შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის
მედია ცენტრი

„აღმოჩნდა, რომ დიახ, ბედნიერი ვარ“

02/05/2022

მარიტა ბიბილაშვილი

ქართული საზოგადოების  ფსიქოლოგიით დაინტერესება, შეიძლება ითქვას, რომ ბატონი ზურა მხეიძის დამსახურებაც არის.

 როგორც მისი მსმენელები აღნიშნავენ, ის საუბრობს ყველასათვის გასაგებ, მარტივ ენაზე, რაც საშუალებას აძლევს მსმენელს, სიღრმისეულად ჩაწვდეს ყოველ სიტყვას და საჭიროებისამებრ ცხოვრებისეულ პრაქტიკაში გამოიყენოს ის თეორიული ცოდნა, რისი შეძენის საშუალებასაც ბატონი ზურა აძლევთ.

მე თავადაც მისი აქტიური მსმენელი ვარ და არაერთი საკითხისთვის შემიხედავს ახლებურად მისი ლექციების მოსმენის შემდეგ. თუმცა, რამდენადაც საინტერესო იყო მისი ლექციები ჩემთვის, ყოველთვის ორმაგად უფრო საინტერესო იყო მისი პიროვნება, პირადი შეხედულებები. სწორედ ამიტომ, შევეცადე ამ ინტერვიუს საშუალებით მეც გამეცნო ბატონი ზურა და თქვენთვისაც გამეცნო ის არა როგორც პროფესიონალი ფსიქოლოგი, არამედ როგორც პიროვნება.

 

ზურაბ მხეიძე

– ბატონო ზურა, კარიერის დასაწყისში გიფიქრიათ, რომ მომავალში ასეთი წარმატებული იქნებოდით და ამდენ ადამიანს ექნებოდა თქვენი მოსმენის სურვილი?

სიმართლე გითხრათ, არა. არც კარიერაზე მიფიქრია, საერთოდ, ასეთი მიზანი არც მქონია. ეს თავისთავად გამოვიდა. შემდეგ კი გავაანალიზე, რატომ და როგორ გამოვიდა, მაგრამ ამ ყველაფრისკენ სწრაფვა არ მქონია. ერთ-ერთ შეხვედრაზე კითხვა დასვეს, ასეთ წარმატებას როგორ მიაღწიეთო და სიმართლე გითხრათ, ვიფიქრე, რომ მე კი არა, ვიღაც სხვას ეკითხებოდნენ. თუმცა, როდესაც გავაანალიზე, რომ წინ მხოლოდ მე ვიჯექი და ეს კითხვა ჩემკენ იყო მომართული, აი, მაშინ დავფიქრდი ამ საკითხზე.

– როგორ ფიქრობთ, რამ განაპირობა თქვენი ლექციების მიმართ ასეთი მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი?

პირველ რიგში, ვფიქრობ, იმან, რომ პროფესია, რომელიც ძალიან ადრეულ ასაკში ავირჩიე, იმიტომ ავირჩიე, რომ ადამიანები მაინტერესებდა. ასე რომ, როდესაც ლექციას ვკითხულობ, მას არ ვაგებ მხოლოდ თეორიიდან გამომდინარე, ლექცია იგება პრობლემიდან გამომდინარე. ვგულისხმობ იმას, რომ რასაც ვსაუბრობ, ამ ყველაფერს ადამიანი ხედავს, ან განუცდია, ან გვერდით დაუნახავს, ან შეუმჩნევია და შემდეგ ისმენს, ასე ვთქვათ, რა ხდება ამ პროცესების მიმდინარეობისას. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ გაცილებით ცოცხალია ლექციები, რადგან ისინი დაკავშირებულია ისეთ ფაქტებთან, რომლებიც ყველასათვის ნაცნობია, ძალიან ახლოა და ხელმისაწვდომია. ვფიქრობ, პროფესიული ტერმინების გამოყენება არაპროფესიონალებთან არაფერს იძლევა, გარდა იმისა, რომ შთაბეჭდილებას ტოვებ, თითქოს, რაღაც საფეხურით წინ ხარ მათზე. როდესაც რაღაც ტერმინს ამბობ, არ ნიშნავს, რომ მსმენელს ან ცოდნას აძლევ, ან რამეს უხსნი. ყოველთვის ვცდილობდი და ვცდილობ, რომ არ გამოვიყენო გაუგებარი ტექსტი, რომელიც ბუნდოვანებას ტოვებს მსმენელისთვის. ჩემი პრინციპი  ყოველთვის იყო, ყველა ლექციაზე გასაგებად მელაპარაკა და, როგორც ჩანს, საუბრის სტილიც ასეთი ჩამომიყალიბდა. ვფიქრობ, ეს იწვევს საზოგადოების ინტერესს ჩემი ლექციებისა და საუბრების მიმართ.

– თქვენს წიგნზე  „სიყვარული, ტყუილი და თვითშეფასება ურთიერთობებში“  საუბრისას აღნიშნეთ, რომ წიგნის დაბადება აზროვნების აკადემიის დამსახურებაა. როგორ ფიქრობთ, რომ არა აზროვნების აკადემია, თქვენი ინიციატივით წიგნს გამოსცემდით?

დიახ, ეს ყოველთვის მინდოდა, მაგრამ ასე მაქვს წარმოდგენილი – წიგნის დასაწერად რომ დაჯდე, უნდა გქონდეს დრო, კარგი ხედი, აი, დილით რომ ადგებით, ყავას დალევთ და დაიწყებთ წერას. მე ეს ხაზი იმდენად მაქვს წარმოდგენილი, რომ, აი, მაშინ უნდა დავიწყო წერა, – ეს მომენტი ვერასდროს დადგა ჩემს ცხოვრებაში. ამის დრო, უბრალოდ, არ მაქვს. ამიტომ აზროვნების აკადემიამ იზრუნა ამაზე, ლექციები გააერთიანა და გადაიტანა წერილობით ფორმატში. რაც შეეხება სათაურს, ეს ჩემი შვილის შემოქმედებაა, ეს არის სხვადასხვა ლექციის სათაურების გაერთიანება, რომელიც ისეა შეკრული, თითქოს, ერთიან საკითხს განიხილავს. ასე რომ, ჩემს შვილს ამ კუთხით საჭირო მონაცემები აღმოაჩნდა.

– როგორც ვიცი, თქვენი შვილი თქვენს პროფესიულ კვალს მიჰყვება. ხშირად მშობლებს, საკუთარი პროფესიის სირთულიდან გამომდინარე, არ სურთ, შვილებმა იგივე მიმართულება აირჩიონ. თქვენ რა დამოკიდებულება გაქვთ ამ საკითხის მიმართ?

მე არცერთი შვილის მიმართ არანაირი თხოვნა თუ მოთხოვნა არ მქონია. სტუდენტებსაც ყოველთვის ვეუბნები, რომ ნუ ისწავლით ნიშნებისთვის. იმიტომ, რომ ეს სხვა ფსიქოლოგიას გიყალიბებს. როდესაც ქულაზე ხარ კონცენტრირებული, მთელი ცხოვრება ორიენტირებული იქნები შენი უფროსის შეფასებებზე. უფროსი კი, ღმერთმა იცის, ვინ აღმოჩნდება. ასე რომ, ჩემმა შვილებმა პროფესიები თავად აირჩიეს .ჩემი გამოცდილებით გეტყვით, რომ არ ვიცი პროფესია, რომელიც უინტერესოა. ერთადერთი რასაც ვეუბნები სტუდენტებსაც, არის ის, რომ რაღაცას როცა აკეთებ, ისე რა არ იყო, ისე რა სპეციალისტი, ისე რა მეგობარი და ა.შ. ზუსტად „ისე რა“-ები იცვლებიან. ამიტომ, თუ მოკიდე ხელი პროფესიას, ბოლომდე უნდა მიჰყვე და გახდე მაგარი. პროფესიაონალი არასდროს რჩება სამსახურის გარეშე, ასე რომ, პროფესია პირველ რიგში უნდა გაინტერესებდეთ.

– თქვენი საქმიანობის რა ნაწილია თქვენთვის ყველაზე სასიამოვნო?

ჩემთვის სასიამოვნოა კვლევის ჩატარების პროცესი, როდესაც სოციოლოგიურ კვლევას ვატარებ და მაქვს დაკვირვების საშუალება. რაც შეეხება კონსულტაციას და ადამიანებთან ურთიერთობას, ყველაზე ძვირფასი არის ის, რომ როდესაც ვიღაცას ეხმარები და გადის დიდი დრო, მაგალითად, ერთი წელი, იღებ წერილს, რომელშიც წერია, რომ ძალიან ბევრი რამ შეიცვალა მის ცხოვრებაში და დღეს კარგად არის. რატომ აქვს მნიშვნელობა, რომ წერილს ერთი წლის შემდეგ იღებ? იმიტომ, რომ  როდესაც ადამიანს ერთი წლის შემდეგ გაახსენდება ის, რაც  გაიარეთ და გწერთ ამ ეტაპის შემდეგ რა შეიცვალა კარგისკენ მის ცხოვრებაში, ეს ნამდვილად დიდი სიამოვნებაა.

– ვინ ან რა არის თქვენთვის მოტივაციის წყარო?
რაც ბავშვობიდან გვაქვს, ეს არის ცნობისმოყვარეობა და მასში ჩახედვა. ჩემთვის მოტივაციის წყაროც არის ინტერესი, ცნობისმოყვარეობა, განსაკუთრებით, ადამიანის ქცევის მიმართ. ფსიქოლოგიისადმი ინტერესიც აქედან გამიჩნდა.

– ერთ-ერთ გადაცემაში აღნიშნეთ, რომ ფსიქოლოგიით ჯერ კიდევ მერვე კლასიდან დაინტერესდით. როგორ ფიქრობთ, რომ არა ეს მიმართულება, რა პროფესიის შეიძლებოდა ყოფილიყო ზურა მხეიძე?

სხვა პროფესიაზე არასდროს მიფიქრია. არ ვიცი სიმართლე გითხრათ. ბავშვობიდან მაინტერესებდა დეტექტივები, რომელშიც არის დედუქციური და ინდუქციური მეთოდი. რაღაცას რომ მიხვდე, ადამიანის ქცევა უნდა გააანალიზო. ჩემზე უფროსმა ადამიანმა მირჩია, ამ ინტერესებიდან გამომდინარე, ბედი ფსიქოლოგიაში მეცადა და იმ დროიდან ამ პროფესიით ვარ დაინტერესებული.

როგორც ვიცი, თქვენი სპეციალობა არის სოციალური ფსიქოლოგია. რამდენად გეხმარებათ, ან ხელს გიშლით პროფესიული ცოდნა და უნარ-ჩვევები პირად ურთიერთობებში?

სოციალური ფსიქოლოგია, სხვაგვარად რომ ვთქვათ, არის ურთიერთობების ფსიქოლოგია. ამის ცოდნა ხელს კი არ გვიშლის, არამედ, პირიქით, გვეხმარება ურთიერთობებში. იცით კანონზომიერებები, მეტად გესმით მეორე მხარის, სხვანაირი შეფასებები გაქვთ. სხვანაირი იმიტომ კი არა, რომ განსხვავებული ადამიანი ხართ, უბრალოდ, თქვენ იცით, მეორე მხარე რას ეყრდნობა, რას მსჯელობს, რა არის ამის საფუძველი და ემოციური ინტელექტიც უფრო მაღალია. ყველა ურთიერთობაში, როდესაც შენ იცი მეორე მხარის ლოგიკა, ღირებულებები, გაცილებით კომფორტულად გამოგდის ურთიერთობა. მე თუ მინდა, რომ თქვენთან ურთიერთობაში ვიყო, კეთილი უნდა ვინებო და ვიცოდე, რა გაწუხებთ, რა გტკივათ. ეს, რა თქმა უნდა, ორმხრივი უნდა იყოს. ამ შემთხვევაში გამოდის ურთიერთობა ჰარმონიული.

– საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელთან შეხვედრის ფარგლებში აღნიშნეთ, რომ კომუნიკაციის ფსიქოლოგია წარმოადგენს ძალიან დიდ ძალას, რომელსაც შეუძლია გავლენა მოახდინოს სხვადასხვა ტიპის ადამიანებზე. ადამიანის როგორი ქცევაა თქვენთვის არასასიამოვნო, მიუღებელი?

ადამიანის მიმართ მიუღებლობა არ მქონია, სიმართლე გითხრათ. თუმცა, ჩემთვის არასასიამოვნოა, როდესაც ადამიანი მსჯელობის გარეშე მესაუბრება. ვგულისხმობ იმას, რომ საუბრისას საკუთარი აზრის გასამყარებლად, არგუმენტად მოაქვს ისეთი (უცხოურ ტერმინს გამოვიყენებ) „ტრენდული“ ფრაზები, როგორიცაა, მაგალითად, „21-ე საუკუნეა“. მე ყოველთვის ვამბობ, რომ ნებისმიერ მოსაზრებას მივიღებ, რომელიც არის ჩემი მოსაზრებისგან განსხვავებული და სრულიად შევცვლი ჩემს მოსაზრებებს, თუ თქვენ მაჩვენებთ ლოგიკურ მსჯელობას და ლოგიკურ არგუმენტებს.

– თქვენ გადაცემაში „რა დროს ძილია“ აღნიშნეთ, რომ სიყვარული სოციალური ფენომენია და მას სწავლა სჭირდება. თქვენთვის რამდენად რთული აღმოჩნდა ამ ფენომენის სწავლის პროცესი?

ეს ერთ-ერთი ძალიან ძლიერი მდგომარეობაა. რაღაცები რომ ისწავლო, აუცილებელია, ისწავლო საკუთარი თავიდან ან სხვა ადამიანებიდან გამომდინარე. თუმცა, ლიტერატურაც ძალიან მნიშვნელოვანია. როდესაც კითხულობ, შემდეგ ანალიზს აკეთებ. აი, წარმოიდგინეთ, როდესაც ამბობთ, რომ ადამიანს არ ენდობით და გიყვართ. თუ ადამიანი გიყვართ პატივი ხომ უნდა სცეთ?

– რა თქმა უნდა.

თუ სიყვარული პატივისცემას მოიცავს, როდესაც მე შენ არ გენდობი, გამოდის, რომ შეურაცხყოფას გაყენებ, ანუ პატივს არ გცემ, ხომ?

– დიახ

გამოდის, რომ ეჭვიანობა არ არის სწორი, აი ამას სჭირდება სწავლა. მეორე, თუ ვინც გიყვარს და  მის შეზღუდვას იწყებ – იქ არ წახვიდე, აქ არ წახვიდე, აქ იყავი და გააკეთე ის, რაც მე მინდა, შენ რომ გააკეთო! აი, ასეთი ლოგიკით როგორ უნდა დაუმტკიცო ადამიანს, რომელსაც რაც უნდა და უხარია, ყველაფერი აუკრძალე, რომ გიყვარს?

– ალბათ, ეს უფრო ეგოიზმია.

მართალი ბრძანდებით, ეგოიზმია და შემდეგ უკვე შენ რომ კარგად დაფიქრდე, ეს ადამიანი გიყვარს? თუ გაანივთე შენს ცხოვრებაში? ჩემი ნივთი ხარ და ამას ვუწოდებ სიყვარულს? მესამე, სულელური შიში, რომ ადამიანი, რომელსაც უყვარხარ შენგან გაიქცევა. თუ ნამდვილად უყვარხარ, ადამიანი არსად წავა, ამიტომ, მას არ სჭირდება შენი აკრძალვები, მითითებები და შეზღუდვები. და მეოთხე, არის ასეთი ნათქვამი, რომ თუ გაინტერესებს შენი, რა არის, ყველაფერი უნდა გაუშვა და რაც შენთან დარჩება ის არის ნამდვილად შენი. ასე არ არის?

– დიახ, ნამდვილად.

ასე რომ, ამ ყველაფრის გაანალიზების შემდეგ, როდესაც შეყვარებული ხარ, სწორად ალაგებ მიმართებებს იმ ადამიანთან. აღარ გაქვს ილუზია. შენ რასაც უწოდებდი სიყვარულს, აღმოჩნდება, რომ ის არ ყოფილა. შენი თავის მიმართ კრიტიკული ხდები, შემდეგ იზრდები ამ გრძნობაში, იზრდები და სწავლობ, როგორ უნდა გიყვარდეს.

– როგორ ფიქრობთ, ყველა არსებულ გრძნობათაგან სიყვარული შეიძლება ჩაითვალოს მთავარ გრძნობად?
დიახ, რადგან თუ სიყვარული იცი და ამ კუთხით კარგად ხარ,  სხვანაირი ხარ. თუ სიყვარულში ცუდად ხარ, სხვანაირი ხარ. ამიტომ გამოდის, რომ წამყვანია უსიყვარულობაც და სიყვარულიც.

უსიყვარულობა ზუსტად იმიტომ არის წამყვანი, რომ შენ ეს ძირითადი მომენტი არ გაქვს. ამიტომ ხდები ბოღმიანი, შურიანი და, მათ შორის, არსებობენ ადამიანები, რომლებიც ვერ იტანენ, როდესაც ხედავენ, რომ ვიღაცას ვიღაცა უყვარს. ასეთი ადამიანების ქცევებს განსაზღვრავს უსიყვარულობა და შეყვარებული ადამიანის ქცევებს განსაზღვრავს სიყვარული.
ამიტომ შეგიძლიათ თქვათ, რომ სიყვარული წამყვანი ფენომენია. რატომ არის წამყვანი?, იმიტომ რომ მისი წამყვანობა და გარდაუვალობა ბუნებამ ჩადო ჩვენში და ეს ჩვენ არ მოგვიგონია. ეს არის მნიშვნელოვანი მამოძრავებელი ძალა მთელი ცოცხალი სამყაროსთვის.

– ქალბატონ ია ანთაძესთან ინტერვიუში აღნიშნეთ, რომ როდესაც კრიტიკული ხდები, ნაკლებ შეცდომას უშვებ. თქვენ რამდენად კრიტიკული ხართ საკუთარი თავის მიმართ?
რა თქმა უნდა, ვარ, რადგან როდესაც რაღაც არ გამოდის, არასოდეს უნდა  დააბრალო სხვას. თუ ამ ყველაფერს მე თქვენ გაბრალებთ, ჩემი თავი წყვეტს განვითარებას. უი, თქვენი ბრალი ყოფილა და მე რატომ უნდა ვიფიქრო? და როდესაც იწყებ ფიქრს, რა არ გააკეთე ისე, რომ სასურველი შედეგი მიგეღო, ამით შენ ვითარდები. ცდილობ, იპოვო პასუხები. თუ ვერ პოულობ, წიგნში ეძებ; თუ წიგნში არ ეძებ, მეგობარს ეკითხები და ამ ძიების პროცესში შენს თავს ავითარებ.
სტუდენტებსაც ყოველთვის ვეუბნები, თუ გსურთ, განვითარდეთ, არასდროს დააბრალოთ სხვას, როდესაც თქვენ რაღაც არ გამოგივიდათ. „ჩემი ბრალია“  – ამას იმიტომ კი არ ვამბობ, რომ შემდეგ თვითგვემას მივეცე, არამედ იმიტომ, რომ ვიფიქრო, რა უნდა გამეკეთებინა სხვანაირად. ასე რომ, კრიტიკულობა საჭიროა განვითარებისთვის.

– რამდენად შეგიძლიათ თქვათ, რომ დღეს თქვენი თავით კმაყოფილი ხართ?

ძალიან ბევრი სამომავლო გეგმა მაქვს პროფესიული მიმართულებით,  დრო კიდევ სწრაფად გადის. ბევრი კვლევა მაქვს დაგეგმილი, რომელთა განხორციელებაშიც პანდემიამ შემიშალა ხელი. მაგრამ, საერთო ჯამში, ვერ ვიტყვი, რომ ჩემი თავით კმაყოფილი არ ვარ. რა თქმა უნდა, ბოლომდე კმაყოფილი ვერ ვიქნები, რადგან თუ ეს ასეა, მაშინ უნდა გავჩერდე და წინ აღარ წავიდე. თუმცა, კმაყოფილი ვარ ურთიერთობებისა და პროფესიული საქმიანობის მხრივ, რადგან ამ ყველაფრის შედეგიანობა მაძლევს იმის საბაბს, რომ ამ მიმართულებით ჩემი თავით კმაყოფილი ვიყო.

– ყველაზე დიდი მონაპოვარი რა არის თქვენთვის ცხოვრებაში?

მონაპოვარი არიან ის ადამიანები, რომელთათვისაც რაღაცის გაკეთება შევძელი და ვხედავ, რომ ისინი კარგად არიან. ეს განცდა, როდესაც თქვენ მცირე დოზითაც კი ავტორი ხართ სხვა ადამიანის ცხოვრებაში მარტივი ან ისეთი დეტალის, რომელიც ეხმარება მას მთელი ცხოვრების განსაზღვრაში, არის ძალიან სასიამოვნო შეგრძნება. მით უფრო, რომ ამ ყველაფრის დადებით უკუკავშირს იღებთ, თუნდაც, პოზიტიური ურთიერთობებით. მე პირადად, ეს ყველაფერი დიდ სტიმულს მაძლევს, რომ მეტი გავაკეთო ამ მიმართულებით.

– ქალბატონ იასთან ინტერვიუში ასევე აღნიშნეთ, რომ თუ ადამიანი საკუთარ თავს დაარწმუნებს იმაში, რომ მას ბედნიერებისთვის მილიარდი სჭირდება, ის ვერ იქნება ბედნიერი, სანამ მილიარდს არ შეაგროვებს. თქვენს თავზე რას იტყვით? ბედნიერი ხართ?

როდესაც გადავხედე, როგორ ვარ, რა ურთიერთობებში ვარ, აღმოჩნდა რომ, დიახ, ბედნიერი ვარ იმით, რაც მაქვს.

–  რა არის ის, რაც მთელი გულით გინდათ და ჯერ ვერ განახორციელეთ?
პანდემიის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე, ლაბორატორია გავხსენი აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტთან, მაგრამ კვლევები, რომელთაც ვგეგმავდი, პანდემიური ვითარებიდან გამომდინარე, ვერ განვახორციელე. თუმცა, იმედი მაქვს, ეს ყველაფერი მალე დასრულდება და კვლევით საქმიანობას გავაგრძელებთ.

 

ავტორი: მარიტა ბიბილაშვილი

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის, ციფრული მედია და კომუნიკაციის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტი.

ინტერვიუ მომზადდა სასწავლო კურსის “ინტერვიუ ციფრულ მედიაში” ფარგლებში (პროფ. ია ანთაძე)


რადიო IBSU

რადიო IBSU

Current track
TITLE
ARTIST