შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის
მედია ცენტრი

როგორ მიმდინარეობს სასწავლო პროცესი უნივერსიტეტებში კოვიდ 19 -ის პირობებში ?

29/11/2021

პანდემიამ სწავლის კურსი რადიკალურად შეცვალა.  სწავლების ორი რეჟიმი გამოიკვეთა. პირველი ეს არის ჰიბრიდული, რომელიც მოიცავს, როგორც ონლაინ, ასევე, სააუდიტორიო სწავლებას ერთდროულად. ხოლო მეორე  სრულ ონლაინ სწავლებას, რომელიც მხოლოდ კომპიუტერულ რეჟიმშია.

ონლაინ სწავლებას, რა თქმა უნდა, სირთულეები ახლავს. ეს საკითხი სტუდენტთა შორის აზრთასხვაობას იწვევს. თუ როგორ მიმდინარეობს სწავლება და რამდენადაა დაცული რეგულაციები უნივერსიტეტებში, ამასთან დაკავშირებით ვესაუბრეთ სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტს, რომელთა აზრი ერთმანეთისგან განსხვავდება.

___________

„კავკასიის უნივერსიტეტში, ჩვენი სწავლების რეჟიმი ჰიბრიდულია, ამჟამად ჩვენ ლექციები ონლაინ გვაქვს, მაგრამ გამოცდები აუდიტორიაში გვიტარდება. ჩემი აზრით, ეს ძალიან საშიშია და ვცდილობ ყველანაირად ავირიდო ჩემს კურსელებთან კონტაქტი გამოცდების დროს. ვფიქრობ, სწავლება უნდა იყოს სრული ონლაინ რეჟიმით, ამით ჩვენ საფრთხეს შევამცირებთ და წლის ბოლოს ბევრად ნაკლები დაინფიცირებული იქნება თბილისში“, განაცხადა ლიზი ოდიშარიამ, კავკასიის უნივერსიტეტიდან.

„არ მაქვს პრობლემა იმისა, რომ ვიარო უნივერსიტეტში ამ პერიოდშიც კი, რადგან სწავლა ბევრად ეფექტურია, როდესაც ეს ხდება პირისპირ. ონლაინ სწავლების დროს ზოგს შეიძლება ჩაეძინოს,

უბრალოდ გავიდეს ლექციიდან და ა.შ. რაც პირდაპირი დასწრების შემთხვევაში არ მოხდება. რაც შეეხება ვირუსის გავრცელებას აუდიტორიაში, ამის თავიდან არიდება შესაძლებელია ძალიან მარტივად, მთავარია ვატაროთ პირბადე ყველგან და მხოლოდ მნიშვნელოვანი საქმის დროს მოვიხსნათ, დავიბანოთ ხელები ხშირად და თუ ვამჩნევთ, რომ რაიმე სიმპტომი მაინც გვაქვს გავაფრთხილოთ ლექტორი”, აღნიშნა შიო ბერიძემ, თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტმა.

„ყველა რეგულაცია დაცულია, უნივერსიტეტის ტერიტორიაზე ტემპერატურის გაზომვის გარეშე არ გიშვებენ. თუ 37 გრადუსს გადაცდა, ფაქტობრივად, ვერ შემოხვალ. კაფეტერიაში ერთ მაგიდასთან ორზე მეტი ადამიანის დაჯდომა აკრძალულია. ლექციების დროს ლექტორსაც და სტუდენტებსაც პირბადე უკეთიათ. თამამად, შემიძლია ვთქვა რომ სწავლის ხარისხი ჩემს უნივერსიტეტში მაღალია. ძალიან კმაყოფილი ვარ, აუდიტორული დასწრება ბევრად პროდუქტიულია“, ჰიბრიდული სწავლების სასარგებლოდ თავისუფალი უნივერსიტეტის კიდევ ერთი სტუდენტი, ქეთევან პირტახია გვიზიარებს მოსაზრებას.

„სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები დავდივართ მხოლოდ პრაქტიკულ საგნებზე, რადგან მოგეხსენებათ, ეს სფერო შეუძლებელია სტუდენტმა ონლაინ შეისწავლოს. ჩვენ მოგვცეს უფლება, აცრის მიუხედავად, აგვერჩია ონლაინ გაგვეგრძელებინა სწავლა თუ ჰიბრიდულ რეჟიმში. უნივერსიტეტში მაქსიმალურად დაცულია რეგულაციები, რათა თავიდან ავიცილოთ ვირუსის გავრცელება და მშვიდად განვაგრძოთ აუდიტორიებში სწავლა. რა თქმა უნდა, მე ძალიან მომწონს და მივესალმები ადმინისტრაციის გადაწყვეტილებას. ვფიქრობ, აუდიტორიაში ჩატარებული ლექცია/სემინარები ბევრად პროდუქტიული და შედეგის მომტანია. ვისურვებდი, ყველა სტუდენტს ჰქონოდეს საშუალება იაროს უნივერსიტეტში, რათა ნამდვილი სტუდენტური ცხოვრება შეიგრძნონ“, ამბობს ანი ჩიქოვანი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ერთ-ერთი სტუდენტი და აქვე, იმასაც აღნიშნავს, რომ უნივერსიტეტში ინფიცირების შემთხვევა დადასტურებულა. ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, მთლიანი ჯგუფი დროებით ონლაინ სწავლებაზე გადავიდა.

საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის სტუდენტი მარიამ ხომერიკი ფიქრობს, რომ ჰიბრიდული სწავლება ბევრად ოპერატიულია და მომავალშიც უნდა დაინერგოს სასწავლო დაწესებულებებში. თუმცა, იმასაც აღნიშნავს, რომ ამ ტიპის სწავლების მეთოდი სტუდენტებისგან მოითხოვს ინტერნეტთან წვდომასა და ტექნოლოგიების რესურსს, რაც დაკავშირებულია ფინანსურ საკითხებთან. „თავიდან მეც მეგონა, რომ მსგავსი მიდგომა ვერ გაუსწორდებოდა “კლასიკურს”, თუმცა დღეს ვფიქრობ, ჰიბრიდული სწავლება უნდა დაინერგოს ყველა სასწავლო დაწესებულებაში. მახსოვს პირველი კურსის განმავლობაში მიწევდა სეუ-ს ბიბლიოთეკაში დიდი დროის გატარება, თუმცა, ახლა სტუდენტთა პლათფორმაზე, ადგილმდებარეობის მიუხედავად, მარტივად შეგვიძლია სასწავლო პროცესისთვის საჭირო მასალის მოძიება. იმის თქმა მსურს, რომ ჰიბრიდული სწავლების მეთოდები ჯერ კიდევ ვითარდება ჩვენს ქვეყანაში და მომავალში უფრო სრულყოფილი იქნება“, ამბობს მარიამი.

მარიამ ცარციძეც, ამავე უნივერსიტეტის სტუდენტი, აღნიშნავს, რომ ჰიბრიდული სწავლება ყველაზე კარგი ალტერნატივაა დღეს, რადგან ორივე მხარეს თავისი არჩევანისამებრ შეეძლოს განათლების მიღება. „ონლაინ სწავლებისას ტექნიკური პრობლემები იქმნება. ინტერნეტის შეფერხება, კარგი მონაცემების კომპიუტერის არქონა. ამიტომ, ყველა სტუდენტი სრულფასოვნად ვერ ახერხებს ლექციებზე დასწრებას. მეორე მხრივ, უნივერსიტეტის ძალიან კარგი მზაობის მიუხედავად, რთულია ამდენი სტუდენტის გაკონტროლება და დაინფიცირების შანსი დიდია“.

 

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შორისაც აზრთა სხვაობა იკვეთება. ამუკა ქორიძე, ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის სტუდენტია, მისი თქმით, ცალსახად ონლაინსწავლებას უჭერს მხარს, რადგან ამან ახალი შესაძლებლობები გაუჩინა. როგორიცაა, სამსახურთან სწავლის შეთავსება, მეგობრების ნახვა, წესიერი მეცადინეობა და დასვენება. „ჩემთვის ჩემი ფიზიკურ-ფსიქოლოგიური ჯანმრთელობა ძალიან მნიშვნელოვანია. უნივერსიტეტში სიარული დიდ ენერგიას მართმევდა. პირადი აქტივობებისთვის დრო აღარც მრჩებოდა, სამსახურზე საუბარი ზედმეტი იყო“. ის არგუმენტი, რომ დისტანციურ რეჟიმზე ყოფნით სწავლების ხარისხი დაბალია, მისთვის არალეგიტიმურია. „როგორც გადაცვეთილად არ უნდა ისმოდეს, ვისაც სწავლა უნდა, ისწავლის. მოწადინებული სტუდენტები, პრაქტიკულ საგნებსაც წარმატებით ვასრულებთ“, აღნიშნავს ამუკა, ჩვენთან საუბრისას.

ამავე უნივერსიტეტის სტუდენტია დეა კოლოტაური, იგი არ ეთანხმება ონლაინ სწავლებას და ჰიბრიდული სწავლების მეთოდს ამჯობინებს. „პირდაპირი შეხება იმ ყველაფერთან, რასაც ვსწავლობთ გაცილებით მრავლისმომცემი იქნებოდა. სამწუხაროდ, ჩვენს უნივერსიტეტში სწავლება მთლიანად ონლაინ მიმდინარეობს. მესამე კურსზე, როდესაც ნელ-ნელა ჩვენი პროფესიისათვის ყველაზე აუცილებელ უნარ-ჩვევებს ვეუფლებით, საკმაოდ რთულია მხოლოდ დისტანციურ რეჟიმში ამ ყველაფრისათვის ფეხის აწყობა და შესწავლა. ამიტომ, მე სწავლის ჰიბრიდულ მეთოდს ვემხრობი“.

ჰიბრიდული სწავლება დაიწყო შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმაც. მიუხედავად იმისა, რომ აუდიტორიებში სწავლების მსურველ სტუდენტთა რაოდენობა უფრო ნაკლები იყო, ვიდრე ონლაინ სწავლების მომხრეები, უნივერსიტეტმა აუდიტორიები ამ მცირე ნაწილისთვის მაინც გახსნა. „უნივერსიტეტი ყოველთვის ითვალისწინებს სტუდენტების მოსაზრებებს და ამიტომ მცირე ნაწილისთვის მაინც გავხსენით აუდიტორიები. სწავლება მიმდინარეობს რეგულაციების სრული დაცვით, ორჯერადად აცრილებისთვის, მათთვის ვინც ბოლო 6 თვეში გადაიტანა კოვიდი ან 72 საათში ერთხელ წარმოადგენს პისიარ ტესტის პასუხს. ჩატარდა დეზინფექცია. დიდი იმედი მაქვს, რომ სტუდენტები შეძლებენ აქტიურ სტუდენტურ ცხოვრებას. უნივერსიტეტის ადმინისტრაცია ამისთვის ყველაფერს აკეთებს“, ამბობს უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, თამარ შოშიაშვილი.

დათო მათიაშვილი შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის მიმართულების სტუდენტია. მისი აზრით, ჰიბრიდული სწავლების მეთოდი მეტად პრიორიტეტულია. „მიუხედავად იმისა, რომ ონლაინ სწავლება კომფორტის ზონაში გვამყოფებს, ეს ცუდად აისახება განათლების ხარისხზე. პირისპირ კომუნიკაცია უფრო საფუძვლიან შედეგს იძლევა“.

ონლაინ სწავლების სასარგებლოდ გველაპარაკა, ამავე უნივერსიტეტის სტუდენტი ნინო შაორშაძე. ნინოს თქმით, როდესაც შესაძლებლობა არსებობს იმისა, რომ სახლიდან გაუსვლელად მივიღოთ განათლება, უნდა ავიღოთ სხვების დაცვის პასუხისმგებლობა. „ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, სჯობს სწავლა ისევ ონლაინ ფორმატში დარჩეს. ჩემი აზრით, ჰიბრიდულ სწავლებას გარკვეული რისკები მაინც ახლავს თან. როცა ქვეყანაში ვაქცინაციის დაბალი მაჩვენებელია, უმჯობესია  საფრთხის ქვეშ არ დავაყენოთ არავის ჯანმრთელობა“.

___________

საქართველოში და მეტად განვითარებულ ქვეყნებშიც მნიშვნელოვანი გამოწვევაა მოსწავლეთა ჩართულობა ონლაინ სასწავლო პროცესში, რაც უმეტეს შემთხვევაში, განპირობებულია დისტანციური სწავლებისთვის სათანადო პირობების არქონით.

ონლაინ სწავლების ერთ-ერთი სუსტი მხარე ისაა, რომ მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს არ აქვს საშუალება ონლაინ ლექციებს დაესწროს. მოსწავლეებს არ აქვთ წვდომა ინტერნეტთან და არც საჭირო ტექნიკური მოწყობილობები გააჩნიათ. ეს პრობლემა განსაკუთრებით მწვავეა რეგიონებში.

ამ შემთხვევაში რა უნდა ქნას სტუდენტმა თუ სწავლა ონლაინ რეჟიმში მიმდინარეობს? ამ კითხვაზე ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერისტეტის ლექტორი, ზურაბ ტიკარაძე გვპასუხობს.

„ეს მარტივი პრობლემა არ არის, მაგრამ მოგვარება შესაძლებელია. ახლო მომავალში უნდა დაიგეგმოს იმ სტუდენტების დაფინანსება, რომელთაც არ აქვთ ლექციებზე დასწრების საშუალება. ეს არ იქნება მცირე ხარჯი, მაგრამ ეს ყველაზე სწორ გზად მესახება. სხვა შემთხვევაში, სტუდენტი სრულფასოვნად ვერ მიიღებს განათლებას, რაც უსამართლობაა“.

 

ავტორები: ბაჩო მჭედლიშვილი და ლუკა ქოქოსაძე, ჟურნალისტიკის მიმართულების მესამე კურსის სტუდენტები


რადიო IBSU

რადიო IBSU

Current track
TITLE
ARTIST