერთი დადებითი მხარე მოქნილი გრაფიკია.

“9 წელია ქოფირაითინგზე ვმუშაობ და ამ პროფესიაში დღემდე ვინარჩუნებ დროისა და ადგილის მხრივ მოქნილობას. ადამიანები განვსხვავდებით და შესაბამისად, სხვადასხვა სამუშაო გარემო გვანიჭებს სიამოვნებას. ზოგს ოფისში მუშაობა უყვარს ან კაფეში, ზოგს კი სოფელში ან სულაც სანაპიროსთან, ტალღების წინ. აქვე უნდა აღვნიშნო, რომ ამ პროფესიაში მუშაობას მუდმივი განვითარება და სიახლეების მიღება სდევს თან”.

როგორც მარიტა ფიქრობს, ქოფირაითინგი არამარტო მომავლის პროფესია, არამედ შეიძლება ითქვას, რომ უკვე აწმყოს პროფესიაც არის.

“ციფრული მარკეტინგის სფერო ძალიან სწრაფად ვითარდება და მას მიჰყვება ყველა ცალკეული ელემენტი, მათ შორის ქოფირაითინგიც, რომელიც ყოველთვის ადაპტირდება თანამედროვე აუდიტორიის მოთხოვნილებებთან.

“ რეკლამას ტექსტი ყოველთვის სჭირდებოდა, იქნებოდა ეს რადიოში, ტელევიზიასა თუ Facebook feed-ზე. ნელ-ნელა ვაცნობიერებთ, თუ რამხელა ძალა აქვს სიტყვას და რამდენად ახდენს გავლენას აუდიტორიაზე მორგებული, მიმზიდველი ქოფი. ეს არის პროფესია, რომლის ათვისებაც ახლა უნდა დავიწყოთ აქტიურად, რათა დანარჩენ ბაზრებს ავუწყოთ ფეხი” – ამბობს მარიტა ფილაური.

საქართველოში, ჯერჯერობით, ხშირად ხდება ისე, რომ სოციალურ მედია მენეჯერს უწევს ქოფირაითინგის შეთავსებაც, ან პირიქით. თუმცა, კომპანიები ნელ-ნელა აანალიზებენ, რომ ეს ორი ერთმანეთისგან დამოუკიდებელი და განსხვავებული პროფესიაა.

 

ავტორი: მარიამ მერლანი, ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის მესამე კურსის სტუდენტი

მასალა მომზადდა სასწავლო კურსის ფარგლებში “სოციალური საკითხების გაშუქება”

ლექტორი: ოლიკო ცისკარიშვილი


რადიო IBSU

რადიო IBSU

Current track
TITLE
ARTIST