შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის
მედია ცენტრი

’’ სამყაროს ტექნოლოგიური პროგრესი სულაც არ ყოფილა საკმარისი ყველა პრობლემის მოსაგვარებლად“- დათო ტურაშვილი

30/04/2020

ჩვენთვის კარგად ცნობილი ქართველი მწერალი, დათო ტურაშვილი ისევე როგორც ყველა, ცდილობს მსოფლიო პანდემიასთან გამკლავებას.  ინტერვიუში თქვენ წაიკითხავთ როგორ უმკლავდება იგი მსოფლიოში შექმნილ ვითარებას, რას საქმიანობს თვითონ და რისკენ მოგვიწოდებს ჩვენც.

 

-პირველ რიგში ,მადლობას გიხდით, რომ დამთანხმდით ინტერვიუზე. მსოფლიოში არსებულმა მდგომარეობამ, ბევრი რამ შეცვალა თითოეული ადამიანის ცხოვრებაში და ამ ახალ გამოწვევას სხვადასხვა რეაქცია მოჰყვა. როგორ ფიქრობთ, რაზე დააფიქრა განსაკუთრებით ამ სიტუაციამ ადამიანები და რაზე დაგაფიქრათ პირადად თქვენ? 

მადლობა შეკითხვებისთვის და შევეცდები ვუპასუხო ამომწურავად,რადგან როგორც აღმოჩნდა, უკანასკნელი ასი წლის მანძილზე, ასეთი საერთო პრობლემა კაცობრიობას არც ჰქონია. უფრო სწორად კი, ყოველთვის არსებობდა პრობლემა, რომელიც ემოციურად გვეხებოდა, მაგრამ არა რეალურად და ამ ახალი კორონავირუსის შემთხვევაში, ყველაფერი სხვაგვარადაა. მაგალითად, იაპონური ცუნამი ალბათ კატასტროფა იყო ყველასთვის,  მაგრამ ის მაინც იყო შორს და ფსიქოლოგიურად მხოლოდ ნაწილობრივ ზემოქმედებას ახდენდა სხვებზე. ახლა კი გაჩნდა პრობლემა, რომელიც ყველას ეხება ფიზიკურადაც კი, და რომელმაც არ იცის საზღვარი, დრო და მანძილი, და ვერც ექიმები გვეუბნებიან როდის და როგორ დამთავრდება ეს ყველაფერი. ილონ მასკის მიერ მარსზე გაგზავნილი ავტომობილიც (შარშან თუ შარშანწინ), მხოლოდ ილუზია აღმოჩნდა იმისა, რომ კაცობრიობამ განვითარების უმაღლეს საფეხურს უკვე მიაღწია. არადა წელს გაირკვა, რომ პანდემიასთან დაპირისპირებისა და ბრძოლის სხვა საშუალება, გარდა ხელების დაბანისა, ჯერჯერობით არ გაგვაჩნია. ამიტომაც პირველი, რაზეც ყველაზე მეტად დამაფიქრა ამ პანდემიის გავრცელებამ, არის სწორედ სამყაროს ტექნოლოგიური პროგრესი, რომელიც სულაც არ ყოფილა საკმარისი ყველა პრობლემის მოსაგვარებლად.

-როგორ ფიქრობთ, რაიმე დადებითი მხარე მოჰყვა მსოფლიო იზოლაციას?

სხვათაშორის, ქართველები, თითქმის ყველა ეპიდემიურ პრობლემას, ჭირს უწოდებდნენ და იმასაც ამბობდნენ რომ ზოგი ჭირი მარგებელიაო და მგონი ახლა მივხვდი რასაც გულისხმობდნენ. ერთადერთი თუ არა, მთავარი დადებითი მოვლენა, რაც ამ ვირუსმა მოგვიტანა, არის დრო, რომელიც ყოველთვის გვაკლდა წიგნების წასაკითხად და მგონია რომ ამაზე უკეთესი შანსი ამ მხრივ, შეიძლება აღარც გვქონდეს.

-რომელ წიგნს ურჩევდით ქართველ მკითხველს, რომელმაც შესაძლოა ფსიქოლოგიური დახმარება გაუწიოს მათ გლობალური პანდემიის დროს და რომელი წიგნი გიწევთ მეგზურობას კარანტინის ჟამს თქვენ?

ჩაკეტილ და იზოლირებულ გარემოში, წიგნის კითხვაზე უკეთესი არაფერია და კარგ წიგნს მართლა შეუძლია ყველაფერი დაგავიწყოს, დროებით მაინც და კარგი წიგნის კითხვისას შეგიძლია სულ სხვა დროში და ეპოქაში აღმოჩნდე შინიდან გაუსვლელად. კარგი წიგნი კი ის არის, რომლის წაკითხვაც სიამოვნებს ადამიანს. მთავარია სულ ვიკითხოთ, არ გავჩერდეთ და ადრე თუ გვიან აუცილებლად მივადგებით, ყველაზე მნიშვნელოვან წიგნებსაც. მე ავდექი და პირდაპირ ყველაზე მნიშვნელოვან წიგნს კიდევ ერთხელ მივადექი. და აი, უკვე მერამდენედ ვკითხულობ “ვეფხისტყაოსანს”…

 

-და ბოლოს, პანდემიის ფონზე, ადამიანებს მეტი დრო მიეცათ საკუთარი თავისთვის, ფიქრებისთვის, განსაკუთრებით კი ’’შემოქმედებითი წვისთვის“. თქვენგან, როგორც მწერლისგან, უნდა ელოდოს თუ არა ქართველი მკითხველი რაიმე სიახლეს?

კარანტინში ყოფნისას ,რა თქმა უნდა, დავიწყე ფიქრი ახალი წიგნის დაწერაზე, რომელსაც შეიძლება პირდაპირ ასე ერქვას კიდეც – “კარანტინი“.

 

სტატიის ავტორი:

მარიამ მერლანი, ჟურნალისტიკის მიმართულების პირველი კურსის სტუდენტი.


რადიო IBSU

რადიო IBSU

Current track
TITLE
ARTIST