შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის
მედია ცენტრი

,,თუ სამოქალაქო განათლების გაკვეთილზე იმ მოვლენას არ ვეხმაურებით, რაც საზოგადოებას აწუხებს, ეს იმას ნიშნავს, რომ ამ საგანს მხოლოდ ფორმალურად ვასწავლით.”

11/05/2022

მარინა უშვერიძე

მარინა უშვერიძე სამოქალაქო განათლების კონსულტანტი და ორგანიზაციის „PH International – საქართველო“ წარმომადგენელია. ის უკვე მრავალი წელია საქართველოში სამოქალაქო განათლების ხარისხიანი სწავლებისა და სახელმძღვანელოებში არსებული საკითხების პრაქტიკულად განხორციელებისათვის მუშაობს. საქართველოს სკოლებში სამოქალაქო განათლება 15 წელია, რაც ისწავლება, თუმცა, მარინა უშვერიძე ამბობს, რომ მნიშვნელოვანი ამ საგნის სწავლების ხარისხია და არა უბრალოდ სასწავლო პროგრამაში არსებობა. მათმა ორგანიზაციამ ბოლო ათწლეულის მანძილზე, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დაფინანსებით, 1500-მდე სკოლასთან სამოქალაქო განათლების სწავლების ხარისხის ამაღლების მიზნით იმუშავა და ახლა ამდენწლიანი გამოცდილების შედეგს გვიზიარებს

– რა მნიშვნელობა აქვს სკოლებში სამოქალაქო განათლების სწავლებას?

– თუ ჩვენ გვინდა, საქართველო დემოკრატიული ქვეყანა იყოს, ამისთვის აუცილებელია, ქვეყანაში არსებობდეს ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება და მაღალი სამოქალაქო თვითშეგნების მოქალაქეების კრიტიკული მასა.

სამოქალაქო თვითშეგნებას ზრდასრულ ასაკში ვერ ჩამოიყალიბებს ადამიანი, ასეთი აზროვნება საბავშვო ბაღის ასაკიდან ყალიბდება და ერის კულტურის ნაწილი ხდება.

თუ ადამიანთა უმრავლესობა მხოლოდ ვიწრო პირადი ინტერესებით ცხოვრობს და საერთო საზოგადოებრივი საკითხები არ ადარდებს, ისინი დემოკრატიულ ქვეყანას ვერ ააშენებენ. სამოქალაქო განათლება სწორედ იმისთვის გვჭირდება, რომ ვისწავლოთ საკუთარ ქვეყანაზე ზრუნვა, ჩვენი წვლილის შეტანა ქვეყნის კეთილდღეობაში, მოვთხოვოთ მთავრობას ანგარიშვალდებულება და გამჭვირვალობა, გავაცნობიეროთ და შევასრულოთ ჩვენი მოქალაქეობრივი მოვალეობები და დავიცვათ ადამიანის უფლებები. როდესაც ხმას ვიმაღლებთ ადამიანის უფლებების დარღვევის, ან არადემოკრატიული რეჟიმის წინააღმდეგ, ამით საერთო საქმეს ვაკეთებთ… იმ საერთო საქმეს, რომელშიც, საბოლოო ჯამში, თითოეული ჩვენგანის ინტერესია. სწორედ იმის გაცნობიერება, რომ საერთო საქმე  თითოეული ჩვენგანის საქმეა, არის გადამწყვეტი საკითხი ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის.

– შეგიძლიათ, გაიხსენოთ წარმატებული პროექტების მაგალითები, როდესაც ბავშვებმა ამ საგნის ფარგლებში დაგეგმეს აქტივობები და რეალური შედეგი ნახეს?

-სამოქალაქო განათლების სწავლებას პრაქტიკული საქმიანობის გარეშე არანაირი აზრი არ აქვს. სწორედ ამიტომ, პროექტები ამ საგნის ყველაზე სახალისო, საინტერესო და შედეგიანი ნაწილია. მოსწავლეები თავად ირჩევენ პრობლემას და პროექტის მეშვეობით მის მოგვარებას ისახავენ მიზნად. ისინი, ჩვეულებრივ, დიდი ენთუზიაზმით ეკიდებიან ამ საქმეს და ხშირად დგება სასურველი შედეგი. რამდენიმე მაგალითს ჩამოვთვლი:

რუსთავის #3 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრებმა გამოკითხეს მოსახლეობა და აღმოაჩინეს, რომ ბევრ ადამიანს მათი სკოლის მახლობლად მოძრაობა ფეხით მოსიარულეთათვის სახიფათოდ მიაჩნდა. მოსწავლეებმა წერილით მიმართეს რუსთავის მერიას და „ზებრა“ გადასასვლელის მოწყობა სთხოვეს. მათი აქტიურობის შედეგად, ქალაქის ერთ-ერთ გზაჯვარედინზე „ზებრა“ გადასასვლელი დაიხაზა.

სოფელ ოსიაურის სასკოლო სამოქალაქო კლუბის წევრებმა სკოლასა და სოფელში არსებული გარემოს გაუმჯობესება დაისახეს მიზნად. ისინი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდნენ და მათ მოსახლეობის გამოკითხვის შედეგები გააცნეს. ამავე შეხვედრაზე იმსჯელეს, თუ რა შეიძლება გაკეთებულიყო სოფელში გარემოს გასაუმჯობესებლად. მოსწავლეთა ძალისხმევის შედეგად, ადგილობრივმა ხელისუფლებამ სოფელში ნაგვის ურნები დადგა, ხოლო სკოლას 90 მარადმწვანე ნერგი გადასცა, რომელიც სკოლის ეზოსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაირგო. ბუნებრივია, სკოლის გარემოს მოწესრიგების პროცესში სასკოლო სამოქალაქო კლუბის წევრებმა აქტიური მონაწილეობა მიიღეს.

სამცხე-ჯავახეთში სოფელ მლაშეს სკოლის მოსწავლეებმა ჯერ საჭიროებების გამოიკვლიეს სოფელში, ხოლო შემდეგ პეტიციები მოამზადეს, ხელმოწერები შეაგროვეს და ადგილობრივ თვითმმართველობას მიმართეს. ამ მიმართვის შედეგად, სოფელში სპორტული ინვენტარით აღჭურვილი გარე სივრცე მოეწყო. სივრცის არსებობა მოსახლეობაში სპორტულ აქტივობას და ჯანსაღი ცხოვრების წესს შეუწყობს ხელს.

რამდენად მნიშვნელოვანია ამ პროცესში მასწავლებლების ჩართულობა?

– სამოქალაქო განათლების ხარისხიანად სწავლების საქმეში მასწავლებლის როლი არის გადამწყვეტი. ეს არის ღირებულებითი სწავლება, ამიტომ უმნიშვნელოვანესია, რომ ვინც სამოქალაქო განათლებას ასწავლის, ის თავად იყოს მაღალი სამოქალაქო თვითშეგნების მქონე. მაღალი სამოქალაქო თვითშეგნება დღევანდელ საქართველოში ნიშნავს გამბედაობას, სიმართლისა და თანასწორობისთვის ბრძოლას, ძალაუფლების მქონე პირთათვის წინააღმდეგობის გაწევას იქ, სადაც შეიძლება ბევრმა ვერ გაბედოს ხმის ამოღება. აღზრდისას მაგალითის ძალა ძალიან დიდი ფაქტორია. სწორედ ამიტომ, პედაგოგებს უმნიშვნელოვანესი მისია ეკისრებათ. მართალია, პროექტებისთვის თემებს თავად მოსწავლეები ირჩევენ, მაგრამ პედაგოგის ხელშეწყობის გარეშე, პროექტის განხორციელება ძალიან რთულია. პროექტული სწავლება მასწავლებლის მხრიდან დიდ დროსა და ენთუზიაზმს მოითხოვს, მაგრამ შედეგი ნამდვილად ღირს ამად.

–  წლებთან ერთად, მასწავლებლების კომპეტენცია გაიზარდა?

– სამოქალაქო განათლებას დღეს ბევრი მონდომებული და საკუთარ საქმეზე შეყვარებული ადამიანი ასწავლის. მრავალი მათგანი მუდმივად იმაღლებს კომპეტენციას, დანერგილია „პროფესიული გაზიარების კულტურა“. იმ პედაგოგების დიდი ნაწილი, რომლებთანაც ჩვენ წლების მანძილზე ვიმუშავეთ, ერთმანეთს კრიტიკოსად კი არა, გამოცდილების გამზიარებლად და კარგ მრჩევლად აღიქვამს. აშშ-ის განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით შეიქმნა სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმი – პროფესიული ასოციაცია, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში ზრუნავს პედაგოგების პროფესიულ განვითარებაზე. ამ ორგანიზაციის კარი ყველა დაინტერესებული და მონდომებული პედაგოგისთვის ღიაა. რომ შევაჯამოთ, დიახ, ამდენი ძალისხმევის შედეგად, ნამდვილად გაიზარდა პედაგოგთა კომპეტენცია, თუმცა, ეს უწყვეტი და მუდამ განახლებადი პროცესია.

– რამდენად პასუხობს სახელმძღვანელოები თანამედროვე გამოწვევებს?

– ვფიქრობ, რომ ერთი კონკრეტული სახელმძღვანელო ვერასდროს უპასუხებს ყველა გამოწვევას. ნებისმიერი საგნის და, მით უფრო, სამოქალაქო განათლების სწავლებისას უმნიშვნელოვანესია, მასწავლებელმა და მოსწავლეებმა ბევრი სხვადასხვა წყაროდან მოიძიონ საჭირო ინფორმაცია. ასევე, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების საკლასო ოთახში განხილვას.

თუ სამოქალაქო განათლების გაკვეთილზე იმ მოვლენას არ ვეხმაურებით, რაც საზოგადოებას აწუხებს, ეს იმას ნიშნავს, რომ ამ საგანს მხოლოდ ფორმალურად ვასწავლით.

– სამოქალაქო განათლების ფარგლებში სქესობრივი განათლების კომპონენტიცაა განსაზღვრული. თქვენი აზრით, რამდენად მნიშვნელოვანია ამ საკითხების მოსწავლეებისთვის მიწოდება?  

-სქესობრივი განათლება ასე პირდაპირ სამოქალაქო განათლების თემა არ არის, თუმცა, ხარისხიან სამოქალაქო განათლებას ბავშვებისა და მოზარდების ინტერესების დაცვა ამ მხრივაც შეუძლია. მაგალითად, სამოქალაქო განათლების ერთ-ერთი თემაა ნაადრევი ქორწინება, როგორც ადამიანის უფლების დარღვევა. ეს თემა უპირისპირდება იმ მახინჯ პრაქტიკას, რომელიც დღემდე არის საქართველოში შემორჩენილი. სამოქალაქო განათლების მასწავლებელს ხშირად საზოგადოებაში ფართოდ გამეფებული სტერეოტიპების წინააღმდეგ წასვლა უწევს. იყო შემთხვევები, როდესაც პედაგოგმა არასწრულწლოვანი გოგონას იძულებითი ქორწინება გააპროტესტა, რასაც სოფლის მხრიდან ამ პედაგოგის მიმართ დიდი რისხვა მოჰყვა. ის მამაცი ადამიანი, რომელიც ამას ბედავს, მოსწავლეებისთვისაც ადამიანის უფლებების დაცვის მაგალითი და უმნიშვნელოვანესი პრეცედენტის შემქმნელია.

– რის გაუმჯობესებას ისურვებდით სკოლებში სქესობრივი განათლების მიმართულებით?

– რაც შეეხება სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხებს, ვისურვებდი, რომ სკოლებში ბიოლოგიის გაკვეთილზე ან, უბრალოდ, მოსწავლეებთან ექსპერტების შეხვედრის ფორმატში, უფრო ღიად ხდებოდეს ამ საკითხებზე საუბარი. სწორი ინფორმაციის დეფიციტი უამრავ არასასურველ მოვლენას იწვევს ბავშვისა და მოზარდის ცხოვრებაში.მაგალითად, ბავშვმა ხშირად არც კი იცის, რა არის სექსუალური ძალადობა, უცხო პირის მხრიდან როგორი ქცევაა მიუღებელი და როგორი რეაქცია უნდა ჰქონდეს ასეთ ქცევაზე. სწორედ ამ ინფორმაციული დეფიციტის გამო, დღემდე არაერთი ბავშვი და მოზარდი გახდა სექსუალური ძალადობის მსხვერპლი.

– ამ სფეროში მუშაობის დიდი გამოცდილება გაქვთ, შეაფასეთ, რა იყო ჩვენს ქვეყანაში სამოქალაქო განათლების ხარისხიანად სწავლების მთავარი მიღწევა?

– მთავარი მიღწევა არის ის, რომ სამოქალაქო განათლებაში პროექტული სწავლების როლი და მოსწავლეთა ინტერესი მნიშვნელოვნად გაიზარდა. პროექტულ სწავლებაზე აქცენტი გაძლიერებულია ბოლო ეროვნულ სასწავლო გეგმაშიც, რომელიც განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ დაამტკიცა. უკვე ბევრმა სკოლამ დანერგა პროექტული სწავლება. მაგრამ, აქვე უნდა ითქვას, რომ დიდი მნიშვნელობა აქვს განხორციელებული პროექტების ხარისხს. რიგ სკოლებში პროექტული სწავლების ხარისხი ჯერ კიდევ დასახვეწია. ხშირად საგნის მიმართ სკოლის ადმინისტრაციის მხარდაჭერა გადამწყვეტი ფაქტორია. იქ, სადაც სკოლის დირექტორს ესმის სამოქალაქო განათლების მნიშვნელობა, სამოქალაქო განათლება უკეთ ისწავლება, ვიდრე იმ სკოლებში, სადაც სამოქალაქო განათლებას ჯერ კიდევ „საათების შემავსებლის“ ფუნქცია აქვს. საბედნიეროდ, ასეთი სკოლების რიცხვი დღითიდღე მცირდება.

 

ავტორი:  თამარ იაკობაშვილი

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის, ციფრული მედია და კომუნიკაციის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტი.

ინტერვიუ მომზადდა სასწავლო კურსის “ინტერვიუ ციფრულ მედიაში” ფარგლებში (პროფ. ია ანთაძე)


რადიო IBSU

რადიო IBSU

Current track
TITLE
ARTIST