შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის
მედია ცენტრი

„რაც შენს გულში იხარშება, ის აუცილებლად უნდა სცადო“ – ინტერვიუ დავით ალადაშვილთან

25/05/2021

ქართველი პიანისტი დავით ალადაშვილი არაერთხელ გამხდარა მრავალი კონკურსისა და ფესტივალის ლაურეატი, როგორც საქართველოში ასევე მის ფარგლებს გარეთ. იგი ჯულიარდის სკოლის (ნიუ-იორკი) კურსდამთავრებულია. მას კრიტიკოსები ხშირად უწოდებენ: „ახალგაზრდა ვირტუოზი, დაბადებული სცენისთვის“. იგი გვიყვება თავისი პროფესიის შესახებ და გვიზიარებს საინტერესო მოსაზრებებსა და რჩევებს.

მის მიერ 2013 წელს ჩაწერილმა სადებიუტო ალბომმა “Opus 13” დიდი წარმატება ჰპოვა. ამ ალბომთან ერთი საინტერესო ფაქტია დაკავშირებული. 13 რიცხვი პიანისტის საყვარელი ციფრი ყოფილა. სწორედ, აქედან მომდინარეობს მისი სახელწოდება. თვითონ 13 აპრილს, პარასკევს დაბადებულა. ალბომიც პარასკევს 13 რიცხვში გამოვიდა. პიესები, რომლებიც შევიდა ალბომში, არის შუმანისა და სკრაბინის მეცამეტე თხზულებები. ასევე, ამ ალბომისთვის დავითის ცამეტმა მეგობარმა შექმნა პატარა მინიატურები. ალბომის ციფრული ვერსია და მისი ონლიან გამოწერა დღესაც შესაძლებელია. თუმცა, საქართველოში იგი გაყიდვაში არ ყოფილა. პიანისტი იმედს გვაძლევს, რომ შესაძლოა ალბომი ქართული ანოტაციით ხელახლა გამოვიდეს.

ყველა ჩატარებული კონცერტი განსაკუთრებულად კარგად ახსოვს, თუმცა მათგან გამოყოფდა კონცერტების ტურნეს, რომელიც სამი წლის წინ მეგობრებთან და მაგთისთან ერთად, სწორედ, საქართველოში მოაწყო. პროექტს ერქვა “პიანინო” და სულ ორი კვირა მიმდინარეობდა. ამ დროის განმავლობაში 43 კონცერტი ჩაატარეს საქართველოს სხვადასხვა სოფელსა და ქალაქში. მანქანაზე დამონტაჟებული პიანინოთი მთელი საქართველო შემოიარეს და კურიოზებით და თავგადასვლებით სავსე იყო თითოეული გაჩერება.

„ამ ტურნეში ყველაზე მნიშვნელოვანი ის იყო, რომ ვუკრავდით იმ ადამიანებისთვის, რომლებმაც პირველად მოისმინეს კლასიკური მუსიკა. როდესაც ახალგაზრდები პირველად ისმენენ ფორტეპიანოს ხმას და  ბედნიერება იმისა, რომ მათ კლასიკური მუსიკა გააცნო, გერგო შენ წილად – ეს არის ყველაზე დიდი პატივი, რადგან ერთია დაუკრა საკონცერტო დარბაზში კრიტიკოსების თვალწინ, ხოლო მეორეა ადამიანი აზიარო იმ სამყაროს, რომელსაც შენ ემსახურები“ამბობს დავითი და  ყურადღებას ამახვილებს ახალგაზრდებში კლასიკური მუსიკის მიმართ ინტერესის ნაკლებობაზეც. მისი თქმით, მთელ მსოფლიოში დგას ეს პრობლემა. ახალგაზრდები აღარ არიან დარბაზებში. მიუხედავად ამისა, მისი აზრით, კლასიკური მუსიკა ყოველთვის იქნება საინტერესო და აქტუალური, რადგან ის აბსტრაქტული სამყარო, რაც ასე გვხიბლავს მხოლოდ მას და ჯაზს აქვს. მათ არ სჭირდებათ სიტყვები არც ენის ცოდნა. უნდა მიენდო, მოუსმინო და მიხვდები, რომ ეს რაღაც განსაკუთრებულია.

იმის ფონზე, რომ დღეს, როდესაც ყველაფერი გაციფრულდა, ინდივიდუალური გახდა პროდუქციის მოხმარება და თავად ირჩევს მსმენელი რისი მოსმენა სურს, დავითი აღნიშნავს თანამედროვე ტექნოლოგიების სასიკეთოდ გამოყენების მნიშვნელობას მუსიკის სფეროში.

„უკვე ჩემი შემდეგი თაობის წარმომადგენლები ძალიან სწორად და პროდუქტიულად იყენებენ ტექნოლოგიებს. სანდრო ნებიერიძე, სანდრო გეგეჭკორი და გიორგი გიგაშვილი – ეს „სამი მუშკეტერი“ პიანისტი ყოველთვის აქტიურად ცდილობს ახალ თაობას გაუღვივონ კლასიკური მუსიკის სიყვარული.

მსოფლიოში შექმნილმა ვითარებამაც ხელი შეუწყო ტექნოლოგიების უფრო ხშირ გამოყენებას. საკონცერტო დარბაზის აუდიტორიამ გადაინაცვლა ონლაინ. ზოგს ეს ფორმატი მოსწონს, ზოგს ნაკლებად. ჩვენი რესპონდენტი მიუხედავად იმისა, რომ მიესალმება ციფრული მედიის გამოყენებას პროგრესისთვის, იგი გვამახვილებინებს ყურადღებას იმაზეც, რაც, მისი აზრით, არასდროს შეიცვლება. ეს არის ცოცხალი მუსიკის მოსმენა. „როდესაც როიალიდან ბგერა გაჟღერდება, ის ემოცია და აურა, რომელიც იქიდან მოდის – უნიკალურია. როდესაც კონცერტზე მიდიხარ და მთელი დღე ელოდები დარბაზში შესვლას ან როდესაც შემსრულებელი ხარ, მთელი დღე ემზადები სცენაზე გასავლელად. ეს ქიმია ყოველთვის დარჩება. თუმცა, დარწმუნებული ვარ, რაღაცები შეიცვლება და უფრო საინტერესო გახდება“ – ამბობს დავით ალადაშვილი.

საკონცერტო დარბაზში ამჯობინებს, რომ ტელეფონები საერთოდ არ იყოს. აუდიტორიას ხშირად მოუწოდებს არ გადაიღონ კონცერტი, განსაკუთრებით მაშინ როდესაც ცოტა ხალხი ესწრება და ინტიმური გარემო იქმნება. იგი გვეუბნება, რომ კონცერტი კარგი საშუალებაა გვერდზე გადადო ყველა ცხოვრებისეული პრობლემა და სხვა სამყაროში გადაეშვა. ადამიანი, რომელიც მოგენდო და დაგითმო დრო, სახლში უნდა გაუშვა სულიერად უკეთესი, დადებითი ემოციებით დამუხტული.

„ყველაზე დიდი კომპლიმენტია, როდესაც ადამიანი მოდის და გეუბნება, შენს კონცერტზე ვიყავი და დღემდე მომყვება ის ემოციაო. ეს იმას ნიშნავს, რომ შენ მას მიეცი ის რაც იმ დროს ყველაზე მეტად სჭირდებოდა“.

დავითი ამბობს, რომ მუსიკა ისეთი სფეროა, სადაც სულ შეყვარებული ხარ. შეყვარებული ხარ კომპოზიტორზე, შემსრულებელზე, პედაგოგზე და სწორედ ეს გაძლევს სტიმულს, რომ დაუკრა. როდესაც პირველად შეეხო ფორტეპიანოს, მის ირგვლივ ბევრი ისეთი ადამიანი აღმოჩნდა, რომელმაც შთააგონა და შეაყვარა ეს პროცესი. „ასეთი ადამიანი არის დედაჩემი. მან მასწვლა ნოტების კითხვა და დღემდე დედაჩემი რჩება ჩემს ყველაზე დიდ კრიტიკოსად, შემფასებლად. ასევე, შთამაგონებდნენ ის მუსიკოსები და პედაგოგები, რომლებთანაც გამიმართლა და მოვხვდი მოსწავლისა თუ მსმენელის ამპლუაში“.

გარდა ამისა, ინსპირაციის წყაროს მისთვის  ტელევიზიაც წარმოადგენს. დავითის მეორე პროფესიაა – ჟურნალისტიკა. ამბობს, რომ ტელევიზია სცენაზე გასვლას უტოლდება. სხვადასხვა პიროვნებისა და თემის გაცნობა, მისთვის ერთ-ერთი განტვირთვის ფორმაა. მიღებული ინფორმაცია და გამოცდილება უფრო მრავალფეროვანს ხდის სამეცადინო პროცესს. „პიესაში, შესაძლოა გაჩნდეს კითხვა რას  გულისხმობდა კომპოზიტორი კონკრეტულად ამ მომენტში ან რა ემოცია იყო ჩადებული მასში. როდესაც დიდი ცხოვრებისეული გამოცდილება გაქვს, ადვილია პასუხის გაცემა. ეს ორი ერთმანეთს ავსებს.“

პანდემიის პერიოდში მიხვდა, რომ კიდევ უფრო მეტი მუშაობა შეეძლო. სწორედ, პანდემიამ და პედაგოგის, დოდო ცინცაძეს რჩევამ გადააწყვეტინა სწავლა კონსერვატორიაში დოქტურანტურის საფეხურზე გაეგრძელებინა, სადაც როგორც, თვითონ ამბობს, ახალი შთაგონების წყარო იპოვა, ეს მისი პედაგოგი მანანა დოიჯაშვილია. თუ პანდემიამდე მეცადინეობისთვის დრო არ რჩებოდა, ახლა ამბობს, რომ უფრო მშვიდად და სწორად შეუძლია მოამზადოს ნაწარმოებები კონცერტებისთვის. „ვფიქრობ, ეს დრო სწორად უნდა გამოვიყენოთ და საკუთარი თავები უკეთესი გავხადოთ.“

იგი ახალგაზრდებს, პირველ რიგში, ურჩევს აკეთონ ის რაც თვითონ სურთ და იარონ საკუთარი მიზნებისკენ. „ის, რაც შენს გულში იხარშება, ის აუცილებლად უნდა სცადო, წინააღდმეგ შემთხვევაში გული დაგწყდება, რომ არ გააკეთე როცა შეგეძლო. არ შეუშინდეთ ექსპერიმენტებს, ვინმეს შეწუხებას, რაიმეს მოთხოვნას. ოღონდ ეს ყველაფერი უნდა იყოს დაუღალავი შრომის ფონზე, რადგან აუცილებელია შენს თავზე მუშაობა. უნდა მოახდინოთ თქვენი რეალური სურვილების იდენტიფიცირება  და ბოლომდე მისდიოთ მათ.

 

 ავტორი:
 ანა ჟორჟოლიანი – შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის მიმართულების პირველი კურსის სტუდენტი, მედია ცენტრის ჟურნალისტი

რადიო IBSU

რადიო IBSU

Current track
TITLE
ARTIST