შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის
მედია ცენტრი

“დამოუკიდებლობა ერის ზნეობის გადარჩენაა და ამდენად, თვით ერის გადარჩენაც”

28/05/2021

ესე მომზადებულია კონკურსისთვის, რომელიც შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის თვითმმართველობის ორგანიზებით გაიმართა. კონკურსი ანონიმური იყო. მონაწილეებს უნდა მოემზადებინათ ესეები თემაზე ,,დამოუკიდებლობის მნიშვნელობა 1918 წლის 26 მაისიდან დღემდე”. პირველი ადგილი ჩვენი გუნდის წევრმა, ნინი შაორშაძემ მოიპოვა.
გთავაზობთ ტექსტს უცვლელად
“დამოუკიდებლობა ერის ზნეობის გადარჩენაა და ამდენად, თვით ერის გადარჩენაც”
… კიდევ ცოტაც და გათენდება… დასრულდება ეს უწესრიგო (რუსული) მასკარადი! უთუოდ უნდა გავთავისუფლდეთ!..
… და, მზე ამოვიდა… ჰო, ამოვიდა… ზუსტად 103 წლის წინ, 4 საათსა და 50 წუთზე სხდომა გაიხსნა და 5 საათსა და 10 წუთზე ჩვენ გავიმარჯვეთ!..
დღეს კი როგორ შეიძლება ადამიანმა დაივიწყოს მოვლენა, რომელმაც ქართველი ერის არსებობა და რაობა დაადასტურა; ჩვენი თითქმისდა სხვენში მოსვენებული თვითმყოფადობა მეცხრე ცაზე აიყვანა და იქიდან გადმოახედა; აჩვენა, რომ „ამიერიდან საქართველოს ხალხი სუვერენული უფლებების მატარებელია, ხოლო თავად საქართველო – სრულფასოვანი დამოუკიდებელი სახელმწიფო“. ამ წელმა, დღემ, საათმა, წუთმა თუ წამმა, (…) თვალწინ ააფარა ქართველთა ინდივიდუალიზმი რეჟიმს, რომელმაც სწორედ ამ ხალხის დამონება განიზრახა და რამდენადმე განახორციელა კიდეც.
ახლა რა შეგვიძლია? მხოლოდ დამოუკიდებლობის მნიშვნელობის გააზრება 1918 წლის 26 მაისიდან დღემდე?! თუ მარტო წარსულის ამ მომენტის სიამაყის გრძნობით გახსენება და მისი სამუდამო აღბეჭდვა ჩვენს ცნობიერებაში?!
როგორ გითხრათ, თუ საკითხს ამ კუთხით მივუდგებით, ზომაზე მეტად შევცდებით…
მე თუ მკითხავთ, დამოუკიდებლობა რომ შეუცვლელი ღირებულებაა, ეს 1918 წლამდეც ასე იყო, 1918 წლიდან დღემდე ასეა, და მომავალშიც ასე იქნება. დიახ, სათქმელად მარტივია, აღსაქმელად კი – ძალზედ რთული, ვინაიდან, ჩვენ ადრიდანვე გვახასიათებდა დიდი ენთუზიაზმით სავსე ადამიანთა მოღვაწეობის იმედად ყოფნა და შორიდან ვგულშემატკივრობდით მათ მიერ წინ გადადგმულ ნაბიჯებს, ან საერთოდაც, ვერ გაგვეაზრებინა რისთვის იღვწოდა ეს ხალხი და რა განთავისუფლებაზე საუბრობდა. იყო მესამე კატეგორიაც, რომელიც დამონებულ სამყაროში თავს ისევე კომფორტულად გრძნობდა, როგორც ეს თავისუფლების მოლეკულებით სავსე ჰაერის ჩასუნთქვისას ხდებოდა. ჩემი აზრით, ბენჟამინ ფრანკლინმა ყველაზე მართებული განაჩენი გამოიტანა ამგვარი ყოფის ამტანთა მიმართ, როდესაც ხმამაღლა თქვა, რომ „ის, ვინც დათმობს თავისუფლებას დროებითი უსაფრთხოების მისაღებად, არც თავისუფლების ღირსია და არც უსაფრთხოების“.
დამოუკიდებლობა რომ უზადო ჭეშმარიტებაა, დიდი ხანია შეთანხმდნენ მოწინავე საზოგადოების წევრები. ის არ გაიძულებს იმოქმედო საკუთარი სინდისის წინააღმდეგ, თუ ამ გზას თავად არ აირჩევ. ბოლოს და ბოლოს, ძაღლი რომ ჰყეფს, ის ხომ საკუთრივ მისი სურვილის მიხედვით მოქმედებს და არ ერიდება აგრესიას გარშემო მყოფთა მხრიდან. ცაზე რომ ვარსკვლავები ინათებენ ხოლმე, ისინიც კი არ კარგავენ თავიანთ უფლებას და რომ ვუბრძანოთ, დღე გვინდა გიხილოთ და უეჭველად ჩვენს ნებას უნდა დაჰყვეთო, აბა ნახეთ, გვერდს როგორ აგვივლიან.
მაგრამ… სამწუხაროდ, ადამიანზე ზემოქმედებასა და მის მარწუხებში მოქცევას რომ მაინც და მაინც დიდი საქმე არ უნდა, ამას ჩვენ, ქართველები, ხშირად ვამტკიცებდით და რეალურად, დღემდე ასე ვიქცევით. მოგეხსენებათ, წარსულში ჩვენნაირი სულგატეხილი და დაბეჩავებული ხალხი ძნელად თუ სადმე მოიძებნებოდა. დღეს უფრო სხვაგვარად, შედარებით პროგრესულად, თუმცა, ისე, როგორც საჭიროა, მაინც ვერ ვარსებობთ, რადგან მუდმივი მოქმედების გარეშე სრულყოფილი ცვლილებების განხორციელება – შეუძლებელია. მუდმივი წინსვლა მხოლოდ „ლომთა ხვედრია“; ლომები კი შედარებით ცოტანი არიან. რას ფიქრობთ, ქუჩაში შემთხვევითობის პრინციპით შერჩეული თუნდაც, ათი ადამიანიდან, რამდენ მათგანს ექნება ღრმა ცოდნაზე დამყარებული შეხედულება ზემოთ აღნიშნული ისტორიული პროცესის მიმართ? ამ ექსპერიმენტის ჩატარებამდე გიპასუხებდით, რომ ჩვენ სათანადოდ ვერ ვაფასებთ უფლებას, რომელსაც ვინმეზე დამოკიდებულებისაგან განთავისუფლება ჰქვია და რომელიც, ჯერ თითოეული ჩვენგანის, შემდეგ კი, მთელი ერის იდენტობის განმსაზღვრელი უმნიშვნელოვანესი ფასეულობაა.
კი ბატონო, ვერც იმ ინდივიდს უკუვაგდებთ, რომელიც თავს არ აძლევს უფლებას, რომ იგრძნოს დამოუკიდებლად ყოფის უტყუარი სინამდვილე. იმიტომ, რომ ყოველთვის მეტად რთულია, როგორც საკუთარი თავის, ისე საკუთარი სხეულისა და სულის მართვა თავისუფლების პირობებში, ხოლო ყოველთვის უფრო მარტივი – სხვისი დატუსაღება და იძულება – გაისარჯოს შენს სასარგებლოდ. თავისუფალი ვერასდროს გახდება ადამიანი, ვინც ის შეიგნო, რომ თავისუფალი არ არის.
პიროვნების სურვილის მიხედვით მოქმედების შესაძლებლობის შეუზღუდაობა უდიდესი პასუხისმგებლობაცაა, რომლის საკუთარ თავზე აღება, უამრავ გამოწვევასთან შეჭიდებას მოასწავებს. გამოწვევები – ხან მარცხს ნიშნავს, ხან – გამარჯვებას, ხან – დარდის მომტანია, ხანაც – სიხარულის. ზოგჯერ – უბედურად გვაქცევს, ზოგჯერ კი – ბედნიერებით აგვავსებს. აი, რისი გვეშინია სინამდვილეში. ვინმეს არ უნდა თავისუფლება, რადგან ის სთავაზობს პასუხისმგებლობას, რომლის შიშიც ადამიანების უმრავლესობას აქვს. მაგრამ, ბედნიერების მტევნიდან დაწურული წვენის სიტკბო გადაწონის უბედურების ჭიქიდან ჩამოსხმულ შხამს. ვინაიდან, ბედნიერებაა, აბა რაა, ცოდნა იმისა, რომ საკუთარი ნების გარეშე ზიანს ვერავინ მომაყენებს.
ერთი რამ ყველაზე ცხადია: დამოუკიდებელი საქართველოსა და თავისუფალი ქართველის ფერი ნათელი და კაშკაშაა, მიუხედავად დამოუკიდებლობის ჯერ კიდევ მიუღწეველი სტანდარტებისა. მით უმეტეს, რომ უკან იხედება ჩვენი შავბნელი, ერთგვაროვანი და გასაცოდავებული წარსული… სწორედ ამიტომ, მხოლოდ წინ ვიაროთ და ამ სვლამ, არა მხოლოდ მეფის, არამედ პაიკების უდიდესი ძალისხმევის საუკეთესო შედეგი უნდა გვიჩვენოს.
მოდით, როგორც უწინ, ერთხმად, დაუფარავად და შეუპოვრად ვიყვიროთ ქართველნო! ვიყვიროთ ისე, რომ დედამიწას სული ავუფორიაქოთ: „გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს!..” (…) და არა მხოლოდ საქართველოს, გაუმარჯოს ქართველ კაცს; იმ ქართველს, რომელიც ბედნიერებას თავისუფლებაში ხედავს და ყოველმხრივ ცდილობს დამოუკიდებლობის საუცხოო ბუნების შეცნობას…
ავტორი: ნინი შაორშაძე. შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის მიმართულების პირველკურსელი, მედია ცენტრის ჟურნალისტი

რადიო IBSU

რადიო IBSU

Current track
TITLE
ARTIST