შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის
მედია ცენტრი

თეონა ჯანჯღავა, მსოფლიო ჩემპიონი სინქრონულ ხტომებში, ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადება

12/04/2022

23 წლის ბატუტზე მხტომელი თეონა ჯანჯღავა   ევროპის, საერთაშორისო და საქართველოს ჩემპიონატების აქტიური მონაწილეა. მას შემდეგ, რაც 2013 წელს სოფიაში 15-16-წლიანთა სინქრონულ ხტომებში მსოფლიო ჩემპიონი გახდა ლიცენზია მოიპოვა და ოლიმპიადაზე ასპარეზობის ნებართვა მიიღო.

„ამ გამარჯვებებმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ ნამდვილად სწორი არჩევანი გავაკეთე. ეს არის ადგილი სადაც დღის უმეტეს ნაწილს ვატარებ. სპორტი ჩემს ცხოვრებაში ხუთი წლიდან არსებობს. თავიდან ეს ყვლაფერი თითქოს გართობა იყო, მაგრამ მალევე მივხვდი, რომ ეს საქმე ჩემს პროფესიად უნდა მექცია“.

ყოველდღე, დღეში 4 საათს ვარჯიშობს. როდესაც შეჯიბრისთვის ემზადება დილიდან საღამომდე დარბაზში ყოფნა უწევს. ყოფილა მომენტები, როდესაც ტრავმის გამო 2-3 თვე არ უვარჯიშია, რაც მისი თქმით, სპორტსმენისთვის ჩვეული მდგომარეობაა.

„ტრავმები ყველა სპორტში აქტუალური პრობლემაა.  შეჯიბრებებზე ბატუტის ყველა კუთხეში ხალხი დგას, რომელიც გადავარდნის შემთხვევაში დაგიჭერს და საფრთხეს აგარიდებს, მაგრამ ეს ყოველთვის ვერ ამართლებს“.

 თეონა ჯანჯღავა ასევე აღნიშნავს, რომ „ბატუტზე ხტომა“ ერთ-ერთი ურთულესი, მაგრამ ამავდროულად ულამაზესი სპორტია, რომელსაც ძალიან დიდი ძალისხმევა და შრომა სჭირდება.

პანდემიის გამო ტანვარჯიშის არენა რამდენჯერმე დაიკეტა. სპორტსმენების უმრავლესობა სახლში დამოუკიდებლად ვარჯიშობდა, რადგან მათი ერთადერთი გამოსავალი მხოლოდ ეს იყო. „კორონავირუსმა ძალიან იმოქმედა ჩემს სპორტულ კარიერაზე. ჩვენი დარბაზი პანდემიის პერიოდში სამჯერ დაიკეტა. ძალიან ბევრი ჩავარდნა მქონდა, მაგრამ ამის მიუხედავად ვცდილობდი, რომ სახლში აქტიურად მევარჯიშა“.

ახლა თეონა ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადება, რომელიც მაისის თვეშია დაგეგმილი.  „ევროპის ჩემპიონატისთვის ვემზადები და იმედი მაქვს, ყველაფერი კარგად ჩაივლის და ჩემი ასპარეზობაც წარმატებით დასრულდება“.

 

ავტორი: მარიამ ეგაძე, ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის მეორე კურსის სტუდენტი

 

 

 


რადიო IBSU

რადიო IBSU

Current track
TITLE
ARTIST