შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის
მედია ცენტრი

„თოჯინების სახლი 15 წლის შემდეგ“

01/04/2022

გორის გიორგი ერისთავის სახელობის დრამატულმა თეატრმა 26-27 მარტს ჩანიშნული სპექტაკლები უკრაინას მიუძღვნა. მათ შორის იყო „თოჯინების სახლი 15 წლის შემდეგ“, რომლის პრემიერა, ლუკას ჰნათის პიესის მიხედვითა და თომა ათანელიშვილის რეჟისურით,  გასული წლის ზაფხულში, 17-18 ივნისს გაიმართა და დღესაც მაყურებლის დიდი ინტერესით სარგებლობს.

სპექტაკლი „თოჯინების სახლი 15 წლის შემდეგ“. ლიკა კევლიშვილი (მარჯვნივ) ნორა ჰელმერის როლში და ნანუკი მაკრახიძე (მარცხნივ) ემი ჰელმერის როლში © გვანცა გოგიაშვილი

მთავარი როლის შემსრულებელი, ლიკა კევლიშვილი უკრაინაში, ნიკოლაევის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე ყოფნის პერიოდს იხსენებს, საიდანაც გიორგი ერისთავის სახელობის თეატრი სამ ნომინაციაში გამარჯვებული დაბრუნდა

  • საუკეთესო ახალგაზრდა მსახიობი ქალი – ქეთი ლუარსაბიშვილი
  • საუკეთესო მსახიობი ქალი – ლიკა კევლიშვილი
  • საუკეთესო ექსპერიმენტული ნამუშევარი – რეჟისორი, დავით ჩხარტიშვილი, სპექტაკლით „შეცვალე“

სპექტაკლი „თოჯინების სახლი 15 წლის შემდეგ“. კახა ბერიძე ტორვალდ ჰელმერის როლში © გვანცა გოგიაშვილი

„დღევანდელი სპექტაკლი, „თოჯინების სახლი 15 წლის შემდეგ“ მიეძღვნა ჩვენს უკრაინელ მეგობრებს. შარშან, შემოდგომით ვიყავით უკრაინაში, ქალაქ ნიკოლაევში, თეატრალურ ფესტივალზე, საკმაოდ სერიოზული ფესტივალი იყო, სამი პრიზი ჩამოვიტანეთ. უკრაინელები სასწაული ადამიანები არიან, თბილები, მოსიყვარულეები და ყურადღებიანები, ბევრი მეგობარი შევიძინეთ, ძალიან მტკივა გული დღევანდელი ვითარების გამო. ჩვენ ვწერთ ხოლმე ერთმანეთს სოციალურ ქსელში, მიხარია, რომ ინტერნეტი მაინც აქვთ და ვიგებთ მათ ამბებს. ისინი თითქმის სულ თეატრში არიან, კერავენ დროშებს, აკეთებენ ბარიკადებისთვის საჭირო საშუალებებს. ძალიან მინდა ეს ომი მალე დასრულდეს და რა თქმა უნდა, დასრულდეს ჩვენი მეგობარი უკრაინის გამარჯვებით, დიდება უკრაინას!“ – ამბობს მსახიობი.

სპექტაკლი „თოჯინების სახლი 15 წლის შემდეგ“. ლიკა კევლიშვილი ნორა ჰელმერის როლში © გვანცა გოგიაშვილი

სპექტაკლი „თოჯინების სახლი 15 წლის შემდეგ“. ლიკა კევლიშვილი (მარჯვნივ) ნორა ჰელმერის როლში და ნანუკი მაკრახიძე (მარცხნივ) ემი ჰელმერის როლში © გვანცა გოგიაშვილი

სპექტაკლი „თოჯინების სახლი 15 წლის შემდეგ“. ლიკა კევლიშვილი ნორა ჰელმერის როლში და კახა ბერიძე ტორვალდ ჰელმერის როლში © გვანცა გოგიაშვილი

სპექტაკლი „თოჯინების სახლი 15 წლის შემდეგ“. მარი არღუთაშვილი ანა-მარიას როლში © გვანცა გოგიაშვილი

“თოჯონების სახლი 15 წლის შემდეგ” ჰენრიკ იბსენის “თოჯინების სახლის” თანამედროვე ავტორისეული გაგრძელებაა. სპექტაკლში სიუჟეტი მას შემდეგ ვითარდება, რაც მთავარი გმირი – ნორა ჰელმერი (ლიკა კევლიშვილი) 15 წლის შემდეგ სახლში ბრუნდება, რათა ყოფილ ქმარს ოფიციალურ გაშორებაზე განაცხადი შეატანინოს სასამართლოში. ნორა წარმატებული მწერალი, დამოუკიდებელი ქალია, რომელიც ქალებსა და იმ სირთულეებზე წერს, რომლებსაც ქორწინებაში მყოფი ქალები აწყდებიან. სპექტაკლი მოგვითხრობს იმაზე, თუ როგორ ხვდებიან ნორას დაბრუნებასა და მის მიერ წამოყენებულ მოთხოვნას, ქმარი ტორვალდი, (კახა ბერიძე) მათი ქალიშვილი ემი (ნანუკი მაკრახიძე) და მოსამსახურე ანა-მარია, (მარი არღუთაშვილი) რომელმაც ნორას წასვლის შემდეგ მისი სამი შვილი გაზარდა.

ავტორი: გვანცა გოგიაშვილი, ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის მეორე კურსის სტუდენტი

 

 


რადიო IBSU

რადიო IBSU

Current track
TITLE
ARTIST