შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის
მედია ცენტრი

„ბავშვი, საკუთარი თავის სიყვარულს, გარშემომყოფებისგან სწავლობს“ – ფსიქოლოგი ანა მიქიაშვილი

15/07/2022

ანა მიქიაშვილი განათლების ფსიქოლოგია. როდესაც ჯერ კიდევ დაწყებითი კლასების მოსწავლე იყო, მის თანაკლასელებს მშობლები ფულს აძლევდნენ ხოლმე, თუ ისინი „ხუთიანს“ მიიღებდნენ. ანასთვის მშობლებს არასდროს არაფერი მიუციათ „ხუთიანის“ გამო. შოკოლადსაც კი არ შეჰპირებიან კარგი სწავლისთვის. იმ დროს გული სწყდებოდა, ახლა კი მშვიდადაა, რადგან ზუსტად იცის, სწორედ ამგვარმა მიდგომამ განაპირობა, რომ მისთვის სწავლის პროცესი უფრო მნიშვნელოვანი ყოფილიყო, ვიდრე ქულებში ასახული შედეგი.

ანასგან გავიგებთ თუ როგორ უნდა მოვექცეთ ზრდასრულები მოზარდებს, რომ მოტივაცია არ დაკარგონ, თვითშეფასების ნაკლებობა არ განუვითარდეთ, საკუთარი თავის სიყვარული ისწავლონ და უფრო კეთილგანწყობილნი გახდნენ.

ფსიქოლოგის თქმით, მოტივაცია მოძრაობას ნიშნავს. ეს არის ძალა, რომელიც გვიბიძგებს მოქმედებისკენ. ის არ გვავალდებულებს, მაგრამ ხელსაყრელ პირობებს გვიქმნის წინსვლისთვის, ცვლილებებისთვის. ანა აღნიშნავს, რომ ზრდასრულები უნდა დაფიქრდნენ, შედის თუ არა ბავშვის ინტერესებში ის, რის გაკეთებასაც მას სთხოვენ და რაც ყველაზე მთავარია, შესაბამისობაშია თუ არა მოზარდის უნარებთან და შესაძლებლობებთან მათი ეს სურვილი.

„მშობლები ხშირად ამბობენ, რომ ბავშვს არ აქვს მოტივაცია, თუმცა აღმოჩნდება, რომ ინდივიდს მოტივაცია აქვს, მაგრამ სხვა ინტერესებთან მიმართებით და არა იმ კონკრეტულის მიმართ, რასაც მასწავლებლები ან მშობლები ავალდებულებენ.“

ბავშვის მიმართ კმაყოფილების სიტყვიერი გამოხატვის მნიშვნელობაზე საუბრისას, ანა მიქიაშვილი აღნიშნავს, რომ შექება აუცილებლად უნდა იყოს რეალისტური და დამსახურებული. წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოდის, რომ ვაწესებთ მაღალ მოლოდინებს და მოზარდს შეცდომის დაშვების უფლებას არ ვუტოვებთ. ამასთან, აუცილებლად უნდა აღინიშნოს ბავშვის ყველა წარმატება და უნარი. მისი ყველა მცდელობა უნდა იყოს დაფასებული და შემჩნეული. „ასე ხდება, როდესაც გვაქებენ, ვხვდებით, რომ რაღაც კარგად გამოგვდის და თვითშეფასებაც ადეკვატური გვაქვს. როცა ვიცით, რომ გამოგვივა, თამამად ვბედავთ“.

ანა აღწერს ნაბიჯებს, რომლებიც უნდა გადაიდგას ბავშვის გარშემომყოფების მიერ, რათა ის უფრო მიზანდასახული გახდეს. „თუ ინდივიდს აქვს გამოცდილება, რომ რაღაც კარგად გამოუვიდა, მით უფრო მაღალია მისი თვითშეფასება. აუცილებელია გავითვალისწინოთ ის ფაქტორიც, რომ რა მიზნებსაც ჩვენ, ზრდასრული პიროვნებები ვუსახავთ მას, იყოს მისი შესაძლებლობების ადეკვატური.  მას უნდა ჰქონდეს პროცესებთან გამკლავების უნარი. ბავშვს, რომლის მიმართაც მაღალი მოლოდინები აქვთ, საკუთარი თავის მიმართაც მაღალი მოთხოვნები უვითარდება. ამ დროს კი, უჭირს ისეთი მიზნის დასახვა, რომელიც მართლა მიღწევადია.“

ანას თქმით, დაბალ თვითშეფასებასთან ერთად, ზომაზე მაღალი თვითშეფასებაც უარყოფით გავლენას ახდენს მოტივაციის ხარისხზე. „ზოგჯერ, ბავშვი ფიქრობს, რომ მას უკვე საკმარისზე მეტი მიღწევა აქვს და შესაძლოა, სიახლის ძიება აღარც კი მოუნდეს. ამიტომ, საფრთხე ამ შემთხვევაშიც არსებობს. თუმცა, როდესაც საქმე გვაქვს დაბალი თვითშეფასების მქონე ინდივიდების დემოტივაციასთან, ბავშვებს უნდა მივცეთ შესაძლებლობა, რომ საკუთარი თავი გამოსცადონ, შეისწავლონ, საკუთარი ძალების ირწმუნონ. ჩვენ კი ისეთი რაღაცები უნდა შევთავაზოთ, რაც მათთვის სასიამოვნოა.“

შეკითხვაზე, თუ როგორ ვასწავლოთ ბავშვს საკუთარი თავის სიყვარული, ანა გვპასუხობს: „ბავშვი, საკუთარი თავის სიყვარულს, სწავლობს გარშემომყოფებისგან. ფიქრობს – თუ მშობლებს უპირობოდ ვუყვარვარ, მეც მიყვარს საკუთარი თავი, ხოლო თუ სიყვარულის სანაცვლოდ, პირობები მიწესდება, არ ვარ იდეალური. პირობითად, რამდენიმე საფეხური არსებობს: პირველი – როგორი დამოკიდებულება აქვთ და როგორ ავლენენ სიყვარულს მშობლები ბავშვის მიმართ; მეორე – როგორ უყვარს მშობელს საკუთარი თავი და როგორ ავლენს ამ სიყვარულს საკუთარი თავის მიმართ; მესამე – როგორ უყვართ მშობლებს ერთმანეთი და როგორ ავლენენ სიყვარულს ერთმანეთის მიმართ და მეოთხე – როგორ ექცევიან ისინი გარშემომყოფებს.“

მშობლების არასწორი ქცევითი გამოხატულებების უარყოფით შედეგებზე საუბრისას, ანა გვეუბნება, რომ ჰიპერმზრუნველი მშობლების შვილებს, ხშირად აქვთ მოტივაციის ნაკლებობა. ისინი მიჩვეულები არიან, რომ მათ ნაცვლად, დედა, მამა ან ნებისმიერი სხვა გააკეთებს ამა თუ იმ საქმეს. არ უჩნდებათ სურვილი გამოვიდნენ კომფორტის ზონიდან და თავად სცადონ, თუნდაც, შეცდომა დაუშვან. „ეს ბავშვების ბრალი არ არის. არ გვაქვს უფლება და ვერ დავადანაშაულებთ თუ ზრდასრულ ასაკშიც ვერ გამოვლენ ამ როლიდან და ყოველთვის დაელოდებიან, რომ მათ ნაცვლად საქმეს სხვა გააკეთებს. ჩვენ იმაზე უფრო მეტი უნდა ვიფიქროთ თუ რა ახშობს ინდივიდის ბუნებრივ მოტივაციას და რა უშლის ხელს საკუთარი რესურსების გამოვლენაში და არა  გამუდმებით ვეძებდეთ პასუხს შეკითხვაზე თუ როგორ ავუმაღლოთ ბავშვებს მოტივაცია.“

 

ავტორი: ნინი შაორშაძე

ჟურნალისტიკის პროგრამის მეორე კურსის სტუდენტი


რადიო IBSU

რადიო IBSU

Current track
TITLE
ARTIST