შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის
მედია ცენტრი

ეკონომიკური კვლევის შედეგი: საქართველო – მიძინებული ოქროს საბადო

19/03/2022

როგორ მოიქცეოდით, თუ გაიგებდით, რომ საქართველოში არსებული პრობლემები, როგორებიცაა: სიღარიბე და უმუშევრობა, გაცილებით მარტივად შეიძლება აღმოიფხვრას, თუკი ჩვენი ქვეყნის რესურსების სწორად გამოყენებას ვისწავლით?! ამის შემდეგ, საქართველო, შეიძლება მართლაც გახდეს „აღმოსავლეთის ლუქსემბურგი“.

წიგნად წარმოდგენილი კვლევა საქართველოში არსებულ აქტივებზე, რომელზეც შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებმაც იმუშავეს, აერთიანებს იმ რესურსების ჩამონათვალს, რომლის სრულად ათვისებისა და პრივატიზების შემთხვევაში, საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდება.

„გახდი მესაკუთრე“ – ეს არის იდეა, რომელიც ეკონომიკური ტრანსფორმაციის ცენტრმა წამოიწყო. ამ იდეის ფარგლებში, „ფრიდრიხ ნაუმანის ფონდის თავისუფლებისათვის“ მხარდაჭერით, გამოიცა კვლევა, სახელმწიფოში არსებული აქტივების შესახებ. კვლევაში მონაწილეობა მიიღეს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტის კურსდამთავრებულებმაც. მათი თანაავტორობით გამოცემული წიგნი ინფორმაციას აერთიანებს საქართველოში არსებული ყველა რესურსის შესახებ, რომლებიც აქამდე, ამ სახით არ არსებობდა და მსგავსი ინფორმაციის მოსაპოვებლად საკმაოდ დიდი დრო და ენერგია იხარჯებოდა.

სიტუაცია შემდეგია – საქართველოში სხვადასხვა რესურსის, მათ შორის, სასოფლო-სამეურნეო მიწების, სასარგებლო წიაღისეულის, ხე-ტყის, მტკნარი და გამდინარე წყლებისა და სხვ. დაახლოებით 70% არის სახელმწიფო საკუთრებაში, ე.ი აუთვისებელია.

„ევროპის და სხვა განვითარებული ქვეყნების სურათს რომ შევხედოთ, კაპიტალიზაციის მხრივ, კერძო საკუთრება ყოველთვის სჭარბობს სახელმწიფო საკუთრებას. თავად ამ წიგნის დაწერის სურვილი და იდეა იყო ის, რომ შეგვესწავლა სახელმწიფოს აქტივები და რესურსი ხალხში ინტერესის გამოსაწვევად. გვინდა იცოდნენ, თუ რამდენად მდიდარი ქვეყანა ვართ, თუმცა ამ სიმდიდრის დიდი ნაწილი მიძინებულია და არ ვიყენებთ.“– ამბობს ეკონომისტი, ანალიტიკოსი და ერთ-ერთი მკვლევარი, რატი ლელუაშვილი. კონკრეტული კვლევის და სახელმწიფოს საკუთრებაში მყოფი მიწების პრივატიზების მიზანი კი არის შემდეგი: რომ ეს დიდძალი რესურსი გადაეცეს ხალხს.

 „იმდენად, რამდენადაც ეს რესურსები გადავა ხალხის ხელში, ადამიანებს ექნებათ შანსი, რომ გამდიდრდნენ. მაგალითად, ვინმე უბრალოდ გაყიდის ამ ქონებას ან ვიღაც ინვესტიციას მოიზიდავს, ვიღაც დაფინანსებას მოიძიებს და საქმეს დაიწყებს.  ყველა ინდივიდი სარგებელს ნახავს ამ პოლიტიკით,“ – გვეუბნება ეკონომისტი, ანალიტიკოსი და წიგნის ერთ-ერთი ავტორი, ნოდარ სირბილაძე

წიგნში ვკითხულობთ – „სახელმწიფო არაეფექტიანად იყენებს რესურსებს და ამ ქონებას მიწაში ჩამარხული ოქროს შედეგი აქვს. ამასთან, მთავრობის ცენტრალურ და თვითმმართველობების დონეზე არსებობს მრავალი სახელმწიფო კომპანია, რომლებიც პირიქით, მოგების ნაცვლად, ყოველწლიურად, ზარალზე გადიან, არაჯანსაღ კონკურენციაში შედიან ბიზნესთან და ეკონომიკურ აქტივობას კიდევ უფრო ამცირებენ. ამ ფონზე კი ეს კვლევა პასუხია კითხვაზე, რეალურად თუ რა ეკონომიკური რესურსების მფლობელია სახელმწიფო.“

საქართველოში პრივატიზაციის პროცესი დაწყებულია, თუმცა მიმდინარეობს საკმაოდ ნელა, რადგან ხალხს არ აქვს შესაძლებლობა საკუთარი ფულითა და რესურსებით შეიძინოს კონკრეტული მიწა ან აქტივი. პრივატიზაციამ, რომელიც ფულზე ხორციელდება, ამ პროცესიდან გამოთიშა მოსახლეობის 80-90%. აქედან გამომდინარე, საჭიროა, რომ ეს პროცესი იყოს უფასო. ავტორებისა და მკვლევრების იდეაა უფასო საპრივატიზაციო ფული – „ინვესტი“, რომელიც დაურიგდება ხალხს და ისინი ამით შეძლებენ  სახლემწიფოსგან წარმოდგენილი ნებისმიერი აქტივი, რომელსაც ისინი  აქციებად და ლოტებად გამოიტანენ (მაგალითად, საქართველის რკინიგზის აქტივები), შეიძინონ, კერძო საკუთრებაში გადაიტანონ და მოგებაზე იმუშაონ. ეს ყველაფერი კი თავისთავად შექმნის ახალ ბიზნესებს, მეტ სამუშაო ადგილს, გაიზრდება ექსპორტი და ქვეყანა ეკონიმიკურად იმაზე ბევრად უკეთეს ვითარებაში აღმოჩნდება, ვიდრე დღესაა.

დაინტერესების შემთხვევაში წიგნის ნახვა შეგიძლიათ აქ

 

ავტორი: ანა ჩალაშვილი, ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის მეორე კურსის სტუდენტი


რადიო IBSU

რადიო IBSU

Current track
TITLE
ARTIST