შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის
მედია ცენტრი

„ზოგჯერ ფიქრებში წამომიტივტივდება ხოლმე, რომ ჩამოიშალოს, ნეტავ, მოვასწრებ თუ არა გაქცევას, სანამ მტკვარში დაგვრეცხავს და წაგვლეკავს მეწყერი?!“

11/05/2022

თბილისის ერთ-ერთი ფერდის უდიდესი მონაკვეთი, რომლის 500 000 კუბური მეტრის მოწყვეტის საშიშროება დამდგარია და შესაძლებელია, ზარალითა და ფატალური შედეგით დასრულდეს. მიწის მოწყვეტის საფრთხე კლიმატურ პირობებზეც არის დამოკიდებული. ნუცუბიძე-ვაშლიჯვრის დამაკავშირებელი გზის ტერიტორიაზე ქანებს შორის დაწყებული ცვლილება დაახლოებით 19 მეტრის სიგრძისაა და სიგანე კი 5 მეტრს  აჭარბებს. ამ ტერიტორიაზე გეოლოგიური პირობები ხელისშემწყობია მეწყრული პროცესებისთვის. ამ ტერიტორიაზე რომ არ არსებობდეს არც ქალაქი და არც ადამიანი, მეწყრული პროცესები მაინც იქნება, მაგრამ გეოლოგები და მეცნიერები ამტკიცებენ, რომ რიგმა პროცესებმა საკმაოდ დააჩქარა კრიტიკული სიტუაცია.

ფერდობიდან ნაპრალით გამოყოფილი ბლოკის სხვადასხვა უბანი განსხვავებული სიჩქარით და მიმართულებით გადაადგილდება. კერძოდ, გეოდეზიური და აეროფოტოგრამმეტრიული მონაცემებით, გადაადგილების სიჩქარე მერყეობს 2.6-დან 5.5 სმ-მდე. მიღებული შედეგების დასაზუსტებლად ინტენსიური მონიტორინგი მიმდინარეობს.

მეწყერის უცაბედი დაძვრის ძირითად მაპროვოცირებელ აგენტებად განიხილება ჭარბი ნალექი და მიწისძვრა. ასეთ შემთხვევაში, მეწყერი აზიანებს მაგისტრალური წყალსადენის სამ 900 მმ-იან და უფრო მეტი დიამეტრის მილსადენებს. რის გამოც, მაღალი წნევით მომდინარე წყალი მილებიდან დაიღვრება დამეწყრილ უბანზე და მეწყერის ამგებ ლოდნარ მასას შეერევა, რაც გაამარტივებს მეწყრის დენას ფერდობის ქვედა მიმართულებით (გელოვანის ქუჩისკენ) და, სავარაუდოდ, ღვარცოფული ნაკადი ჩამოყალიბდება.

მეწყერულ-ღვარცოფული აქტივობა, სავარაუდოდ, მოიცავს: მაჭავარიანის ქუჩას, გელოვანის და მაჭავარიანის დამაკავშირებელ მშენებარე გზატკეცილს, ბროწეულის ქუჩას, გელოვანის ქუჩას. ასევე, ზედა მეწყერის დაცურება გამოიწვევს ქვედა მეწყერის შერევას და გაზრდის დაცურებული მასის მოცულობას, რომელიც გელოვანის ქუჩაზე მიღწევის შემთხვევაში, სავარაუდოდ, უფრო მძიმე შედეგებს გამოიწვევს.

მეწყერის მოცულობიდან გამომდინარე, მოწყვეტილი მასა, თავისი მასშტაბით ვერეს 2015 წლის მოვლენების დროს დაძრული მასის ტოლფასი იქნება. აუცილებელია, შევაფასოთ სრული სცენარი, რომელიც ყველა შესაძლო გართულებას მოიცავს, რათა მოვახდინოთ პროცესის მართვა ისე, რომ მოსახლეობა არ დაზარალდეს.

შესაძლებელია, ადამიანებს არ აქვთ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მათი კორპუსის ზემოთ არსებობს ქედი, რომელიც სამომავლოდ გარკვეული რისკების მატარებელი შეიძლება გახდეს მათთვის და მათი ოჯახებისთვის. საინტერესოა, დღეს როგორია ამ ადამიანების ცხოვრება.

დღევანდელი მასალის უკეთ გაცნობაში დამეხმარა რესპონდენტი, რომელიც ცხოვრობს დაახლოებით 2 კილომეტრში ნუცუბიძე – ვაშლიჯვრის დამაკავშირებელი გზიდან, რაც დღეს მეწყერსაშიშ ტერიტორიად ითვლება. ვესაუბრებით ილონა ჩალიგავას.

 

მოგესალმებით ილონა. პირველ რიგში დიდი მადლობა იმისთვის, რომ დამთანხმდი ინტერვიუს ჩაწერაზე. მოგეხსენება, ბოლო პერიოდის განმავლობაში, მედია ძირითადად ორიენტირებულია პოლიტიკასა და მის შიდა სამზარეულოზე. ის პრობლემა, რომელიც ასე მძაფრად მოქმედებს საზოგადოებაზე და, მით უმეტეს, იმ ადამიანებზე, ვინც ვაშლიჯვრის დასახლებულ ტერიტორიაზე ცხოვრობს, დღეისათვის ძალიან მძიმეა. მაინტერესებს, როგორია შენი და შენი ოჯახის წევრების ყოველდღიურობა?

მარიამ, გამარჯობა. გმადლობ, რომ გაინტერესებს ეს საკითხი და ცდილობ, საზოგადოებას დაანახო მისი აქტუალურობა. მგონია რომ უმეტესობა ამ თემის მიმართ გულმავიწყია. მე ვცხოვრობ დღევანდელი დღით, რადგან ვფიქრობ, რომ ხვალინდელი დღის მოლოდინი აბსოლუტურად დამთრგუნავს. ღამე მეღვიძება და წარმოვიდგენ, ეს უშველებელი მასა როგორ მოდის ჩემი მიმართულებით და როგორ სრულდება ჩემი ცხოვრება წამის მეასედებში. ძალიან რთულია, მაგრამ დამეთანხმები, ადამიანი თანდათანობით ყველაფერს ეგუება. თავდაპირველად, ეს ყველაფერი მეტად სტრესული და გაუსაძლისი იყო, დღეს ვიცინი და რაღაც მაბედნიერებს. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩემი ქვეცნობიერი თანდათან ეგუება მომხდარს.

თქვენი დამოკიდებულება ლოგიკურია და აბსოლუტურად რელევანტური. ილონა, მაინტერესებს, ეს ტერიტორია როგორ არის დასახლებული?

კორპუსი, სადაც მე ვცხოვრობ, ხუთსართულიანია, დევნილების დასახლებაა. ჩემი კორპუსის ზემოთ დგას 16 სართულიანი შენობა, რომელიც, აგრეთვე, დევნილებით არის დასახლებული. შემოგარენში არის 10-15 კერძო სახლი. ამ ტერიტორიაზე ასევე სასტუმროებია, რომლებიც, მეწყერის შესახებ ამბის გაჟღერების შემდეგ, მე როგორც ვიცი, უფუნქციოა. 2021 წლის 23 მარტს აქცია გაიმართა, სადაც მოვითხოვეთ, რომ ევაკუაცია დაგეგმილიყო, წინააღმდეგ შემთხვევაში, გზას გადავკეტავდით. აქციის სახელწოდება იყო „ხალხისთვის“. ანა დოლიძემ, რომელიც შემოგვიერთდა, საპროტესტო აქციაზე განაცხადა, რომ თითოეული აქ მცხოვრები ადამიანის მიზანი იყო ის, რომ მოგვესმინა სწორი პასუხები, თუ რა გველოდა ჩვენ და რა ელოდა მთას. ხელისუფლებისგან ვითხოვდით ინფორმაციას, მაგრამ მათი მხრიდან არ არსებობდა პასუხი, თუ როგორ განვითარდებოდა მოვლენები.

დაახლოებით რამდენი ადამიანი შეიძლება ცხოვრობდეს ერთ ოჯახში?

სიმართლე გითხრა, ოჯახში კონკრეტულ სულადობას ვერ დაგისახელებ, მაგრამ გეტყვი, რომ რადგან დევნილების დასახლებაა და ამ ხალხს საქართველოში საცხოვრებელი არ აქვს, თითო ოჯახში,, შესაძლებელია, 9 – 10 ადამიანი ცხოვრობდეს. მეტიც, ჩემს მეზობლად ერთ ოთახში მინიმუმ სამი ოჯახი მაინც ცხოვრობს, რაც წარმოუდგენლად მძიმეა.

რა პრობლემები გექმნებათ იმის შემდეგ, რად ეს ნაპრალი აღმოაჩინეს?

როგორც დასაწყისშივე აღვნიშნე, დღესაც შეიძლება ღამე შფოთვით გამომეღვიძოს. მაგრამ თავიდან ეს სიტუაცია მეტად რთული იყო, საერთოდ ვერ ვიძინებდი. როგორც გითხარი, ღამე მესიზმრებოდა, როგორ მექცეოდა თავზე სამყარო, როგორ გავრბოდი სადღაც უმისამართოდ. დღეს თავს იმით ვიმშვიდებ, რომ არ მგონია, ბოლომდე არაადამიანები იყვნენ ხელისუფლების წარმომადგენლები. ვფიქრობ, თუ რაიმე საფრთხე დაგვემუქრება, სადმე გადაგვიყვანენ. გზა, უმეტეს წილად, გადაკეტილია, ჩაბეტონებულია და სახლამდე ასვლას ვერ ვახერხებ. ზოგჯერ ფიქრებში წამომიტივტივდება ხოლმე, რომ ჩამოიშალოს, ნეტავ, მოვასწრებ თუ არა გაქცევას, სანამ მტკვარში დაგვრეცხავს და წაგვლეკავს მეწყერი?!.

როგორ ფიქრობ, რამდენად საშიშია მიმდებარე ტერიტორიებზე მშენებლობა?

მშენებლობის გარეშეც ჩნდება ნაპრალები. ლოგიკურია, რომ მიზანშეწონილი არ არის ამ ტერიტორიის დატვირთვა და „გათხრა-გამოთხრა“, როგორც ჩვენი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი „ბრძანებს“.

ილონა ჩალიგავა

მშენებლობები დღესაც გრძელდება?

დაახლოებით 2-3 თვის წინ შეჩერებული იყო, დღეს რა სიტუაციაა, არ მაქვს ინფორმაცია.

ხელისუფლების წარმომადგენელმა, ან თბილისის მერიამ თუ მოგაკითხათ თქვენი მდგომარეობის გასაცნობად?

პირველ დღეებში იყვნენ, კი. მესამე პირები, მოადგილეები და ასე შემდეგ. მოვითხოვეთ, კალაძე მოსულიყო, მაგრამ არ დაგვდო პატივი. თავისი მოადგილე გამოუშვა, თვითონ კი ავადმყოფობა მოიმიზეზა. ასე გვითხრეს, თუ გამძაფრდებოდა სიტუაცია, ჩვენს ევაკუაციას მოახდენდნენ. მაგრამ ეს ნაპრალი თუ დაიძრა და მეწყერი მოწყდა, ეჭვი მეპარება, ამდენი ხალხის ევაკუაცია მოასწრონ.

ბინების ფასი როგორია დღეს? როგორც მახსოვს, ბინის გაყიდვა გსურდა.

დიახ, სწორი ინფორმაციაა. 78 კვ. ბინაა, მინდოდა, გამეყიდა. და იმ ფასად, რა ფასადაც ამ პერიოდში გაიყიდებოდა, 1 წლის ქირასაც ვერ გადავიხდიდი, მაგრამ ამაზეც თანახმა ვიყავი. სიკვდილს თვალებში ვუყურებდი და ბინის დარდი ნამდვილად არ მქონდა. მაგრამ არ არის ასე მარტივი ეს პროცედურა. ვერ გავყიდე ბინა. როცა აქ დავსახლდი, არ ვიცოდი, რომ რაიმე საფრთხე დამემუქრებოდა. არც ერთმა ადამიანმა, ვისთანაც შეხება მაქვს, არ იცოდა საფრთხის შესახებ. 5-6 წელში. ფასები ცალსახად დაეცა, რადგან აქ ნაღმია, რომელიც, არ ვიცით, როდის აფეთქდება.

მერია რამეს თუ აკეთებს ამ პროცესის შესაჩერებლად და პრობლემის გადასაჭრელად? იმისთვის, რომ თქვენ ყოველდღე საფრთხის მოლოდინში არ იყოთ?

როგორც უკვე ვთქვი, ერთადერთი, რასაც გვპირდებიან, არის ის, რომ საშიშროების შემთხვევაში, აქედან გაგვიყვანენ. დღეს აქ არავინ გვაკითხავს, არავინ გვეხმაურება, არავინ გვირეკავს. ჩვენი განცხადებები, რომლებიც თვეების წინ შევიტანეთ მერიაში, ჯერ კიდევ განხილვის პროცესშია. ერთი სიტყვით, ყოველდღე რაღაც ცუდს ველოდებით – ან გადავრჩებით, ან დავიხოცებით. მე და ჩემი ოჯახი რასაც ვხედავთ, არჩევანი მხოლოდ ორია.

 

ამ ინტერვიუთი, შევეცადე გადმომეცა ის მდგომარეობა, რაც დღეს არის თბილისის ამ ზოლში. ნუცუბიძის ფერდისა და ვაშლიჯვრის ტერიტორიის დამაკავშირებელ ზოლზე არის ბლოკური მეწყერი, რომლის შეჩერებაც წარმოუდგენელი ჩანს. მთელ ამ ტერიტორიაზე შეიმჩნევა სხვადასხვა პროცესი, რომლებიც ჯერ ვიზუალურად არ დაიკვირვება. იგულისხმება მეზობელი ფერდობების დესტაბილიზაცია, რაც გამომდინარეობს გეოლოგიური მოცემულობიდან. ტექტონიკურად და გეოლოგიურად უმძიმესი სტრუქტურაა და ამ სტრუქტურაზე არასწორმა ჩარევებმა, შესაძლებელია, ბლოკური მეწყერი გამოიწვიოს. სწორედ ეს არის ის საფრთხე რაც მოსახლეობას ემუქრება. განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ არის ის ორი კორპუსი, რომელზეც ინფორმაცია მოგვაწოდა ჩემმა რესპონდენტმა. საფრთხე ემუქრება, აგრეთვე, მიმდებარე კერძო სახლებს და სასტუმროებს.

 

ავტორი: არიამ ჯიქია

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის, ციფრული მედია და კომუნიკაციის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტი.

ინტერვიუ მომზადდა სასწავლო კურსის “ინტერვიუ ციფრულ მედიაში” ფარგლებში (პროფ. ია ანთაძე)


რადიო IBSU

რადიო IBSU

Current track
TITLE
ARTIST