შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის
მედია ცენტრი

“ნებისმიერი რამ, რასაც გინდა რომ მიაღწიო, თუ ეს შენი წრფელი მიზანი და მისწრაფებაა, აუცილებლად მიაღწევ”

18/05/2021

თეკლე მამაცაშვილი  შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის მიერ ჩატარებული სასკოლო ოლიმპიადის პირველი ადგილის მფლობელი გახდა და IBSU-ს 100%-იანი სასწავლო გრანტი მოიპოვა. იგი საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ არგვეთის საჯარო სკოლის მე-12 კლასში სწავლობს. ორი წლის წინ, თეკლე მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამის (FLEX) ერთ-ერთი გამარჯვებულიც იყო და ერთი წლის განმავლობაში, სრულიად უფასოდ, ამერიკაში სწავლობდა. შემდეგ, საქართველოში დაბრუნდა და წარმატებით აგრძელებს საკუთარი თავის განვითარებაზე ზრუნვას.

რა გამოცდილება შეგძინა IBSU-ს სასკოლო ოლიმპიადამ?

ასე ვთქვათ, თითოეული საგანი გავიმეორე და შევაჯამე ჩემი ცოდნა. კარგად მახსოვს, მხოლოდ ერთ შეკითხვაში დავუშვი შეცდომა და არ მგონია, რომ იმ შეკითხვის პასუხი ოდესმე დამავიწყდეს. ამ კუთხით, მართლა საინტერესო და კარგი გამოცდილება იყო. ამასთან, შესანიშნავი შესაძლებლობაა აბიტურიენტებისთვის, რომელთაც ამ უნივერსიტეტში სწავლა სურთ და ფინანსური პრობლემები აქვთ. ფინანსური პრობლემები რომც არ ჰქონდეთ, წახალისების საკმაოდ კარგი საშუალებაც არის; გასწავლის იმას, რომ შენი ცოდნა აუცილებლად დაფასდება.

როდის და რატომ შეაჩერე არჩევანი შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტზე?

 IBSU-ში ჩაბარება წელს გადავწყვიტე. ჩემს ერთ-ერთ მეგობარს სურდა აქ სწავლა და მეც დავინტერესდი. გავიგე, რომ FLEX – ის მონაწილეებისთვის გარკვეული შეღავათები აქვთ, რამაც ასევე იქონია გავლენა ჩემს გადაწყვეტილებაზე. ინფორმაციის ძიების პროცესში აღმოვაჩინე, რომ ძალიან ბევრი რამ ესადაგებოდა ჩემს ინტერესებსა და მოთხოვნილებებს. განსაკუთრებით მომწონს ის, რომ ინგლისურენოვან პროგრამებს გვთავაზობს. თავის მხრივ, გარემოც მიზიდავს.

 რაც შეეხება შენს სამომავლო გეგმებს, რამდენი ხანია ჩამოყალიბდი, რომ გინდა, პოლიტიკური მეცნიერების ერთ-ერთ დარგს, საერთაშორისო ურთიერთობებს დაეუფლო?

 დაახლოებით, მე-10 კლასში ვიცოდი, თუ რა მინდოდა რეალურად. ზოგადად, ძალიან მიყვარს ადამიანებთან ურთიერთობა. ვფიქრობდი, რომ შეიძლებოდა ჟურნალისტი ვყოფილიყავი, რადგან ყოველთვის მიზიდავდა ხალხთან კომუნიკაციის პროცესი. ახლა კი, როდესაც ჩამოვყალიბდი და ღრმა ცოდნაზე დავამყარე ჩემი შეხედულება სამომავლო პროფესიის შესახებ, მივხვდი, რომ საერთაშორისო ურთიერთობებია ის,  რაც ნამდვილად მინდა. თანაც, არ მსურდა უშუალოდ ერთი კონკრეტული პროფესიის ადამიანი ვყოფილიყავი, ვთქვათ, ექიმი ან იურისტი. უბრალოდ, მინდოდა უფრო ფართო გასაქანი მქონოდა, რომ ჩემი სურვილისამებრ წარმემართა ჩემი მომავალი.

როგორ ფიქრობ, როგორი იქნება შენი მომავალი გზა სასურველ პროფესიამდე?

მრავალფეროვანი. ჯერ იქნება სწავლის უზარმაზარი პროცესი, არა მხოლოდ უნივერსიტეტში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც. მაქსიმალურად ვეცდები, რომ სხვადასხვა პროექტში მივიღო მონაწილეობა. არასდროს მაკმაყოფილებდა მხოლოდ სკოლა და იქ მიღებული ცოდნა და დარწმუნებული ვარ, ასე იქნება უნივერსიტეტის შემთხვევაშიც. რა შესაძლებლობებიც მომეცემა, იქნება ეს გაცვლითი პროგრამები თუ სხვა რამ, ვეცდები, რომ მრავალმხრივ ვცადო საკუთარი თავი. არა მხოლოდ თეორიულად შევითავსო ჩემი პროფესია, არამედ პრაქტიკულადაც.

როგორი წვლილი შეიტანა ამერიკაში გატარებულმა ერთმა წელმა შენი ამჟამინდელი პიროვნების ჩამოყალიბებაში?

იმაზე უფრო დიდი, ვიდრე ველოდი. ჩემი ცხოვრების კურსი და საერთოდაც, თვალთახედავა სამყაროზე, რადიკალურად შეიცვალა. უფრო თავდაჯერებული გავხდი და საკუთარი თავის რწმენა მომემატა. როდესაც ახალ საქმეს ვიწყებ, ვფიქრობ, რომ დიდი წარმატებით მივიყვან ბოლომდე. მით უმეტეს, იმაზე უფრო მიუწვდომლად თუ არ ჟღერს, ვიდრე ამერიკაში წასვლა, იქ ერთი წლით დარჩენა და შეგუება ახალ გარემოსთან. როდესაც საკუთარ თავს ვუსვამ ხოლმე შეკითხვას: „შემიძლია თუ არა ამის გაკეთება?“ – ვგრძნობ, რომ საიდანღაც ძალა უკვე მაქვს. ამერიკელების მენტალიტეტს ხომ გავეცანი, ჩვენსას შევადარე, რაღაცები იქიდან ავიღე, რაღაცები არ ავიღე, რაღაცები ჩვენი დავტოვე და შევაჯამე ის ყველაფერი, რაც მინდოდა, რომ ჩემს პიროვნებაში გაერთიანებულიყო. სიახლეებისადმი ღიაც გავხდი. აქამდეც ასე იყო, თუმცა, ახლა ეს უფრო ბუნებრივად მოდის.

გამახსენდა ამერიკელი ჟურნალისტის – ნაპოლეონ ჰილის სიტყვები: „ყველაფერი მიღწევადია, რაც კი ჩვენს გონებას შეუძლია წარმოიდგინოს“. შენ რამდენად იზიარებ მის მოსაზრებას?

ნამდვილად ასეა. ნებისმიერი რამ, რასაც გინდა რომ მიაღწიო და ამით არ ზღუდავ ვინმეს უფლებებს ან თავისუფლებას, თუ ეს შენი წრფელი მიზანი და მისწრაფებაა, აუცილებლად მიაღწევ. შესაძლოა, ბანალურად ჟღერდეს და ვინმემ ისიც თქვას, რომ ყველა შემთხვევაში ასე არ ხდება, მაგრამ მე ასე ვიტყოდი: რა თქმა უნდა, ყველა განსხვავებულები ვართ და თითოეულ ჩვენგანს ინდივიდუალური ნაბიჯების გადადგმა გვჭირდება სასურველ მიზნამდე მისაღწევად. შესაძლოა, ზოგმა ძალიან მარტივად განახორციელოს და მოიყვანოს სისრულეში საკუთარი აზრი და იდეები, ზოგმა კი – ძალიან რთულად. ამას გვერდს ვერ ავუვლით, ასე იქნება, მაგრამ საკუთარი თავის უნდა ირწმუნო, უნდა განსაზღვრო შენი შესაძლებლობები და გაწერო გეგმა, რომელიც რეალურ წარმატებამდე მიგიყვანს.

 

ავტორი:
ნინი შაორშაძე – შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის მიმართულების პირველკურსელი და  მედია ცენტრის ჟურნალისტი

რადიო IBSU

რადიო IBSU

Current track
TITLE
ARTIST