შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის
მედია ცენტრი

გეგი თაბაგარი – ჭაბუკთა შორის მსოფლიო ჩემპიონი ძალოსნობაში

23/06/2022

17 წლის გეგი თაბაგარმა, მექსიკის ქალაქ ლეონში მიმდინარე ჭაბუკ ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე, სამი ოქროს მედალი მოიპოვა და მსოფლიო ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა. ის 96 კილოგრამ წონით კატეგორიაში ასპარეზობდა და ატაცში (ძელის ფიცარნაგიდან ზევით აწევით, ერთი, განუწყვეტელი მოძრაობით) 134/138/140 კგ დაძლია, აკვრაში კი (ძელის აკვრით ორ მომენტად, გულმკერდზე და გულმკერდიდან) 166/170/177 კგ დააფიქსირა, ორჭიდის ჯამში 317 კილოგრამი დაძლია.

ძალოსანი გვესაუბრება მის ამჟამინდელ ემოციებზე, განცდებსა და სამომავლო გეგმებზე, გვიხსნის თუ რაში გამოიხატება ვარჯიშის განსაკუთრებული სირთულე, როგორი ურთიერთნდობა/ურთიერთდამოკიდებულება აქვს მწვრთნელთან და რისი დათმობა უწევს, წარმატებისთვის ბრძოლის სანაცვლოდ.

  • გეგი, იშვიათ მდგომარეობაში ხარ, თუ გიხდება შენი თავისთვის თქმა, რომ „აი, ახლა თავში არ ამივარდეს!“ ?
  • არა, ეს აზრი ჯერ არ გამჩენია. ისევ ისეთი ვარ, ჩვეულებრივი, როგორიც აქამდე. არ მგონია, ოდესმე რაიმემ იმდენად შემცვალოს, რომ „თავში ამივარდეს“.

გეგი ამბობს, რომ ძალოსნობა ბავშვობიდან იტაცებდა. 10 წლის იყო, როდესაც საკუთარი ინიციატივით დაიწყო ვარჯიში. მშობლებიც მის სურვილს დაჰყვნენ და პირველივე დღიდან – დღემდე, მოტივაციას აძლევენ. „ჩემი არჩევანი იყო, თავად გადავწყვიტე, ინსპირირებული არავისგან ვყოფილვარ, მაგრამ თავიდან მომწონდა ეს სპორტი, ახლა კი – მიყვარს. მხარდაჭერა ყველასთვის და ყველა დროს მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით ოჯახის მხრიდან და მე ამას ყოველთვის ვგრძნობ.“

მისივე თქმით, ძალოსნობა რკინასთან ჭიდილია და ძელის მიმართ, სხვადასხვა მომენტში, განსხვავებული დამოკიდებულება აქვს, ხან – მტრული, ხანაც – მეგობრული. „ძელი ჩემი მეტოქეა მაშინ, როდესაც ფიცარნაგზე ვარ, როცა ძალით უნდა ვაჯობო, რა თქმა უნდა, ჩემი კონკურენტია, თუმცა გამარჯვებას იმდენი დადებითი ემოცია მოსდევს, რომ მაშინვე ერთმანეთის მოკავშირეები ვხდებით“.

როგორც გეგი ამბობს, სიმძიმის აწევა გაცილებით რთულია, ვიდრე უკვე აწეულის ჰაერში დაფიქსირება. შეკითხვაზე თუ რას გრძნობდა იმ 2-3 წამის განმავლობაში, როცა თავს ზემოთ 177-კილოგრამიანი ძელი ეჭირა, გვპასუხობს: „ერთადერთი განცდა სიხარულის მქონდა, სხვა არაფერი მახსენდება. გონება ერთადერთ რამეზეა კონცენტრირებული, რომ უნდა ასწიო და გაიმარჯვო. როდესაც ჯერ სწევ, შემდეგ კი აცნობიერებ, რომ იმარჯვებ კიდეც, რა უნდა განიცადო, გარდა სიხარულისა“.

იგი პირადი მწვრთნელის, გიორგი გაბრიჭიძის მიმართ დამოკიდებულებაზეც საუბრობს და ამბობს, რომ გიორგი უკვე 7 წელია ეხმარება განვითარებაში, დახვეწასა და წინ სვლაში. „უამრავ სასარგებლო რჩევას მაძლევს, ძელის აწევის ტექნიკას კი შესანიშნავად მასწავლის“.

გეგის აზრით, თუ სპორტსმენს სურს, რომ წარმატებას მიაღწიოს, ბევრ რამეზე უნდა თქვას უარი. „მქონია შემთხვევა, როდესაც ვერ წავსულვარ გასართობად, მეგობრებთან ერთად. უარი მითქვამს ექსკურსიაზეც. ჩემთვის ღირებულია მეგობრების გარემოცვაში ყოფნაც, მაგრამ ცხოვრების ამ ეტაპზე, სპორტდარბაზის ეს სივრცე უფრო მნიშვნელოვანია“.

ცნობილია, რომ ძალოსნობა 2028 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების წინასწარი პროგრამიდან ამოიღეს. საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა, თომას ბახმა განაცხადა, რომ გადაწყვეტილება საბოლოო არ არის და ოლიმპიადის პროგრამა კიდევ გადაიხედება. „ეს საკითხი ძალიან მტკივნეულია, მაგრამ ვერ დავიჯერებ. დიდი იმედი მაქვს არ ამოიღებენ. არ მგონია, ასე მოხდეს, რადგან ძალოსნობა ერთ-ერთი წამყვანი და უძველესი სპორტია“ –  ამბობს გეგი.

ბოლოს, გეგი წარმატებისკენ მიმავალ გზაზე გვესაუბრა და დამწყებ ძალოსნებს, რამდენიმე რჩევაც მისცა: „მონდომება, შრომა და საკუთარი თავის რწმენა, ეს სამი არის უმთავრესი, როცა წარმატებაზე ვიწყებთ საუბარს და შემდგომ უკვე – სვლას. დამწყებ ძალოსნებს ვეტყოდი, რომ ჯერ თავიანთი თავები აღმოაჩინონ ამ სპორტში და არა მხოლოდ მოსწონდეთ ის, არამედ – უყვარდეთ. შემდეგ კი, მოინდომონ, ივარჯიშონ, რაღაც-რაღაცებიც დათმონ, თუ რა თქმა უნდა, რაიმე ღირებულის მიღწევა სურთ“.

 

ავტორი ნინი შაორშაძე,

ჟურნალისტიკის პროგრამის მეორე კურსის სტუდენტი


რადიო IBSU

რადიო IBSU

Current track
TITLE
ARTIST