შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის
მედია ცენტრი

ელენე განაია სვანეთზე, სვან ახალგაზრდებსა და სამოქალაქო აქტივიზმზე გვესაუბრება

30/04/2020

ენერგიული და სვანეთსა და სვანებზე უზომოდ შეყვარებული ელენე განაია ყველაფერს აკეთებს საყვარელი კუთხისა და მის გარშემო მყოფი ახალგაზრდების განვითარებისთვის. იგი მრავალი პროექტისა და ღონისძიების ავტორია. მან შეძლო გაეცოცხლებინა სვანეთი და აქაური ახალგაზრდებისთვის განვითარების მეტი შესაძლებლობა მიეცა.

 მისი ისტორია 11 წლის წინ დაიწყო, როდესაც თბილისელმა გოგომ სვანი ახალგაზრდა, გიორგი ნაკანი გაიცნო და მასთან ერთად ქალაქიდან მთაში გადაცხოვრდა. მეუღლის გარდაცვალების შემდეგ კი ორ მცირეწლოვან გოგონასთან ერთად  ქმრის ოჯახში დარჩა და მთელი თავისი ძალისხმევა სვანეთის განვითარებისკენ მიმართა.

ინტერვიუში ელენე გვესაუბრება მომავალ გეგმებზე, წარმატებულ პროექტებზე, სვანეთსა და სვან ახალგაზრდებზე.

 

-როგორც ვიცი, თქვენ თერთმეტი წელია რაც სვანეთში ცხოვრობთ, პირად დაკვირვებაზე დაყრდნობით, როგორ ფიქრობთ,  რა მხრივ განვითარდა ყველაზე მეტად საქართველოს ეს კუთხე?

სვანეთის უნიკალური ლანდშაფტი, მატერიალური და არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობა, ტრადიციები და წეს-ჩვეულებები და მთის კულტურა საკმაოდ ბევრ ადამიანს იზიდავს, ტურიზმი ერთ-ერთი წამყვანი დარგია სვანეთში, ათეულ ათასობით სტუმარს მასპინძლობს ოთხივე სეზონზე ეს უნიკალური მხარე. ბოლო ათწლეულის განმავლობაში საგრძნობლად შეიცვალა რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა, საკმაოდ პოპულარულია სამთო-სათხილამურო კურორტები, წლიდან წლამდე იზრდება ტურისტთა რაოდენობა. გამომდინარე იქიდან, რომ რეგიონში გაჩნდა შემოსავლის წყარო, საკმაოდ ბევრი ახალგაზრდა დაბრუნდა. მიმდინარეობს აქტიური უკუმიგრაცია. ასევე, აქტიურად მიმდინარეობს მცირე ბიზნესებისა და საწარმოების განვითარება, იზრდება დასაქმებულთა რაოდენობა, შემცირდა სიღარიბე. აუცილებელია განვითარდეს სოფლის მეურნეობაც, სვანეთის უნიკალური რესურსებიდან გამომდინარე.

-თქვენი აზრით, რა რესურსების ნაკლებობას განიცდის სვანეთი, რის გამოც ფერხდება როგორც რეგიონის, ასევე ახლგზარდების განვითარება?

მკაცრი კლიმატური პირობები და რთული გეოგრაფიული ადგილმდებარეობა. დაშორება ცენტრალური ქალაქებიდან ხშირ შემთხვევაში ინფორმაციის ვაკუუმს ქმნის. განვითარებისთვის უამრავი შესაძლებლობაა, თუმცა ახალგაზრდებს შეზღუდულად მიეწოდებათ ინფორმაცია,  მაღალმთიანი რეგიონის ძირითადი პრობლემებია: ეკონომიკის სუსტი დივერსიფიკაცია, სუსტი ინფრასტრუქტურა, ჯანდაცვასა და სხვა საჯარო სერვისებზე შეზღუდული ხელმისაწვდომობა.

-თქვენ სვანეთში განხორციელებული არაერთი პროექტისა და ღონისძიების ავტორი ხართ, გაიხსენეთ პირველი პროექტი, რომელიც ახალგაზრდებთან ერთად განახორციელეთ.

მესტიის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურს ვხელძღვანელობდი თითქმის 4 წლის განმავლობაში, ჩართული ვიყავი სხვადასხვა ღონისძებების, აქტივობებისა და ახალგაზრდული პროექტების განხორციელებაში, თუმცა, განსაკუთრებით გამოვყოფდი ბავშვთა და ახალგაზრდობის ფონდის მიერ დაფინანსებული ახალგაზრდული კლუბის ბეთქილის ფუნქციონირების აღდგენის პროექტს, რომელიც დაბის 20 ახალგაზრდასთან ერთად შევიმუშავე და გრძელვადიან პერსპექტივაში ეს პროექტი მგდრადი აღმოჩნდა, მას მერე 4 წელი გავიდა და ბეთქილი დღემდე არის ახალგაზრდების თავშეყრის ადგილი(თუმცა სეზონურად) , სადაც მისულ ახალგაზრდას შესაძლებლობა აქვს თავისუფალი დრო საინტერესოდ გაატაროს. 

-როგორც ვიცი,  ადგილობრივი განვითარების ჯგუფი – ზემო სვანეთის  (Local Action Group (LAG) Upper Svaneti) დამაარსებელი და კოორდინატორი ხართ. როგორ გაჩნდა იდეა ამ ორგანიზაციის დაარსებისა და რა მიზანს ისახავს ის?

„ადგილობრივი განვითარების ჯგუფი ზემო სვანეთი“ არის სამოქალაქო ორგანიზაცია, რომელიც აერთიანებს მესტიის მუნიციპალიტეტის 17-ივე ტერიტორიული ერთეულის წარმომადგენელს.  ორგანიზაცია დაფუძნდა ევროკავშირის მხარდაჭერილი პროექტის ENPARD (European Neighbourhood Programme For Agricuture and Rural Development)  ფარგლებში, პროექტს ახორციელებს ორი საერთაშორისო ორგანიზაცია ქეა ავსტრია და პი-ემ-სი კვლევითი ცენტრი.

„ადგილობრივი განვითარების ჯგუფი ზემო სვანეთი (LAG) ” ღია სამოქალაქო პლატფორმაა, რომელიც  არის  ნებაყოფილობითი, დამოუკიდებელი, აპოლიტიკური,  მიუკერძოებელი და დემოკრატიულ ღირებულებებზე დაფუძნებული, ცალკეული ფიზიკური და იურიდიული პირებისგან შემდგარი საზოგადოებრივი გაერთიანება.  მისი საქმიანობა უკავშირდება მესტიის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თემების მობილიზაციას, რათა ხელი შეუწყოს მათ შორის თანამშრომლობას და მათი შესაძლებლობების ზრდას ადგილობრივი განვითარების სტრატეგიის დანერგვისა და განხორციელების  საქმეში. LAG-ი ემსახურება საზოგადოებრივ კეთილდღეობას. ასოციაციის პრიორიტეტული მიმართულებაა სოფლის განვითარება, კერძოდ: სოფლის მეურნეობის კონკურენტუნარიანობის ამაღლების ხელშეწყობა, გარემოს დაცვა, ცხოვრების ხარისხისა და სერვისების გაუმჯობესების ხელშეწყობა.

– თუ არის რაიმე პროექტი, რომელსაც LAG -ის ადგილობრივი ჯგუფი ახორციელებს გლობალური პანდემიის ფონზე?

გლობალური პანდემიის ფონზე მთაში, ისევე როგორც ბარში, ვიცავთ სახელმწიფოს მიერ  დადგენილ წესებს, რეგიონში სრული სიმშვიდეა, მოსახლეობა საკმაოდ მაღალი ცნობიერებით ეკიდება ამ საკითხს, 11 წელია რაც სვანების რძალი ვარ და პირველად ვხედავ ასეთ მშვიდ და წყნარ მესტიას. სამთო კურორტი, რომელიც ოთხივე სეზონზე ათეულ ათასობით ტურისტს მასპინძლობდა, რეგიონი სადაც ტურიზმი ერთ-ერთი წამყვანი დარგი გახლდათ, ახლა დიდი გამოწვევების წინაშეა, დაიხურა ყველა სასტუმრო და კვების ობიექტი, დახურულია სამთო-სათხილამურო კურორტები.

ქვეყანაში გამოცხადებულმა საგანგებო მდგომარეობამ, რაც მოჰყვა კორონა ვირუსის პანდემიას, ადგილობრივ მოსახლეობას  ნათლად დაგვანახა , რომ მხოლოდ ტურიზმის  პრიორიტეტულ დარგად მიჩნევა აღარ არის მართებული და დროა სოფლის მეურნეობის განვითარებაზე დავსვათ მნიშვნელოვანი აქცენტი, ადგილობრივებმა დაიწყეს ფიქრი წლობით მიტოვებული მიწების ათვისებაზე, თუმცა არის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის მწვავე დეფიციტი და ამ მიმართულებით დიდი იმედი გვაქვს ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერის. ეს არის ერთ-ერთი ამოცანა, რომელიც ჩვენი მოსახლეობის წინაშე დგას.

რაც შეეხება ჩვენს ინიციატივას, LAG -ის ახალგაზრდული ფრთის ინიციატივით გაჩნდა იდეა, დავხმარებოდით მესტიის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ შშმ (შეზღუდული შესაძლებლობის მქონე) პირებსა და მარტოხელა მოხუცებს. გამოწვევა გულისხმობს სახლში, თვითიზოლაციის ამსახველი ვიდეოს ან ფოტოს  გადაღებას, ატვირთვას და მეგობრების გამოწვევას.  ყველა ის ადამიანი, ვინც იღებს ვიდეოს, ჩვენს ახალგაზრდულ ფონდში მინიმუმ 5 ლარს რიცხავს, შეგროვილი თანხა სრულად მოხმარდება ქველმოქმედებას! ძალიან ბევრმა ადამიანმა მიიღო გამოწვევა, მათ შორის ქართველმა ემიგრანტებმაც. ისინი  აქტიურად გვიჭერენ მხარს, თანადგომა კი ყველაზე მნიშვნელოვანია. რისთვისაც დიდი მადლობა მათ.

ინტერნეტში საკმაოდ ბევრი გამოწვევაა, ჩვენი იდეის წყარო გახდა კალიფორნიაში მიმდინარე საოჯახო მასკარადის გამოწვევა, რომელიც ჩვენ ცოტა შევცვალეთ და საქველმოქმედო #დარჩი სახლში LAG-ის გამოწვევად ვაქციეთ, რათა LAG-ის სახელით კიდევ ერთხელ დავმდგარიყავით იმ ადამიანების გვერდით, ვისაც ახლა ყველაზე მეტად ვჭირდებით.

მოგეხსენებათ, 70 წელს ზემოთ მოსახლეობას გამოცხადებული კარანტინის ფარგლებში ეკრძალებათ გარეთ გასვლა, ამას ემატება ის, რომ არ არსებობს მუნიციპალური ტრანსპორტი და სოფლების უმეტეს დასახლებებში არ არის სასურსათო მაღაზია, აღნიშნული მდგომარეობიდან გამომდინარე, საზოგადოების ამ ნაწილის მხარდაჭერა ჩვენთვის ერთ-ერთი პრიორიტეტია. რაც შეეხება შშმ პირებს, დიდ ნაწილს აღენიშნება თანმდევი ქრონიკული დაავადებები, რაც ძალიან დიდ რისკ-ჯგუფს წარმოადგენს, შესაბამისად, ჩვენთვის ასევე დიდი პასუხისმგებლობაა მათი მხარდაჭერა.

მინდა აღვნიშნო ჩვენი მეორე ინიციატივაც, რომლის განხორციელებაშიც აქტიურად არის ჩართული ადგილობრივი ბიზნეს სექტორი. დაბა მესტიაში მდებარე  სურსათის მარკეტებში გამოიყო სპეციალური კუთხე, სადაც მისულ მომხმარებელს, სურვილისდა მიხედვით  შესაძლებლობა აქვს  შეიძინოს არამალფუჭებადი პროდუქტი და დატოვოს აღნიშნულ კუთხეში. შემდგომ დატოვებულ პროდუქციას LAG-ის წევრები დაურიგებენ ზემო სვანეთის სოფლებში მცხოვრებ მარტოხელა მოხუცებსა და შშმ პირებს, ვისაც ამის განსაკუთრებული საჭიროება აქვს!

გამოწვევის პირველი ეტაპი დასრულდა სააღდგომოდ. დავიწყეთ 4 აპრილს და დასრულდა 15 აპრილს, სულ შეგროვდა 7000 ლარი, რომელიც შემოწირა 180 ადამიანმა, აღნიშნული შემოწირულობით სასურსათო კალათები შევუძინეთ და გადავეცით 120 ოჯახს, რომელთა უმეტესობასაც წარმოადგენენ უკიდურესად გაჭირვებული შშმ პირები და მარტოხელა მოხუცები.

ახლა მეორე ეტაპი წამოვიწყეთ, რადგანაც სამწუხაროდ საკმაოდ ბევრი შეჭირვებული ოჯახია, ამ ეტაპზე 3000 ლარამდე მოვაგროვეთ. ნამდვილად არ ველოდით მსგავს ჩართულობასა და გამოხმაურებას, ზემო სვანეთის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის სახელით, მსურს განსაკუთრებული მადლობა გადავუხადოთ ჩვენს პარტნიორ და გულშემატკივარ ადგილობრივ ბიზნესებს, ყველა მოქალაქეს, LAG-ის თითოეულ წევრსა და ჩემი პროექტის გუნდს,  მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობის, ნდობისა და თანადგომისთვის.

მიხარია, რომ LAG-ის წევრი ვარ. ეს არის  შესაძლებლობა, რომელიც ზემო სვანეთის რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ცვლილებაში ბევრ პოზიტივს ჩადებს.

-ერთ-ერთ ინტერვიუში ახსენეთ, რომ 13-17 წლამდე ასაკის ახალგაზრდებს ასწავლით ინგლისურ ენას და რომ ეს თქვენთვის დიდი გამოწვევაა.  როგორია ელენე, როგორც მასწავლებელი და როგორ გაუმკლავდით ამ ახალ გამოწვევას?

Access-ის პროექტი (PH/Georgia English Language Programs) ჩემთვის თავიდანვე დიდი გამოწვევა იყო, ეს არის უნილაკური შესაძლებლობა იმ ახალგაზრდებისთვის, რომელთა ასაკიც არის  13-17 წლამდე. ასევე, არიან სოციალურად დაუცველნი  და მრავალშვილიანი ოჯახებიდან. რაც მთავარია, აქვთ სურვილი ინგლისური ენის ცოდნის გაღრმავების. უკვე 4 წელია ამ პროექტში ვარ ჩართული და ძალიან მახარებს თითოეული ის წუთი, რაც ამ ახალგაზრდებთან ერთად გავატარე, პირველ ეტაპზე მყავდა 13 მოსწავლე, ახლა 20 მოსწავლე მყავს, თითოეული მათგანი უნიკალური და ღირსეული პიროვნებაა. რადგანაც გარდატეხის ასაკში მყოფ მოზარდებთან მიწევს ურთიერთობა, განსაკუთრებით საინტერესოა მიმდინარე პროცესები, უყურებ როგორ იზრდებიან და ყალიბდებიან და მერე გიხარია რომ ის შენი მოსწავლეა და გული სიამაყით გევსება. სანამ მათ შევხვდები ცალკე მე ვემზადები და ვმეცადინეობ, უწყვეტი სწავლა და განვითარება ყველასთვის მნიშვნელოვანია.

-როგორ დაგვიხასიათებდით, მთის შვილებს, განსაკუთრებით კი, სვან ახალგზარდებს?

განსაკუთრებული თვისებებით გამოირჩევიან სვანი ახალგაზრდები, განსხვავებულ გარეგნობასთან ერთად მათში საოცარ სულისკვეთებას შეამჩნევთ. ნამდვილი ადამიანები არაინ, მტკიცე, ურყევი ხასიათით. ერთგულება, წინდახედულობა, გულწრფელობა მათი თანმდევი თვისებებია, ძალიან უშუალონი და უბრალონი, სუფთა ადამიანები არიან. ჩემთვის ერთ-ერთი დიდი საგანძურია მათი არსებობა ჩემს ირგვლივ.

 

-რასთან ასოცირდება თქვენთვის საქართველოს მთიანი კუთხე სვანეთი?

ჩემთვის სვანეთი არის მტკიცე, უდრეკი, რომელიც მუდმივად მებრძოლ ხასიათს ატარებს და არ უშინდება არანაირ განსაცდელს.  საოცარია სვანეთი, არა მხოლოდ მისი თვალწარმტაცი ლადშაფტითა და უნიკალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებით და  მისი ბუნებრივი რესურსებით, არამედ  მისი წეს-ჩვეულებებითა და ტრადიციებით, ღირებულებებითა და პრინციპებით.

-რა იქნება თქვენი პატარა მესიჯი იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ტოვებენ თავიანთ კუთხეს და უკან აღარ  უბრუნდებიან მას?

დაბრუნდი და შეცვალე შენი რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა უკეთესობისკენ, დაბრუნდი და გახდი განვითარების აგენტი, დაბრუნდი და დააბრუნე სხვაც. 

-დაგვიხასიათეთ ელენე განაია, არა როგორც მშობელი, მასწავლებელი ან მეგობარი, არამედ როგორც უბრალოდ ელენე, ყოველგვარი სტატუსის გარეშე.

მარტივად რომ ვთქვათ, ელენე არის ექსტრავერტი, მთელი გარე სამყარო მისია, უყვარს ადამიანები და მათთან კომუნიკაცია, ხანგრძლივი უმოქმედობა და ჩაკეტილობა მისთვის აუტანელია. სულ ქმედებაშია და არ ჩერდება. არის ძალიან უბრალო, ემოციური, მგრძნობიარე, მეგობრული და ენერგიული ადამიანი.

-ვინ არიან თქვენი მოტივატორები და სტიმულის მომცემი ადამიანები, რომლებიც გაძლევენ  ძალას ახალი ნაბიჯებისთვის?

ჩემი შვილები და ჩემს ირგვლივ მყოფი ახალგაზრდები, ჩემი მოსწავლეები,სვანეთი და სვანები – სწორედ ეს არის ჩემი მოტივაციის წყარო. და ბოლოს, მინდა მოგიწოდოთ დარჩი სახლში, შემოგვიერთდი, ერთად ვიბრძოლოთ ჩვენთვის ძვირფასი მოქალაქეების მხარდასაჭერად!

 

სტატიის ავტორი:

მარიამ მერლანი, ჟურნალისტიკის მიმართულების პირველი კურსის სტუდენტი.


რადიო IBSU

რადიო IBSU

Current track
TITLE
ARTIST