შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის
მედია ცენტრი

„ბუდაპეშტის სტუდენტური ცხოვრება იმაზე კარგი აღმოჩნდა, ვიდრე ველოდი“- თაზო ზარიძე

05/05/2022

მაგდა ბლუაშვილი

თაზო ზარიძე ბუდაპეშტის მეტროპოლიტენის უნივერსიტეტის მაგისტრატურის პირველი კურსის სტუდენტია, მედიისა და კომუნიკაციის განხრით. მან 2021 წელს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში ჟურნალისტიკის ბაკალავრის ხარისხი აიღო და გადაწყვიტა, რომ  მაგისტრატურაზე სწავლა ბუდაპეშტში გაეგრძელებინა.

თაზო, რამდენადაც ვიცი, ბაკალავრის ხარისხის მიღების  და უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ გადაწყვიტე, რომ სწავლა უცხოეთში გაგეგრძელებინა. რამ მიგიყვანა ამ გადაწყვეტილებამდე?

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში სწავლის პარალელურად – რომელმაც, ვთვლი, რომ საკმაოდ დიდი გამოცდილება მომცა – ვმუშაობდი ერთ-ერთ მედიასაშუალებაში. უფრო ახლოდან ვაკვირდებოდი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს და ჟურნალისტების მუშაობის პრინციპს, თუმცა, გარდა ქართული მედიისა, დასავლურ ჟურნალისტიკასაც  ვადევნებდი თვალს და ყოველთვის მსურდა, ახლოდან გამეცნო ის ჟურნალისტური პრინციპები, რომლებზეც დგას დასავლური მედია.  ამიტომ,  მქონდა სურვილი, რომ გაცილებით მეტი გამეკეთებინა და ერთ-ერთი გზა იმისთვის, რომ საერთაშორისო ჟურნალისტიკასთან ახლოს მივსულიყავი, იყო სწორედ საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელება.

ძალიან ბევრ აბიტურიენტს თუ კურსდამთავრებულს სურს სწავლის სხვა ქვეყანაში გაგრძელება და ბევრს აინტერესებს, რა არის საჭირო ამისთვის. შენ რა გზა გაიარე, სანამ საბოლოოდ სწავლას ბუდაპეშტში გააგრძელებდი?

რეალურად, მგონია, რომ სწავლის საზღვარგარეთ გაგრძელება ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, მით უმეტეს, მაშინ, როდესაც სტუდენტებს შუძლიათ სწავლა სხვადასხვა პროექტით დაიფინანსონ და სტიპენდები ნებისმიერ აკადემიურ ხარისხზე მიიღონ. შესაბამისად, ყველა ადამიანს, ვისაც სურს, რომ სასწავლებლად საზღვარგარეთ წავიდეს, პირველ რიგში სჭირდება მყარი ფსიქოლოგიური მდგომარეობა, რადგან ეს პროცესი, დროსთან ერთად, ბევრ წვალებას მოითხოვს. ზოგადად, დამღლელია აპლიკაციის პროცესი – იქნება ეს ენის სერტიფიკატის აღება, უნივერსიტეტის მისაღები ინტერვიუ თუ ა.შ.  ასევე მნიშვნელოვანია, რომ მან, ვისაც სწავლის გაგრძელება სხვა ქვეყანაში სურს,  კონსულტაცია გაიაროს ძალიან კომპეტენტურ ადამიანთან, რომელსაც ექნება თეორიული ცოდნა, სად ისწავლება მისთვის სასურველი პროფესია ყველაზე კარგად, რომელი უნივერსიტეტი იქნება უკეთესი, ვინ დააფინანსებს მის სწავლას, რადგან დაფინანსების გარეშე სწავლა საკმაოდ დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული. შემდეგ უკვე მარტივი იქნება იმის გადაწყვეტა, თუ რომელ უნივერსიტეტში გიღირთ სწავლა ბიუჯეტის მიხედვით.

საქართველოში ჩაბარებული გამოცდების გარდა, კიდევ რა არის აუცილებელი, რომ უცხო ქვეყნის უნივერსიტეტში განაგრძო სწავლა?

ყველა უნივერსიტეტს სხვადასხვა მოთხოვნა აქვს. ჩემს შემთხვევაში საჭირო იყო სამოტივაციო წერილის დაწერა, რომელსაც ჩემმა უნივერსიტეტმა ძალიან დიდი ყურადღება მიაქცია. სამოტივაციო წერილს სიტყვების შეზღუდული რაოდენობა აქვს, თუმცა, აბიტურიენტმა ან კურსდამთავრებულმა ამ შეზღუდულ რაოდენობაში კარგად უნდა  წარმოაჩინოს თავისი თავი. ამის გარდა, გავიარე მისაღები ინტერვიუ, სადაც კითხვები დამისვეს ჩემს სამოტივაციო წერილთან დაკავშირებულ საკითხებზე. ასევე, მკითხეს იმ თემის შესახებაც, რომელზეც  საბაკალავრო ხარისხი დავიცავი.  ამასთან, მაქსიმალურად უნდა წარმოაჩინოთ თქვენი ძლიერი და უარყოფითი მხარეები. შერჩევის პროცესში. ასევე, გაითვალისწინებენ იმ გამოცდილებას, რაც აქამდე დაგროვილი გაქვთ თქვენს სფეროში.

თაზო ზარიძე

 

ინტერვიუს გავლის დროს, რას უფრო აქცევენ ყურადღებასდაგროვილ  გამოცდილებას თუ შენს შეხედულებებს ?

ეს ის შემთხვევაა, როდესაც ყველაფერს ექცევა ყურადღება. სასურველია, გქონდეს „IELTS“-ში  კარგი ქულა და თქვენს სფეროში დაგროვილი გამოცდილება. მე პირადად, „IELTS“-ის  ჩაბარება ბუდაპეშტში მომიხდა. უნივერსიტეტმა, ამ მხრივ, დრო მომცა და ხელი შემიწყო. გააჩნია უნივერსიტეტს, თუ სად ჩააბარებ. თუმცა, ყველა კრიტერიუმი, რომელიც უნივერსიტეტის მხრიდან იქნება წარმოდგენილი, სასურველია, მაქსიმალურად დააკმაყოფილოთ. მნიშვნელოვანია, რომ გამოცდილება გქონდეთ, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როდესაც მაგისტრატურაზე აბარებთ, რადგან თემებს, რომლებსაც დაამუშავებთ, აუცილებლად დასჭირდება საბაზისოზე მეტი ცოდნა.

შენი გადმოსახედიდან, რამდენად რთული ან მარტივია უცხო ქვეყნის  უნივერსიტეტში ჩაბარება?

რთული და დაუძლეველი არაფერი არ არის. ალბათ, უფრო მეტად სტრესულია იმიტომ, რომ თვეების განმავლობაში რასაც აკეთებ და შრომობ, არ იცი, რა შედეგს გამოიღებს. გარდა ამისა, უნივერსიტეტების ძიების პროცესი საკმაოდ რთულია, რადგან ყველაფერს უნდა მიაქციო ყურადღება, მათ შორის, რა თქმა უნდა, ბიუჯეტსაც. მე გამიმართლა, რადგან დაფინანსება ჩაბარების პერიოდში მოვიპოვე. თუმცა, უნივერსიტეტის მოძებნის პროცესში ძალიან ცოტა წვლილი მიმიძღვის. ახლობელმა მირჩია, რომ აქ ჩამებარებინა.  აქედან გამომდინარე, ყველა პროცესი ერთად რომ აიღო, უფრო მეტად სტრესული და შრომატევადია, ვიდრე რთული.  მე ზედმეტად  მოვინდომე იმიტომ, რომ ძალიან მინდოდა წასვლა  და, რა თქმა უნდა, შრომატევადი და სტრესული პროცესი გავიარე.

იმის შემდეგ, რაც სწავლის გასაგრძელებლად ბუდაპეშტში გადახვედი საცხოვრებლად, რა სირთულეებთან მოგიხდა გამკლავება?

ზოგადად, მგონია, რომ როცა ადამიანები, თუნდაც, სამოგზაუროდ მიდიან ერთი კვირით, მაშინაც კი კულტურულ შოკში არიან. სანამ მე სწავლა დამეწყებოდა, ბუდაპეშტში 15 დღით ადრე ჩავედი. შესაბამისად, დავათვალიერე ქალაქი, გავიცანი ბევრი ადამიანი და პირველი გრძნობა, რაც მქონდა, იყო ის, რომ ძალიან მიხაროდა. ჩემი ბავშვობის ოცნება ავიხდინე. პირველი ერთი თვე აღფრთოვანებული დავდიოდი და ძალიან ამაყი ვიყავი საკუთარი თავით, რომ ეს შევძელი. ერთი თვის მერე, როდესაც ჩემი კულტურული შოკი დამთავრდა, დამეწყო სტრესი, განსაკუთრებით სწავლის პარალელურად,  რადგან  ჩემს უნივერსიტეტში რადიკალურად განსხვავებული მოთხოვნები ჰქონდათ და, ზოგადად, სწავლაც განსხვავდებოდა საქართველოსგან. როდესაც უცხო ქვეყანაში ჩადიხარ, გგონია, რომ იცი შენი პროფესია და რაღაცას მაინც თავს გაართმევ. თუმცა, ძალიან ბევრ ახალს სწავლობ. შესაბამისად, როდესაც ერთიანად გაწვება ეს სიმძიმე თავზე – ახალი ქალაქი, ახალი  მეგობრები, ახალი უნივერსიტეტი და თან როდესაც ხარ მარტო უცხო ქვეყანაში – ძალიან სტრესულია. მე რადიკალურად შევიცვალე და დავისტრესე იმიტომ, რომ სულ ვმეცადინეობდი. გრაფიკმა ძალიან გადამღალა. საქართველოში ყოფნის დროს, სწავლასთან ერთად, ვმუშაობდი კიდეც, მაგრამ არასდროს მქონია შეგრძნება, რომ  დასვენება მინდოდა და აქ სწავლის დასრულებამდე ორი კვირით ადრე უკვე ორგანიზმი მთხოვდა ყველანაირ დასვენებას, ფიზიკურსაც, ფსიქოლოგიურსაც და ა.შ. ეს იყო ჩემს შემთხვევაში, თუმცა, არიან სტუდენტები, რომლებსაც სტრესი საერთოდ არ აქვთ და ბედნიერად ცხოვრობენ.

როდესაც უცხო ქვეყანაში გადადიხარ საცხოვრებლად, შესაბამისად, სხვა ენაზე გიწევს ადამიანებთან კომუნიკაცია და, ასევე, სწავლაც. რამდენად რთულია ასე მოკლე ხანში უცხო ენაზე ადაპტირება?

კომუნიკაცია არის ერთ-ერთი ყველაზე დაძლევადი და შედარებით მარტივი ეტაპი. თვითონ სტუდენტებიც ძალიან კომუნიკაბელურები არიან. როდესაც მარტო ჩადიხარ,  ხვდები, რომ მეგობარი არავინ გყავს  და ვინმე უნდა გაიცნო. შენს თავსაც აიძულებ, რომ საკუთარი კომპლექსები (თუნდაც, ის, რომ ვერ ლაპარაკობ, ან შენი აქცენტი არ მოგწონს), დაძლიო. როდესაც ამას შეძლებ, მერე უკვე თავისუფლად საუბრობ ინგლისურად. სწორედ ამიტომ, ეს ყველაზე მარტივად გადასალახი პრობლემაა, რომლის მოსაგვარებლად,, შეიძლება მაქსიმუმ, სამი თვე დაგჭირდეს. რაც შეეხება ინგლისურად სწავლას, სიმართლე რომ გითხრათ, თავიდან შეგუების შიში მქონდა ნამდვილად. თუმცა, პირველი ლექციიდან რომ გამოვედი, ჩემს მეგობარს ვუყვებოდი,, რა ხდებოდა ლექციაზე  და შემდეგ რომ დავფიქრდი საერთოდ არ მქონდა განცდა, რომ ლექცია სხვა ენაზე ჩატარდა. რა თქმა უნდა,  ნერვიულობის ეტაპი არის, სანამ სწავლა დაგეწყება, თუმცა, როგორც კი პირველ ლექციაზე  შეხვალ მიხვდები, რომ ერთადერთი არ ხარ, ვისაც შეიძლება რაიმე კომპლექსი ჰქონდეს.

რითი განსხვავდება ბუდაპეშტის სტუდენტური ცხოვრება საქართველოს სტუდენტური ცხოვრებისგან?

ბუდაპეშტის სტუდენტური ცხოვრება იმაზე კარგი აღმოჩნდა, ვიდრე ველოდი. ჩემს შემთხვევაში იმდენად საინტერესოდ არის პროგრამა აგებული, რომ გაინტერესებს, მიჰყვები და სწავლობ. ბუდაპეშტის სტუდენტური ცხოვრება არის ძალიან ლაღი, თავისუფალი და, ამასთან, ძალიან აკადემიური. ეს სწავლის პროცესში მეხმარება, რადგან დისციპლინა გამოვიმუშავე. მგონია, რომ ქართველი სტუდენტები რაღაცნაირად ჩარჩოებში არიან მოქცეულები, თუმცა, განათლების ის სისტემა, რომელსაც საქართველო ქართველ სტუდენტებს სთავაზობს, ამ ჩარჩოებსაც გულისხმობს. ბუდაპეშტში ძალიან თავისუფლები ვართ ყველაფერში., თუნდაც ლექტორის და სტუდენტის დამოკიდებულებაც სხვანაირია. აკადემიური სივრცეც ბევრად განსხვავებულია. გასული საუკუნის მკაცრი მიდგომები, რომლებიც ახასიათებთ ხოლმე ლექტორებს საქართველოში, აქ ნამდვილად არ არის.

რა მოლოდინები გაქვს  უცხო ქვეყანაში სწავლასთან დაკავშირებით?

ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც მინდოდა გამეკეთებინა საზღვარგარეთ სწავლის დროს, იყო მუშაობა და ვმუშაობ საერთაშორისო მედიაში, ბუდაპეშტში. ეს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ნაბიჯია, ალბათ, რაც კი ცხოვრებაში გადამიდგამს. თუმცა,  გაცილებით უფრო დიდი მიზნები მაქვს იმ მხრივ, რომ  როდესაც მაგისტრატურას დავამთავრებ, მინდა, რომ სხვა ქვეყანაში წავიდე და შეიძლება ხელმეორედაც გავიარო მაგისტრატურა, რადგან ძალიან ბევრი კარგი პროგრამა არსებობს, რომლებიც ციფრულ მედიაზეა მორგებული. შესაბამისად,  ვთვლი, რომ ბუდაპეშტში სწავლა ჩემს მომავალ გეგმებს ძალიან შეუწყობს ხელს.

რა რჩევებს მისცემდი იმ აბიტურიენტებს თუ კურსდამთავრებულებს, რომლებსაც სწავლის გაგრძელება სხვა ქვეყანაში უნდათ?

მგონია, რომ ყველა ადამიანს, ვისაც უნდა რომ თავის პროფესიაში მეტად განვითარდეს, გაიცნოს თავისი უცხოელი კოლეგები და მათგანაც ბევრი რამ ისწავლოს, აუცილებლად ყველაფერი უნდა გააკეთოს და ყველა რესურსი ჩადოს იმაში, რომ საზღვარგარეთ ისწავლოს. ამიტომ, იმ კურსდამთავრებულებს თუ აბიტურიენტებს, ვისაც სწავლის გაგრძელება სხვა ქვეყანაში სურთ, ვურჩევდი, რომ დასახული მიზანი ბოლომდე მიიყვანონ,  რადგან მათი  შრომა საბოლოოდ აუცილებლად გამოიღებს შედეგს.

 

ავტორი: მაგდა ბლუაშვილი

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის, ციფრული მედია და კომუნიკაციის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტი.

ინტერვიუ მომზადდა სასწავლო კურსის “ინტერვიუ ციფრულ მედიაში” ფარგლებში (პროფ. ია ანთაძე)


რადიო IBSU

რადიო IBSU

Current track
TITLE
ARTIST